გატრუნული "ქართული ოცნება" და გულგატეხილი ამომრჩეველი - გზაპრესი

გატრუნული "ქართული ოცნება" და გულგატეხილი ამომრჩეველი

6 თვის წინ, როდესაც ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევას ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტრაგედია საზოგადოების დაპირისპირების საგანი გახდებოდა, შვილმკვდარი მამა კი პოლიტიკური სპეკულაციების მსხვერპლი. იმ ფაქტმა, რომ პროკურატურამ ერთ-ერთი მოზარდის მკვლელი თუ მკვლელები ვერ გამოავლინა, თავდაპირველად საზოგადოების ყველა წევრი, სოციალური ფენისა და პარტიული კუთვნილების განურჩევლად, ერთნაირად აღაშფოთა და გაჩნდა სლოგანიც "აღადგინე სამართალი". მოგვიანებით, როდესაც პროცესში პოლიტიკოსები ჩაერთვნენ თავიანთი მიზნებითა და იდეებით, ბევრი კითხვა, ეჭვი და შეთქმულების თეორია გაჩნდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საჭირისუფლოდ ქუჩაში გამოსულ ხალხს ჭირისუფლებიც შემოელანძღა.

დღეს სახეზეა დაპირისპირებული საზოგადოება, გაუხსნელი მკვლელობა და თორმეტი არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. რაზე მიუთითებს შექმნილი ვითარება, ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ და რა არის გამოსავალი, ამ საკითხებზე პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ მოზარდების სისხლიანი გარჩევა პოლიტიკურ დაძაბულობაში გადაიზარდა?

- ყველა პოლიტიკურმა ძალამ, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, განსხვავებული ვერსიები წარმოადგინა. რეალობა კი სულ სხვაგვარია. პოლიტიკოსებმა მხოლოდ სამი დღის განმავლობაში შეძლეს თავის შეკავება, რომ არ ჩართულიყვნენ პროცესში, როგორც სუბიექტები. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ზაზა პირველივე დღიდან ამბობდა, - არ მსურს, ჩემს ბრძოლაში პოლიტიკოსები ჩაერიონო, პოლიტიკოსებმა მაინც მოახერხეს პროცესში ჩართვა. უფრო მეტიც, მათ შვილმკვდარი მამის წამოწყებული ბრძოლის გაძღოლის სურვილიც კი გამოთქვეს. ფაქტია, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სურს, თავისი შეხედულებები გაავრცელონ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც რეალობაში ვერ ერკვევა და არც ის იცის, რა შეიძლება მოხდეს.

GzaPress- როგორ გგონიათ, რატომ ვერ შეძლო მმართველმა ძალამ სისხლის სამართლის საქმის გამიჯვნა პოლიტიკური პროცესისგან?

- "ქართული ოცნება" ნოკდაუნშია. მმართველი პარტია გასუსული ზის, პარტიის თავმჯდომარისა და მამა-მარჩენლის ბრძანების მოლოდინში. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები დამნაშავეებივით დუმილს არ თაკილობენ, რაც სრულიად გაუგებარი იქნება ყველა უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მაღალი თანამდებობის პირისთვის. პროცესების ასე, თვითდინებაზე მიშვება სასიკეთოდ ნამდვილად არ წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

- გამოითქვა მოსაზრებები, რომ ფილარმონიასთან და ვაკის პარკთან გამართული კონტრაქციები ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ცოტა ხნის წინ ხელისუფლება შემჩნეული იყო კონტრაქციების ორგანიზებაში. მე თუ მკითხავთ, კონტრაქცია საფრთხის შემცველი ფორმატია და არ ღირს მისი გამოყენება, თუნდაც ის სასიკეთო მიზანს ემსახურებოდეს. ახლა საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ "ქართული ოცნება" საზოგადოებას არსებულ პრობლემაზე ღიად დაელაპარაკება და გარკვეულ ნაბიჯებსაც გადადგამს, პრობლემების რეალურად მოგვარების თვალსაზრისით. ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი ისტორია მოვისმინეთ მართლმსაჯულებაზე გულგატეხილი ადამიანებისგან. თვალნათლივ დავინახეთ, რომ ადამიანები წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ სამართლიანობას. ამდენი განაწყენებული ადამიანის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში შექმნილი საპროტესტო მუხტი არ განელდება. პირიქით, პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ხელისუფლება განსაკუთრებულ ზომებს დროულად არ მიიღებს.

- რა უნდა ქნას ხალხმა, რომელმაც ვერც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში იპოვა სამართალი, ვერც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში პოულობს და ვერც მესამე ძალას ხედავს?

- სიტუაცია მართლაც რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებას შესანიშნავი ანალიზის უნარი აქვს და რაც უნდა უსამართლო გარემოში აღმოჩნდეს, ერთხელ განდევნილ რეალობას აღარ დაუბრუნდება. თუმცა, დღევანდელი ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას წარსულის შიში ვერ გაანელებს. მომიტინგეებთან ერთი თუ ორი მინისტრის გასვლა და მერე ორიოდე ჩინოვნიკის ბარტყებივით გადმოყრა, ვერ დააცხრობს ხალხის გულისწყრომას. რთული ვითარების მიუხედავად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქმედება კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდეს და ერთმანეთთან დაპირისპირებით ქვეყანა არ ვაზარალოთ. რაც შეეხება მესამე ძალას, გასული საუკუნის ბოლოს იყო მცდელობები, რომ სამოქალაქო ჯგუფები წამოეწიათ წინ და მხარი დაეჭირათ სუფთა წარსულის მქონე ცნობილი სახეებისთვის. თუმცა, როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, გენიოსიც კი ვერ შეძლებს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას, თუ მისთვის პოლიტიკური აზროვნება მესამეხარისხოვანია. გამოსავალი ის არის, რომ უნდა დაველოდოთ არჩევნებს და ჩვენი პოლიტიკური არჩევანი საარჩევნო ყუთებთან გავაკეთოთ.

- უნდა ითქვას, რომ "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში ახალგაზრდებისთვის სამარცხვინოდ მიიჩნეოდა ქურდული მენტალიტეტი, დღეს უკვე პოლიციასთან თანამშრომლობა ითვლება ცუდ ტონად. რა ხდება, "ქართულმა ოცნებამ" თვითდინებაზე მიუშვა პროცესი თუ კიდევ უარესი, კრიმინალების მხარდამჭერია?

GzaPress- ვწუხვარ, რომ ამ საკითხში დღევანდელი ხელისუფლების უმწიკვლობაზე თავს ვერ დავდებ. არ ვიცი, ეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნებაა თუ კიდევ რამე სხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, დღეს კრიმინალური მენტალიტეტი ისევ მოდურია. ვერ უარვყოფთ, რომ ყოფილი ხელისუფლება კრიმინალებთან გაცილებით მკაცრი იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ნაციონალების" ქმედება ხშირად ზღვარგადასულიც გახლდათ. მათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბევრი სისხლიანი კვალი დატოვეს - საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის პატიმრების რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იყო. ნორმალურ ქვეყანაში უდანაშაულო პატიმართა რიცხვი უნდა იყოს ნული. ერთი უდანაშაულო კაციც კი არ უნდა იჯდეს ციხეში. "ნაციონალების" მმართველობის პერიოდთან შედარებით ახლა უკეთესი ვითარებაა, მაგრამ პრობლემა ბოლომდე არ მოგვარებულა და როგორც ვატყობ, კიდევ დიდხანს არ მოგვარდება. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს მართლმსაჯულების სიმბოლოდ დაგვიდგეს ძეგლის სახით, ამხანაგი მურუსიძე, რომელიც წლების წინ ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ შეაჩვენა. არადა, არ მოხერხდა იმ სივრცის გაწმენდა, სადაც დიდი რაოდენობით იყვნენ დამყნობილნი პროკურატურისა და სასამართლოს კორუმპირებული თანამშრომლები. მათ ძალიან ეხალისებოდათ განაჩენის გამოტანა, ვიდრე საქმე სასამართლოში შევიდოდა. ზურიკელას (ზურაბ ადეიშვილი) ამ გართობისთვის უზენაესი სასამართლოს შენობაში პირადი კაბინეტიც კი ჰქონდა გამოყოფილი. ე.ი. პოლიტიკური არითმეტიკა გვაძლევს პასუხს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გამოვაკლოთ ცოცხები, უდრის "ქართულ ოცნებას". ფაქტი სახეზეა და ვერ უარვყოფთ, რომ "ქართული ოცნების" წყალობით დღეს სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ, მაგრამ მინდა თქვენი ჟურნალის მკითხველს ვთხოვო, რომ გამოვიჩინოთ სიდინჯე, გონიერება და ჩვენი არჩევანი საარჩევნო ყუთებთან გამოვხატოთ. ჩვენ დღეს ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

- კონკრეტულად რა საფრთხეს გულისხმობთ?

- საფრთხეს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებას. მოდი, დავსვათ კითხვა: ვის სურს ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება? კითხვაზე პასუხის მოსაძებნად შორს წასვლა არ დაგვჭირდება. არაერთხელ მომისმენია რუსეთის სატელევიზიო გადაცემებიდან საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთს არ აინტერესებს საქართველოსთან ომი. მას შეუძლია, იყიდოს საქართველო. კრემლი ახლა დაგეშილია, რომ წელს, ინგლისში, ნატოს სამიტზე არამც და არამც არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ნატოსთან დაახლოება. მოსკოვის ამოცანაა, დასავლეთმა და ჩვენმა სხვა მეგობარმა ქვეყნებმა დაინახონ, რომ საქართველო ძალიან შორს არის დემოკრატიისგან, რომ აქ არის ველური ხალხი, რომელთაც ელემენტარული საკითხების გარჩევაც კი არ ძალუძთ საკუთარი მოსახლეობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევძლებთ ნატოსთან ინტეგრაციას, ეგრეთ წოდებული რბილი ძალის მომხრე ჩვენი თანამემამულეები დაჯილდოვდებიან არა მხოლოდ ფულით, არამედ ახალი სავარძლებით საქართველოს მთავარობასა და პარლამენტში. გვეშინოდეს ამის, ვიფიქროთ ერთიან მომავალზე და არ მოგვეღრიცოს კისერი მიუღებელი წარსულის მხარეს.

ხათუნა ბახტურიძე