მშიერი ბავშვები და პოლიტიკური თამაში, ხალიჩის ქვეშ - გზაპრესი

მშიერი ბავშვები და პოლიტიკური თამაში, ხალიჩის ქვეშ

მოსახლეობის 15-18 წლის ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში", - ეს შემაშფოთებელი სტატისტიკა იუნისეფის მიერ წარმოებულ კვლევაშია წარმოდგენილი. ამავე კვლევის მიხედვით, გაზრდილია მოსახლეობაში სიღარიბის მაჩვენებელი, რაც ძირითადად ქვეყანაში შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო მოხდა. ღარიბ ოჯახებში იმატა ფინანსური ინსტრუმენტების (ბანკები და ლომბარდები) გამოყენებამ.

მარინა ბუაძე, 52 წლის, ძიძა:

- ჩემს მეუღლეს საკუთარი სამარშრუტო ტაქსი ჰყავს და სამუშაო ყოველთვის აქვს. სამი შვილი ასე თუ ისე გავზარდეთ. ბოლო დროს, ჩემი მეუღლის შემოსავალი ოჯახს ვეღარ გასწვდა და იძულებული გავხდი, ძიძად დამეწყო მუშაობა. ამასობაში ჩემმა შვილებმაც იშოვეს სამუშაო. თუმცა, ამან შვება მაინც ვერ მოგვგვარა. ასე განსაჯეთ, წლების წინ, როდესაც მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობდა, უფრო გვყოფნიდა შემოსავალი. როდესაც მე და ჩემმა შვილებმა მუშაობა დავიწყეთ, ვიფიქრე, პრობლემებს მოვაგვარებდით, მაგრამ გასავალი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ იძულებული გავხდით, ბანკიდან აგვეღო სესხი. თითქმის ყველა ბანკიდან სესხი მაქვს აღებული და ჩვენი შემოსავლების დიდი ნაწილი ბანკში მიდის. არ იფიქროთ, რომ ბანკში სესხი კომფორტისთვის ან სხვა ფუფუნების საგნებისთვის ავიღეთ. ბანკს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში მივმართავ. ყველაზე დიდ პრობლემას წამლების წარმოუდგენლად მაღალი ფასები გვიქმნის. ჩემს მეუღლეს მხოლოდ ერთი თავი წამალი, მაგალითად, კრიომედი რომ ვუყიდო, ისიც მხოლოდ ერთი თვის სამყოფი, 100 ლარია საჭირო. პრობლემა მხოლოდ ეს არ არის, კრიომედის გარდა ხუთი თავი წამალი მაქვს საყიდელი, რომელიც ასევე ძალიან ძვირია. ოჯახში ხუთი ადამიანი ვმუშაობთ და ჩვენი ძირითადი შემოსავალი ბანკებსა და აფთიაქებში მიდის. აღარც მახსოვს, ახალი ტანსაცმელი ბოლოს როდის ვიყიდე. ჩემი ოჯახის პრობლემები არ მყოფნის, ნათესავებიც სადარდებელი მყავს, მგონი დღეს საქართველოში ოჯახი არ არის, ექიმთან და აფთიაქთან რომ არ ჰქონდეს საქმე. დაბინძურებული გარემოსა და უვარგისი საკვების გამო მთელი საქართველო დაავადებულია. ამ დაავადებულ ხალხს კი ექიმები ტყავს გვაძრობენ. ექიმებს თუ გადავურჩით, ბანკი განახორციელებს "საკონტროლო გასროლას".

დალი ხვედელიძე, პენსიონერი: - ჩვენისთანა უბრალო ხალხის ყოფა არასდროს იყო დალხენილი, მაგრამ ამ ბოლო სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში ძალიან გაგვიჭირდა. 2-3 წლის წინ სახელმწიფო სავარგულების დახვნაში გვეხმარებოდა და მინერალურ სასუქსაც უფასოდ გვაძლევდა. ახლა ყველა ეს შეღავათი მოიხსნა. ამას დაემატა ფასების უთავბოლო ზრდა პროდუქტებზე, წამლებზე, სასუქზე, ცხოველისა და შინაური ფრინველის საკვებზე. ეს 180 ლარი რამდენს უნდა გავაწვდინოთ? მე და ჩემი მეუღლე ორივე ერთად 360 ლარს ვიღებთ. აქედან მხოლოდ აუცილებელ წამლებზე 160 ლარი მიდის, მე ვერ ვხვდები და იქნებ ვინმემ მირჩიოს, ეს 200 ლარი როგორ გადავანაწილო ისე, რომ მეც ვჭამო, ცხოველებსა და ფრინველებსაც ვაჭამო და კომუნალურებიც გადავიხადო?

- ბატონო გია, ფაქტია, რომ დღეს ქვეყანაში, ფინანსური პრობლემების წინაშე მხოლოდ ღარიბი მოსახლეობა არ დგას. უკვე ძალიან გაუჭირდა საშუალო ფენას, უჭირთ არა მხოლოდ უმუშევრებს, არამედ დასაქმებულებსაც. რა ტენდენციაა ეს?

გია ხუხაშვილი: GzaPress- ეს ყველაფერი განპირობებულია სამომხმარებლო კალათის გაძვირებით. ადამიანებს რეალურად შემოსავალი აქვთ, ზოგჯერ იმაზე მეტიც, ვიდრე ადრე ჰქონდათ, მაგრამ სამომხმარებლო კალათა მათ შემოსავლებზე სწრაფად იზრდება. - ასეთ მძიმე სოციალურ ვითარებაში მთელი რიგი მოსახლეობისთვის შეღავათების მოხსნა რამდენად ადეკვატური იყო?

- სწორედ ასეთ მძიმე სოციალურ ვითარებაში იყო მოსალოდნელი გარკვეული ჯგუფებისთვის დახმარებისა და შეღავათების მოხსნა. მსგავსი ღონისძიებების გატარება ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება, ქვეყანაში ეკონომიკა იმდენად არ ვითარდება, რომ სოციალური ბიუჯეტი ყველა არსებულ პრობლემას გასწვდეს.

- როგორც რესპონდენტებთან საუბრისას გამოიკვეთა, ერთ-ერთ დიდ პრობლემას მათთვის მედიკამენტების მაღალი ფასი წარმოადგენს. რით არის განპირობებული, რომ მთელ რეგიონში წამალი ყველაზე ძვირი საქართველოშია?

- ხელისუფლებამ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც რამდენიმე ფარმაცევტულ მოთამაშეს მონოპოლიზების საშუალება მისცეს. ამ მოთამაშეებმა მონოპოლიური სისტემა ჩამოაყალიბეს როგორც ჯანდაცვის, ასევე დაზღვევის სფეროშიც. მოგეხსენებათ, როდესაც ქვეყანა მონოპოლიას დაუშვებს, ფასების არაკეთილსინდისიერი ზრდა ჩვეულებრივი ამბავია.

- როგორ გგონიათ, როდესაც ივანიშვილი ამბობდა, რომ 4 წელიწადში თითოეული მოქალაქე თავის ჯიბეზე იგრძნობდა ფინანსურ სიკეთეს, ცრუობდა თუ მართლა სჯეროდა ამის?

- მგონი, მას ამის რეალურად სჯეროდა. ივანიშვილის სურვილი რეალობად სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ვერ იქცა. ვფიქრობ, დღეს არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. წლების განმავლობაში ვიყავით სტაგნაციის პირობებში. ამის პარალელურად კი ცხოვრება ძვირდებოდა, შემოსავლების ინდექსაცია კი არ ხდებოდა. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ეკონომიკა ძალიან სწრაფად და დინამიკურად არ განვითარდება, ისე სოციალური პრობლემები ვერ გადაწყდება. ქვეყნის ბიუჯეტი მხოლოდ ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება და შემდეგ იძლევა სოციალური პაკეტების გაზრდის საშუალებას.

- ფიქრობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას მხოლოდ კვირიკაშვილი განსაზღვრავდა?

- არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელია მთავრობა. რაც უნდა განვავითაროთ შეთქმულების თეორიები, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ატარებენ პოლიტიკას. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მათ უნდა დავაკისროთ. სხვა ფორმულა არ არსებობს.

- როგორ გგონიათ, უნდა დავიჯეროთ, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ივანიშვილმა კვირკაშვილს ასეთი ტექსტით მიმართა: "რას დაამსგავსე, გიორგი ქვეყანა? რატომ ფიქრობს ხალხი, რომ მე ვერევი შენს გადაწყვეტილებებში?"

- ფაქტია, საზოგადოებაში იყო ისეთი განწყობა, რომ ქვეყანაში რაც ხდებოდა, ყველაფერზე ივანიშვილი იყო პასუხისმგებელი. ეს პროცესების არაობიექტური ხედვაა. მეტსაც გეტყვით, რაც ივანიშვილს ჰბრალდებოდა, თავად მას ამ საქმეების 80 პროცენტის შესახებ ინფორმაციაც კი არ ჰქონდა. ხელისუფლება მიზანმიმართულად მოქმედებდა ისე, რომ ხალხს ყველა პრობლემა ივანიშვილისათვის დაებრალებინა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კომფორტულია, როდესაც შენ სახლობანას თამაშობ, შენს საქმეებზე კი სხვა არის პასუხისმგებელი. Mჩემი აზრით, ამ მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული არაკეთილსინდისიერებაა.

- ასეთ ვითარებაში, მართებულად ხომ არ მიგაჩნიათ პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს თავად უნდა აეღო პასუხისმგებლობა და დაბრუნებულიყო პრემიერ-მინისტრის პოსტზე?

- ნამდვილად ჯობდა, რომ ივანიშვილს თავად დაეწყო მთავრობის აქტიური მენეჯმენტი.

- როგორ გგონიათ, ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე რა ნიშნით შეარჩია? მისი მისამართით პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა არაერთგვაროვანი შეფასებები გააკეთეს.

- ეს არ იყო შეფასებები, ეს იყო კამპანია მისი დისკრედიტაციის მიზნით. მე არ მივიჩნევ ბახტაძის კომპრომატად იმ ფაქტს, რომ მან ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელობის პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობას" გარკვეული ოდენობის თანხა შესწირა.

- ამაზე სერიოზულ კომპრომატად, ოპონენტები იმ ფაქტს მიიჩნევენ, რომ ბახტაძის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს რკინიგზამ საკმაოდ დიდი ფინანსური დანაკარგები განიცადა.

- პროფესიულმა წრეებმა მშვენივრად იციან, რომ ეს არ იყო ბახტაძის პასუხისმგებლობის ზონა. იმ პერიოდში ფინანსური დანაკარგები მხოლოდ "საქართველოს რკინიგზას" არ განუცდია. მაშინ სატრანზიტო დერეფანში განთავსებულმა ყველა ქვეყანამ (მაგალითად, აზერბაიჯანმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა) განიცადა კრიზისი. ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ ამ პრობლემის გამო ბახტაძეზე პასუხისმგებლობის დაკისრება არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერია.

- ბახტაძის ერთ-ერთ ნაკლად იმასაც მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს.

- მე ზუსტად პოლიტიკური გამოუცდელობა მიმაჩნია ბახტაძის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსებად. სწორედაც, ბახტაძე არ არის შემჩნეული ხალიჩის ქვეშ გამართულ პოლიტიკურ თამაშებში. ასეთი თამაშები კი ძალიან ხშირად იმართებოდა "ქართულ ოცნებაში". ძალიან კარგია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი მსგავს თამაშებში გარეული არ არის და არანაირი ვალდებულება არ გააჩნია ამა თუ იმ დაჯგუფებების წინაშე.

- ერთხელ თქვით, პრემიერ კვირიკაშვილის პრობლემა ის არის, რომ რამის გაფუჭების შიშით, ვერაფერი გააკეთაო. როგორ ფიქრობთ, ასეთი შიშები ბახტაძეს არ ექნება?

- ამაზე წინასწარ საუბარი ძნელია, თუმცა მას საკმაოდ დიდი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ რეალური რეფორმები განახორციელოს, ეკონომიკას მისცეს სწრაფი განვითარების საშუალება და ქვეყანაში სამუშაო ადგილები შექმნას. მე სიახლეებს ველი. იმის იმედიც მაქვს, რომ იუნისეფის მორიგი დასკვნა უფრო სანუგეშო იქნება.

ხათუნა ბახტურიძე