მობინგი და ბულინგი - დამღუპველი ქცევების სათავე
font-large font-small
მობინგი და ბულინგი - დამღუპველი ქცევების სათავე
"ერთი ბიჭი ჰიტლერის მისალმებას ხშირად იყენებდა და მიგრანტებს ცუდად ეპყრობოდა"


მობინგი და ბულინგი პრობლემაა, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სკოლაში დგას და რომელიც ნებისმიერ თაობას აწუხებს, მასთან ბრძოლის მეთოდი კი ყველგან განსხვავებულია და რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყება ბავშვებთან ამ თემებზე საუბარი, მით უფრო იოლდება შემდგომში მისი მოგვარება. მობინგს ბულინგთან ხშირად აიგივებენ, რადგან მასავით აქტუალური და ძალადობის გამომხატველია.
ბულინგი ნიშნავს ერთი ადამიანის მიერ მეორის ჩაგვრას, ხოლო მობინგი კოლექტივის ან კლასის სისტემატურ, მტრულ და არაეთიკურ, ამორალურ დამოკიდებულებას მეორის მიმართ.

მობინგთან ბრძოლის საინტერესო მეთოდები არსებობს მაგალითად, გერმანიაში და ამ თემაზე ჰამბურგის გიმნაზიის - ჩორვეყ Gყმნასიუმ VIII კლასის მოსწავლეს - ლუკა ჰართმანსა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ჰართმანს ვესაუბრე, რომელიც წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. იგი კულტურის ცენტრის ძინნსცმელზე-ს კულტურის მენეჯერია.
აღსანიშნავია, რომ ტერმინი მობინგი (ინგლ. მობ - ჯგრო) პირველად 1963 წელს ბიოლოგმა, კონრად ლორენცმა ცხოველებზე დაკვირვებისას გამოიყენა, ხოლო 1980 წელს ფსიქოლოგმა ჰანც ლეიმანმა შვედეთის სამუშაო ადგილებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ ძალადობრივ ქცევას უწოდა მობინგი და დაახასიათა, როგორც "ფსიქოლოგიური ტერორი", რომელსაც მთელი კოლექტივი ერთი ადამიანის მიმართ ახორციელებს.
მობერებად ისინი ყალიბდებიან, ვისაც ფსიქოლოგიური ტრავმა თავად აქვს განცდილი. მობინგი ყალიბდება ძალადობის ამსახველი ფილმებისა თუ გადაცემების ხშირი ყურებისას, ოჯახში არსებული კონფლიქტური სიტუაციების გამო, რის შედეგადაც მობერებს ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდებათ და ისინი სხვებზე ძალადობით საკუთარ თავში დაბუდებული აგრესიის გამოვლენას ცდილობენ. ამ ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა კლასსა თუ კოლექტივში შექმნილი არაჯანსაღი კლიმატი, რომელიც ემოციური დაძაბულობით იკვებება. როგორც წესი, მობინგი დიდხანს არ გრძელდება, მობერები მუდამ ეძებენ ახალ "განტევების ვაცს". თუმცა, ყველა ვერ უძლებს ამ წნეხს - მათ მიმართ შექმნილ ვაკუუმს, სოციუმისგან იზოლაციას და ხშირად, მსხვერპლი იძულებული ხდება, მიატოვოს სამსახური ან სკოლა.
- რა რეაქცია აქვთ ბავშვებს, როდესაც მათ თვალწინ თანატოლს ან უმცროსკლასელს ვინმე დასცინის, აბუჩად იგდებს, ჩაგრავს, ისინიც ჰყვებიან თუ ცდილობენ, შენიშვნა მისცენ, სიტუაცია გაანეიტრალონ და დაიცვან? როგორ ხდება მსგავსი პრობლემების მოგვარება თქვენს სკოლაში?
ლუკა ჰართმანი:
GzaPress- ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ კონფლიქტს და ისეთებიც, რომლებიც ხელს უშლიან პრობლემის გაღვივებას. მაგალითად, მეხუთე კლასში რომ ვიყავით, ორკვირიანი პროექტი გვქონდა, სადაც მობინგის თემა განვიხილეთ, მოვიდნენ პროფესორები, პოლიციელები, ლექტორები და სემინარები ჩაგვიტარეს, ფილმებსაც ვუყურეთ და ყოველი სემინარის მერე, ღია დებატები გვქონდა, კონფლიქტებს ვაანალიზებდით და ერთად ვცდილობდით მათ გადაწყვეტას. გარდა ამისა, ჩვენს კლასში კვირაში ერთხელ კონფერენცია ტარდება, რომელსაც კლასის ორი სპიკერი ატარებს. ძირითადად, ის პრობლემები გვარდება, რომლებიც დროთა განმავლობაში იჩენს ხოლმე თავს. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა სხვა კლასებსაც მოიცავს, ეს თემა სკოლის კონფერენციაზე გადადის, სადაც მასწავლებლები და სკოლის სპიკერთა ჯგუფი (12-კაციანი, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი) მონაწილეობს, პრობლემები ზოგჯერ ანონიმურად სახელდება, მათი გადაწყვეტა იოლად რომ მოხდეს.
- ძირითადად, როგორი მოსწავლეები ავლენენ აგრესიას?
- ძირითადად, წარუმატებელი მოსწავლეები, რომლებსაც დიდი აგრესია აქვთ დაგროვილი და სუსტებს ჩაგრავენ. ისინი აგრესიას დაცინვით გამოხატავენ - თავისზე სუსტს შეიძლება, გარეგნობის გამო შეედავონ ან უაზროდ დასცინონ.
- როგორი ბიჭი ითვლება "პოპულარულად"?
- როგორც ასეთი, პოპულარული აქ არ არსებობს, აქ იტყვიან, ეს ტიპი ჩოოლ-ია ან ეს ტიპი არ არის ჩოოლ. ჩემს სკოლაში ძირითადი აქცენტი სწავლაზეა.
- თუ ხდება სკოლებში ბავშვების შემოწმება? ხომ არ აქვთ, მაგალითად, დანა? თუ ყოფილა შემთხვევა, სკოლაში ვინმეს ვინმე დაეჭრა ან რაიმე სერიოზული კონფლიქტი მომხდარიყო?
- ჩვენი გიმნაზია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პრესტიჟულ უბანში მდებარეობს და მსგავსი რამ ნამდვილად არასდროს მსმენია. ერთხელ, ერთ ბიჭს დავუნახე ჯიბეში პატარა შცოუტ-ის დანა, რომელსაც "სკაუტი" ბავშვები აქ ხის გასათლელად იყენებენ. მათ არ ამოწმებენ.
- რამდენად დგას ჰომოფობიური ბულინგის პრობლემა? განსხვავებული ორიენტაციის თუ ვინმე აღმოჩნდა, როგორ ეპყრობით?
- ჩვენს სკოლაში ყველანაირი ძალადობა აკრძალულია. ვინმე თუ განსხვავებული ორიენტაციისაა და ეს ჩვენს ურთიერთობას არ ზღუდავს, მის ორიენტაციაში არავინ ერევა. მოსწავლეობისას იშვიათია ცომმინგ ოუტ (როდესაც პირი თავის ორიენტაციას ასაჯაროებს).
- მოსწავლეებში რასისტული დამოკიდებულებები თუ შეინიშნება?
- კი, რასისტულ დამოკიდებულებას ყოველდღე ვხვდებით და არა მარტო სკოლაში, არამედ ყველგან. ჩემს სკოლაში ერთი ბიჭი იყო, რომელიც ჰიტლერის მისალმებას ხშირად იყენებდა და მიგრანტებს ცუდად ეპყრობოდა. ის ბიჭი დიდი ხანია, აღარ მინახავს, სკოლიდან გარიცხეს. ჩვენი სკოლის დევიზია: "სკოლა რასიზმის გარეშე, სკოლა გამბედაობით!"
ხათუნა ჰართმანი, ხელოვნებათმცოდნე (მეორადი ფაკულტეტი, ფსიქოლოგია):
GzaPress- ამ თემის მიმართ ყურადღება ჩვენთან ბაღის ასაკიდან - ოთხი წლიდან იწყება, სათანადოდ მომზადებული პიროვნებები და პედაგოგები ბაღში ბავშვებს თვითდამკვიდრების სემინარებს უტარებენ, სადაც პატარები საკუთარი თავის დაცვას სწავლობენ, რამდენიმე მაგალითზე განიხილავენ კონფლიქტურ სიტუაციებსა და მუქარის ნიშნებს. ამავე დროს, არსებობს "ჯადოსნური" ფრაზები. მაგალითად, STOP! ეს იმას ნიშნავს, რომ ესკალირების საწყის ფაზასთან გვაქვს საქმე და აქ უკვე აღმზრდელები ერევიან.
დაწყებით სკოლებში - I-IV კლასებში არსებობს შუამავლობის კონცეფტი, რომლის მიზანია კონფლიქტის მოგვარება, რაც შეიძლება უფრო მეგობრულად, რომ დამარცხებულად არავინ იგრძნოს თავი. მოსწავლეთა ჯგუფი იკრიბება და სხვა მოსწავლეებს კონფლიქტურ სიტუაციაში ეხმარებიან. ბავშვები, რომლებიც შუამავლები არიან, ცდილობენ ჩაერთონ დიალოგში: "როგორ შეიძლება ეს პრობლემა ისე მოვაგვაროთ, რომ არავის ვავნოთ. იმართება დისკუსიები, რომელსაც მასწავლებელი ესწრება და დიალოგს აკონტროლებს. ზოგჯერ ბავშვები კონფლიქტური სიტუაციების სიმულირებასაც ახდენენ, პრობლემების გადასაწყვეტად სხვადასხვა გზა რომ იპოვონ.
- აღვნიშნოთ, თუ როგორ მოქმედებს მობინგი ბავშვის ფსიქიკაზე? რამდენად გაჰყვება ზრდასრულ ასაკში ის კომპლექსები, რაც ამ დროს იჩენს თავს?
- მოსწავლეთა მობინგი ასახავს ბოროტ ქმედებას, რომელსაც მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ კლასელი ფიზიკურად თუ ფსიქიკურად გაანადგუროს. არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი მობინგი: პირდაპირი - დაცინვა, მუქარა, შეურაცხყოფა, დამცირება, შევიწროება, ირიბი კი - ზიანის მომტანი რეპუტაციის შექმნა; ინფორმაციის მოპოვების მიზნით მისთვის ზიანის მიყენება, მსხვერპლის ქონების დაზიანება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მობინგი განსხვავდება ბულინგისგან, რომელიც ახალგაზრდებში განხორციელებული ფიზიკური ძალადობით გამოირჩევა. ბულინგი არ არის ახალი ფენომენი. ის ფართოდ არის გავრცელებული სკოლებში, თუმცა არ უნდა აგვერიოს მოკლევადიან კონფლიქტებში, ჩხუბებსა და აგრესიულ დებატებში. მობინგმა შეიძლება სიტუაციების სხვადასხვა სპექტრი მოიცვას, როგორიცაა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ცუდად, ირონიულად საუბარი კლასის წინაშე ან თანაკლასელების ჩურჩული, სიცილი, შეურაცხმყოფელი შენიშვნები, როდესაც კონკრეტული მოსწავლე საუბრობს. გარეგნობის ან სასკოლო შეფასებების მიხედვით აბუჩად აგდება. ხშირად, უფროსები უმწეოები არიან ან თვალს არიდებენ მობინგის ფაქტს და ამასობაში მსხვერპლი ცდილობს, დანაშაული და დამნაშავე საკუთარ თავში ეძებოს. მობინგის შედეგები გავლენას ახდენს მთელ პიროვნულ განვითარებაზე: თავდაჯერებულობის დაკარგვამ შეიძლება, ძილისა და კონცენტრაციის პრობლემები გამოიწვიოს. იზოლაციისა და მარტოობის გამო, იმატებს დეპრესიული ტენდენციები და პასიურობა, მცირდება სწავლის მოტივაცია.
- როგორი ქცევა შეიძლება იყოს მობინგის პოტენციური ნიშანი მოზარდებში?
- მათ აღარ სურთ სკოლაში წასვლა ან უნდათ, რომ სკოლაში გაჰყვნენ. მცირდება მათი წარმატება, ფულს კარგავენ (რადგან ხდება ფულის გამოძალვა), არ შეუძლიათ ან არ სურთ, თავიანთი ქცევის დამაჯერებლად ახსნა. შესაძლოა, გამოიწვიოს მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, კოშმარები, ძილის დარღვევა და სხვა რეაქციები (მაგალითად, კონცენტრაციის ნაკლებობა, წარმატებების შემცირება, ავადმყოფობის გამო სკოლის გაცდენა, სოციალური სფეროდან გახიზვნა, შიში, დეპრესია, თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობა). მობინგი არ არის მსხვერპლის ან დამნაშავის ინდივიდუალური პრობლემა, სტრუქტურული ჯგუფის ფენომენია. მობერებს ხშირად ახასიათებთ ძალაუფლების დემონსტრირება. ფიქრობენ, რომ ისინი საუკეთესონი არიან და ამას აჩვენებენ.
- რა არის მობინგის გამომწვევი მთავარი მიზეზი?
- მობინგი სკოლის სექტორის მარცხია: იგულისხმება, რომ მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაცია არაკომპეტენტურად ეპყრობა ამ პრობლემას და მობინგში ზოგჯერ თავადაც აქტიურადაა ჩართული. ხშირად ხდება კიდეც მობინგის პატარა კონფლიქტთან გაიგივება, ამ თემის დაბლოკვა. მასწავლებლები, უფროსები თუ სკოლის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ მსხვერპლი "აზვიადებს", იგი "ძალზე მგრძნობიარეა" ან მისი ქცევა "საკუთარი თავის ბრალია", "ასეთი ქცევები ასაკის მიხედვით "ნორმალურია", "ჩვენს დროშიც ასე იყო!" და სხვა.
- რა ზომები უნდა მიიღონ მობინგის წინააღმდეგ?
- მობინგის სიტუაციებში დაზარალებულებს მხარდაჭერა გარედან სჭირდებათ, რადგან ამ შემთხვევაში, მსხვერპლი თავს ვერ იცავს. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ გამბედაობა, რომ მიმართონ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების გაწევა - პედაგოგები, სკოლის ფსიქოლოგები, მშობლები, მეგობრები, საკონსულტაციო ცენტრები და ა.შ. ბევრ დაზარალებულს რცხვენია და ჩუმად იტანჯება. მობინგზე ეჭვის შემთხვევაში, მშობლებმა არ უნდა იჩქარონ მოძალადესთან კონტაქტი. უმჯობესია, შეატყობინონ სკოლას და მოითხოვონ ქმედება. საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ სკოლის ადმინისტრაციას, მშობელთა საბჭოსა თუ საკონსულტაციო ცენტრს.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, წლიური თვითმკვლელობის დაახლოებით 20% გამოწვეულია მობინგით. მობინგი შეიძლება უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს მოსწავლის ცხოვრებაში, არა მხოლოდ მსხვერპლთათვის, არამედ დამნაშავეებისთვისაც. ხშირად, დამნაშავეები საზოგადოებაში უფრო ნაკლებად პოპულარულები არიან, ვიდრე მსხვერპლნი. ვინაიდან მობინგი ადამიანთა შორის პრობლემების შედეგად წარმოიშვა და პიროვნულ განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს, ხშირად ის კრიმინალური კარიერის დაწყების საფუძველი ხდება.
თამთა დადეშელი
ბეჭდვა