პირად მტრობად აღქმული სამართლიანი შენიშვნები - გზაპრესი

პირად მტრობად აღქმული სამართლიანი შენიშვნები

არ მოსწონს, როცა ადამიანები საჯაროდ ბილწსიტყვაობენ. მიიჩნევს, რომ ოპონენტთან გინებით "გამკლავება" უნაყოფოა და მხოლოდ დავიდარაბას ქმნის... მსახიობთან იმ საკითხებზე ვისაუბრეთ, რაც მას აღელვებს და მის გულისწყრომას იწვევს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი "დინამოს" ისტორიული წარსულის - 1981 წლის 13 მაისის ფილმად გაცოცხლების მცდელობა გახლავთ...

- ჩემს გულისწყრომას ყველაზე მეტად უსამართლობა იწვევს. მაგალითად, პარლამენტში შექმნილ კომისიას დავასახელებ, რომელიც ლევან დადუნაშვილისა და ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის საქმეს იძიებს. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ,K კომისიის წევრები მოძალადე პარტიის წევრები თავად იყვნენ, ახლა კი თითქოს ფერი იცვალეს - სხედან და გვაჩვენებენ, როგორი ჰუმანურები არიან. შეიძლება, კომისიაში ისეთი ხალხიც არის, რომელსაც მაშინდელ სისხლიან რეჟიმში წვლილი არ მიუძღვის, მაგრამ მაგალითად, გიგა ბოკერიას რომ ვხედავ, როგორ საუბრობს, ვფიქრობ - მას და მის თანაგუნდელებს ძალაუფლება რომ მისცე, წარმომიდგენია, ახლაც რას იზამდნენ, ზოგჯერ ისეთ აგრესიას გამოხატავენ!.. პოლიტიკოსისგან დადებითი აურა უნდა მოდიოდეს, მაგრამ ამ კომისიაში ისეთი ადამიანები არიან, ვისგანაც დადებითი აურა არ მოდის. სარალიძის საქმეს ეგ ხალხი არ უნდა იძიებდეს. კი, ეს საქმე მართლა გამოსაძიებელია, მაგრამ მათ წარსულს თუ გადავხედავთ, არ მჯერა, თავიანთი შეცდომები მონანიებული რომ ჰქონდეთ. რაც იყო, თითქოს მათ გუნდს არ გაუკეთებია და ახლა სხვა პარტიის სახელით მოქმედებენ. ეს ძალიან მაღიზიანებს, როგორც მოქალაქეს. საქმე აქამდე რომ მივიდა, ესეც ძალიან ცუდია. შეიძლებოდა, მანამდე მოგვარებულიყო, ვიდრე ეს ამბავი აგორდებოდა. უმრავლესობის წევრებს, ვისაც წლების წინ, პირველ ოქტომბერს ხალხმა ხმა მისცა, პრობლემა თავიდანვე გულთან ახლოს უნდა მიეტანათ, გადაეჭრათ და ეს დავიდარაბა აღარ მოხდებოდა.U უმცირესობას ისიც ეყოფა, რომ ხალხს მის მიმართ არანაირი ნდობა არა აქვს, მაგრამ ვისაც ხალხი ენდობოდა, შეცდომების გამო ეს ნდობა აკლდებათ... არ ვამბობ, რომ ახლანდელი ხელისუფლების წევრები ისეთი ცივსისხლიანები, მწამებლები და აგრესიული პოლიტიკოსები არიან, როგორიც "ნაციონალები", მაგრამ რაღაცებს ბოლომდე არ აკვირდებიან და ეს არ მომწონს. მოზარდების მკვლელობის ფაქტი თავიდანვე გულთან ახლოს რომ მიეტანათ, ეს არ მოხდებოდა. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ. როგორ შეიძლება, ასეთი საქმე არ გამოვიძიოთ?! ასეთ რაღაცებზე გული მწყდება. შეიძლება, მოქალაქეებისთვის "შორიდან" იოლად ჩანს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ასეთ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, როცა ადამიანს დახმარება სჭირდება, მაშინვე უნდა გაარკვიონ.

- სარალიძის საქმის გარდა, ბოლო დროს მომხდარმა რომელმა უსამართლო ფაქტმა მიიპყრო თქვენი ყურადღება, რაც გაღიზიანებთ?

GzaPress- ერთხელ, სხვა ინტერვიუში უკვე ვთქვი და ახლაც მაინტერესებს: აქციაზე ნიკა გვარამიამ დედისტოლა ქალს შეაგინა! როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ეს შერჩეს? მისი სხვა "საგმირო საქმეები" რომ აღარ გავიხსენოთ... თუკი ასეთი საქციელის გამო, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვა ისჯება, ნიკა გვარამიას რატომ არ მოეთხოვება პასუხი?! იცი, ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების მოლოდინში არიან. კი, შეიძლება, რაღაც სწორად თქვან, მაგრამ რომ ვუყურებ, შინაგანად რაღაც ბოროტება აქვთ... არ ვიცი, საიდან, როგორ უნდა ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და ღმერთმა არ ქნას, ეს ადამიანები ხელისუფლებაში კიდევ მოვიდნენ... კიდევ ერთს გეტყვით: ვინც ახლა ხელისუფლებაშია, მგონია, რომ მათ კიდევ უფრო მეტი მონდომება და მუშაობა სჭირდებათ. კი, ისეთი სიტუაცია არ არის, როგორიც "ნაციონალების" მმართველობისას იყო, მაგრამ ის მორჩა, ახლა კიდევ სხვა პრობლემებია. მმართველობის პერიოდებს ერთმანეთს კი არ უნდა ადარებდნენ, ხელისუფლებამ საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გაჭირვება, უმუშევრობა სერიოზული პრობლემებია. ბევრ ადამიანს საერთოდ, ქვეყნიდან წასვლა უნდა, რაც კარგი ნამდვილად არ არის. მიგრაცია ყველგან ხდება, მაგრამ ქვეყანაში რაღაც გასაქანი უნდა იყოს. წარმოიდგინე, ხელისუფლებაში მოსვლა გინდა - ამაში დარწმუნებული ხარ, შენს ლოზუნგს ბოლომდე დარწმუნებით ამბობ. შესაბამისად, რასაც ამბობ, ბოლომდე უნდა შეასრულო კიდეც. მაგალითად, შენს რაიონში მოსახლეობას რაღაცას შეჰპირდი, ეს დაპირება მეტ-ნაკლებად ხომ უნდა შეასრულო, არა? ჩემი აზრით, გამოსავალი ის იქნება, თუკი საზოგადო მოღვაწეების, პროგრესულად, ეროვნულად მოაზროვნეთა (ვინც ქვეყნის სასიკეთოდ ფიქრობს) საზოგადოება შეიქმნება. ამ საზოგადოების მოსაზრებას მთავრობა დაუჯერებს, გაითვალისწინებს - რა უფრო სჯობს, თორემ ზოგჯერ ადამიანი რაღაცას ისე გადაწყვეტს, როგორც თავად ჰგონია სწორი და სინამდვილეში ეს ნაბიჯი მართებული არ არის. ერთგვარი სახალხო პარტია უნდა შეიქმნას, რომელიც ხალხზე ორიენტირებული იქნება და რომელიც მნიშვნელოვან შენიშვნებს "დადებს". შეიძლება, მერე რაღაც გამოვიდეს, მთავრობის წევრებმა შენიშვნები გაითვალისწინონ, ქვეყნისთვის უფრო მეტი გააკეთონ... დღეს ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელსაც ჭკუა მოეკითხება და შეცდომაზე მიუთითებ, სწყინს, რადგან ალბათ, "იქიდან" სხვანაირად ჩანს... ამიტომ ვამბობ, მთავრობაში სწორედ ამომრჩევლის ხარჯზე მოდიან, შემდეგ კი ხალხის ხმა აღარ ესმით... თუკი ვიღაც მაგალითად, გამგებელს ენდო, ხმა მისცა და გამგებელი დანაპირებს არ ასრულებს, მისი ხმა აღარ ესმის, ბუნებრივია, მასზე სამართლიანად განაწყენდება. მერე შენიშვნას ხმამაღლა რომ ეტყვის, გამგებელმა შესაძლოა, პირად მტრად აღიქვას. არადა, ეს პირადი მტრობა კი არ არის, რჩევაა, რომ გამოფხიზლდეს. სამწუხაროდ, უმეტესწილად, პოლიტიკოსები ყოველთვის მდიდრდებიან, ხალხი კი პირიქით - ღარიბდება...

- პროტესტს როგორ გამოხატავთ?

- სოციალურ ქსელში, მაგრამ არა - გინებითა და უზრდელობით. საჯაროდ ყოველთვის მინდა, კორექტული ვიყო. მირჩევნია, ჩემი დიდი აგრესია ინტელექტის, განათლების და წესიერების ფარგლებში გამოვხატო, ვიდრე 3-4 სიტყვით გინება დავწერო. ისეთი ადამიანი იგინება, ვისაც არ შეუძლია, თავის ოპონენტს არგუმენტირებულად დაუსაბუთოს, რა არ მოსწონს მისი პოზიციიდან. როდესაც ოპონენტს გინებით "უმკლავდები", მოწინააღმდეგე უფრო ღიზიანდება, ისიც შეგაგინებს, იჩხუბებთ, ვერაფერს გააგებინებ... ვიდრე საზოგადოება არ დავასაბუთებთ, რა არ მოგვწონს, რატომ არის ესა თუ ის საქციელი არასწორი, მანამდე ყოველთვის დავიბადარაბა იქნება. თან, ძალიან ემოციური ხალხი ვართ.

- თქვენი აზრით, ბილწსიტყვაობა, ცოტა არ იყოს, მოდური რატომ გახდა?

- არ გეგონოთ ციდან ჩამოფრენილი ვარ - გინება ყველა ერში არსებობს. როცა სახალხოდ (სოციალურ ქსელში, ტელევიზიაში...) იგინებიან, შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ეს სტანდარტია. არადა, ეს უზრდელობაა. პირადად მე, უზრდელი ხალხი არ მიყვარს. მერე, უცებ რაღაც ჭკვიანურს რომ იტყვი, მანამდე კი ყველას და ყველაფერს "თავზე დაამხობ", ამით რა? ისეთ სიტყვებს, რომლებსაც შენი შვილის თანდასწრებით არ იტყვი, საჯაროდ რატომ ამბობ?! თუნდაც, ქალი ზოგჯერ შეიძლება, ისე დაგელაპარაკოს, რომ ფიქრობ - ეს ქალია თუ კაციო? თუ იგინები, ასე უფრო თანამედროვე ხარ? ასე არ არის. ჩვენს საზოგადოებას ასეთი ბილწსიტყვაობა არ უხდება. ეს პრობლემა საიდან მოდის, არ ვიცი. ალბათ, მაინც შინაგანი ინტელექტის ბრალია...

- კიდევ რა საკითხი გაღელვებთ?

- ეს პირადულია - დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ: ძალიან მინდა, 1981 წლის 13 მაისის შესახებ ფილმი გადავიღო, როცა თბილისის "დინამო" თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. 3-4 თვეა, ფილმის სცენარი დავწერე და ძალიან კარგია. ჩვენს "დინამოელებს" და ყველას, ვინც ამ დღეების მომსწრე და გულშემატკივარია, წავაკითხე, ყველას მოსწონს, მაგრამ ფინანსებს ვერ ვშოულობ და არც ვიცი, როგორ ვიშოვო. ეროვნულ კინოცენტრს "ეროვნული" კი ჰქვია, მაგრამ ეროვნულ ფილმებს უპირატესობას არ ანიჭებს, თუმცა 2 წლის წინ, უილიამ შექსპირის "ჰამლეტის" თანამედროვე ვერსია შევიტანე კონკურსში და შემდეგ, ეს ფილმი მობილურით გადავიღე. როგორც მიხვდით, ჩემს სცენარს ყურადღებაც არ მიაქციეს, თავისი "ცენტრი" აქვთ შექმნილი - მე მათ "კომპოტში" ვერ ვჯდები. ამაზეც ვბრაზდები. ცუდია, რომ ადამიანს იმის კეთების საშუალება არა აქვს, რაც უნდა, მაგრამ ამის გამო ბილწსიტყვაობას არ ვაპირებ. ყოველ დილით სცენარს დავხედავ ხოლმე და სხვადასხვა ადამიანთან მივდივარ, დახმარების სათხოვნელად, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, ნუთუ მარტო მე მჭირდება ეს ფილმი? დავიჯერო, ქვეყანას არ სჭირდება ამ ისტორიული გამარჯვების გახსენება?

- ფილმის სცენარის შესახებ ცოტა რამ გვიამბეთ.

- ეს ფილმი მხოლოდ ფეხბურთის კი არა, მთლიანად ეპოქის შესახებ არის. პერსონაჟებს შორის არიან: ნოდარ დუმბაძე, ნოდარ ახალკაცი, ყველა "დინამოელი", მსახიობები... სხვათა შორის, იმ დროს, 13 მაისს გიო ხუციშვილის მამა გარდაცვლილი იყო. მგონი, მეორე დღეს უნდა გაესვენებინათ. გიო მაშინ პატარა იყო. თამაშს მაინც უყურებდა და როგორც თავად იხსენებდა, კოტე მახარაძის ხმა რომ გავიგონე, გარეთ გამოვვარდი და სულ დამავიწყდა ყველაფერიო! როცა "დინამომ" გაიმარჯვა, მთელი საქართველო ქუჩაში გამოვიდა. სცენარში ეს ფაქტიც შევიტანე. ასე რომ, ფილმმა ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც შეიძლება, უკეთესი შედეგი აჩვენოს, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს... მოკლედ, დაფინანსების გზებს ვეძებ, რომ ფილმი გადავიღო... ასევე, ახალი ფილმის გადაღებისთვის ვემზადები, როგორც მსახიობი - ჩემი პირველი და საყვარელი პროფესია მსახიობობაა.

ეთო ყორღანაშვილი