ქართული კომპანიების კარტერული თამაშები თუ რუსული შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ? - გზაპრესი

ქართული კომპანიების კარტერული თამაშები თუ რუსული შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ?

როგორც ეკონომისტები ამბობენ, ქვეყნის ბაზარზე საწვავის ფასის გაზრდა გლობალური პროცესებით იყო განპირობებული (გასულ თვეში ნედლი ნავთობის ფასი 72 დოლარამდე გაიზარდა, რამაც ჩვენს საცალო ქსელშიც თავისთავად გააძვირა საწვავი). თუმცა, ხანმოკლე ფასის მატების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი ისევ დაეცა. უფრო კონკრეტულად, თუ გასულ თვეს ერთი ბარელი ნავთობი 72 დოლარი ღირდა, დღეს ერთი ბარელის ფასი 65 დოლარზეა ჩამოსული. მსოფლიო ბაზარზე ფასების ასეთ შემცირებას, გავლენა არ მოუხდენია ადგილობრივ საწვავის ფასზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდირებულმა კომპანიებმა საწვავის გაძვირება იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე მსოფლიოში ნავთობის ფასი მატებას დაიწყებდა. ქართულ ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 15-16 თეთრითაა გაძვირებული. ეკონომიკის ექსპერტების თქმით, დღეს ქართულ ბაზარზე სრული განუკითხაობაა, ბრენდირებული კომპანიები კოლოსალური მარჟებით საქმიანობენ, სრულიად უმართავები არიან და გლობალურ, ეკონომიკურ პროცესებს არ ემორჩილებიან. შეეწირება თუ არა ბრენდირებული კომპანიების კარტერულ თამაშებს საქართველოს ყველაზე მოწყვლადი ფენა, დამძიმდება თუ არა ქვეყანაში ისედაც მძიმე სოციალური ფონი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამის შესახებ პოლიტიკური საკითხების ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება:

- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, რით შეიძლება იყოს განპირობებული ნავთობიმპორტიორი კომპანიების უმართავი ქმედება?

- საწვავის ფასის ზრდა მუდმივი განხილვის საკითხია, ისევე, როგორც ლარის გაუფასურების. როგორც წესი, ლარის გაუფასურებისთანავე ძვირდება სამომხმარებლო კალათა, თუმცა ლარის მიერ "ძალების მოკრების" შემდეგ სამომხმარებლო კალათა აღარ იაფდება. ახლა თავად განსაჯეთ, ვისაც ასეთი თამაშები ხელეწიფება, რატომ იტყვის უარს უფრო სერიოზულ ფინანსურ გარღვევაზე? უკანასკნელ პერიოდში, ანუ 2018 წლის გაზაფხულიდან დღემდე სამჯერ გაზარდა საწვავის ფასი. სხვაგან რა ხდება? უპირველეს ყოვლისა, მკითხველის ყურადღება მინდა მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ეს პროდუქტი მნიშვნელოვნად გაიაფდა რუსეთში. ახლა იმასაც დავაკვირდეთ, ვინ არის ნავთობპროდუქტების ახალი შემომტანი საქართველოში და ყველაფერი ნათელი გახდება.

- ბატონო სოსო, თქვენ ფიქრობთ, რომ საწვავის ფასის გაძვირება რუსული პოლიტიკის შედეგია და არა - ჩვენს ქვეყანაში არსებული კონკრეტული კომპანიების კარტერული თამაშების "წყალობა"?

- რასაკვირველია, საწვავი საქართველოში არსებულმა კომპანიებმა გაგვიძვირეს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, უფრო სწორად მოგიწოდებთ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოიკვლიოთ და საზოგადოებასაც გააცნოთ, ვინ არიან ჩვენს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ახალი იმპორტიორები, რა წარმოშობის არიან ეს სუბიექტები. აი, მაშინ ყველაფერი დალაგდება.

- როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია...

- მე მოვერიდები, კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებას, თუმცა ცხადია, რომ "ციხე შიგნიდან ტყდება". მავანნი რუსულ დაკვეთას ასრულებენ. ხელოვნურად გაძვირებული საწვავი კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ვითარებას, რადგან საწვავის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს ფასთა ცვლილებას მთელ სამომხმარებლო კალათაზე. საზოგადოების უმეტესობა ისედაც გაღიზიანებულია და სამომხმარებლო კალათის გაძვირება მათზე ახლა ისევე იმოქმედებს, როგორც ცეცხლზე ნავთის დასხმა.

- კონკურენციის სააგენტოზე რას იტყვით, მათი უმოქმედობაც რაიმე ტიპის შეთქმულებას უკავშირდება?

- ცხადია, საწვავის ბაზარზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობაც. თუმცა, საკითხავია, აქვს თუ არა ამ სააგენტოს რაიმე უნარი. ეს სააგენტო მხოლოდ სათაურითაა მიმზიდველი. ნეტავ, ვცდებოდე, მაგრამ მე ამ სამსახურის წარმომადგენლის ხმა არასოდეს გამიგონია. არც ის მსმენია, რომ რაიმე სერიოზული ნაბიჯი გადაედგა. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როდის იყო ამ სამსახურის ხელმძღვანელი. ამჟამინდელი ხელმძღვანელი ნამდვილად პატიოსანი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პირია, მაგრამ მას თავისი პროფესიონალიზმის გამოყენების საშუალება არ ეძლევა.

ხათუნა ბახტურიძე