სად მიჰყავთ აჭარაში მიტოვებული ბავშვები? - გზაპრესი

სად მიჰყავთ აჭარაში მიტოვებული ბავშვები?

4 წლის უზბეკი გოგონა დედის ნათესავმა, უზბეკმა ქალმა ცემით მოკლა. ამის შემდეგ, დამნაშავე თავის მეგობარ გოგონასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილი ბავშვით ხელში მივიდა. პოლიციელებმა მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო, სხეულზე კი უამრავი დაზიანება ეტყობოდა. ადგილზე დააკავეს დანაშაულში მხილებული უზბეკი ქალი, საირახონ მირბობოევა. მას უმწეო მდგომარეობაში მყოფი პატარის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მართალია, ის ახლა ციხეშია გამოკეტილი, მაგრამ საქმის დეტალებზე არ საუბრობს. როგორც ირკვევა, გოგონა საქართველოში დედამ დატოვა, თვითონ კი თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ახლა სამართალდამცავები ბავშვის დედის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ. უზბეკ ქალებს ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში დიასამიძეების ოროთახიანი ბინა ჰქონდათ ნაქირავები. ბავშვის დედამ შვილი ნათესავს დაუტოვა და თვითონ თურქეთში წავიდა. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ ბავშვის ცემისა და ტირილის ხმა არ გაუგონია, მომხდარი პოლიციისგან შეიტყო. თამარ დიასამიძის თქმით, "ორი ქალი მოვიდა ჩემთან, მათ სახლის ქირაობა უნდოდათ. იქირავეს ბინა. ვხედავდი ამ ქალს, როცა ბინიდან გადიოდა, მაგრამ ჩემთან კონტაქტი არ ჰქონია. ერთი თვეა, აქ ცხოვრობენ და ბავშვის ხმა არ გამიგონია. ორი ქალბატონი იყო და როგორ ცხოვრობდნენ, არ ვიცი. დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს", - ამბობს ბინის მეპატრონე.

არც მეზობლებს გაუგონიათ სახლიდან ჩხუბის ხმა, თუმცა ერთ-ერთი ამბობს, რომ ქუჩაში დაუნახავს უცხოელი ქალი, რომელიც ბავშვს ასეირნებდა. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის მეგობარი, უზბეკი გოგონა, რომელიც პოლიციას უკვე დაკითხული ჰყავს. ის ირწმუნება, რომ მეორე ოთახში ეძინა და ჩხუბისა და ბავშვის ცემის ხმა არ გაუგონია. თავად ბრალდებულმა თავიდან პოლიციელებს უთხრა, არ ვიცი, რა მომივიდა, მეძინა, გამეღვიძა და ბავშვს უცებ ცემა დავუწყე, გონზე რომ მოვედი, ბავშვი უკვე ცუდად იყოო. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული 11 მაისიდან ცხოვრობს ბათუმში. არ არის ცნობილი, რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ მან პატარა გოგონა. კონკრეტულად რა სახის დაზიანებები აქვს მას, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ძალოვანებმა უკვე ჩაატარეს შემთხვევის ადგილის შემოწმება და ბინიდან ნივთმტკიცებები ამოიღეს. როგორც ამბობენ, ნაგვის ურნაშია ნაპოვნი მოკლულის ტანსაცმელი.

ბრალდებულს იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი, ლაშა რომანაძე იცავს. იგი დასაცავის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვს.

ჩვენი ინფორმაციით, ეს ქალები ბათუმში სექსმუშაკებად მუშაობდნენ, ბრალდებული თურქეთიდან დეპორტირებულია, ამიტომ საქართველოში მეძაობდა.

მცირეწლოვანი ბავშვების მიტოვებაზე სპეციალისტები საუბრობენ. სამწუხაროდ, აჭარაში ხშირია შემთხვევა, როცა უცხოელი დედები შვილებს ძიძებთან ტოვებენ, თვითონ კი სამუშაოდ თურქეთში მიდიან. უმრავლესობა სექსმუშაკად მიდის, მერე შვილების არსებობა ავიწყდებათ და ძიძებს მოვლის თანხებსაც კი აღარ უხდიან. სხვისი შვილით ხელში დარჩენილი ძიძები ხშირად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართავენ დახმარებისთვის. ბევრ მათგანზე აიღო მზრუნველობა ქართულმა მხარემ და ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან. ამის შემდეგ ხდება მათი მშობლების მოძიება და მიგრაციის სამსახურის დახმარებით ბავშვების თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება. მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საერთოდ ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რომელი ქვეყნიდან არის ბავშვი, რადგან ვერ ახდენენ დედის იდენტიფიცირებას და მასთან კომუნიკაციას. სამწუხაროდ, მიტოვებული ბავშვების უმრავლესობას დაბადების მოწმობაც კი არა აქვს. მათი ასაკი 0-დან 15 წლამდეა. სოცმუშაკ ნინო ცეცხლაძის თქმით, უცხოელ პატარებზე ინფორმაციას ძირითადად, სოფლის ექიმები აწვდიან და თითოეულ ფაქტს დაწვრილებით შეისწავლიან. გარდაცვლილი პატარის არსებობა აჭარის სოციალური სამსახურისთვის უცნობი იყო. "არის შემთხვევები, როცა ბავშვს ერთ წელზე მეტხანს ძიძა უვლის და დედა არ ჩანს. ვფიქრობ, კანონი უნდა გამკაცრდეს, როცა საზღვარს კვეთენ, უნდა გადამოწმდეს, ტოვებს თუU არა ის შვილს. უნდა გაირკვეს, ვისთან რჩება პატარა, აქვს თუ არა დაბადების მოწმობა. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გამოსავალია... უმთავრესია, ბავშვის უფლებები არ დაირღვეს, კონვენცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს, მიხედოს ასეთ ბავშვებს", - ამბობს ნინო ცეცხლაძე და საზოგადოებას მოუწოდებს, თითოეული შემთხვევა ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს აცნობოს.

პატარა გოგონას მკვლელობის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მის ცხედარს უზბეკეთში გადაასვენებენ.

თეა ხურცილავა