"ის ბოთლი ბუმერანგი იყო, რომელიც უკან დაუბრუნდათ" - გზაპრესი

"ის ბოთლი ბუმერანგი იყო, რომელიც უკან დაუბრუნდათ"

ბოლო დღეებში კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ამ თემაზე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებენ.

ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი:

GzaPress- ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, გამოჩნდა კიდეც, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, იმიტომ, რომ ამას ერთი ადამიანი წყვეტს და ეს ყველამ კარგად იცის. სახელების და გვარების შეცვლა მხოლოდ ფორმალობაა. ივანიშვილის ხელში არც ამ ქვეყანას და არც ერთ ახალგაზრდას პერსპექტივა არა აქვს. სანამ მას არ მოვიშორებთ, უპერსპექტივოდ ვიქნებით და სკოლაში ბავშვის გაშვების შეგვეშინდება.

- თქვენი აზრით, რამდენად მართებულია სამინისტროების გაერთიანება?

- ესეც ვერაფერს შეცვლის, თვალში ნაცრის შეყრაა და მოსახლეობის თვალის ასახვევად მოგონილი ფანდებია, დრო რომ გაიწელოს და სიცოცხლე გაიხანგრძლივონ.

ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ, თუ როგორ ეპყრობა ის თავის ხელისუფლებას, სწორედ იმ აქციებზე გამოჩნდა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ტარდებოდა და ის ბოთლი ბუმერანგი იყო, რომელიც უკან დაუბრუნდათ.

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი: - ახალი თაობა მოდის და ხალხი პიროვნულ ცვლილებას კი არ ელოდება, ძირფესვიან, კანონების ცვლილებას. ამას კი ვერ ვხედავთ. ასე იცით რა გამოვა? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. გამორიცხეთ თემა, რომ ვიღაც ვიღაცას კრიჭაში უდგას. პრემიერმა საქმით უნდა დაგვანახვოს, რომ იგი სიახლეებზეა მოტივირებული. პენსია რომ გაიზარდოს, ქვეყანაში მწვავე, შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს კორუფციასთან. ამისათვის კი სამინისტროებმა, ყველა უწყებამ შიდა ფინანსური ბრუნვები უნდა დაგვანახვონ. 6 წელია მოსულები არიან და პრემიერ-მინისტრები ყოველ წუთს იცვლებიან, როგორ შეიძლება ეს?

ქუმსიშვილს აქებდნენ და ახლა ას მილიონს დაეძებენ, თუ არავის წაუღია, მაშინ ის ადამიანებიც ხომ ცოდოები არიან, ვინც ტყუილად ილანძღება საზოგადოებაში. გამოიძიონ. ვინ უნდა გამოიძიოს? იმ პროკურატურამ, რომელიც სამხილებს აქრობს? ჩიხში შევედით. ამიტომ ვამბობ, რომ წულუკიანი გასაშვებია, მან არანაირი რეფორმა არ გაატარა, ხელს აფარებდა უმსგავსო საქციელს, სამხილები გააყალბა და რა ამბავი ატყდა... ძირეული ცვლილებები უნდა დაიწყოს და ქვეყანამ ამოისუნთქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხელისუფლებას უპირობოდ შეცვლის ხალხი და თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულები, რომ ასე არ მოხდეს. რევოლუცია და ქუჩიდან შეცვლა კი ნამდვილად არ მინდა. ძალიან მეცოდება ყველა, ვინც ამ დროს დაინიშნება, რადგან შეიძლება კარგმა, ახალგაზრდა კაცმა ძალიან გაისვაროს სახელი.

გიორგი მეგრელიშვილი, მსახიობი: GzaPress- სიახლეებს ყოველთვის იმედიანად ვხვდები და რადგან ახალი მთავრობა უკვე დამტკიცდა, ვიმედოვნებ, ხალხის საკეთილდღეოდ რაიმე შეიცვლება. როგორც ვიცი, მამუკა ბახტაძის სახელს კარგ წამოწყებებს უკავშირებენ, მაგალითად, ბანკებთან დაკავშირებით და ვნახოთ, მთავარი მონდომებაა.

- სანამ პრემიერობის კანდიდატად დაასახელებდნენ, რა ინფორმაცია გქონდათ მის შესახებ?

- გაგებული მქონდა, ბოლო დროს, მისი სახელი და გვარიც ხშირად მესმოდა. იცით, რა არის ყველაზე მთავარი? შესაძლოა, ხელისუფლების წამყვან ფიგურებს ბევრი კარგი რამის გაკეთების სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ გუნდმა არ გაუმართლოთ, გუნდური თამაში კი ძალზე მნიშვნელოვანია. როცა პირველი ხარ, რაღაცებს ვერ ხედავ და შენიშვნების მიღებაც არ უნდა გიჭირდეს, რადგან ეს პირიქით, წინ წაგწევს. ერთმანეთს უნდა დაეხმარონ, ახალგაზრდა კაცია და უფროსი თაობის რჩევები, შენიშვნებიც უნდა გაითვალისწინოს. გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, შიგნით კი ალბათ დაუღალავი შრომაა, მე მესმის და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ხალხი უკმაყოფილო არ იყოს. სამინისტროების გაერთიანებას რაც შეეხება, ცოტა მტკივნეული თემაა, თანამშრომლებს თუ გაუშვებენ, ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან ამდენ უმუშევარს, კიდევ ახალი ნაკადი დაემატება.

- ყოფილი პრემიერის - გიორგი კვირიკაშვილის მუშაობას როგორ შეაფასებთ?

- როგორც ყველას, მეც დიდი სიმპათია მქონდა ამ ადამიანის, როგორც პოლიტიკოსის და პრემიერ-მინისტრის მიმართ. მისგან დადებითი აურა მოდიოდა - სიმშვიდე, გაწონასწორებულობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა. აჟიტირებული ადამიანი არ არის. იცით, რა მგონია? თუ ეს სავარძლები მართლაც სარალიძის ამბის გამო დატოვეს, ნამდვილად დასაფასებელია, თანამდებობებს არ გამოეკიდნენ. ამერიკის პრეზიდენტები გადამდგარან, თავიანთ საქმეს აგრძელებენ და წარმატებულები არიან. მგონია, რომ ადამიანი თუ პროფესიონალია და პოლიტიკური სკოლა აქვს გავლილი, დღეს თუ არა, ხვალ მაინც ამ ქვეყნისთვის კარგს გააკეთებს. ალბათ, ასეც იქნება.

იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი: - როგორც მოქალაქეს, მამუკა ბახტაძეზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მისი დადებითი თვისებების შესახებ არაფერი ვიცი, ამიტომ მას ვერც დავახასიათებ. ის გუნდი იმავე გუნდად რჩება. ერთი ბანქოს შემადგენლობაა ყველაფერი და რას საით გადაიტან, სულერთია, არაფერი შეიცვლება. თუ ჩვენ დემოკრატიულ გზაზე გვინდა სიარული, ნორმალური არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და პარლამენტში ოპოზიციური პარტიების სპექტრი უფრო ჭრელი ყოფილიყო. ახლა კი ორი კოაბიტირებული ორგანიზაციაა, რომელიც ვითომ ერთმანეთს ებრძვის, ამ დროს მშვენივრად არიან ერთმანეთთან. ასე საქმე არ გაკეთდება, წინ არ წავა, ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ და არა - ჩასაფრებულის პოზიციიდან, მტერი არ ვარ, რომ ჩვენი უკუსვლა გამიხარდეს.

ხალხს ბატონი ბიძინას დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ ქვეყანა ვერ მართეს, ჩვენ კი მაშინ ვიკრიბებით, როდესაც ნარკომანიის პრობლემები წყდება, მოვწიოთ თუ არა, გეი აღლუმი ჩავატაროთ თუ არა და ა.შ. ჩვენი ენერგია თუ ამაზე იხარჯება, მაშინ მომავალი არ გვაქვს. მე კი მინდა, რომ მომავალი გვქონდეს.

თამთა დადეშელი