დედისა და სამი შვილის ჯარისკაცური ცხოვრება - გზაპრესი

დედისა და სამი შვილის ჯარისკაცური ცხოვრება

ნათია ლაფაჩისთვის კონფლიქტის ზონაში დაბადება და ცხოვრება, ბედისწერადაც იქცა და კარიერის არჩევაც კი განაპირობა, - "ვიდრე ცოცხალი ვარ და შემეძლება, სამხედრო ფორმას არ გავიხდი..." - გვითხრა სიამაყით აღვსილმა სამხედრო ქალმა ინტერვიუს დასაწყისში.

ნათია ლაფაჩი, უმცროსი სერჟანტი:

GzaPress- 2007 წელს, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტს რომ მოვაწერე ხელი, სამხედრო სამედიცინო ბატალიონში მედდა სტატისტიკოსად დავინიშნე. მანამდე, ცხინვალში სამედიცინო ტექნიკუმი დავამთავრე და საკმაოდ კარგი ცოდნა მივიღე... ჯარში რომ წავედი, 34 წლისა ვიყავი და საკმაოდ კარგი ფიზიკური მონაცემები მქონდა, თუმცა, უკვე 44 წლის ვარ და არც ახლა ვუჩივი რამეს... ოთხივე - მე და ჩემი სამი შვილი, კონტრაქტორები ვართ და ყველანი გორში, I-ლ ქვეით ბრიგადაში ვმსახურობთ... პირადად მე, მესამე კონტრაქტს ვასრულებ, წელიწად-ნახევარი დამრჩა... შემდეგ რას ვიზამ, არ ვიცი.

- რატომ აირჩიეთ სამხედრო საქმიანობა?

- წარმოშობით სოფელ ერედვიდან ვარ, რომელიც ახლა, დროებით ოკუპირებულია. მამა სამხედრო პირი იყო და მეც მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან ჯარზე ვოცნებობდი, ჯარისკაცურ ცხოვრებაზე და თითქოს ბედისწერასავით მოხდა, - სამხედრო სამსახური ავირჩიე. რა თქმა უნდა, როგორც სხვებმა, მეც ჩვეულებრივი ნორმატივები ჩავაბარე. როგორც გითხარით, ფიზიკური მონაცემები ყოველთვის მქონდა და დღემდე შემომრჩა, რადგან სკოლაში სწავლისას, 9 წლის განმავლობაში სპორტით ვიყავი დაკავებული, მძლეოსნობასა და კალათბურთის წრეზე დავდიოდი...

- როგორ შეხვდნენ თქვენს არჩევანს ოჯახში?

- მშობლებს მთელი ცხოვრება ესმოდათ ჩემგან, რომ ჯარში მინდოდა. მხოლოდ ფიზიკურად კი არა, შინაგანადაც, გარემო ეტყობა მაინც თავისებურად აისახა ჩემზე, - სამშობლო და ჩემი მიწა-წყლის სიყვარული, ლიტონი სიტყვები არ ყოფილა ჩემთვის... ოჯახშიც სულ ეს მესმოდა და მერე ჩემს შვილებსაც იგივე ვასწავლე... ვითარებამ მოიტანა ასე... სულ კამათია, ქალი ფორმაში რამდენად მისაღებია ქართველი საზოგადოებისთვის და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ართმევენ თავს ქალბატონები სამხედრო სამსახურს და ვფიქრობ, ძალიან მალე ეს თემა საკამათო აღარ იქნება.

- შვილებზეც მოგვიყევით.

- სამი ვაჟი მყავს - 26, 25 და 23 წლისები და ასევე - 3 შვილიშვილი. უფროსი და უმცროსი დაოჯახებულია, შუათანას ჯერ არ ჰყავს მეუღლე... ჩემი შვილებისთვის ყოველთვის მისაბაძი ვიყავი, როგორც სამხედრო პირი და როგორც დედა.

- 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდით?

- დიახ, მაშინ ცალკეულ სამედიცინო ბატალიონში ვმსახურობდი, საგურამოში იყო და 500-კაციანი ბატალიონიდან 330 ქალი ვიყავით... ბრძოლის ველზე გოგოებსა და ბიჭებს ერთად გვიწევდა დაჭრილების გამოყვანა, ზურგზე მოკიდებული გამოგვყავდა... უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. ცხინვალში, ლიანდაგების მხრიდან შევდიოდით. ერთი ამბავი მახსენდება: როგორც გითხარით, თავად ერედველი ვარ და გარშემო ყველაფერი, ყველა სოფლის შესასვლელ-გამოსასვლელი ზეპირად ვიცი და ყველა წერტილს, სადაც მგზავნიდნენ, ადვილად ვაგნებდი. ერთ-ერთი შესვლის დროს, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ცხინვალში, სოფელ ნიქოზის მხრიდან შევედი, სამი დაჭრილი გამოგვყავდა. რუსი სამხედროები უკვე იქაურობას ბომბავდნენ, "ამბულანსის" მანქანის შუშები ჩაიმსხვრა, საბურავები დახეთქილი ჰქონდა და ბოლოს დისკებზე დავრჩით. ასე მივაღწიეთ სოფელ ტყვიავამდე... რატომღაც ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ყველანი დავიღუპეთ, არადა, ყველანი უვნებლები ვიყავით, მხოლოდ მძღოლი დაიჭრა... როგორც წესი, ომში, სამედიცინო მანქანას არ ესვრიან ხოლმე, მაგრამ მაშინ ესროლეს... დაჭრილებიც გადარჩნენ. თუმცა, ვნახეთ დახოცილი და დაყრილი ჯარისკაცების ცხედრები. ეს კადრები არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან...

- შვილებმა თქვენი გავლენით აირჩიეს სამხედრო პროფესია?

GzaPress- ალბათ, თუმცა, ვიცი, რომ მათაც მთელი ცხოვრება უყვარდათ ჯარი და ჯარისკაცები... იმ ომის დროს ისინი პატარები იყვნენ, თორემ დარწმუნებული ვარ, ჩემ გვერდით იქნებოდნენ... მას შემდეგ, რაც სამხედრო მოქმედებებში რუსული ავიაცია ჩაერთო, ჩემს სოფელს მთელი ღამე ბომბავდნენ, დისლოკაციის ადგილი ტყვიავის საავადმყოფოში იყო... ჩემი ძმა ერედვში, მშობლების სახლში ცხოვრობდა. დაც იქ იყო, ტყვიავთან ახლოს, სოფელ ტირძნისში ცხოვრობდა და ახლაც იქ არის. დედა ინსულტიანი გვყავს, 2008 წლის დეკემბრის შემდეგ ცუდადაა და უმეტესად, ეტლით გადაადგილდებოდა... ჩემმა ძმამ ბავშვები გამოიყვანა და უკან, მშობლების წამოსაყვანდ რომ მიბრუნდა, ვეღარ შევიდა, - დესანტი ჩამოესხათ რუსებს, სოფელში მთელი ღამე დადიოდნენ და იქაურობა გაჩახჩახებული იყო ცეცხლითა თუ პროჟექტორებით. უამრავი სახლი გადაწვეს... მთელი ღამე ტყვიავის საავადმყოფოში ვიჯექი და მალე გათენებას ვნატრობდი, - მშობლები ცოცხლები ან მკვდრები გამოვიყვანო-მეთქი. ვაპირებდი, მეთაურისთვის "ამბულანსი" მეთხოვა მათ გამოსაყვანად, მაგრამ როგორც კი გათენდა, თავად გამოაცხადა, ერედვში დაჭრილების გამოსაყვანად ვინ წავაო და სხვას ვის გავუშვებდი? ჩემი დაც წავიყვანე და დედა, რომელიც მადლობა ღმერთს, ცოცხალი დამხვდა, სხვა დაჭრილებთან ერთად გამოვიყვანე... იქაურობა გადაბუგული იყო... დედა წამოვიყვანე, მამა კი არ წამომყვა, - სახლს არ დავტოვებო. შემდეგ ისიც გამოვიდა და მოგვიყვა, თქვენი წასვლიდან ნახევარ საათში მოვიდნენ და სახლს ცეცხლი წაუკიდესო...

- მამა გამოვიდა თუ დარჩა?

- ცოტა ხნით დარჩა. დღისით იქაურები ერთად იმალებოდნენ და ღამე გამოდიოდნენ. ბოლო დროს, წლების განმავლობაში იყო ერედვზე თავდასხმები, თუმცა, ხალხი ერთმანეთს მაინც ინდობდა, მხარში ედგა და იცავდა... ამიტომ არ ტოვებდნენ სახლებს მამაჩემი და სხვები, ეგონათ, რომ ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა და ისევ დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ბოლოს რაც მოხდა, გაოგნებული ვიყავი, არ ვიცი, რატომ გადაემტერნენ ასე... დაბომბვისას შეეშინდათ, მაგრამ ყველა მაინც არ წამოვიდა... დედაჩემის გამოყვანის შემდეგ, მეორე დღეს მამის გამოსაყვანად ვაპირებდი წასვლას, მაგრამ, ჩემმა დამ დარეკა, გამთენიისას თავად ჩამოვიდა, ტყვიავშია და აღარ წახვიდეო... ახლა ერედვში ქართველები კი არა, მათი ნასახლარებიც აღარ დარჩა... ჩემს სოფელში ძალიან ვაჟკაცი ხალხი ცხოვრობს. იმიტომ კი არა, რომ ჩემი სოფელია, მართლა ასე იყო. სულით მებრძოლები იყვნენ და გული მტკივა, რომ ჩემი სოფელი ოკუპირებულია და მოსაგონრად დაგვრჩა, იმედია, დროებით... სულ მესიზმრებოდა ჩემი სახლი, სოფელი და ნოსტალგია მჭირდა. თავს ვიმშვიდებ, ერთხელაც ისევ ჩვენი გახდება-მეთქი.

- სამშვიდობო მისიებში ყოფილხართ?

- დიახ, ავღანეთში ვიყავი ერთხელ. ჩემი უფროსი შვილი ორჯერ იყო მისიაში. ბოლოს, როდესაც მე ვამთავრებდი, ის ჩამოვიდა ანუ მათმა ნაწილმა შემცვალა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ვიდრე როტაცია მოხდა, ერთი კვირა ვიყავით ერთად...

- იქ შვილის დატოვება არ გაგიჭირდათ?

- იცით, როდესაც ადამიანი ფორმას იცვამ და სამხედრო სამსახურში მიდიხარ, ყველაფერს ეგუები. მათ შორის, იმასაც, რომ შეიძლება ერთ დღეს ომში წახვიდე და შვილები სახლში დატოვო, ასევე იმაზეც, რომ შეიძლება შენ დარჩე სახლში და შვილები გაუშვა ომში ან სადმე ცხელ წერტილში... შიში არის, მაგრამ სიამაყე უფრო მეტია. რაც უნდა მოხდეს, მაინც ყოჩაღად უნდა იყო და სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს, რომ მეც და ჩემს შვილებს რაღაც ძალა დაგვიფარავს... შეიძლება ეს დედის ინსტინქტია ან გულუბრყვილო ქალის იმედი...

- ავღანეთში ჩასვლის პირველი შთაბეჭდილება რომ გაიხსენოთ.

- როდესაც სოფელს ან საცხოვრებელს იცვლის ადამიანი, მაშინ უჭირს და წარმოიდგინეთ, როგორ იქნებოდა, როდესაც სხვა, შენი სამშობლოსგან სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში ჩადიხარ... იქაურ გარემოსთან შეგუება გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც რეჟიმში ჩავდექით, სულ დამავიწყდა სხვა ქვეყანაში, სხვა მიწა-წყალზე რომ ვიყავით. არ გვეცალა ამაზე ფიქრისთვის... თავდასხმები ყოველდღე იყო, განსაკუთრებით - საჰაერო. დღე-ღამეში 20-30 თავდასხმა ხდებოდა, მაგრამ ისეთი სისტემები იყო დამონტაჟებული, რომელიც მათ ნასროლს ჰაერშივე ანეიტრალებდა... ჩვენს წამოსვლამდე ორი კვირით ადრე, ასეთი ფაქტი მოხდა: საავიაციო ბაზასთან იყო გოგონების საცხოვრებელი, რომლის კარს კოდის გარეშე ვერ გააღებდი. იქვე, გვერდით იყო თვითმფრინავები და საწვავით სავსე ავზები. ამიტომაც, თალიბების ძირითადი სამიზნე ეს ტერიტორია იყო... საღამოს, სახლთან ვნახულობდით ერთმანეთს, სადაც მაგიდა და სკამები იყო დალაგებული. შესასვლელი კოდი ყველას ინდივიდუალური ჰქონდა და მის გახსენებას წამები მაინც სჭირდებოდა... თუ გამალებით ისროდნენ, შეიძლებოდა, სიჩქარისა და მღელვარებისგან კოდი უცებ ვერ გაგეხსენებინა... ერთხელაც, წამოვიდა ეს "აიდი ბომბი", დავინახე, როგორ გაისროლეს და ძალიან ახლოს გადაგვიფრინა. ჯერ კიდევ სკამებზე ვისხედით და ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ადგომაც ვერ მოვასწარით... ბომბი ჩვენგან დაახლოებით 30 მეტრში დაეცა და არ აფეთქდა..

GzaPress- როგორ?

- ახლაც არ ვიცი, არ გასკდა... არადა, სისტემებმაც ვერ მოასწრო ჰაერში განეიტრალება. ანუ იმათ როგორღაც დაუსხლტა... შიშისგან ვერც წამოვდექით, მაგრამ ჩვენთან ახლოს პოლიციელები იდგნენ, რომლებიც ძალღებითა და მაქანებით მოცვივდნენ, უცებ, ციმ-ციმ აიტაცეს და გარეთ გააუვნებლეს... ამ დღის გახსენებაზე, ახლაც ცივი ოფლი მასხამს, ისე ვინერვიულე... სროლები იმდენად ხშირი იყო, რომ მალევე მივეჩვიეთ...

- ადგილობრივებთან გიწევდათ ურთიერთობა?

- ბაზის გარეთ არც ერთი ქალი არ გადიოდა. ჩვენი დავალება გვქონდა - ერთი საბრძოლო მედიკოსები მყავდა, რომელიც საღამოს მცვლიდა. ავღანელებთან მქონდა ურთიერთობა და კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. ადგილობრივები, მშენებლობაზე, სასადილოებსა და დასუფთავებაზე მუშაობდნენ და ჩვენი პაციენტები იყვნენ... ჩვენ მიმართ აგრესია არასდროს ჰქონიათ. პირიქით, თბილად გვექცეოდნენ. მე ვისაც ვიცნობდი, ღარიბი და მშრომელი ხალხი იყო...

- ახლა სამივე შვილი საქართველოშია?

- დიახ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პატარა გადის საავღანეთო სწავლებას. ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს მთლად სამსახურივით ვიყურებ, სადღაც გულის კუნჭულში მაქვს შიშის გრძნობა დაბუდებული, მაგრამ ვცდილობ, გარეთ არ გამოვუშვა. ისე კი, ოთხივეს გააზრებული გვაქვს, ჩვენ მიერ არჩეული გზის რისკები და სიმძიმე... ჩემს სამშობლოს რომ რაღაც გაუჭირდეს, ჩემს შვილებს წინ გავიძღოლებ და ქვეყნის სადარაჯოზე დავდგები... ხშირად მეკითხებიან, - როდემდე უნდა იყო ჯარშიო? - სანამ შევძლებ, სანამ ძალა, მუხლი მერჩის და გონება მიჭრის, სამხედრო ფორმა მეცმება, რადგან ამ საქმისთვის ვარ დაბადებული.

ლალი პაპასკირი