"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
font-large font-small
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო

ზაფხულის დადგომისთანავე სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ და მაშველებმა უკვე 60-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს. სამწუხაროდ, საგანგაშოა დაღუპულთა სტატისტიკა. ბოლო რამდენიმე დღეში ზედიზედ 4 მოზარდის გარდაცვალებაზე გავრცელდა ინფორმაცია.


1-ლ ივლისს ტრაგედია დატრიალდა ურეკში: დილის 7 საათზე, მაშველებმა ზღვის სიღრმეში შესული მოზარდები შენიშნეს, რომლებიც შველას ითხოვდნენ. მათ დასახმარებლად მაშინვე მივიდნენ და 10 და 16 წლის მოზარდები სიკვდილისგან იხსნეს. შემდეგ გაირკვა, რომ მათთან ერთად მათი მეგობარი, 13 წლის ბიჭიც იყო. სამწუხაროდ, მაშველებმა ის ზღვიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
დაღუპული თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ "ლაშქრულის" მოცეკვავე იყო. იმ დილით ჩაიყვანა თურმე მოცეკვავეები პედაგოგმა სიღნაღიდან ურეკში, ყველანი სასტუმროში დაბინავდნენ, თუმცა, 3 ბავშვი სასტუმროდან გამთენიისას პლაჟზე გაიპარა და ეს ტრაგედიაც მოხდა.
დაღუპული მოზარდი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევიდან იყო. ექსპერტიზის შემდეგ მისი ცხედარი მშობლიურ სახლში მიასვენეს. მთელი სოფელი განიცდის მომხდარს, უამრავი ადამიანი მივიდა ოჯახში სამძიმარზე. ბოდბისხევის სკოლის პედაგოგი თვალცრემლიანი საუბრობს თორნიკეზე.
- სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციისა და ტკივილის გამოსახატად, რასაც განვიცდი. თორნიკე არაჩვეულებრივი, კეთილშობილი, შრომისმოყვარე, მეგობრული ბიჭი იყო. მოუსვენარი და ძალზე ნიჭიერი. პატარაობიდან ცეკვავდა, ცეკვა მისთვის მთავარი იყო. ოჯახს უჭირდა და ამიტომ, ფიზიკურად თვითონაც ბევრს შრომობდა. შაბათ-კვირასა და არდადეგებზე სულ მუშაობდა სოფლის მეურნეობაში. ძალიან უნდოდა ურეკში გასტროლებზე წასვლა. იცოდა, ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ თვითონ იმუშავა, ნივრის მოსავლის ამოღებაზეც კი დადიოდა, იქ წასასვლელი ფული რომ მოეგროვებინა. 150 ლარი მოუგროვებია და ზღვისთვის საჭირო ნივთები, ტანსაცმელი თავისი მოგროვილი ფულით უყიდია. წასვლა თურმე, 300 ლარი ჯდებოდა. ცეკვის მასწავლებლისთვის უთქვამს, - რაც მჭირდებოდა, ვიყიდე, 50 ლარს ახლავე მოგცემთ და დანარჩენი თანხა გადამინაწილეთო. დედამისი მოთქვამს, ისე ძალიან უნდოდა წასვლა, თანხა ვისესხე და ისე გავუშვიო. რამდენიმე მოსწავლეს მშობელიც მიჰყვებოდა. ისინი ამბობენ, თორნიკე კარგ ხასიათზე იყო, მთელი ღამე ოხუნჯობდა და იცინოდაო. ახალი ჩასულები იყვნენ. სასტუმროში მოეწყვნენ თუ არა, პედაგოგს უთქვამს, ახლა ცოტა დაისვენეთ და მერე ერთად გავიდეთ პლაჟზეო, მაგრამ ბავშვები გაპარულან და ეს ტრაგედიაც მოხდა. თორნიკეს გარდაცვალება ძალიან დიდი ტკივილია ჩვენთვის. "ლაშქრულმა" სახელმწიფო ანსამბლის წოდება მიიღო და წელს დაუნიშნეს რამდენიმე მოცეკვავეს და მათ შორის - თორნიკეს, ხელფასი. ცეკვას უნდა გაჰყოლოდა, დიდი გეგმები ჰქონდა. ძნელია, ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა მის ახალგაზრდა მშობლებს, რომლებიც სულ შრომობდნენ შვილების საკეთილდღეოდ. საწყალი დედამისი მოთქვამდა, - სახლიდან რომ გავაცილე, სანამ თვალს არ მოეფარა, ათჯერ მაინც მოიხედა უკან; მეც არ ვაშორებდი თვალს, ნეტავ წინასწარ რამე მეგრძნო, ხომ არ გავუშვებდიო.
ბოდბისხევის სკოლის მოსწავლეების მსგავსად სტკივათ ხაშურის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. 1-ლ ივლისს მათაც ორი თანაკლასელი დაეღუპათ. იმ საბედისწერო დღეს ხაშურიდან ველოსიპედებით ორი მოზარდი სოფელ ახალსოფელში, მდინარეში საბანაოდ წავიდა ისე, რომ მშობლებმა და ახლობლებმა არაფერი იცოდნენ. ბავშვები ხელოვნურად დაგუბებულ წყალში შევიდნენ და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს. მეთევზემ შემთხვევით ორი ველოსიპედი და ბავშვების ტანსაცმელი საღამოს საათებში ნახა. როცა არავინ გამოჩნდა, ვითარება საეჭვოდ მიიჩნია და მაშინვე პოლიციას შეატყობინა. პოლიცია და სამაშველო სამსახურები ძებნას შეუდგნენ. ბოლოს 12 წლის მოზარდების ცხედრები წყლიდან ამოიყვანეს.
ამასობაში თურმე, დაკარგულ ბავშვებს ოჯახები თავიანთი ძალებით ეძებდნენ. მოგვიანებით პოლიციისგან შეიტყვეს, რომ მათი შვილები გარდაცვლილები იყვნენ.
როგორც ამბობენ, ხელოვნურად დაგუბებული წყალი ახალსოფლის ტერიტორიაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც აგარა-ოსიაურის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. კომპანია "ბლექ სი გრუპს" იმ ადგილიდან ქვიშა ამოჰქონდა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანიას ამ ადგილის ამოვსება დაევალა, რაც არ მომხდარა. "ბლექ სი გრუპი" კი ირწმუნება, რომ ლიცენზია მათი სამუშაოების განხორციელებისთვის 2019 წლამდე სახელმწიფო უწყებებმა გასცეს.
ჩნდება კითხვა, რატომ არ იყო დაცული ეს ტერიტორია და რატომ არ იყო დამონტაჟებული იქ ამკრძალავი ნიშნები? ამ კითხვებზე პასუხს ალბათ გამოძიება გასცემს. თუმცა, ეს ვერანაირი ნუგეშია დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაში არიან. არსებული ინფორმაციით, ხელოვნურად შექმნილ ტბასთან ჩასული მოზარდი სავარაუდოდ, წყლის ქვეშ მცენარის ბადეში გაეხვია. ვარაუდობენ, რომ მეორე ბიჭუნა მის დახმარებას შეეცადა, მაგრამ ვეღარ გამოვიდნენ. ამბობენ, რომ ორივე ხელჩაჭიდებულები, ერთად იპოვეს. გიორგი ლაცაბიძე და ნიკოლოზ მიქოიანცი მეგობრები და თანაკლასელები იყვნენ. გიორგი ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ფრესკას" წევრი, ანსამბლის სოლისტი იყო და ორ დღეში ბათუმში გასტროლებზე მიდიოდა ანსამბლთან ერთად. იმ დღესაც ცეკვაზე ყოფილა, იქიდან გამოსული მეგობრებს შეხვდა. მათთან ერთად იყო მათი კიდევ ერთი მეგობარი. ის ამბობს, რომ ხაშურში სამივე ერთად სეირნობდა: "ბიჭებმა თქვეს, საბანაოდ წავიდეთო, მაგრამ მე უარი ვთქვი, რადგან ცურვა არც ერთმა არ ვიცოდით. გიორგი ამბობდა, ცურვა ვიცი, თავს გადავირჩენო. მე არ წავედი. სტადიონზე დავტოვე ისინი. ეტყობა წავიდნენ და ბანაობისას დაიხრჩვნენ. იმ ადგილს ლევანის ტბას ეძახიან. ოსიაურში მეგობარი მყავს და ის ამბობს, "ითრევს" ეგ ტბაო", - ამბობს გარდაცვლილების მეგობარი. მშობლები ჰყვებიან, რომ შვილებს ეძებდნენ, მაგრამ ისინი ტელეფონებს არ პასუხობდნენ: "გადიოდა ზარი და არ მპასუხობდა. საღამო ხანს ვიღაცამ მიპასუხა, - პოლიციელი ყოფილა და მითხრა, რომ ამა და ამ ადგილზე ტანსაცმელი და ველოსიპედებია, ბავშვები კი არ ჩანანო. გავიქეცი და დამხრჩვალი დამხვდა", - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ.

კიდევ ერთი მოზარდი დაიღუპა ამ დღეებში ტყიბულში, საწირის ტბაში. 16 წლის მოზარდი ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთან ერთად თანატოლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ მეგობრის გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვებმა სასწრაფოდ დარეკეს სამაშველო სამსახურში, მაშველებიც მალე მოვიდნენ, მაგრამ ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს ცხედარი და ექსპერტიზაზე გადაასვენეს. როგორც ამბობენ, იმ ადგილს საბანაოდ მოსახლეობა ნაკლებად იყენებს.
25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოშიც უბედური შემთხვევა მოხდა. იქ 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა ე.წ. საგუბარის ტერიტორიაზე მოხდა. მოზარდი სოფელ ქისტაურში ცხოვრობდა და მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მაშველებმა ცხედარს საგუბარის გაშვების შემდეგ, მალევე მიაკვლიეს.

მიშა ფეიქრიშვილი, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი:
- მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა, 1-ლი მაისისა და 2 ივლისის მდგომარეობით, 26 ადამიანი დაიხრჩო და 60 გადაურჩა სიკვდილს. კონკრეტულად, შავი ზღვის სანაპიროზე 3 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი არასრულწლოვანია. ორი არაფხიზელ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში და დაიხრჩო. იმის მიუხედავად, რომ მუდმივად ვაფრთხილებთ, არ უნდა შევიდნენ ზღვაში ნასვამები, მაინც შედიან. არ ვიცი, კიდევ რა პრევენციული ღონისძიება უნდა გატარდეს? სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც აქტიურ ფაზაში შევიდა ზღვის სეზონი, მდგომარეობა გართულდა. მაშველების მოწოდებებს მოქალაქეები არ ემორჩილებიან. ასეთი ფაქტები მრავლადაა. ერთადერთი, რაც შეიძლება პოზიტიური იყოს, ისაა, რომ გადარჩენილების რაოდენობა აღემატება დაღუპულების რაოდენობას, მაგრამ ეს არ არის დამამშვიდებელი.
- რამდენი მაშველია დღეს ზღვის სანაპიროზე?
- მაშველებს რეკომენდაციის გაცემის გარდა, სხვა არაფერი შეუძლიათ. შავი ზღვის სანაპიროზე 200 მაშველია და საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასულები, რადგან სტატისტიკა მართლა საგანგაშოა. არ უფრთხილდებიან სიცოცხლეს. თბილისის ზღვაზე 100 მაშველია, დამატებულია სამაშველო კოშკურები. შავი ზღვის სანაპიროზე მუდმივი, 24-საათიანი მონიტორინგია დაწესებული, მაგრამ მაშველი ყველგან ვერ იქნება. ისინი მუდმივ მონიტორინგს ატარებენ იმ ტერიტორიებზე, რომელიც საბანაო ზონადაა მიჩნეული, მაგრამ ხალხი ხშირად მიდის იმ ადგილებში, სადაც ბანაობა აკრძალულია. ახლახან კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა: არასრულწლოვანი შევიდა საბანაოდ. ხედავდნენ, როგორ იხრჩობოდა, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი დახმარება. ასეთ დროს წუთები, წამები წყვეტს ყველაფერს. მაშველები რომ მივიდნენ, უკვე გარდაცვლილი იყო. თუნდაც ურეკის შემთხვევა ავიღოთ, გამოიყვანეს 2 ბავშვი, რომლებმაც გვიან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი მოზარდი იყო მათთან ერთად, ამასობაში კი დაგვიანდა და უკვე გარდაცვლილი მოზარდი იპოვეს. ბოლო სამ დღეში 6 გარდაცვლილი, აქედან 5 - არასრულწლოვანი, ეს მეტისმეტი და უმძიმესი ამბავია. ვიღაცამ იცის ცურვა, ვიღაცას არა აქვს წყლის შიში, მაგრამ დაუმორჩილებლობა არ შეიძლება, აკრძალულ ადგილს უნდა მოერიდო. სტატისტიკურად გარდაცვლილთა უმრავლესობა ნასვამია შესული. მაგალითად, 2 ივლისს, 28 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა 7-დღიანი ძებნის შემდეგ, წითელი ხიდის ტერიტორიაზე იპოვეს. ეს ახალგაზრდა 25 ივნისს ნასვამი შევიდა მტკვარში და გაუჩინარდა. საკმაოდ გართულებული იყო მისი ძებნა და როგორც იქნა, იპოვეს.
- როგორც ვხვდები, უფრო მეტად მდინარეებზე იღუპებიან ადამიანები, ხომ?
- სტატისტიკის მიხედვით, უფრო ხშირად მდინარეებში, წყალსაცავებში იღუპებიან. თბილისის ზღვაზეც, ერთ ადგილას, სადაც მდინარის შენაკადი შედის ზღვაში, ჩანჩქერია, რომელიც ძალზე საშიშია. იქ ბანაობა აკრძალულია, მაგრამ ხშირად შედიან ბავშვები. სპეციალისტების თქმით, იქ არის წყლის ისეთი მასა, რომელიც ქვევით გითრევს. ნიშანი არის, ათასგზის აფრთხილებენ, მაგრამ ამაოდ.
- ამბობთ, რომ არ ემორჩილებიან, მაგრამ მაშველს არ აქვს ურჩი ადამიანის შეჩერების უფლება?
- მაშველს ასეთ შემთხვევაში, რაიმე სახის ძალადობრივი ღონისძიების გატარების უფლება არ აქვს. ის მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება. მაშველი ფლობს ინფორმაციას, რომ მოსალოდნელია შტორმი, რომ ამ დროს საშიშია შესვლა, შესაბამისი ზომებია მიღებული. აცნობებს, რომ შესვლა არ შეიძლება, მაგრამ მაინც შედის. როცა წითელი ალამია აღმართული, წყალში შესვლა და ბანაობა დაუშვებელია. მაშველები ორი ტიპის დროშით მოძრაობენ: წითელი და თეთრი. როცა თეთრი დროშაა სამაშველო კოშკურებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბანაობა ნებადართულია და როცა წითელია აღმართული, - შესვლა აკრძალულია. მესმის, მოქალაქეები არ აქცევენ ყურადღებას ამ ალმებს, ბევრმა შეიძლება არც იცის, რას ნიშნავს წითელი ალამი, მაგრამ დამატებითაც ხომ აფრთხილებენ. თუ შევატყობთ, რომ მოქალაქეები არ დაგვემორჩილებიან და კიდევ უფრო გახშირდება ასეთი შემთხვევები, მაშველი გამოიძახებს პოლიციას.
- რას ეტყვით საზოგადოებას?
- გაუფრთხილდნენ საკუთარ სიცოცხლეს. ნუ შედიან აკრძალულ ადგილებში. იბანაონ იქ, სადაც ეს დაშვებულია. ყურადღება მივაქციოთ იმ ნიშნებს, რომელიც გვეუბნება, რომ სიცოცხლისთვის საშიში და სახიფათოა. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მშობლებს, რადგან ბოლო დღეებში მართლა ბევრი ცუდი ფაქტი მოხდა, მშობლებმაც უფრო მეტი პრევენციული ზომები უნდა მიიღონ, რომ ასეთი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება, ვთხოვთ ყველას, თავიანთ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
თბილისი პატარძალს ჰგავს, რომელსაც ახლა ჭუჭყიანი კაბა აცვია - ასე შეაფასა დღევანდელი თბილისი ერთ-ერთმა, ამ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა...
"მერწმუნეთ, თუ ამ საქმეზე განაჩენი დადგა, ამ ხელისუფლების განაჩენად გადავაქცევ"
ბატონი ზაურ ებრალიძე, იუსტიციის პროკურორი, წლების წინ გავიცანი, როცა ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სტატიის მოსამზადებლად მივედი.
კანდიდატთა სიუხვით გამორჩეული, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ყოველი მონაწილისთვის თავისი დატვირთვის მქონე, საზოგადოებამდე სათქმელის მიწოდების, პერსონალური რეიტინგის ამაღლების თუ ცნობადობის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა...
"თავი ფანტასტიკის სფეროში მგონია", - ამ ფრაზით ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი ტელეკომპანია "იბერიას", "ომეგა ჯგუფისა" და "ბიზნესმენების რეკეტის" საქმეზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და თამამი პასუხები არასასურველ კითხვებზე
"ხალხი და ჯარისკაცები ეწირებიან იმ "ომს", სადაც გენერლები ერთმანეთთან ჩახუტებულები არიან"
"ირაკლიზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა სოფელმა"
ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის სტატუსს კარგავს. ექვსი წლის თავზე, საკანონმდებლო ორგანო კვლავ თბილისში ბრუნდება.
როგორ აფასებენ ცნობილი ადამიანები უცხოტომელთა მომრავლებას საქართველოში?
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი