მიტოვებული პატარა ბუდე - გზაპრესი

მიტოვებული პატარა ბუდე

ძალიან გთხოვთ, მომეცით საშუალება, ჩემი ტკივილის შესახებ გიამბოთ, თორემ ამდენი სიჩუმისგან გამისკდება გული და ამაში თქვენი ბრალეულობაც იქნება :). მადლიერი დაგრჩებით, თუ დამიკავშირდებით. მოუთმენლად ველი ზარს რედაქციიდან".

ამ მესიჯის ავტორს მისსავე ბინაში შევხვდი. იმავე ოთახში, სადაც ინტერვიუს ვიწერდი, ლამაზი გოგო და ბიჭი თამაშობდნენ. ჩემთან საუბრისას ნანამ მათ რამდენჯერმე გახედა, ამოიოხრა და ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს იმეორებდა: თქვენ მოგიკვდეთ დედა, იმ საზიზღარმა ქალმა მამა როგორ დაგაკარგვინათო. მომხდარს ძალიან განიცდის. ეტყობა, რომ მიუხედავად ქმრისგან მიყენებული დიდი ტკივილისა, ის მაინც, დღემდე უყვარს და მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.

- მადლობა, რომ მოხვედით. ჩემთვის ცხოვრება კი დასრულდა, მაგრამ ამ ბავშვებს რა ვუყო, ვის იმედად დავტოვო? მას მერე, რაც სახლიდან წავიდა, ჩემი ქმარი მხოლოდ ერთხელ ამოვიდა, შვილები რომ ენახა და ცოტაოდენი ფულიც აჩუქა.

- რამდენი ხანია, რაც თქვენმა მეუღლემ მიგატოვათ?

- უკვე ლამის წელიწადი გავიდა. არადა, ისე ვუყვარდით, ვერც ვიფიქრებდი, ოდესმე ჩვენგან თუ წავიდოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი თბილი ადამიანია. ყოველთვის დიდ სიყვარულს ამჟღავნებდა, მაგრამ ეტყობა, იმ ქალმა რაღაცით მოაჯადოვა. არ შეიძლება, კაცი, რომელსაც ცოლიც უყვარს და შვილებიც, ერთ დღეს ისე წავიდეს სახლიდან, უკან მოხედვაც არ მოუნდეს. მართალია, იმ გოგო შვილი გაუჩინა, მაგრამ შვილები ხომ ჩვენც გვყავდა? პატარას თუ უნდა მიხედვა, უფროსებმა რა დააშავეს? ესენიც პატარები არიან: გოგონა 6 წლისაა, ვაჟი - 5-ის. ჰოდა, ამათაც სჭირდებათ მამა.

- როცა თქვენთან ერთად ცხოვრობდა, ეჭვი არ გაგჩენიათ, რომ სხვა ქალიც ჰყავდა?

- ვიღაცები კი მეუბნებოდნენ, მაგრამ ამის დაჯერება მიჭირდა. თქვენ არ იცით, როგორი კარგი ქმარი და მამა იყო. ვერაფრით წარმოვიდგენდი, ღალატი თუ შეეძლო. ნუ, გაცნობიერებული მქონდა, რომ ყველა კაცი წავა ოდესმე სხვა ქალთან, მაგრამ როგორც ამბობენ, "ოფიციალურ" საყვარელს თუ გაიჩენდა, რომლისგანაც ბავშვიც ეყოლებოდა და საცხოვრებლად მასთან გადავიდოდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ამიტომაც ვიყავი მშვიდად. დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. იცით, როგორი ბედნიერი იყო და რას აკეთებდა შვილების გამო? წარმოიდგინეთ, ბავშვებს პამპერსაც კი უცვლიდა თავის დროზე და ბაღშიც თავად მიჰყავდა პატარები (ტირის)... ახლა "ცარიელი" ვარ, მხოლოდ შვილებისთვის ვცოცხლობ. ძალიან ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ოდესმე რაიმე ზედმეტი რომ ეკადრებინა ჩემთვის, ამ ამბავს დავიხვევდი თითზე და ვიტყდი: კარგია, რომ წავიდა-მეთქი, მაგრამ მისგან სერიოზული წყენა არასდროს მახსოვს. ჩვენი სახლიდან ხმამაღალი სიტყვაც კი არასდროს გასულა.

- საინტერესოა, ვინ გეუბნებოდათ, რომ მეუღლე გღლატობდათ?

- ჯერ ვიღაც მირეკავდა, - თქვენი კეთილისმსურველი ვარ. როცა მეუღლე სამსახურში გგონიათ, ის სხვასთან ერთობაო. ყოველ ჯერზე კარგად ვლანძღავდი ხოლმე იმ ქალს და ამას მეუღლესაც ვუყვებოდი, მერე ერთად ვიცინოდით კეთილისმსურველზე. ისე მშვიდად ხვდებოდა ამ ამბავს, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა მის სიალალეში... მერე დაქალმაც მითხრა: მერიდება და მეშინია შენი რეაქციის. ვიცი, როგორ გიყვართ ერთმანეთი, მაგრამ ის, რაც ზურაზე ვიცი, უნდა გითხრაო. ვკითხე: რა მოხდა, შენც ვინმემ დაგირეკა-მეთქი? - არა, საკუთარი თვალით დავინახე ვიღაც ქალი ეჯდა მანქანაში, მერე იგივე ქალთან ერთად, რესტორანშიც მოვკარი თვალი. შემამჩნია თუ არა, იმ გოგოს ხელი მოჰკიდა და გაიძურწნენო. ზურა, ოჯახი რომ ერჩინა, დღისით მშენებლობაზე მუშაობდა და ზოგჯერ, ღამით ტაქსაობდა. ჰოდა, ათასნაირ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. მცხეთაში რომ იყო და იქ ვიღაც ქალი წაიყვანა, ესეც ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი. ჰოდა, ცხადია, დაქალს ენის მოტანისთვის ვუსაყვედურე, თავად კი მშვიდად გავაგრძელე ცხოვრება.

- ახლა ნანობთ, მაშინ დაქალს რომ არ დაუჯერეთ?

- კი, ვნანობ! მისთვის რომ დამეჯერებინა და ეს ამბავი კარგად გამომეჩხრიკა, ვინ იცის, შესაძლოა, ქმარი დღეს ჩემ გვერდით ყოფილიყო.

- დავიჯერო, ამდენი ადამიანი რომ გეუბნებოდათ, ქმარს მიხედეო, მისი ღალატის შესახებ ეჭვი გულში ოდნავადაც არ გაგივლიათ?

- ზოგჯერ კი წამომივლიდა ხოლმე ასეთი ფიქრები, განსაკუთრებით მაშინ, როცა შინ მოსვლა დააგვიანდებოდა, მაგრამ საკუთარ თავს შევუძახებდი ხოლმე: ადამიანი ცოლ-შვილის გამო თავს არ იზოგავს და შინ დაბრუნებულსჩემი სულელური ეჭვებით რატომ უნდა გავუფუჭო გუნება-მეთქი? თუ იყო შემთხვევა, ძალიან დაიგვიანებდა, გაბრაზებული, მისთვის ათასგვარი საძაგლობის თქმას დავაპირებდი, მაგრამ შინ მოღიმარი რომ შემოვიდოდა და გულში ჩამიკრავდა, ყველაფერი მავიწყდებოდა. თურმე, ყველა სიკეთესთან ერთად, კარგი მსახიობიც ყოფილა.

- როცა თქვენგან წასვლა გადაწყვიტა, არაფერი გითხრათ?

- მითხრა, რომ ვუყვარვარ, ჩემთან ბედნიერი იყო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვალდებულია, წავიდეს. იქვე დასძინა: ხომ იცი, ნებისმიერ დროს შეგიძლია, დამირეკო და თუ დაგჭირდები, შენ გვერდით ვიქნები, მხარში ყველანაირად ამოგიდგები. შვილებსაც არაფერს მოვაკლებო. მაგრამ ახლა სიტყვას არ ან ვერ ასრულებს; როცა მჭირდება, ჩემ გერდით არასდროს არის; თუ შვილები ცუდად მყავს, ფულს მანქანიდან მაწოდებს ან საბანკო ანგარიშზე მირიცხავს. ალბათ ფულის გამოც აღარ დავურეკავდი, სამსახური რომ მქონდეს, მაგრამ კიდევ ერთ წინააღმდეგობას ვაწყდები: მუშაობა რომ დავიწყო, ბავშვებს ვინ მოუვლის?

- მეუღლის გარდა, მატერიალურად ან მორალურად ვინ გეხმარებათ?

- დედაჩემი საბერძნეთშია და ცოტაოდენ თანხას ზოგჯერ მიგზავნის. იმასაც თავისი პრობლემები აქვს და ამიტომ წავიდა საქართველოდან. ჩემი ძმის დიდ ოჯახს არჩენს და რაც იმათ მორჩებათ, იმას მიგზავნის. ის არ იფიქროთ, თითქოს ამის გამო გული მწყდება, უბრალოდ, იმას ვამბობ, რაც რეალობაა... მეუღლის მშობლები უმუშევრები არიან და ხანდახან შვილიშვილებს სოფლიდან უგზავნიან პროდუქტებს - მათი დახმარება სულ ეს არის. მორალურად ისევ დაქალები მაძლიერებენ, მაგრამ მათ ვერ ავკიდებ ჩემი შვილების მოვლა-პატრონობას.

- იმედია, მეუღლე თვეში სამყოფ თანხას მაინც გაძლევთ და შიმშილობა არ გიწევთ.

- ამ მხრივ ცუდს ვერაფერს ვიტყვი. საჭმელ-სასმელი არ გვაკლია. ვცდილობ, მოცემული თანხა გამოვიზოგო. რაც შეეხება ტანისამოსს: ბავშვები ჩემი დაქალების შვილების ტანისამოსში გაიზარდნენ და ახლაც არ გაქვს ამის პრობლემა. ისეთი სამოსი აქვთ, ბევრ შეძლებული ოჯახის შვილს რომ შეშურდება. მე კი იმითაც ადვილად გავიტან თავს, რაც მაქვს. მაგრამ რა ვქნა, რომ ოჯახს კაცი სჭირდება? მე შვილებს მამობას როგორ გავუწევ? ბავშვებზე რომ აღარაფერი ვთქვა, მეც სულ მასზე ვფიქრობ და ვტირი. ხუმრობა ხომ არ არის, პატარაობიდანვე გვიყვარდა ერთმანეთი. ოჯახი რომ შევქმენით, ეს ამბავი ყველას ძალიან გაუხარდა: საუკეთესო წყვილი ხართო, - გვეუბნებოდნენ. ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა, შეყვარებულობის პერიოდში გვერდზე არც ერთს გაგვიხდია, ჰოდა, ახლა, როცა ჩვენი პატარა ბუდე შევქმენით, წავიდა.

- იმ ქალის შესახებ რა იცით, ვისთან ერთადაც ახლა ცხოვრობს?

- მას აქვს საკუთარი ბინა, მანქანა და გამოიყურება ისე, როგორც "ნაშა". ქერად შეღებილი თმითა და ტუჩზე ყოველთვის წითელი საცხით დადის, აგიჟებს კაცებს. არ ვიცი, ერთმანეთი სად ან როგორ გაიცნეს, მაგრამ ფაქტია, ჩემს ქმარს ჭკუა დააკარგვინა. ჩვენგან რომ წავიდა, იმ ქალს ბავშვი უკვე გაჩენილი ჰყოლია. სხვა არაფერი ვიცი. ახლა, როცა ქმარს ვურეკავ, ზოჯერ ის იღებს ყურმილს და ასეთ დროს მოსასულიერებელი ვხდები. იმანაც იცის, რომ მე ვრეკავ და დამცინავად რაღაც სისულელეებს მეუბნება. ეს რომ ჩემს ქმარს ვუთხარი, მიპასუხა: რაღაცები ნუ გეჩვენება, თორემ ჩემთან დარეკვას საერთოდ აგიკრძალავო. აღარ ვიცი, ამის შემდეგ ღირს კი საერთოდ მასთან ურთერთობა? შვილების გამო იძულებული ვარ, ვიცოცხლო, თორემ აქამდე ალბათ, თავსაც მოვიკლავდი.

- ჩვენ რატომ დაგვიკავშირდით? რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

- მე ვერავინ დამეხმარება ალბათ. უბრალოდ, მინდა ვუთხრა ("გზას", ისევე, როგორც ბევრი "ტაქსისტი", ზურაც კითხულობს ხოლმე): ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდი. მეგონა, დედამიწის ზურგზე ერთადერთი ადამიანი იყავი, რომლის ნდობაც შეიძლებოდა. იმედი გამიცრუე. მიუხედავად ამის, მაინც შენზე მეფიქრება. ეტყობა, ეს არის ძლიერი სიყვარული, რასაც ის შენი ახალი ქალი ვერასდროს მოგცემს. შენ მოიქეცი ისე, როგორც უკანასკნელი ნაძირალები იქცევიან - ამას არ ველოდი, ეს არ არის შენი სტილი. ამ ყველაფერს ასე, სახალხოდ იმიტომ გეუბნები, რომ შენთან ლაპარაკისას ვიბნები, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ჰოდა, მაპატიე ჩვენი ამბის გასაჯაროება. იცოდე, ძალიან მიყვარხარ და თუ ოჯახს დაუბრუნდები, ამით არა მარტო მე, არამედ შენს ქალ-ვაჟსაც გააბედნიერებ, რომლებიც ყოველდღე, საათში ერთხელ მაინც მისვამენ კითხვას: დედა, მამა როდის დაბრუნდება? სამივეს უზომოდ გვენატრები. ძალიან გთხოვ, ნუ იქნები საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი და თუ უკვე "დამიკიდე", შვილებს მაინც ნუ მოაკლებ შენს სითბოს. ისეთი რა მოგცა იმ ქალმა, რასაც ოჯახში არ გახვედრებდი? იქნებ სითბოჩამდგარ ოჯახში სიცივეს ეძებდი? იქნებ ზოგჯერ, ოჯახური აყალმაყალიც საჭიროა ურთიერთობის შესანარჩუნებლად? რატომ წახვედი ისეთ ქალთან, როგორებსაც ვერასდროს იტანდი? ჯერ ცოცხალი ვარ, მაგრამ არავინ იცის, ხვალ რა იქნება და მერე ის ქალი შეძლებს შენს შვილებს ღირსეული დედობა გაუწიოს, სითბო და ალერსი არ მოაკლოს? ან სულაც, შენი შვილები მოისურვებენ ამას? იცოდე, დრო მალე გავა, ჩვენი აღსასრული მოახლოვდება და როცა მოსავლელ-საპატრონებელი გახდები, შვილებმა შეიძლება, ხელი გკრან, ჰოდა, როგორ აიტანს შენი გული ამას? ნუ ცხოვრობ აწმყოთი, მომავალზეც იფიქრე... სხვა სათქმელი არაფრი დამრჩა. შენს პატარა შვილს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, შენ და იმ ქალს კი ნამდვილად არ მინდა, კარგი ურთიერთობა გქონდეთ. თუ ოდესმე დაბრუნდები, მე შევძლებ, შენი უმცროსი ქალიშვილიც მივიღო.

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ

ლიკა ქაჯაია