"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა" - გზაპრესი

"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"

"რა იოლია სხვაზე ლაპარაკი და რა ძნელია, როცა შენ გსვრიან ლაფში - აბა, როგორია, შვილი მოგიკლეს, მერე სამართლიანობის ძიება გადაწყვიტო, ხალხი აგყვეს, აქციები გამართო და საბოლოოდ, მოტყუებული დარჩე?" - გვწერს ბატონი გელა შატბერაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ სტალინის რეჟიმი ბევრად სჯობდა დღევანდელს და ის, ვინც სოფელს უბრუნდება საცხოვრებლად, მისთვის გმირია!

წერილის სტილი დაცულია:

"დღეს სარალიძის მსგავსად, არავინ მეცოდება, რადგან ის მოატყუა ხელისუფლებამ, უფრო მეტად - "ნაციონალებმა", მერე ვითომ სოლიდარულმა ხალხმაც და სამართლიანობის მიღწევის, სიმართლის დადგენის ნაცვლად, რა მიიღო ბატონმა ზაზამ? - ლაფში ამოსვარეს უნებურად, სამწუხაროდ. ძალიან განვიცდი ამ ადამიანის ბედს, მაგრამ არ შემეცოდება ის ხალხი, რომელიც ამ დიდი ცოდვით წარდგება უფლის სამსჯავროზე და ვიმედოვნებ, იმ ცხოვრებაში მაინც დაისჯებიან სათანადოდ. არ ვიცი, ვის რაში სჭირდებოდა ამ ცირკში მონაწილეობა, მაგრამ შვილმკვდარი მამის გამოყენება არავის უნდა შერჩეს. კაცს ეგონა, დიახ, ეგონა, რომ მისი შვილების მკვლელების და კიდევ სხვათა მკვლელების დასასჯელად აკეთებდა საქმეს, სინამდვილეში რაც ხდებოდა იმ დღეებში რუსთაველზე, ჩემზე კარგად იცით. ქართველები იმ დონეზე დავეცით, რომ უკვე აღარაფერს ვერიდებით, მიზნის მისაღწევად ყველა გზა ჩვენთვის გამართლებულია, რაც ძალიან სამწუხაროა.

ახლა თქვენ სტალინზე ბეჭდავთ ამბებს და დიახაც, რომ დროულია სტალინის ხსენება, მასზე მუდმივად წერა. ერთი სტალინი გვჭირდება ახლა ქართველებს, რომ აზრზე მოვიდეთ. ხანდახან მიშას ადარებდნენ სტალინს, მასავით შეუვალი და მკაცრიაო. არა, ბატონებო, მიშა და სტალინი ერთმანეთს არაფრით ჰგვანან. სტალინი გონიერი იყო და მისი სიმკაცრე მიმართული გახლდათ მომავალი თაობის კეთილდღეობისკენ. თქვენ რა გგონიათ, მართლა უსაფუძვლოდ ისჯებოდა ყველა? ტყუილია ეგ. ბაბუაჩემის მამაც დაუსჯიათ თავის დროზე, მაგრამ როგორც ვიცი, მართლა მტრობდა იმ რეჟიმს და ამიტომ დახვრიტეს. მიშა კი განურჩევლად ცუდად ექცეოდა მათ, ვინც რაიმე ცუდში იყო მხილებული და მათაც, ვინც გზაზე ეღობებოდა, ვინც მისი ხუშტურებისა და ახირებების შესრულებას აპროტესტებდა. თუმცა, არც მიშას დროს ისხდნენ მთლად უცოდველები ციხეში, რაც ახლა კარგად გამოჩნდა. აბა, რა მოგვიტანა ციხიდან გამოშვებულმა ზღვა ხალხმა გარდა იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა? ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, დღე არ გავა, რომ არ თქვან, ვიღაც მოკლეს, ვიღაც დაჭრეს, ვიღაც გაძარცვესო - ესაა საქმე? აბა, ამდენი ლაპარაკი ნარკომანობის ავკარგიანობაზე ისმოდა მიშას რეჟიმში? არა, ბატონებო, ამას ვერ ბედავდნენ, ახლა კი ყველაფერი ნებადართული გახდა თითქოს. გადაუარეს მთავრობას და ესენი კიდევ, მშვიდად არიან, თითქოს მათთვის რწყილს ეკბინოს. ოღონდ დარჩნენ ამ მთავრობაში და ნარკომანიაც ლეგალიზებული გახდება, "ელგებეტეებსაც" მისცემენ ქორწინების ნებას და უცხოელებსაც დაგვასვამენ თავზე - თუმცა, უკვე ისედაც ჩვენზე მეტი უფლებები აქვთ ნარკომანებსაც, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებსაც და უცხოელებს ხომ საერთოდ, უბატონოდ სიტყვას ვერ აკადრებ, მაშინვე ციხეში გიკრავენ თავს, ტურისტებს აფრთხობო.

ზაზა სარალიძით დავიწყე, მაგრამ სხვაც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს ქართველებს. აღარ შეიძლება უმოქმედობა ხალხო, თორემ ასე დავიღუპებით. დროა, მთავრობის ახალ შემადგენლობას უფრო მეტი მოვთხოვოთ, ქვეყანაში მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, ხალხი რომ დაასაქმონ, რათა ნაკლებად ჰქონდეთ ადამიანებს დანაშაულის ჩადენის მიზეზი, არ მივცეთ ნარკობარიგებს უფლება, ახლობლები დაგვიწამლონ - ერთად დავდგეთ და ყველაფერი გამოგვივა...

ამ პრობლემებს ისიც ემატება, რომ ვალებში ვიხრჩობით - მთავრობა მსოფლიოს ვალში და ხალხი - ბანკების ვალში. მთავრობის ვალიც ხომ ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება და ჩვენი დატოვებული ვალებიც მათ კისერზე იქნება. ჰოდა, როდის იყო, ქართველი კაცი ასე უნამუსოდ მოჰქცეოდა შვილებს? იქნებ ხვალისთვის კი არ გადავდოთ ეს საქმე, დღეიდანვე დავიწყოთ ზრუნვა შვილების უკეთეს მომავალზე, თორემ მალე ყველა ახალგაზრდა გაგვექცევა ქვეყნიდან და წყლის მომწოდებელიც კი არავინ დარჩება ქვეყანაში.

არც ერთი დაპირება არ სრულდება ჩვენს ქვეყანაში, ეს უკვე ფაქტია. გეკითხებით, რისთვის გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხზე არ ზრუნავს? კომუნისტურ რეჟიმს ვგმობდით ყველა ქართველი და ისე გამოდის, რომ ისინი ბევრად კარგები იყვნენ, ხალხზე ზრუნავდნენ. არავინ გააჭაჭანებდა ქურდს. იმ პერიოდში სახლის კარს იშვიათად თუ დაკეტავდა ვინმე, ხალხს შიში არ ჰქონდა. დღეს, არამცთუ მდიდარი, ღარიბიც ცდილობს კარი როგორმე, მაგრად ჩაკეტოს, რადგან იცის, შეიძლება ვიღაც შეუვარდეს და იმის გამო დააუთოოს, რატომ არ გაქვს ფული ან ოქროო? აბა, ისეთ პენსიონერ ქალბატონებს რომ დაესხმები თავს, რომლებსაც არც შვილი ჰყავთ და არც სხვა ახლობელი, რას მოელი, რა უნდა ჰქონდეთ მათ? მაგრამ ხალხი ისეა გამგელებული და დამშეული, სხვისი ტანჯვით იკვებებიან. სამეზობლოც სამეზობლოს აღარ ჰგავს ასეთ ფონზე: ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს, საყვედურობს. იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას. ყველა დედაქალაქს ლანძღავს და მაინც აქეთ გამორბიან, არადა, მართლა აღარ შეიძლება ამ ქალაქში აღარც სუნთქვა, აღარც ცხოვრება. სიამოვნებით გავიქცეოდი აქედან, მაგრამ არც აგარაკი მაქვს და არც სხვა პირობები საამისოდ. სოფლად რომ წავიდე, ჩემი პენსია არ მეყოფა და მიწის დასამუშავებლად, ბაღ-ვენახის მოსაწყობად კი ფულია საჭირო...

მთავრობავ, მტერს მტრულად უნდა მოექცე და მოყვარეს მოყვრულად. დამნაშავის მხარეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგე, თუნდაც შენი შვილი იყოს, თორემ ეს ლაქუცი ერთ დროს ცუდად მოგიბრუნდება. შვილს ბევრს თუ აპატიებ, შეიძლება მერე ყელიც გამოგჭრას, მაინც მამაა ჩემი და ამასაც მაპატიებს, არც კი დამწყევლისო. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ხალხი უნდა დაასაქმო, რომ ავკაცობაზე ფიქრის დრო არ დარჩეს და უპირველესად, შენიანი დააფასო, უცხოელს კი შენს ქვეყანაში უნდა მოსთხოვო წესრიგის დაცვა - აი, ეს იქნება ყველაზე სამართლიანი ქმედება. ხალხს სტიმული უნდა მისცეთ, რომ თბილისიდან წასვლის სურვილი გაუჩნდეთ. ამით თვითონაც ამოისუნთქავენ და ის ხოხბებიც, რომლებსაც დედაქალაქის გარდა, სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

გასულ კვირას თქვენს ჟურნალში წავიკითხე სტატია გოგონაზე, რომელიც თბილისში დაიბადა, აქ გაიზარდა, გათხოვდა, შვილები გააჩინა და ამის შემდეგ გაიქცა ქალაქიდან მთაში - ვაფასებ ამ ქალს და მინდა, მადლობა გადავუხადო გმირული საქციელისთვის. იოლი არ არის ყველაფრის მიტოვება და ცხოვრების დაწყება ნულიდან იქ, სადაც ხალხი კანტიკუნტად ცხოვრობს. ის ფულის საშოვნელად კი არ წასულა და სახელის მოსახვეჭად, არამედ იმისთვის წავიდა, საქართველოს მთაში რომ გამაგრებულიყო - გული სტკივა, დაცარიელებული მთის გამო და უშიშრად მიუთითებს უხეირო ტურისტებს, ნუ მინაგვიანებთ ბუნებას. კეთილი ინებეთ და მასპინძლებს პატივი გვეცითო. რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ჩემს თვალში გმირია ეგ გოგო... ბევრი მისნაირი ქართველი რომ გვყავდეს, ვერასდროს დაგვაჩოქებდნენ, მაგრამ ასეთი პატრიოტები ძალიან გათითოკაცდნენ, რაც სამწუხაროა. ვერც მე აღმოვჩნდი მოწოდების სიმაღლეზე და სურვილი, რომ სოფელში მეცხოვრა, სურვილადვე დამრჩა. მიზეზთა გამო - ვერ გავბედე, შემეშინდა, რომ ოჯახი მშიერი დამრჩებოდა, ახლა კი შვილები არ მიშვებენ, მარტო მყოფი რაღაცას მოიწევ და ისევ ჩვენი საპატრონო გახდებიო. ვუფრთხილდები ჩემს შთამომავლებს და შიში არ მიშვებს იქ, სადაც სამოთხე მეგულება. დიახ, მე მშიშარა ვარ, მხდალი...

არ მაქვს ისეთი განათლება, რომ ვინმეს რამე ვასწავლო, ჭკუა დავარიგო, მაგრამ გამოცდილება, ასაკი მაძლევს უფლებას, გულისნადები გაგიმჟღავნოთ, მით უმეტეს, რომ ჟურნალი "გზაც" გვაძლევს ამის საშუალებას. ამიტომ, გავკადნიერდი და სატკივარი გამოვთქვი - მადლობა ამისთვის. თუ ვინმე გაითვალისწინებს, ხომ კარგი, თუ არადა, ჩემნაირებს მაინც მოვფხან გულს..."

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ

ლიკა ქაჯაია