რატომ ვერ იღებენ მოსწავლეები ატესტატებს? - გზაპრესი

რატომ ვერ იღებენ მოსწავლეები ატესტატებს?

ბევრმა ახალგაზრდამ დაამთავრა წელს სკოლა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. ცხადია, სკოლის დამთავრება ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. მეთორმეტეკლასელები დიდი ხნით ადრე იწყებენ ამ აღსანიშნავი დღისთვის მზადებას. "ბოლო ზარი", მაისურებზე სამახსოვრო წარწერები, ბანკეტი - ეს ტრადიციაა, თუმცა ყველაზე მთავარი და პირველხარისხოვანი საატესტატო გამოცდებია. სამწუხაროდ, ბევრი გამოცდებს ვერ აბარებს, მინიმალური ზღვრის გადალახვა უჭირს და ატესტატის გარეშე რჩება. იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადაელახათ, მოსწავლეებს დაახლოებით 15 მარტივი კითხვისთვის უნდა გაეცათ სწორი პასუხი. წელს გამოცდაზე 49000 მოსწავლე გავიდა (მათ რიცხვში მრავლად იყვნენ ისეთები, ვინც განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას).

საერთოდ ცნობილია, რომ ყველაზე ცუდი შედეგები 2011 წლის საატესტატო გამოცდებზე იყო. მაშინ 46549 რეგისტრირებული მოსწავლიდან ზღვარი ვერ გადალახა 14113-მა. გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად - XI და XII კლასებში ჩატარდა.

წლევანდელი შედეგებიც მძიმეა - 11000 მოსწავლე დარჩა ატესტატის გარეშე და მათ მომავალ წელს ხელახლა მოუწევთ გამოცდებზე გასვლა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვინც 4 გამოცდა ჩააბარა, მათი მონაცემები ასე გამოიყურება: XII კლასელთაგან ზღვარი წარმატებით დასძლია: ქართული ენა და ლიტერატურა - 98%-ზე მეტმა; უცხოური ენა - 94%-მა; ისტორია - 97%-მა; მათემატიკა - 93%-მა.

GzaPressივა მინდაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე: - წლევანდელი შედეგები შარშანდლის ანალოგიურია. სტატისტიკის დონეზე გეტყვით: 11000-მა მოსწავლემ ვერ შეძლო ერთ ან მეტ საგანში მინიმალური ბარიერის გადალახვა. აქედან მეთორმეტეკლასელებიც მრავლად იყვნენ, ასევე ისინი, ვინც წინა წელს ვერ ჩააბარა გამოცდა. საერთო ჯამში, წელს 2000-მა მეთორმეტეკლასელმა ვერ გადალახა ზღვარი.

- ცნობილია, რომ მინიმალური ზღვრის გადალახვაა საჭირო ატესტატის ასაღებად. ასე ძალიან რატომ უჭირთ ამ ბარიერის გადალახვა მოსწავლეებს?

- უპრიანია, სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასების შედეგებს გადავხედოთ. განათლების სფეროში არსებული ხარვეზები აირეკლება ხოლმე გამოცდებზე. სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევები ერთხმად მიანიშნებენ, რომ სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა საფეხურზე, სხვადასხვა კლასში გვაქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა კითხვა და წაკითხულის გააზრება. სამწუხაროდ, ბევრს წაკითხულის გააზრება უჭირს. მაგალითად, ავიღოთ მათემატიკა: მეოთხე კლასში, მერვე კლასში პრობლემები გვაქვს და შესაბამისად, ეს XII კლასშიც იჩენს თავს. ვფიქრობ, რაც ხდება, ეს კომპლექსური საკითხებია და გამოსაშვები გამოცდები ერთ-ერთი ნიშნულია, ამ პრობლემების წარმოსაჩენად. ესE მთლიანად განათლების სფეროს პრობლემაა და ამის მოგვარება ერთ დღეში ვერ წარმომიდგენია. სინამდვილეში ბევრად უფრო კომპლექსური პრობლემაა, ვიდრე მხოლოდ საგნის ცოდნა-არცოდნა. მეშვიდე-მერვეკლასელს ცოდნა რომ არ აქვს მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში, ზოგად უნარებში, არა მგონია, XII კლასში შეიძინოს მან ეს ცოდნა. პრობლემები უფრო განათლების სისტემაში უნდა ვეძიოთ. სამწუხაროდ, ყველა ნაკადში გვყავს მოსწავლე, რომელმაც ერთი ან რამდენიმე საგანი კარგად არ იცის და ვერ ლახავს ამ ზღვარს.

- ყველაზე მეტად რომელი საგნების ჩაბარება უჭირთ?

- მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, XII კლასში ჩაებარებინათ 4 გამოცდა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია და ერთ-ერთი უცხოური ენა. აქედან უფრო მეტად უჭირთ მათემატიკა და უცხოური ენა. გარდა ამისა, იმ მოსწავლეებმა, რომლებიც წინა წლებში გადიოდნენ გამოცდაზე, ჩააბარეს ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა. ამ საგნებში მაშინ ვინც გამოცდები ვერ ჩააბარა, მათ წელსაც ჰქონდათ შანსი, იგივე საგნები ჩაებარებინათ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შეძლეს. რიგ შემთხვევებში 3-4 ჯერ გამოდიოდნენ ადამიანები გამოცდებზე, მაგრამ ამ გამოცდებშიც შედეგები ვერ მიიღეს. მოკლედ, ეს ის ნაკადია, რომელმაც მინიმუმ, ერთხელ მაინც ვერ გადალახა ზღვარი. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ფაქტობრივად, XI კლასში მთავრდება. გეოგრაფიას ამთავრებენ ასევე XI კლასში. ყველა მეთორმეტეკლასელს აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს თავისი თავი, განსაზღვროს, რა უჭირს, მერე ეს შეცდომები გამოასწოროს და XII კლასში ჩააბაროს. ცხადია, პრობლემები უფრო დაბალი კლასებიდან ვლინდება და გასაკვირი არ არის, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, დამამთავრებელ კლასში ჩანს ეს პრობლემა. ფაქტია, საბუნებისმეტყველო, ფიზიკის, მათემატიკის, უცხო ენის გამოცდის ჩაბარება ბევრისთვის ძნელია. ყველაზე მეტად ქართული ენის გადალახვა გაუიოლდათ.

- თქვენ, როგორც სპეციალისტი რა რეკომენდაციას მოგვცემთ?

- როგორი უნდა იყოს სწავლება, ამაზე მსჯელობა უკვე სცდება გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელშიც ცოტ-ცოტა წვლილი ყველა რგოლსა და ასპექტს აქვს შეტანილი, ეს იქნება სახელმძღვანელო, ეროვნული სასწავლო გეგმა, შეფასების სისტემა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია თუ სხვა რამ. პრობლემები ნამდვილად ბევრია სფეროში, ეს ჩემი პირადი აზრია და ვთვლი, რომ ყველა სფეროში საჭიროა ვითარების გაუმჯობესება.

- მონაცემების მიხედვით, რა გამოიკვეთა, რეგიონებშია უფრო დიდი პრობლემა თუ დედაქალაქში? სად უფრო უჭირთ ბარიერის გადალახვა მოსწავლეებს?

- ასე ზუსტად ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ საერთაშორისო კვლევებს თუ შევხედავთ, დიდი სხვაობაა სკოლებს შორის. ის შეკითხვა, რომელსაც მშობლები სვამენ, როცა მათი შვილი მიდის სკოლაში, - რომელ სკოლაში უნდა მივიყვანო შვილი, - მართლაც მწვავე შეკითხვაა, რადგან ეს პრობლემა არსებობს. სკოლებს შორის სერიოზული სხვაობაა, ამიტომ ვფიქრობ, რესურსები უნდა მიმართონ იქითკენ, რომ განათლება ყველგან ერთნაირი იყოს - რეგიონსა თუ ქალაქში და სკოლების ხარისხი ასე მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდეს. თუნდაც ერთი ქალაქი რომ ავიღოთ, იქ არსებულ სკოლებს შორისაც დიდი სხვაობაა. ამის აღმოფხვრა და ვითარების გამოსწორება კარგი იქნება.

- ანუ მშობლების წუხილი, სად უნდა მიიყვანოს შვილი, სამართლიანია?

- დიახ, მშობელი სწორად ეძებს კარგ სკოლას, რადგან ეს პრობლემა მართლაც დგას და შერჩევა სჭირდება. ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოშია, ბევრ ქვეყანაში არის სკოლებს შორის სხვაობა, მაგრამ სასურველია, ძალიან დიდი სხვაობა არ იყოს.

- ჩაჭრილ მოსწავლეს რამდენჯერ აქვს საატესტატო გამოცდაზე გასვლის უფლება?

- შეუზღუდავად, ბევრჯერ შეუძლია გავიდეს გამოცდაზე და აიღოს ატესტატი. ექსპერტები თვლიან, რომ ყოველწლიურად ჩატარებული საატესტატო გამოცდებიც ადასტურებს განათლების სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს. ისინი სკოლებში არსებულ ქაოსურ სასწავლო პროცესზე საუბრობენ და სისტემის ცვლილებებს ითხოვენ.

- ბოლო წლებია, მოსწავლეები ვერც ბარიერის გადალახვას ახერხებენ და ვერც ატესტატს იღებენ. თქვენი შეფასება როგორია?

მანანა ნიკოლაიშვილი, ექსპერტი: - ამის ბევრი მიზეზი შეიძლება დასახელდეს. წლებია, რამდენიმე ათასი, თითქმის 40%-ზე მეტი მოსწავლე ატესტატს ვერ იღებს და ვერ ამთავრებს სკოლას. აბა, გადავხედოთ, რა შეიცვალა შარშანდელის მერე? ჩატარდა საჭირო და სასარგებლო რეფორმები? ცხადია, არა. ცალსახაა, ეროვნული სასწავლო გეგმა შესაცვლელია. 6 წელია, მოვიდა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" და სასწავლო გეგმა არ შეუცვლია. წინა ხელისუფლების დროს ტოტალურად შემცირდა სასწავლო საათების რაოდენობა ყველა საგანში. თუ ამ საათების რაოდენობას არ დააბრუნებენ და ბავშვებს არ გააძლიერებენ, რა შედეგი იქნება? ყველას არა აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვი მოამზადოს, ამიტომ სკოლამ უნდა იზრუნოს მის განათლებაზე. ძირითად საგნებს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ, საათები დაამატონ, მაგრამ ამის ნაცვლად პირიქით ძირითადს აკლებენ და მეორეხარისხოვანი საგნები შემოაქვთ. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, ეს საგნები გაანადგურეს, ჩამოიყვანეს 2 საათზე, ქართულსაც კი დააკლეს საათები. რუსული ყველგან გაანადგურეს. არადა, უცხოეთში ყველგან ისწავლება ორი უცხო ენა. რუსული რომ იცოდეს ახალმა თაობამ, ცუდია? ინგლისურზე არიან ჩამოკიდებული და ისიც არ იციან. რუსულის საათები ინგლისურისთვის მაინც დაემატებინათ. ბავშვები საკმაოდ რთული წიგნებით გადიან სწავლას და ბუნებრივია, 2 საათი არ ჰყოფნით, უცხო ენებშიც ძალიან ბევრი ჩაიჭრა წელსაც, შარშანაც. სასწავლო გეგმა უნდა შეეცვალათ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, მაგრამ არც ეს გაკეთდა. მეთოდური სახელმძღვანელოები უნდა იბეჭდებოდეს. ბავშვებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოებიც უნდა იყოს. ვერც ერთი ავტორი ვერ დაწერს ისეთ წიგნს, რომელშიც ყველაფერს უნივერსალურად ჩატევს, ამიტომ საჭიროა სხვადასხვა სახელმძღვანელო. მეთოდური, დიდაქტიკური წიგნები უნდა გამოდიოდეს. არ შეიძლება თქვა, ინტერნეტია და იმით ისარგებლონო. რა, სადაც ინტერნეტია, იმ ქვეყნებში არ გამოდის ახალი მეთოდური ლიტერატურა? წიგნს ვერაფერი ჩაანაცვლებს. ინტერნეტში არის შეცდომებით სავსე მასალები, რომლებიც მეცნიერულად არ არის გამართული.

- მაშინ რატომ აჭიანურებს განათლების სამინისტრო ამ რეფორმებს?

GzaPress- საჭირო და სასარგებლო, მართლა პროგრესისკენ წინსვლა არ ხდება. განათლების სამინისტროში არიან ძველი, არაპროფესიონალი კადრები და არა მარტო სამინისტროში - მათ დაქვემდებარებულ სიპებში ძველი კადრები არიან - წინა ხელისუფლების დროს რომ ჩამოაქციეს ყველაფერი, ისინი სხედან. იმ დროს ყველაზე მეტად დაზარალდა განათლებისა და მეცნიერების სისტემა. ეს კადრები შეინარჩუნა "ქართულმა ოცნებამ", არაფერი შეცვალეს და მითხარით, წინსვლა საიდან გვექნება? რატომ ველოდებით კარგ შედეგებს? ყველა მიმართულებით არაეფექტიანად მუშაობს ამჟამინდელი მთავრობა. მათი სახსრები ეყოფოდა ამ რეფორმებს, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არის, რომ ეფექტიანი, რადიკალური, ხარისხიანი რეფორმები გატარდეს. ამის მიზეზი ის არის, რომ განათლების სისტემაში არის კორუფცია. უამრავი გრანტი შემოდის მასწავლებლების დონის ასამაღლებლად, მაგრამ არაეფექტიანად იხარჯება ეს ყველაფერი. არაკვალიფიციური ხალხი ატარებს ტრენინგებს და ამიტომაც უშედეგოა. ყველაფერი ხომ შედეგით იზომება? რაც კეთდება სისტემაში, ამის საზომი არის პირველ რიგში საატესტატო გამოცდები, მერე ერთიანი ეროვნული გამოცდები და საერთაშორისო კვლევები. საერთაშორისო კვლევების შედეგებიც საგანგაშოა, წარმოიდგინეთ, ბავშვების 14% ვერ ითვისებს წაკითხულს და შინაარსი ვერ გამოაქვს. ასეთ კვლევებში საქართველო იკავებს ბოლოდან მეოთხე ადგილს, არადა, 70 ქვეყანაზე მეტია ჩართული. აბსოლუტურად უვარგისია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. თვითონ იღებენ პრემიებს, ძალიან დიდი ფული იხარჯება ამ ტრენინგებში, რომელიც ძირითადად უხარისხო, არაფრის მომცემია. ვაცხადებ, საერთოდ სისტემაა შესაცვლელი. ეს დღეებია, ყველა სისტემის დანგრევაზე საუბრობს. თუ სადმე დასანგრევია სისტემა, ეს არის განათლების სისტემა, სადაც მართლა ყველაფერი გამოსაცვლელია. სისტემური ცვლილებები თუ არ მოხდა, არაფერი გვეშველება. რა შეცვლის სიტუაციას? წინა ხელისუფლების მიერ გატარებული ცუდი, დამანგრეველი რეფორმების შედეგებს იმკის ეს ხელისუფლება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ესენი კიდევ ამატებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სისტემა უნდა დაინგრეს!

თეა ხურცილავა