"როგორი გარეგნობაც ჰქონდა, ისეთივე კაცი იყო" - გზაპრესი

"როგორი გარეგნობაც ჰქონდა, ისეთივე კაცი იყო"

რა გასაკვირი იყო, ფოთში დაბადებული ბიჭი ზღვას რომ მიეზიდა, მაგრამ ერთ დღეს აკაკი ხორავას "გიორგი სააკაძე" ნახა, მერე ნიკოლაი კრუჩკოვის "საბჭოთა მზვერავი" და მისმა ფიქრებმა სახე იცვალა. ამბობდა, რომ კინო თეატრზე მეტად იზიდავდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა "კაკო ყაჩაღში" ზაქროს როლი ითამაშა. სცენაზე ცხენით შედიოდა. ერთ დღესაც გადმოიღო იარაღი, ბატონს დაუმიზნა და ესროლა. ბატონმა ბოლო ხმაზე იბღავლა. პატარა გურამს კი გაკვირვებია, - როგორ ცოცხლად შეასრულაო, მაგრამ თურმე, თოფიდან ნამდვილად გაუსვრია და ბატონი საფანტით დაუჭრია.

GzaPressთეატრალურ ინსტიტუტში გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების წყალობით მოხვდა. ჯარში ყოფნის დროს განცხადება წაუკითხავს, - თეატრალური ინსტიტუტი მიღებას აცხადებსო და მურმანსკიდან საბუთები გამოაგზავნა. მატარებელმა 2 დღით დააგვიანა. გამოცდაზე 2 დღის დაგვიანებით მივიდა, საბუთი წარადგინა. ნება დართეს, საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა. მოუმზადებელი იყო და შენიშვნა მისცეს. უთხრეს, - ახლა წადი, "ელეგია" მოამზადე და ისე მოდიო. ის კი არავინ იცოდა, რომ გურამს წასასვლელი არსად ჰქონდა. სადგურზე გასულა და იქ უმეცადინია. მერე იხსენებდა, - ალბათ ბევრს გიჟიც ვეგონე, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მიმიკებზე რომ ვმუშაობდიო.

ტრისტან სარალიძე, მსახიობი:

- მე-8 კლასში ვიყავი, როცა გურამ ფირცხალავა გავიცანი. ახალდაბაში ფილმის - "მოლოდინი" გადამღები ჯგუფი იყო ჩამოსული. გურამთან ერთად ლეილა აბაშიძეც თამაშობდა. მსახიობობა ძალიან მინდოდა და მათ შემხედვარეს, ინტერესი გამიძლიერდა. დროის დიდ ნაწილს მეც გადასაღებ მოედანზე ვატარებდი. სოფელში თუ სადმე ხილი იყო, ვიპარავდი და მათთან მიმქონდა. მინდოდა, პატივი მეცა. გურამს ბავშვები, ახალგაზრდები ძალიან უყვარდა. ამ ადამიანმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გადაღების პროცესი 1 თვეში დამთავრდა, მსახიობების წასვლამ გული დამწყვიტა. ვფიქრობდი, ალბათ ამ გენიალურ ადამიანს ცხოვრებაში ვეღარასდროს შევხვდები-მეთქი. გურამმა ცხოვრების ლამაზი წესით, აზროვნებით, ვაჟკაცობით მომაჯადოვა.

სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურში ჩავაბარე. მეორე კურსზე ვიყავი, როცა ფილმს იღებდნენ, რომელშიც ბატონი გურამი თამაშობდა. შევხვდი და გამოვეცნაურე, - მე ის ბიჭი ვარ, სოფელში გადაღების დროს რომ გაიცანით-მეთქი. ძალიან გაუხარდა. მოგვიანებით გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს, როგორც პარტნიორები, ისე შევხვდით. თავმდაბალი ადამიანი იყო. დღეს დავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ 110 როლი ჰქონია ნათამაშები. ერთმანეთის პარტნიორები ვიყავით ფილმებში: "მიდიოდა მატარებელი", "ადამიანთა სევდა", "ბატონი ავანტურისტები"... ის იყო არაჩვეულებრივი პარტნიორი, მეგობარი, კაცი. მადლობა ღმერთს, რომ გურამისნაირი ადამიანები ამ ქვეყანაზე ცხოვრობენ.

- იქნებ მასთან დაკავშირებული ამბავი გაიხსენოთ.

- საოცარი იუმორი ჰქონდა. როცა ფილმში - "სიყვარული ყველას უნდა" მიღებდნენ, თბილისში ბინა არ მქონდა და კინოსტუდიის საერთო საცხოვრებელში ერთი ოთახი გამომიყვეს. დედაჩემი ამ ოთახის დასალაგებლად ჩამოვიდა. იმ დღეს რეპეტიციაზე წავედი, შინ მარტო დედა იყო. გურამი მოვიდა და მიყვება; კაცო, ეს რა დამემართაო და თან, იცინის. რა მოხდა-მეთქი? მას წესად ჰქონდა, "შვილოთი" მომმართავდა. კინოსტუდიის საერთო საცხოვრებელთან მისულს ეგონა, ბინაში ვიყავი და მეძახდა: ტრისტან, შვილოო!!! მამა 1958 წელში მყავს გარდაცვლილი. დედაჩემს გადმოუხედავს, - თუ გოგია ხარ, ამოდი და თუ ვიღაც ეშმაკი ხარ, გადაშენდი მანდედანო. ძალიან ბევრს იცინოდა ამაზე, თან უხერხულობდა, ეს რა დამემართაო.

- ბოლოს როდის ნახეთ?

- ბოლო პერიოდში, მეგობრებს შინ არ გვიშვებდა. იმდენად მშვენიერი გარეგნობის იყო, არ უნდოდა, ტკივილით სავსე გვენახა. მის ამ დამოკიდებულებას აქვს გამართლება. რამდენჯერ დავურეკე, მოვიკითხე, შეხვედრა ყოველ ჯერზე გადამიწია. აი, ფეხზე რომ წამოვდგები, შეგეხმიანებიო...

დიმა ჯაიანი, მსახიობი:

GzaPress- გურამი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, მაგრამ ორივეს ერთი პედაგოგი, საშა მიქელაძე გვასწავლიდა. ეს ღმერთკაცი ყველას გამორჩეულად გვიყვარდა. მე და გურამი ახლოს ვიყავით. ძალიან უყვარდა ფოთი, ჩხოროწყუ. სკოლა დედულეთში - ლესიჭინეში დაამთავრა. როგორი გარეგნობაც ჰქონდა, ისეთივე კაცი იყო, გარეგნობა კი მართლაც, უნაკლო ჰქონდა. თავისი მოღერილი ყელით, რომაულ სტანდარტს სანტიმენტრებში ემთხვეოდა. უშიშარიც იყო. მან მარჯანიშვილის თეატრში ბევრი დაუვიწყარი სახე შექმნა.

- მაგრამ ამბობდა, რომ თეატრზე მეტად კინო მიზიდავსო.

- გურამს თეატრზე გული აუცრუვდა. რაღაც მოხდა, რასაც არ ამბობდა. მარჯანიშვილის თეატრიდან გულნატკენი წავიდა, მაგრამ წყენა არავის გაუმხილა. როგორც ჩანს, რაღაცას გაუფრთხილდა. გურამმა მთელი თავისი ცხოვრება სხვაზე ფიქრსა და მზრუნველობაში გაატარა. დაუზარელი კაცი იყო. უბედნიერესი ვარ, რომ მასთან მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა. გურამს კარგი ძმა ჰყავდა, ფრიდონ ფირცხალავა, რომელზეც გიჟდებოდა. ის ერთხელ ციხეში მოხვდა. გურამმა ირბინა, ირბინა და საქმე ისე გააკეთა, რომ უნდა დაეხსნა. მოსანახულებლად რომ მივიდა, მეც თან ვახლდი. ფრიდონმა გამოგვიცხადა: ჩემი მეწყვილე რომ არის, იმას რას უპირებთ, აქედან მის გარეშე არ გამოვალო. გურამი ლამის გაგიჟდა... ის მამის ხსოვნას ყოველთვის დიდ პატივს სცემდა, დედაზე გიჟდებოდა. მთელ საქართველოს იყო მოდებული და არ არსებობდა სოფელი, სადაც ერთი მეგობარი მაინც არ ჰყავდა. გურამი ზომიერი, დაკვირვებული კაცი იყო. ცხონებულ ბორია წიფურიას ეჩხუბებოდა ხოლმე: ისეთ რამეებს აკეთებ, მარცხვენ, თავს მჭრიო. ერთხელ რომელიღაც რაიონში ყოფილან ჩასულები. გურამს ბორიასთვის ფეხსაცმლის ქარხნის დირექტორი გაუცვნია. ვიდრე ის კაცი და გურამი ლაპარაკობდნენ, შეუნიშნავს, ბორია მანქანაში რაღაცებს ალაგებდა. თურმე, სამი კოსტიუმი, 6 წყვილი ფეხსაცმელი უფულოდ გამოუტანია. გურამი გაგიჟებულა, - ვინ ხარ, რას აკეთებ, ეს კაცი მე გაგაცანიო. თავად ამ დროს შესაძლოა, დახეული ფეხსაცმელი სცმოდა... ლეო ფილფანი ჰყავდა ხელში შეკლული. ლეო ბრაზობდა, - ამ მეგრელმა რამდენჯერ უნდა გამაბრიყვოსო? ისეთ რამეებს აკეთებდა, არავის სწყინდა, პირიქით - მის იუმორზე ყოველთვის ვხალისობდით.

- ბოლოს როდის ელაპარაკეთ?

- სანახავად მისვლას მიკრძალავდა, მაგრამ ხშირად ვურეკავდი. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ველაპარაკე. მალე ფეხზე წამოვდგები, მერე მოხვალ და მნახავო, - მითხრა. ეჭვი არ შემპარვია, რომ ძალიან ცუდად იყო. ჩემს კაბინეტში კუთხე მაქვს მოწყობილი, შუაში ჭაბუა ამირეჯიბის ფოტოა, მარჯვნივ და მარცხნივ გიგა ლორთქიფანიძისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის სურათებია ჩალაგებული. ამ კედელს "დათა თუთაშხიას" ვეძახი. გურამს ეს გაუგია და ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს, - ალბათ, მალე იმ კედელზე ალბათ ერთი ფოტოს მიმატება დასჭირდებაო. დავურეკე, ხომ არ გადაირიე, რა ფოტო უნდა მივამატო, ეგრე ნუ ლაპარაკობ-მეთქი. ჩაიცინა. ის ყველაფერს გრძნობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს არავის ახვევდა. იმ კედელს ახლა ჩემი გურამის ფოტოსაც დავამატებ. წავიდა გურამი და ჩემი გულიც წაიღო.

თამუნა კვინიკაძე