კანონი და რეალობა - გზაპრესი

კანონი და რეალობა

ნარკომომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" გამოკვლევის თანახმად, მოქალაქეები "სასწრაფო დახმარების" ბრიგადას სწორედ პოლიციის შიშით ვერ იძახებდნენ. ჯანდაცვის მინისტრის 2014 წლის 11 აგვისტოს ბრძანებამ ექიმებს ეს მძიმე ვალდებულება მოუხსნა, მაგრამ პოლიციაში დარეკვის რისკი მაინც არსებობს. მინისტრის აღნიშნული ბრძანება არასასურველი ინტერპრირების საშუალებას იძლევა: ექიმს დარეკვა აღარ ევალება, მაგრამ არც ეკრძალება, ხოლო იურიდიული თვალსაზრისით, პირდაპირი ტექსტით აკრძალული არ არის, ნებადართულია. საბოლოოდ, ყველაფერი კანონმორჩილი დასტაქრის სურვილზეა დამოკიდებული; არც დარეკვა ჩაეთვლება დარღვევაში და არც ამისგან თავის შეკავება. ცვლილების ინიციატორებმა საკმაოდ "მოხერხებული ხვრელი" დატოვეს.

"გამწარებული ვუკიოდი, რატომ მოხვედით-მეთქი?!"

ჩნდება კითხვა: რატომ უნდა გაუჩნდეს ექიმს პაციენტის დაბეზღების სურვილი? ისიც მას შემდეგ, რაც მინისტრის ბრძანებამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა?

ამის მიზეზი შეიძლება გახდეს მედპერსონალის არასაკმარისი ინფორმირებულობა აღნიშნული ბრძანების შესახებ, ექიმთა სტიგმა ნარკომომხმარებლების მიმართ, ცალკეულ მედმუშაკთა თანამშრომლობა პოლიციასთან და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე გახდა "ნარკოტიკების მომხმარებელთა ორგანიზაციების ქსელის" სოციალური მუშაკი ირინა ნატროშვილი:

- რამდენიმე დღის წინ ჩვენი ბენეფიციარის დედამ დაგვირეკა. მისი ვაჟი ზედოზირების მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ პოლიციის შიშით ოჯახმა "სასწრაფოს" გამოძახება ვერ გაბედა. მინისტრის ბრძანებით დაიმედებულმა მაშინვე დავარეკვინე "სასწრაფოში", მაგრამ მედბრიგადა... პატრულის თანხლებით მოვიდა! წარმოგიდგენიათ, რა დღეში აღმოვჩნდი?! ეს იყო შოკი!

- პოლიციას მინისტრის ბრძანების შესახებ არ შეახსენეთ?

- რა თქმა უნდა! აივნიდან გამწარებული ვუკიოდი - რატომ მოხვედით-მეთქი?! - ექიმმა შეგვატყობინა და იმიტომო. თურმე დედას დარეკვისას ნარკოტიკი და ზედოზირება არც კი უხსენებია. ასე უთქვამს - ჩემმა ვაჟმა მედიკამენტები მიიღო და უგონოდ არისო. პოლიციისთვის ამ ყველაფრის თქმა აუცილებელია, რადგანაც შესაძლოა, საქმე თვითმკვლელობის მცდელობასთან გვქონდეს. მინისტრის აღნიშნული ბრძანება გამონაკლისს მხოლოდ ზედოზირების შემთხვევაზე უშვებს. ამდენად, დარეკვისას დიდი მნიშვნელობა აქვს "სასწრაფოსთვის" ინფორმაციის სწორად მიწოდებას.

- როდესაც ექიმი დარწმუნდა, რომ ზედოზირებასთან ჰქონდა საქმე, არ მოსთხოვა პოლიციელებს, რომ წასულიყვნენ?

- ექიმს სწორედ ეგ ვუთხარი: ხომ ხედავთ, ზედოზირებაა, უთხარით პატრულს წავიდეს-მეთქი. მაგრამ უარი განაცხადა და ნარკომომხმარებელთა მიმართ საშინელი დამოკიდებულება გამოამჟღავნა. მხოლოდ იმან გადაგვარჩინა, რომ ჩვენი ბენეფიციარი ახალი ჩართული იყო ჩანაცვლების პროგრამაში. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების უფლება არ აქვთ. ამ ამბის პერიპეტიები ეზოს მცხოვრებთა თვალწინ დატრიალდა და, ცხადია, გახმაურდა. ოჯახი იქით იყოს - ახლა ვინც ეს გაიგო, "სასწრაფოს" გამოიძახებს?!. აი, რა შედეგი მივიღეთ!

GzaPressცნობისათვის: ავადმყოფის ძმის სიტყვით, პოლიცია არ წავიდა, სანამ ფაქტის ამსახველი დოკუმენტები არ შეავსო, რასაც დაახლოებით ოცი წუთი დასჭირდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყმაწვილი სიკვდილს ებრძოდა. ზედოზირებისას ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველი წამი ძვირფასია, მაგრამ ავადმყოფს სამედიცინო დახმარება მხოლოდ მაშინ აღმოუჩინეს, როდესაც პოლიცია წავიდა. ამჟამად კომაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად კი ფილტვის აბსცესი დაეწყო.

გზა სიცოცხლის გადარჩენისკენ

ზედოზირების დროს ადამიანი შესაძლოა, ისეთ ადგილას აღმოჩნდეს, სადაც "სასწრაფო" დახმარების გამოძახების საშუალება არ იქნება. ასეთ შემთხვევაში, შეუფასებელი სამსახურის გაწევა შეუძლია პრეპარატ ნალოქსონს, რომელიც პირველი სექტემბრიდან ურეცეპტოდ აღარ გაიცემა. რეცეპტის აღების პროცედურა კი დროს მოითხოვს. ამ სიახლემ სოციალურ მუშაკებსაც მეტისმეტად გაურთულა საქმიანობა.

დალი უშარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი გზის" ხელმძღვანელი:

- ექიმის მოსვლამდე დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელია სპეციალური უნარ-ჩვევების ფლობა. ხანდახან გარშემო მყოფნი მოუხერხებელი ქმედებით სიკვდილს მხოლოდ აჩქარებენ. ჩვენი ორგანიზაცია აპირებდა ზედოზირებისას პირველი დახმარების უფასო ტრენინგის ჩატარებას. განაცხადი მედიის საშუალებითა და ქუჩაში ცოცხალი დარიგებით გავავრცელეთ. წარმოიდგინეთ, არავინ მოსულა. შესაძლოა, შიშმა "იმუშავა". ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ საზოგადოებას ზედოზირებასთან დაკავშირებული საფრთხეები ჯეროვნად გაცნობიერებული არ აქვს. რაც შეეხება მინისტრის ბრძანებას, თავიდან მეც დავიჯერე, რომ ეს ფაქტი სიტუაციას სასიკეთოდ შეცვლიდა, მაგრამ საუბედუროდ, პოლიციას ზედოზირების ფაქტის გასაგებად ექიმის დარეკვა არც სჭირდება. იმ რესურსზე, სადაც "სამსახური 112" "სასწრაფოს" გამოძახების შესახებ ინფორმაციას ათავსებს, პოლიციასაც მიუწვდება ხელი. ამდენად, მისთვის საინტერესო გამოძახებაზე შეუძლია, ექიმის სიგნალის გარეშეც მობრძანდეს.

"ბევრი რამ ექიმის ადამიანობაზეა დამოკიდებული"

მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მყარი გარანტია, რომ "სასწრაფო დახმარების" გამოძახება სანანებლად არ გაუხდებათ. ხომ არ აჯობებდა, ზედოზირების შემთხვევაში სამართალდამცავებთან დარეკვა პირდაპირი ტექსტით აიკრძალოს? აგრეთვე, თვით შსს-ს მუშაკებსაც აეკრძალოთ ასეთ დროს მოქალაქის დატერორება (თუკი, ცხადია, პარალელურად, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც არ იკვეთება; მაგალითად, დაჭრა და ა.შ.).

კახა კვაშილავა, იურისტი, "კონსტიტუციურ უცლებათა დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი:

- თქვენ სწორად შენიშნეთ - რადგანაც დარეკვა არ იკრძალება, ვერც კანონსაწინააღმდეგო ქმედებად მივიჩნევთ. ბევრი რამ ექიმის ადამიანობაზეა დამოკიდებული. თუმცა, მან პოლიციაში შეიძლება, მხოლოდ არაინფორმირებულობის გამოც დარეკოს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფართო საინფორმაციო კამპანიის წარმართვა. სამედიცინო პერსონალმა უნდა გააცნობიეროს, რომ ზედოზირების ფაქტის პოლიციისთვის შეუტყობინებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა აღარ ემუქრება. სიახლის სრული წარმატებისთვის კი პაციენტის დაბეზღების პრაქტიკას წერტილი უნდა დაესვას; ექიმი ისე არ უნდა დაეცეს, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს იმედი გაუცრუოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეებს ისევ შეეშინდებათ "სასწრაფოს" გამოძახება და ტრაგედია გაგრძელდება.

P.S. სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში" - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი". სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.