ფერეიდნელი ქართველების მე-15 თაობის წარმომადგენელი - გზაპრესი

ფერეიდნელი ქართველების მე-15 თაობის წარმომადგენელი

სანდრომ ჩემი ყურადღება უშუალობით, გულწრფელობით, ქართული ტაძრებისადმი მოწიწებითა და ქვეყნისადმი სიყვარულით მიიპყრო. ამა თუ იმ ძეგლის მონახულებისას, მისი ემოცია დაუკვირვებელი თვალისთვისაც კი ადვილად შესამჩნევი იყო. აღფრთოვანება ვერ დაფარა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნახვისას, ერთ დროს დიდებული, დღეს კი ნანგრევად ქცეული უჯარმის ციხის დათვალიერებისას. არც მისი გულიდან ამოძახილი (ოდნავ დამტვრეული ქართულით) გამომპარვია: "ეს რა საოცარი ქვეყანაა", "შენ გენაცვალე, საქართველო!!!" მოკლედ, ინტერვიუ გაცნობის დღეს შევათანხმე, რამდენიმე დღეში კი ლიკას და სანდროს შინ ვესტუმრე. სანდრომ ჯერ ფერეიდნული თავგადასავალი მიამბო, შემდეგ კი ქართულად გამიმასპინძლდა.

- ჩემი წინაპრები მარტყოფიდან ირანში გადაასახლეს. მას მერე 4 საუკუნე გავიდა, ეს კი ცოტა არ არის. ახლა ფერეიდანში ქართველების მე-17 და მე-18 თაობა იზრდება. ჩემი წინაპრები ჯერ ისპაჰანში (სეფიანთან დინასტიის სატახტო ქალაქი) ჩაასახლეს, შემდეგ - ფერეიდანში. გასახლებულმა ქართველებმა ბევრი იტანჯეს და იწვალეს, ზოგიერთმა კი ემიგრაცია ვერ აიტანა და გარდაიცვალა. ფერეიდანში მკაცრი კლიმატია: ზამთარში ცივი, ზაფხულში ცხელი რეგიონია. ირგვლივ ტყე და ბევრი ქვა-ღორღია. ვიდრე ქართველები ფერეიდანში დასახლდებოდნენ და ადაპტაციას გაივლიდნენ, ბევრი გარდაიცვალა. ვინც გადარჩა, სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი, ბუნებას შეეგუა. მე ფერეიდნელი ქართველების მე-15 თაობა ვარ. გადასახლებულთა ნაწილმა საერთოდ დაივიწყა, რომ ქართველია. მაზანდარის ქართველებმა იციან, საიდანაც არის მათი ფესვები, მაგრამ მშობლიურ ენაზე ვერ ლაპარაკობენ. გვარების დაბოლოება აქვთ გურჯი. მაგალითად, ჰუსეინ გურჯი. ირანში ქართული გვარები მხოლოდ ფერეიდნელებმა შეინარჩუნეს და ენა თუ ისტორიაც იციან; მუდმივად იგებენ ახალ ამბებს საქართველოზე.

- თქვენი მშობლები ახლა ფერეიდანში ცხოვრობენ?

GzaPress- დედა გარდამეცვალა, მამა და მისი მეუღლე კი ფერეიდანში ცხოვრობენ. 2 ძმა და 2 და მყავს. ერთი ძმა და და ფერეიდანში არიან, მეორე ძმა და და - თეირანში. მამა ჯარში თეირანში მსახურობდა. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, ფერეიდანში დაბრუნდა მიუხედავად იმისა, რომ თეირანში ცხოვრებისთვის უკეთესი პირობები იყო. ამ ქალაქში დედაჩემზე დაქორწინების შემდეგ დასახლდა. ასე რომ, მე და ჩემი და-ძმები თეირანში დავიბადეთ, მაგრამ სახლი, მამული ფერეიდანში გვქონდა. დედაჩემიც ქართველი იყო. ირანში გადასახლებული ქართველებიდან ყველაზე მეტი, გვარად ონიკაშვილი იყო: 100 ქართველიდან 40 ონიკაშვილია.

სამშობლოში დაბრუნება

- საქართველო ჩემი სამშობლოა! აქ დარჩენილ ნათესავებთან მიმოსვლა ყოველთვის გვქონდა. ფერეიდანში მცხოვრები ონიკაშვილების უმრავლესობამ ბევრი რამ იცის საქართველოზე. ისინი ქართულ ანბანსა და ლაპარაკს არ ივიწყებენ. იციან, ვინ არის პრეზიდენტი, ვინ მართავს ქვეყანას. პირველი ქართველი, ვინც გადასახლების შემდეგ, ფერეიდნიდან საქართველოში ჩამოვიდა, ონიკაშვილი იყო: დედაჩემის ბიძა 60 წლის წინ ჩამოვიდა, მეორე ნათესავი - 25 წლის წინ, მესამე - 16 წლის წინ. ისინი აქ დამკვიდრდნენ. იმერეთში და გურჯაანის სოფლებში: ვაზისუბანსა და ახალშენში ნათესავები მყავს. პირადად მე, უკვე 4 წელზე მეტია, რაც საქართველოში ვარ. მანამდე ჩემი ძმაც ჩამოდიოდა, მაგრამ ისევ უკან ბრუნდებოდა. ერთ დღეს გადავწყვიტე, საქართველო მეც მომენახულებინა და 2 კვირით წამოვედი, როგორც ტურისტი. წასვლა გამიძნელდა. ვიფიქრე, - 2 კვირა კიდევ დავრჩები-მეთქი, მერე - ცოტა ხანი კიდევ ვიქნები-მეთქი... მოკლედ, წასვლის თარიღს სულ ვწევდი და ვწევდი.

- მერე ლიკა გაიცანით, არა?

- ლიკა 2 წლის წინ გავიცანი. კულტურული ღონისძიებების მოყვარული ვარ. ქართული ცეკვა ძალიან მომწონს, პოეზიის საღამოებზეც დავდიოდი. ლიკა პოეზიის საღამოზე გავიცანი, მერე სოციალურ ქსელში დავმეგობრდით.

- ირანიდან რომ ჩამოხვედით, ქართულად ლაპარაკი შეგეძლოთ?

- წინაპრებისგან რაც მესმოდა, ის ვისწავლე. აქ რომ ჩამოვედი, ძველი ქართულით ვლაპარაკობდი. მე დღესაც ვამბობ, რომ ენა კარგად არ ვიცი, სპარსულს კი უმაღლეს დონეზე ვფლობ. ბავშვობაში სპარსულად ლექსებსაც ვწერდი... ფერეიდნელები ლაპარაკისას გარკვეულ ასოებს არ ვამბობთ. მაგალითად, "წვიმდას" ნაცვლად, ვამბობთ - "წიმდა", "მსუბუქი" - "სუბუქი". ზოგიერთ შემთხვევაში კი ვუმატებთ მარცვალს "ყე": წახოლ-ყე საქმეზე, როს მოხვალ-ყე...

- ამ ქვეყანამ რით მოგხიბლათ, უკან დაბრუნება რატომ აღარ მოგინდათ?

- სიმართლე რომ ვთქო (იცინის)... შემეშალა, არა? სიმართლე გითხრათ, აქ დარჩენა ხალხის თბილმა გულმა, მათმა დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. ამ 4 წლის განმავლობაში ერთი დღეც კი არ მახსოვს ისეთი, სიყვარული რომ არ მეგრძნოს. ადამიანები მეხუტებიან და ასეთ დროს ზოგი ტირის, ზოგი - იცინის. მიხარია, რომ ფერეიდნელი ქართველები სამშობლოში ძალიან უყვართ.

- ყველაზე მეტად რამ გაგაოცათ? გული რამ აგიჩუყათ?

- მსგავსი რამ იმდენად ხშირად ხდება, ერთი კონკრეტული მაგალითის გახსენება მიჭირს. ამჟამად თარჯიმნად და ირანიდან კაფელის შემომტანი ერთ-ერთი ფირმის ოფისში ვმუშაობ. ერთ დღეს ოფისში კლიენტი მოვიდა. ახალგაზრდა ბიჭი ახლდა, რომელიც ძალიან ჩქარობდა. ამ კაცმა რომ გაიგო, ფერეიდნელი ქართველი ვიყავი, ის ბიჭი გაუშვა, მე სანდროსთან უნდა დავრჩეო. 3-4 საათი მელაპარაკა, მომეფერა, ყველაფერი გამომკითხა, თავისთან დამპატიჟა. ერთხელ კასპის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. მასპინძელის სამეზობლოში ვინც კი გაიგო, სტუმრად ფერეიდნელი ქართველი ჰყავსო, ყველა მოვიდა. საღამოს "პურს ვჭამდით", როცა მოხუცი ქალი შემოვიდა, შვილიშვილებთან ერთად და ჩამეხუტა. მითხრა: ბავშვობიდან ვოცნებობდი, ფერეიდანში ჩავსულიყავი, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე. ძალიან მინდოდა, ერთი ფერეიდნელი მაინც გამეცნოო. ასეთი შემთხვევა ხშირია.

- ემოციების გამოხატვა თავადაც კარგად შეგიძლიათ...

- იქ, სადაც ყველას უყვარხარ, როგორ შეიძლება, სხვაგვარი იყო? მე მიყვარს ქართველი ხალხი, მიყვარს ჩემი საქართველო.

- და სურვილი გაქვთ, სიცოცხლის ბოლომდე ამ ქვეყანაში იცხოვროთ?

- რა თქმა უნდა, ჩემი ოცნებაა აქ მოვკვდე და დავსაფლავდე.

შეხვედრა პატრიარქთან

- ყველაზე დიდებული ადამიანია. მასთან შეხვედრის ბედნიერება არაერთხელ მქონია. როგორი რანგის სტუმარიც უნდა ჰყავდეს, თუ ეტყვიან, ფერეიდნელი ქართველია მოსულიო, არც კი გვალოდინებს, დაუბრკოლებლად მიგვიღებს. ეს მამა შვილის შეხვედრას ჰგავს. ჩვენზე ზრუნავს, გვერდით ჩამოგვიჯენს, გველაპარაკება, გვეხუმრება, წამოსვლისას კი საჩუქრებს გვიძღვნის. თბილისში არის ერთი დიდი სახლი, რომელიც უწმინდესმა ფერეიდნელი ქართველებისთვის, დროებით საცხოვრებლად გამოჰყო. მეც ამ სახლში ვცხოვრობდი და ახალი ჩამოსული ვინც იყო, ვასწავლიდი, სად რა შეიძლებოდა ენახა.

- ერთად რამდენი ფერეიდნელი ცხოვრობდით?

- მაშინ ერთად 20-30 კაცი ვიყავით, 3-სართულიანი დიდი სახლია.

ჯვრისწერა და ქორწილი

ლიკა შამათავა:

GzaPress- 3 თვეა, რაც დავქორწინდით. ჩემი და სანდროს დამეგობრება, შემდეგ კი ოჯახის შექმნა საერთო ინტერესებმა განაპირობა. მოგეხსენებათ, სტუდია "გუთანი" პატრიარქის კურთხევით დოკუმენტურ ფილმებს იღებს. ამ სტუდიის საქმიანობას მუდამ თვალს ვადევნებ. ერთ დღეს, სოციალურ ქსელში დამეგობრების თხოვნა მომივიდა. ვიდრე დასტურს მივცემდი, დავინტერესდი, ვინ იყო, საერთო მეგობრები თუ გვყავდა და ა.შ. ფერეიდნელი ქართველი აღმოჩნდა, რამაც გამახარა, რადგან ბავშვობიდანვე მქონდა ამ მხარისადმი ინტერესი. ახალ მეგობარს წერილი დავუტოვე: როცა გეცლება, კითხვები მაქვს და მიპასუხე-მეთქი. პირველსავე დღეს ვიჩხუბეთ, რადგან კითხვაზე არ მიპასუხა. თურმე, კომპიუტერი ჩართული ჰქონდა დატოვებული და თავად გასული იყო. პასუხი რომ არ დამიბრუნა, გავბრაზდი. მერე ბოდიში უამრავჯერ მომიხადა. ერთხელაც, სტუდია "გუთანმა" სამებაში ლილი ჩქარეულის პოეზიის საღამო მოაწყო და ერთმანეთს იმ დღეს შევხვდით. მე გალში ვცხოვრობდი და საღამოზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვედი. ჩვენი გრძნობების გამჟღავნება უცბად არ მომხდარა. სანდრო სიყვარულში ვერ მიტყდებოდა, ეშინოდა.

სანდრო:

- ჰო, მეშინოდა, - რომ არ მოვეწონო-მეთქი? ფერეიდნელი ქართველები მორცხვები ვართ, ზედმეტად მორცხვები. ერთ დღეს გადავწყვიტე, რაც არის, არის, ვეტყვი, რომ მიყვარს-მეთქი.

ლიკა:

- სანდრო ჩემგან ცეცხლის წვიმას ელოდა. გრძნობაში რომ გამომიტყდა, ვკითხე: ამას როდის მიხვდი-მეთქი? გაცნობიდან 1 წლის თავზე დავინიშნეთ და დანიშვნიდან 1 წლის თავზე ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ. ქორწილი თბილისში გვქონდა.

- თქვენი მეჯვარე ჯონდი ბაღათურია იყო.

სანდრო:

- შეუპოვარი, გამბედავი ადამიანები მიყვარს. ჯონდი სააკაშვილის წინააღმდეგ ვაჟკაცურად გამოდიოდა. სოციალურ ქსელში ვმეგობრობდით, მის სტატუსებს ვკითხულობდი. მერე ვიზებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა და ფერეიდნელი ქართველებისთვისაც არანაირი შეღავათი არ იყო. მივწერე ეს ამბავი და თავისთან დამიბარა. მას შემდეგ დავუახლოვდი. მეუბნებოდა, შენს ქორწილში უნდა დამპატიჟოო. ჯონდის უყვარს ფერეიდნელები და როგორც შეუძლია, გვეხმარება.

- ლიკა, თქვენზე მიამბეთ. როგორც ვიცი, აფხაზეთიდან ხართ.

- დიახ, გალიდან ვარ. უმაღლესი განათლება ქუთაისში მივიღე. მამა ომის პერიოდში დაიღუპა. დედამ გალი არ დატოვა, სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სახლში დარჩა. ჩემი ძმა რუსეთში იყო. სამწუხაროდ, გარდამეცვალა. დედამ შვილის დარდს ვეღარ გაუძლო, ძალიან ცუდად იყო და მეც ვეღარ დავტოვე. ქუთაისში სამსახურის პერსპექტივა კი მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი, გალში წავედი და იქ სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობდი. 9 წლის წინ დედაც გარდამეცვალა.

- გალში ჩასვლას ახერხებთ?

- ნათესავობა იქ მყავს, სახლს ყურადღებას მეზობლებიც აქცევენ და პერიოდულად თავადაც ჩავდივარ. ასეთ დროს ჩემს ძველ წითელ პასპორტს ვიყენებ... აფხაზეთი მენატრება, სიზმარშიც იქ ვარ. არ ვიცი, თბილისი როდის დამესიზმრება ან საერთოდ, ოდესმე დამესიზმრება თუ არა.

ფერეიდანში დღესაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. რაც ყველაზე მთავარია, თითოეულმა ფერეიდნელმა იცის, რომ ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ - ფესვებიდან, მათი ფესვები კი საქართველოშია. ეს ადამიანები 400 წელია კითხულობენ, - შორია გურჯისტანამდე?.. სოციალურ ქსელში, სანდროს გვერდზე, ერთი ალბომი ფერეიდანს ეძღვნება, სადაც არაერთი ლექსი და ფოტოა თავმოყრილი. თუ ამ ალბომს დაათვალიერებთ, გაიგებთ, თუ როგორ დასახლდნენ ფერეიდანში ქართველები, როგორ აშენებდნენ სოფლებს, რომლებსაც არქმევდნენ ქართულ სახელებს: ნინოწმინდა, ნორიო, ლილო, პატარძეული, მუკუზანი, მაჩხაანი, გრემი, ვაშლოვანი...

თამუნა კვინიკაძე