"ტიტების სამოთხე" - "ჯოჯოხეთში"
font-large font-small
"ტიტების სამოთხე" - "ჯოჯოხეთში"
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრიდან" სამიოდე კილომეტრში, კონფლიქტის ზონაში, სოფელ ბრეძაში ცხოვრობს 54 წლის ალექსანდრე მეყანწიშვილი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, ყვავილების ბიზნესით არის დაკავებული... როგორც თავად ამბობს, დაცარიელებულ სოფელში ის და მისი მეუღლე ფერად-ფერად ტიტებში დაფუსფუსებენ და ქვეყნის სატკივარს უყვებიან... ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამ საქმეს ჯერ კიდევ მისი მშობლები უძღვებოდნენ და ამიტომაც, ყვავილებთან ურთიერთობა ისეთივე მშობლიურია მისთვის, როგორიც იქაური მიწა-წყალი...

ალექსანდრე მეყანწიშვილი:
- ჩემი სოფლიდან ადმინისტრაციულ საზღვრამდე, დაახლოებით 3 კმ-ია. კონფლიქტის ზონაა. გასწვრივ კიდევ სამი სოფელია - ატოცი, ფხვენისი და კოდა, საიდანაც რუს მესაზღვრეებს მუდმივად მიჰყავთ ადგილობრივები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო. ზოგს ბოჩოლა გაექცევა, ზოგი წინაპრის საფლავზე გადავა, არავის ინდობენ, - სტაცებენ ხელს და იქითა მხარეს მიათრევენ... სტრესს რომ თავი დავანებოთ, ჯარიმის გადახდა უწევთ, რაც აქაური შემოსავლის კვალობაზე საკმაოდ რთულია.
ერთი სიტყვით, ადვილი არ არის აქ ცხოვრება, მაგრამ აქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემი წინაპრის საძვალე აქ არის, - მშობლები აქ ცხოვრობდნენ, მათაც ყვავილების მეურნეობა ჰქონდათ. ჩემს ოჯახს, 1980 წლიდან წითელი ტიტა მოჰყავდა, რომელიც იმ წლებში მეურნეობაში მოუტანიათ. რაღაც დროის განმავლობაში გაახარეს, შემდეგ მიივიწყეს... ჩემს მშობლებს კი ისე შეუყვარდათ, მათმა მოყვანილმა ტიტებმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა, ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავდათ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე, რუსეთის უამრავ ქალაქში.
მათი გზა მე გავაგრძელე, - წლებია, სათბური მაქვს. ჰოლანდიიდან ჩამოვიტანე ბოლქვები და თესლი. კიდევ მინდოდა გაფართოება, მაგრამ საკმარისი თანხა არ მქონდა და UშAID-მა მომცა. პროექტის ფარგლებში მივიღე სათბურის გადასახურად საჭირო მასალები და სარწყავი სისტემა. ასევე, გავიარე ტრენინგი დახურულ გრუნტში მოსავლის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ... ახლა ჩამოტანილ ბოლქვებსაც ჩავრგავ და მათი დარდი არ მექნება. როდესაც ბაზარზე გადიხარ, მრავალფეროვნება აუცილებელია, სხვანაირად თავს ვერ დაიმკვიდრებ.
- სად გადის თქვენი ყვავილები?
- საქართველოს რამდენიმე ქალაქში, - თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მოთხოვნა არის, მაგრამ მეტს ვეღარ ვწვდები... უფრო ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, სოხუმშიც მიმქონდა და სხვადასხვა საბჭოთა ქვეყნებში. ერევანში ძალიან მოთხოვნადი იყო... ბოლო წლებში ხალხს გაუჭირდა და მოთხოვნამ ცოტათი იკლო. როდესაც ადამიანს უჭირს, ყვავილის გარეშე როგორღაც გაძლებს და პროდუქტის შეძენას ამჯობინებს... 54 წლის ვარ, ამ საქმეში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და გული მტკივა, რომ ასეა. მთავარია, საქართველომ ამოისუნთქოს, ქვეყანა გამთლიანდეს და ყვავილიც დაირგვება და გაიყიდება კიდეც...
- მხოლოდ ტიტა გაქვთ თუ სხვა ყვავილებიც მოგყავთ?
- სხვა ყვავილებიც მაქვს, - შროშანები, გლადიოლუსები, ისინიც ჰოლანდიიდან შემომაქვს და ვახარებ... დაახლოებით 4 ჰექტარი მიწა მაქვს, მაგრამ ყველგან ყვავილი არ მითესია. 500 კვ მეტრზე მეტი სათბური მაქვს ტიტებისთვის. ახლა უკეთესად ვგეგმავ მის გაკეთებას და ყვავილის ხარისხიც უკეთესი იქნება.
- მუშახელი გყავთ დაქირავებული?
- ხანდახან, როდესაც მჭირდება, დარგვისას და აღებისას, საჭირო სამუშაოები რომ არ დავაგვიანო. ბოლქვებს დროულად უნდა დარგვა, მოვლა. ისე კი, მე და ჩემი ოჯახის წევრები ვყოფნით... ტიტა უფრო ფაქიზი მოსავლელია, გაფრთხილება უნდა. ახლა სათბურის გარეთ დარჩენილი ტიტები გამიფუჭდა, შესცივდათ და წინწკლები გაუჩნდათ... სულ უნდა ეფოფინო და ელოლიავო. დავდივარ მათ შორის, ვესაუბრები და ვეფერები... ყვავილს მარტო მოვლა არ ჰყოფნის, სხვანაირ "ურთიერთობას" მოითხოვს... მიწასაც თავისებური დამუშავება უნდა. მაგალითად, ახლა სათბურში მიწა გამოსაცვლელი მაქვს, - ალაგ-ალაგ ტიტას ბოლქვები დაულპა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მიწა ტიტასთვის არ ვარგა და გაისად მთლიანად უნდა გამოვცვალო... სხვა ჯიშის ყვავილი ხარობს, ტიტა კი, მიწის ხარისხზე თავისი ნაზი ფურცლებით გესაუბრება... ორი ვარიანტი მაქვს: მიწის გამოცვლა ან შეწამვლა, მაგრამ ვერ მივაგენი ნივთიერებას, რომელიც მიწის ხარისხს გააუმჯობესებს...
- მიწა ბერდება?
- დიახ, ბერდება, ოღონდ მხოლოდ ტიტასთვის...
- კონფლიქტის ზონაში ცხოვრობთ, რა პრობლემების წინაშე დგებით?
- სოფელი იცლება... გაიხედავ და სახლი დაკეტილია, ეზოში ბავშვების ჟრიამული მენატრება... გაზი შემოიყვანეს, წყალი გააკეთეს, გზაც არის, მაგრამ გარშემო ყველაფერი ნელ-ნელა კეთდებოდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, ხალხი რომ დარჩენილიყო. ორი შვილი მყავს, ბიჭი და გოგო. ბიჭი დაოჯახებულია, მე ვთხოვე, თბილისში ეცხოვრათ. ერთი სული აქვთ, აქეთ ჩამოვიდნენ, მაგრამ რა უნდა გააკეთონ აქ? ჩვენს სოფელს ფხვენისი, ატოცი და კოდა ესაზღვრება და იქიდან პანტაპუნტGzaPressით მიჰყავთ ადგილობრივები. 2008 წლის ომის დროს, ჩემს სოფელში სახლები არ დაუწვიათ, მაგრამ ხალხი შეშინდა და აქაურობა დაიცალა. მოსავალი გაფუჭდა, მაგრამ რადგან სოფელი გადავრჩით, ვინღა ჩიოდა? ჩემი სოფლის გარშემო უამრავი სახლი დაწვეს...
ისე კი, რუსები რომ არ გვიშლიდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობა ერთ თვეში გამოვნახავთ საერთო ენას და ისევ მშვიდობიანად ვიცხოვრებთ, მაგრამ ვინ გვიშვებს...
- სოფელი როგორ ცხოვრობს, რა არის არსებობის წყარო?
- მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. უმუშევრობაა... მიწას რომ ამუშავებ, ან გაგიმართლებს, ან - არა... შარშან გვალვა იყო და ძალიან დავზარალდით... ხალხს სტიმული არა აქვს, იმხელა სოფელია და კანტიკუნტად შეხვდები ადამიანებს. სკოლა 1980 წელს დავამთავრე, მაშინ 8-წლიან სკოლაში 400 მოსწავლე იყო, ახლა კი 12-წლიანში 20 ბავშვი დადის... როგორ გინდა, სოფელში ამ პირობებში ახალგაზრდა გააჩერო? როცა გვჭირდება, ჩამოდიან და გვეხმარებიან. საოჯახო ბიზნესი გვაქვს და ყველა ჩვენ-ჩვენი საქმით ვართ დაკავებული...
ლალი პაპასკირი
ბეჭდვა