ტაოში დაკარგულები - გზაპრესი

ტაოში დაკარგულები

მეგზურობას ექიმი-ჰომეოპათი თამთა ჭანტურია და ჩვენი მინიბუსის მძღოლი, ტაო-კლარჯეთის გზების საუკეთესო მცოდნე, ზვიად ჩიტაური გვიწევდნენ. სხვათა შორის, ზვიადი "გზის" ერთგული მკითხველი აღმოჩნდა, - ნომერს არ ვტოვებ წაუკითხავსო, - მითხრა და განსაკუთრებული გულმოდგინებით მეხმარებოდა ჟურნალისთვის საუკეთესო მასალის მოსაპოვებლად.

საქართველო-თურქეთის საზღვრის გადალახვის შემდეგ, ჯერ ულამაზეს სოფელ ხეოთს ვესტუმრეთ. აქ სულ მესხური ბანიანი სახლები დაგვხვდა. თამთას თქმით, მესხეთშიც ყოფილა ამავე სახელწოდების სოფელი ძალიან ლამაზი ეკლესიით. აქაური ხეოთი კი თურქებითაა დასახლებული და უმეტესობას კარგად ახსოვს, სოფელში ოდესღაც ქართველები რომ ცხოვრობდნენ.

GzaPressVII-IX საუკუნეების ახალაღმოჩენილი ვარძიის ტიპის ციხე-ქალაქის - ნოქალაქოის სანახავად არტაანის პროვინციის ჰანაკის რაიონში იმავე დღეს გავემგზავრეთ. ქვაში ნაკვეთი რამდენიმეიარუსიანი უზარმაზარი კომპლექსი ისტორიულ ერუშეთში, მდინარე ერუშეთის ხეობაში მდებარეობს. ჯერ ხეირიანად არ გამოუკვლევიათ და არც დაუთარიღებიათ, ცოტას თუ უნახავს, თუმცა გვითხრეს, მალე ტურისტულ მარშრუტში შეიტანენო. ჩვენი მეგზური თამთა ჭანტურია გვიამბობდა, რომ ნოქალაქოის შესახებ ორი წლის წინანდელი გეოგრაფიული საზოგადოების ექსპედიციის შედეგად მისმა აღმომჩენებმა, არქიტექტორებმა - გიორგი და ნინო ბაგრატიონებმა მოუთხრეს. გიორგი ბაგრატიონმა დეტალურად აღუწერა თამთას ძეგლის ადგილმდებარეობა და იოლად მისაგნებად რუკაც კი მისცა. ენთუზიასტთა ჯგუფი პირველად ზაფხულში გაემგზავრა ნოქალაქოის საძებნელად და მიაგნო კიდეც - ძეგლამდე იქვე მყოფი თურქი მწყემსები გაჰყოლიან. მეორედ უკვე ერთად გავეშურეთ. კარგა ხანს ფეხით ვიარეთ, ტრიალი მინდორი და პატარა გორაკი, შემდეგ კი - მდინარეც გადავლახეთ (საბედნიეროდ, ზედ ხიდის მაგვარი გაუდევთ თურქებს) და შემოდგომის ფერებით თითქოს ალმოდებულ ულამაზეს ხეობას ჩავუყევით.

"ახალ ვარძიად" წოდებულ გამოქვაბულების ქალაქი მალევე შევნიშნეთ. ყველა მღვიმეში ვერაფრით შევიდოდით - ერთმანეთს ვერ შევადგებოდით მხრებზე, აი, ბიჭებმა კი გაცილებით მეტი დარბაზი დაათვალიერეს. ერთ-ერთ ეკლესიაში (ვიცოდით, სულ სამი იყო) რის ვაი-ვაგლახით აღმოვჩნდით - რიგ-რიგობით, ჩვენი მძღოლის, ზვიადის ხელებზე დავდექით, ზემოდან ლაზარე კვირტიამ და სულხან ონიანმა აგვწიეს, ცოტათი ჩვენც "მივეშველეთ" და როგორღაც ავცოცდით.

GzaPressპატარა ეკლესიის დაცარიელებულმა კედლებმა ყველანი დაგვადუმა და სუნთქვა შეგვიკრა. საქართველოდან წამოღებული სანთლები თითოეულს ჩამოვურიგე, იმწამს ავანთეთ და მისი სიკაშკაშე ქვის სარკმელებიდან შემოჭრილ შემოდგომის მზეს შეუერთდა. უხმოდ ვლოცულობდით და ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ამ ქვის პატარა უფრესკო ღვთის სახლში მთელი ქართველობა შემოკრებილიყო... ბედნიერები ჩამოვძვერით და კარგა ხანს სართულებზე "ოთახ-ოთახ" ვიარეთ. წამოსვლისას სულხანს გულმა ვერ მოუთმინა, ერთ მღვიმეში, სადაც საგანგებო აღჭურვილობის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ასვლა, კედელ-კედელ აცოცდა და დიდი რისკის ფასად, ნახტომით შეძვრა მოშორებით მდებარე მღვიმეში. მალევე სიხარულით გადმოგვძახა, მესამე ეკლესია ვიპოვეო! თამთამ სულხანის შარვლის ქამარს ქვემოთ დამაგრებული, ლაზარეს ქამარი გადააბა, ზედ ფოტოაპარატი შეაბა და ისე ააწოდა სულხანს. მანაც ეკლესია კი გადაიღო, მაგრამ უკან გადმოცოცება რომ ვეღარ მოახერხა, დიდი სიმაღლიდან გადმოხტა და კინაღამ ფეხიც შესწირა. ღვთის წყალობით, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და კვლავ უცნობი ტაოს გზა განვაგრძეთ.

ის ღამე ყარსში გავათენეთ და დილიდან, ყარსის ციხისა და აპოსტოლების ტაძრის დათვალიერების შემდეგ, შუა საუკუნეების ციხე-ქალაქ ანისისკენ ავიღეთ გეზი. ანისი, თურქულად კი - ანი, რომელსაც 1001 ეკლესიის ქალაქსაც უწოდებენ, ყარსის პროვინციაში, ზედ სომხეთის საზღვართან მდებარეობს. 961-1045 წლებში სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი იყო. ანისის სახელმწიფო თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას მოიცავდა.

ქალაქი ანისი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში, სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც ბუნებრივად იცავდა მას. ანისზე რამდენიმე სავაჭრო გზა გადიოდა. განვითარების უმაღლეს ეტაპზე თურმე ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, შენობებით, სასახლეებითა და ციხესიმაგრეებით გამოირჩეოდა და კონსტანტინოპოლს, ბაღდადსა და დამასკის უწევდა მეტოქეობას. ანისის სამეფოს სომეხ ბაგრატუნთა დინასტიის წარმომადგენლები მართავდნენ. ქალაქს ხშირად ესხმოდნენ თავს ბიზანტიელები და თურქ-სელჩუკები. ამ უკანასკნელთა სულთანმა ალფ-არსლანმა 1064 წელს, 25-დღიანი ალყის შემდეგ აიღო კიდეც იგი. 1072 წელს სელჩუკებმა ანისი ქურთული წარმოშობის შედადიანების დინასტიას მიჰყიდეს. როდესაც შედადიანებმა ადგილობრივებისადმი შეუწყნარებლობა გამოიჩინეს, სომხებმა დასახმარებლად საქართველოს მეფეს - დავით აღმაშენებელს მიმართეს. 1124 წელს მეფე დავითმა ქალაქი აიღო და შედადიანებისგანაც გაათავისუფლა. ქართველებმა 1161 და 1174 წლებშიც გაათავისუფლეს ანისი, მაგრამ მას კვლავ შედადიანები იბრუნებდნენ ხოლმე. 1199 წელს ქართველთა მეფის - თამარის ჯარმა აიღო ანისი, გააძევა შედადიანები და მის მმართველებად ზაქარია და ივანე მხარგრძელები დანიშნა. ქალაქი ანისი საბოლოოდ 1319 წლის მიწისძვრამ გაანადგურა.

ქალაქის გალავანი და ლომების კარიბჭე, დანგრეული ქუჩები თუ ნასახლარები, ეკლესიებისა და ციხის ნანგრევები დღესაც უდიდეს შთაბეჭილებას ახდენს დამთვალიერებელზე. განსაკუთრებით თვალშისაცემია იმხანად სომხებისთვის ძალზე პატივსაცემი ადამიანის, ტიგრან ონენცის მიერ სომხური ეკლესიის ფუძემდებლის, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელზე 1215 წელს აშენებული ეკლესია, სადაც სომხურ ფრესკებთან ერთად ქართულ მართლმადიდებლურ ფრესკებსაც ვაწყდებით, მის ორ კედელზე კი ბორჯღალი მოჩანს. სავარაუდოა, რომ ფრესკები ქართველმა მხატვრებმა შეასრულეს, რადგან ტაძარი ანისში სწორედ ქართველთა მმართველობის პერიოდში აშენდა. ეკლესია დღესაც კარგადაა შემონახული.

ანისის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩას ქართული ტაძრის ნანგრევთან მივყავართ - სამწუხაროდ, ოდესღაც საკმაოდ დიდი შენობისგან მხოლოდ ერთი კედელი და რამდენიმე ლოდია შემორჩენილი. სულ რომ არ ჩამოიქცეს და განადგურდეს, კედელი რკინის კონსტრუქციაში ჩაუსვამთ. ისტორიული ცნობით, ტაძარი XI საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს და მისი დიდი ნაწილი 1840 წელს დანგრეულა. ტაძრის შემორჩენილ კედელზე ორი ბარელიეფი ჩანს - ხარება და ელისაბედის მიერ ქალწული მარიამის მონახულების ეპიზოდი. სამხრეთის უკვე ჩამონგრეულ კედელზე 1218 წლით დათარიღებული ქართული წარწერა ყოფილა. ნიკო მარს ამ წარწერის ნაწილების (სავარაუდო 50 ბლოკიდან 44-ის) შეკრება მოუხერხებია. ეს ნაწილები მინუჩიხრის მეჩეთის მუზეუმში ინახებოდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მისი გაძარცვის შემდეგ გამქრალა. 1998 წელს წარწერის 5 ბლოკს ანისის მეზობლად, სოფელ ოჯაკლში მიაკვლიეს. მას ადგილობრივები თურმე სამშენებლო მასალად იყენებდნენ...

GzaPressანისიდან წამოსულებმა დიგორის გამოქვაბულიც მოვინახულეთ, მაგრამ მის ეკლესიას ვერ მივაკვლიეთ და ძებნა-ძებნაში შემოგვაღამდა კიდეც. ღამის გასათევად ოლთისისკენ გავემგზავრეთ. ალბათ ის ღამე არც ერთ ჩვენგანს არ დაავიწყდება: როგორ აგვებნა გზა; წინ და უკან სიარულში როგორ აღმოვჩნდით უკაცრიელ და დანგრეულგზიან უღელტეხილზე, რომელსაც თურმე ჩაქინ ბაბა რქმევია (ეს მოგვიანებით შევიტყვეთ); როგორ ვეძებდით სოფლის აღმნიშვნელ რაიმე ტრაფარეტს ან სულაც ადამიანთა სიცოცხლის ნიშანწყალს; თავსხმა წვიმაში კანიონებს შორის როგორ მივუყვებოდით მდინარის პირს და რუკებზე როგორ ვეძებდით გზას ქალაქ შენკაიასკენ, რუკაზე კი გზის კვალიც არ ჩანდა - მხოლოდ მდინარე მიიკლაკნებოდა... მივხვდით, რომ დავიკარგეთ... ტაოში... და მაინც დაჟინებით მივიწევდით წინ. მანქანაში ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდი, თუმცა არც ბუზი ჩანდა სადმე... რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ შორეული სინათლის გამოჩენა გადარჩენას ნიშნავდა - ლამის ყიჟინა შემოვცხეთ! მერე ოლთისსაც მივაკვლიეთ, თუმცა ღამის გასათევი ვერსად ვიშოვეთ - სასტუმროების ადმინისტრატორებსაც კი ჩასძინებოდათ, ამიტომ ქალაქის მახლობლად, ავტოგასამართ სადგურზე, მინიბუსში "დავიძინეთ"...

ის დილა კაშკაშა მზით დაგვათენდა და იქ მომუშავე თურქებმა ლანგრით ცხელი ჩაი მოგვართვეს... შევფხიზლდით, ვისაუზმეთ, თავსაც საუკეთესოდ ვგრძნობდით და ერთი სული გვქონდა, დარჩენილი "უცნობი ტაოსკენ" როდის გავწევდით.

გაგრძელება იქნება

ირმა ხარშილაძე