ქართული თხილის სამომავლო პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია - გზაპრესი

ქართული თხილის სამომავლო პერსპექტივა ჯერ კიდევ გაურკვეველია

მას ჩვენს საექსპორტო ათეულშიც წამყვანი ადგილი ეკავა, თუმცა ბოლო ორ წელიწადში პროდუქციის ხარისხი მკვეთრად დაეცა, რის გამოც 2017 წელს თხილის ექსპორტი დაახლოებით 80 მილიონი დოლარით შემცირდა. ამ ფაქტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ. თავისთავად ჩნდება კითხვა - რა მდგომარეობა იქნება ამ დარგში წელს? - მით უმეტეს, რომ სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი სტანდარტი: ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილ თხილის გულს ამზადებს, ვალდებული იქნება, თავის საწარმოში HACCP-ის სისტემა დანერგოს. შექმნილ სიტუაციას და ქართული თხილის წლევანდელ პერსპექტივებს ფერმერები და ამ დარგის წარმომადგენლები განსხვავებულად აფასებენ:

დემურ ფიფია, ფერმერი, ზუგდიდის რაიონის მკვიდრი:

GzaPress- საბედნიეროდ, წელს მოსავალს კარგი პირი უჩანს. ხალხმა თხილის ბაღების შეწამვლა დაიწყო და თუ ამინდიც ხელს შეგვიწყობს, კარგი მოსავალი იქნება. სხვათა შორის, აზიური ფაროსანა თხილს იმდენ ზიანს არ აყენებდა, რამდენსაც ნაცარი და მურა სიდამპლე. ახლა, ბაღები შეწამლულია, იმედი გვაქვს, რომ ექსპორტიც გაიზრდება და შარშანდელთან შედარებით უკეთესი სიტუაცია იქნება. მართალია, შარშან თხილი ევროპის ნაცვლად რუსეთში გავიდა, მაგრამ რუსული ბაზარი არაპროგნოზირებადი და მოუწესრიგებელია. ჩვენც, თუ უკეთესი ხვალინდელი დღე გვინდა, კურსი ევროპისკენ უნდა ავიღოთ. თუ ევროპაში ცხოვრება გვსურს, ევროპულ სტანდარტებს და კანონებსაც უნდა დავემორჩილოთ. ამას ახალ HAჩჩP-ის სტანდარტზეც ვამბობ. მუდმივ გაურკვევლობაში ყოფნას ჯობია ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ და უფრო საიმედო ქვეყნებში გავიტანოთ.

აკაკი ღლონტი, სწავლული აგრონომი: - ჯერჯერობით მოსავალი გურიაშიც კარგია, თუმცა ყველაფერი მაინც ბუნებაზეა დამოკიდებული. შარშანდელმა ზარალმა ხალხი ძალიან გამოაფხიზლა და ყველა სოფელში მასობრივ შეწამვლას ახორციელებენ როგორც ფაროსანას, ასევე - ობისა და ნაცრის წინააღმდეგ. თუ თხილის გულმა გამკვრივება მოასწრო, ფაროსანაც ვეღარ მოერევა, რადგან ის ხილის წვენით იკვებება და გამკვრივებულ მერქანს არ ეკარება. ერთი რამ ყველა ფერმერმა უნდა იცოდეს: თუ მოსავალს წესიერად არ მოვუვლით, მარტო ევროპის ბაზარს კი არა, ყველა ქვეყნის ბაზარს დავკარგავთ, რადგან უხარისხო პროდუქციას არც ერთი სახელმწიფო არ მიესალმება.

მარიამ კოდუა, კომპანია "ქესკიას" დამფუძნებელი: - მართალია, თხილის მოსავალს უკეთესი პირი უჩანს და მსხმოიარობაც უკეთესი აქვს, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ვიტყვით, რომ წელს უკეთესი მდგომარეობა გვექნება. არ ვიცით, ამ თვეში რა სიტუაცია იქნება, რადგან ფაროსანა ივნისიდან მრავლდება. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხალხი როგორ იყოჩაღებს, თავის ბაღებს შეწამლავს და როგორი ამინდები იქნება. რაც შეეხება HACCP-ის სტანდარტს, მგონი ამის გამო მცირე საწარმოები გაჩერდებიან, რადგან სერტიფიკატი არ ექნებათ და ახალ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ. არიან მეწარმეები, რომლებიც მაღალი ხარისხის თხილზე მუშაობენ და ევროპაში ექსპორტს ისინი გააგრძელებენ, ხოლო ის, ვისაც სერტიფიცირებული საწარმო არა აქვს, სავარაუდოდ, ადგილობრივ ბაზარზე იმუშავებს.

ალექსანდრე მოწერელია, "საქართველოს თხილის ექსპორტიორთა და გადამმუშავებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი: - სადავო მგონი არაფერია იმაში, რომ ხარისხიანი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ. ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე მახსენებენ ფაქტებს, როცა მეწარმეებმა საქართველოდან უხარისხო თხილი გაიტანეს, სადაც კენჭები, შუშის ნამსხვრევები და უცხო მინარევები აღმოაჩინეს. ჩვენც იმით ვიმართლებთ თავს, რომ წელს მხოლოდ სერტიფიცირებული საწარმოები შეძლებენ თხილის ექსპორტს ევროპაში. ამ პროცესს HACCP-ის სტანდარტის დანერგვა აშკარად ხელს შეუწყობს. ევროპელები პირველ პირობად ამას გვიყენებენ და ვიდრე სხვა მიგვითითებს, ჩვენ რატომ ვერ უნდა ავუბათ მხარი? ჩემი აზრით, საქართველოში HACCP-ის სტანდარტის დანერგვა არ უნდა გაჭირდეს, რადგან ეს ხელს შეუშლის უხარისხო თხილის ექსპორტს და ამით გამოწვეულ ზიანს მინიმალურ დონეზე დაიყვანს. ჩემი აზრით, საწარმოები, სადაც მინიმალური სანიტარიული ნორმები არ არის დაცული და ხარისხიან პროდუქციას ვერ აწარმოებენ, ამ დარგში არ უნდა იყოს. ჩვენი საწარმოების მდგომარეობა ევროპულ მოთხოვნებს უნდა მიუახლოვდეს. თუ ევროპა გვინდა, იქაც ხომ უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ჩვენი პროდუქცია ხარისხიანი და უსაფრთხოა? თხილი ჩვეულებრივი საკვები პროდუქტია და მისთვისაც ისევე აუცილებელია სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, როგორც სხვა, ნებისმიერი პროდუქტისთვის. ველოსიპედი არავის გამოუგონია - მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ იმ საწარმოში, სადაც კვების პროდუქტების გადამუშავება ხდება, ელემენტარული ნორმები დაცული იყოს. მიკვირს, რატომ აცხადებენ მეწარმეები, რომ ამ ნორმებს ვერ შეასრულებენ: ეს ყველაფერი 5-დან 10 ათას დოლარამდე დაჯდება და მგონი, ამ ხარჯის გაღება ყველა ექსპორტიორმა უნდა შეძლოს. ამისთვის მზად უნდა იყოს ყველა, ვინც ცდილობს თავისი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანოს, სხვაგვარად თხილის ექსპორტი ვერ მოიმატებს. ცნობილია, რომ შარშან და შარშანწინ მოსავლის ნახევარი განადგურდა და რაც გადარჩა, უხარისხო იყო. წელს ნალექის რაოდენობაც მცირე იყო და სოკოვანი დაავადებებიც შემცირდა, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ უკეთესი მოსავალი იქნება. ისიც ფაქტია, რომ გასულ წლებში ჩვენი ფერმერები სათანადოდ ვერ უვლიდნენ თხილის ბაღებს. ბევრი მათგანი უკვე მიხვდა, რომ მცენარის მოვლა აუცილებელია და საჭირო ღონისძიებებიც ჩაატარა. ვიმედოვნებთ, რომ წელს ამ სფეროში უკეთესი მდგომარეობა იქნება.

GzaPressზაურ გაბრიჩიძე, პროფესორი, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის მეცნიერი: - ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, მეჩაიეობის დარგის განადგურების შემდეგ, ხალხმა თხილის პლანტაციების სპონტანური გაშენება დაიწყო. დღეს ჩვენს ქვეყანაში თხილი დაახლოებით 30 ათას ჰექტარზეა გაშენებული. მაღალი ფასის გამო თხილს წინასწარ შეუსწავლელ და მოუმზადებელ ნიადაგზე აშენებდნენ და სპეციალისტთა რეკომენდაციებსაც არ ითვალისწინებდნენ. ამას კლიმატის ცვლილებებიც დაერთო და შედეგმაც არ დააყოვნა: ჯერ იყო და, ამერიკული პეპელა შემოგვესია, რომელმაც თხილის ბაღები გაანადგურა, ახლა კი, უკვე მესამე წელია აზიურ ფაროსანას ვებრძვით. 2017 წელს თხილის მოსავლის 80% დაიკარგა და მოსალოდნელი 170 მილიონი ლარის ნაცვლად, ქვეყანამ ამ თანხის 10 პროცენტიც ვერ მიიღო. წელს, დასავლეთ საქართველოში მაის-ივნისის მშრალმა კლიმატმა აშკარად შეამცირა ნაცრისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების რისკი, რის გამოც მოსავალი ვიზუალურად კარგად გამოიყურება. თუ მოსახლეობა დროულად შეწამლავს, მეთხილეობის დარგში არსებული ჩავარდნა გამოსწორდება. ახლა ყველაფერი ბუნებასა და სწორად ჩატარებულ შეწამვლაზეა დამოკიდებული.

ხათუნა ჩიგოგიძე