რა ჩაიფიქრა დავით უსუფაშვილმა და როგორი იქნება გიორგი მარგველაშვილის პასუხი
font-large font-small
რა ჩაიფიქრა დავით უსუფაშვილმა და როგორი იქნება გიორგი მარგველაშვილის პასუხი
"დამთავრდა მესიების დრო, ახლა ლიდერთა ჯგუფების დროა", - ასე გამოეხმაურა ექსპერტთა ერთი ნაწილი "შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის ინიციატივას. როგორც უკვე ცნობილია, მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თანამშრომლობა და ახალი ცენტრისტული მოძრაობის შექმნა შესთავაზა. "ქართულ სახელმწიფოს "ოცნება" ვერ პატრონობს, "ნაცმოძრაობა" არყევს და რუსეთი ანგრევს. ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების უნარი, ნება და რწმენა სახიფათო ნიშნულამდე დასცა; "ქოც-ნაცურ-პრორუსული" მტრობით, ფლირტითა და სპარინგ-პარტნიორობით დომინირებული პოლიტიკური პროცესი ცალკეულ პოზიტიურ მოვლენებსაც და უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც უკვალოდ შთანთქავს; ისედაც მცირერიცხოვანი ერის უდიდესი ნაწილი უსასოობისა და უიმედობის გამო ქვეყნიდან გარბის ან საქვეყნო საქმეებს ემიჯნება... მწიფდება დაუშვებელი..." - ასე აღწერა უსუფაშვილმა ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება, მარგველაშვილისთვის მიწერილ ღია წერილში და დასძინა, რომ გამოსავალი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ფორმირებაა.
დავით უსუფაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ძალების შესაძლო გაერთიანების შესახებ პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

- ბატონო სოსო, თქვენი აზრით, რამდენად პერსპექტიულია დავით უსუფაშვილის იდეა, ახალი ცენტრისტული მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით?
- ჩემი აზრით, იდეა თეორიულად ძალზე მიმზიდველია, მაგრამ პრაქტიკულად განუხორციელებელი. უსუფაშვილს ძალიან კარგი სცენარი აქვს დაწერილი, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის, მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტს ვერ ვხედავ. თავად უსუფაშვილი არ არის ისეთი ლიდერი, რომელიც ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს. ჭკვიანი, გამოცდილია, მაგრამ პოლიტიკოსი არ არის, ის დოქტრინიორია, კაბინეტში უნდა იჯდეს და კანონპროექტებზე მუშაობდეს.
- რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?
GzaPress- შეგახსენებთ, რომ 4 წლის განმავლობაში ქვეყანა "რესპუბლიკელების" ხელში იყო. გაიხსენეთ, "რესპუბლიკელებს" რამდენი მინისტრი, პარლამენტარი და სხვა ჩინოვნიკი ჰყავდა ხელისუფლებაში. რაQ ქნეს? ხუხულასავით ჩამოეშალათ პარტია. უსუფაშვილმა ისიც კი ვერ მოახერხა, რომ სტრუქტურა შეექმნა. პარტია სავსე ჰყავდათ ინტელექტუალებით, თითოეული მათგანი, ლიდერად გამოდგებოდა, მაგრამ გაქრა მათი პარტია. რა, ამაში უსუფაშვილს "წვლილი" არ მიუძღვის? ნახეთ რა ქნეს "ნაციონალებმა", უამრავი შეცდომა დაუშვეს, არაერთი დანაშაული ჩაიდინეს, არჩევნებიც წააგეს, (ექსპრემიერი ღარიბაშვილი მათი პოლიტიკური სცენიდან გაქრობას იუწყებოდა), მაგრამ სტრუქტურა შექმნეს, დღეს პარლამენტში არიან და გადაწყვეტილებებსაც იღებენ.
- როგორ გგონიათ, რით იყო განპირობებული "რესპუბლიკელების" ასეთი მარცხი?
- ქვეყანაში არსებული ვითარება სწორად ვერ შეაფასეს და საჭირო მომენტი ხელიდან გაუშვეს. როდესაც "ქართული ოცნების" კოალიცია იშლებოდა, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთეს, გულუბრყვილო ენთუზიაზმით გაიზიარეს ის ბრალდებები, რაც მოსახლეობამ გამარჯვებულ პარტიას წაუყენა. ვერ შეძლეს, თავის დროზე გამიჯვნოდნენ "ქართულ ოცნებას". ალბათ, გახსოვთ, ერთ დროს, სააკაშვილი როგორ იყო ჩახუტებული შევარდნაძესთან, შვილს მისი სახელი დაარქვა, შევარდნაძე კი მის ვაჟს მომავალ პრეზიდენტად მოიაზრებდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მეძებარი ძაღლის ყნოსვით მიხვდა, როდის უნდა ჩაემტვრია ხიდი შევარდნაძესთან. გახსოვთ, მთავრობის სხდომაზე ფოტოები რომ აფრიალა? მაშინ ჯერ კიდევ მინისტრი იყო. რაც გინდა ეძახეთ იმ კაცს, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია. უსუფაშვილი არ არის პოლიტიკოსი. დღეს საჭიროა სააკაშვილის ტიპის ლიდერი, ოღონდ უფრო აზრიანი, ტოლერანტული, დემოკრატი და რაც მთავარია, გუნდური მოთამაშე. უსუფაშვილი შესაძლოა გუნდური მოთამაშე იყოს, მაგრამ სხვა, პოლიტიკოსისთვის აუცილებელი თვისებები არა აქვს. მას ხალხი არ გაჰყვება. სოციალური დასაყრდენი არა აქვს.
- დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ვის მიიჩნევთ ისეთ ძალად, რომელსაც სოციალური დასაყრდენიც ექნება და ევროპელი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი უნარებიც?
- არ ვიცი, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს პესიმიზმით ვუყურებ. ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ ქვეყანაში არსებულ ტოტალურ პრობლემებს გაართმევს თავს. ძალიან საშიში ვითარებაა, უკმაყოფილება დიდია, ხალხი ხვდება, რომ მოატყუეს, სამართალს ითხოვს... ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ არ გამოჩნდა რეალური ძალა, რომელიც უკმაყოფილო ხალხს ახალ იმედს მისცემს, აგრესია ისევე წალეკავს ყველაფერს, როგორც ადიდებული მდინარე.
- არსებობს ვერსიები, რომ იქმნება ახალი ოპოზიციური ძალა, რომელსაც კვირიკაშვილი ჩაუდგება სათავეში.
- გამორიცხულია. კვირიკაშვილს საამისოდ დენთი არ ეყოფა. მაგას სად შეუძლია რისკზე წასვლა? ალბათ იტყვით, რას გადაეკიდეთ ამ სააკაშვილსო, მაგრამ აღსანიშნავია, მისი გაბედულება, რისკიანობა... სააკაშვილმა რისკიანი გადაწყვეტილება დროულად მიიღო და იუსტიციის მინისტრის პოსტი დათმო. თქვენც ხომ ნახეთ, როგორი ეფექტიანი და შედეგიანი აღმოჩნდა მისი ეს ნაბიჯი. დღეს არსებულ პრობლემებს თავი რომ გაართვა, საჭიროების შემთხვევაში პარლამენტში შევარდნაც უნდა შეგეძლოს და მაღალი პოსტის დატოვებაც. კვირიკაშვილმა ჩემზე და თქვენზე კარგად იცის, რაც ხდება მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ ხმას ვერ იღებს. თანამდებობიდანაც კი ვერ წავიდა ღირსეულად. ძლივს გააგდეს. არც კვირიკაშვილია პოლიტიკოსი, არც მარგველაშვილი, არც უსუფაშვილი...
- თქვენ როგორ გგონიათ, უსუფაშვილმა ღია წერილით რატომ მიმართა მარგველაშვილს, მასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა თუ სხვა გათვლაზე იყო ორიენტირებული?
- როგორც ჩანს, უნდა რომ ფაქტის წინაშე დააყენოს პრეზიდენტი. დარწმუნებული არ იყო, რომ კულუარებში მოახერხებდა მის დაყოლიებას. ახლა პრეზიდენტს უჭირს უარის თქმა, კუთხეშია მიყენებული. უსუფაშვილმა საჯაროდ უთხრა მას, ასე არ არის, შენ რომ კარგი პენსიით გინდა სახლში წასვლა, პრეზიდენტი ხარ, აიღე ხელში პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანა თავზე არ დაგვენგრესო.
- პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უსუფაშვილს ნატოს სამიტიდან ჩამოსვლის შემდეგ შეხვდება. რას ნიშნავს ეს, რა შუაშია ამ შეხვედრასთან სამიტი?
- საკითხავიც სწორედ ეგ არის, რა შუაშია ნატოს სამიტი, როდესაც უსუფაშვილი თავის ღია წერილში წერს, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია ქვეყნის გადარჩენისთვის? მე ამ საკითხის ნატოს სამიტთან მიზეზშედეგობრივ კავშირს ვერ ვხედავ.
- სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს მარგველაშვილის საბოლოო პასუხი?
- მგონია, რომ უსუფაშვილი დიპლომატიურ უარს მიიღებს. იტყვის, იდეა ძალიან კარგია, ქვეყანა მართლაც რთულ ვითარებაშია და შველა სჭირდება, მაგრამ... მე ვერ ვხედავ მარგველაშვილის მზაობას, პოლიტიკაში დარჩენისთვის.
- თქვენ ამბობთ, რომ დღეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა შეუძლებელია და ვერ ხედავთ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს რეალურად გაართმევს თავს, თუმცა მე მახსოვს, რომ თქვენ საკმაოდ დიდხანს დებდით ფსონს ნინო ბურჯანაძეზე. დღეს როგორია თქვენი პოზიცია მის მიმართ?
- იცით, რაშია საქმე? პოლიტიკა მოულოდნელობებით არის სავსე. რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასე გულუხვად აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, ითავებდა მიშას დამარცხებას. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება... რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მე ახლაც მჯერა მისი შესაძლებლობების. ივანიშვილი როგორც ეშმაკი საკურთხეველს, ისე გაურბის კოალიციურ მთავრობას, თორემ დღეს არსებულ რთულ ვითარებაში ეს საუკეთესო როლი იქნებოდა. კოალიციურ მთავრობაში მნიშვნელოვან მისიას შეასრულებდა ნინო ბურჯანაძეც. ის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ერთნაირად მიესვლება დასავლეთთან და რუსეთთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბურჯანაძე დახვეწილი და სოლიდურია, რაც ასე აკლიათ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავს იკლავს, ტყავში ძვრება, რომ პუტინს შეხვდეს. ჩვენ ორჯერ შემოგვთავაზა პუტინმა შეხვედრა და ვითაკილეთ... ვფიქრობ, "ქართული ოცნების" ასევე დიდი შეცდომაა, რომ არ იყენებს ისეთ პროფესიონალებს, როგორებიც არიან ლადო პაპავა, დემურ გიორხელიძე, მიშა ჯიბუტი... ჩვენს ქვეყანას დღეს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მინისტრის პოსტები ადამიანებს, მხოლოდ პირადი სიმპათიების, ერთგულებისა და პარტიულობის ნიშნით ჩავაბაროთ. თავის დროზე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ძალიან საინტერესო გეგმა შეიმუშავა, რომელიც პოლიტოლოგიაში "ისტორიული კომპრომისის" სახელით არის ცნობილი: ორი პრობლემური სამინისტრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო და შრომის სამინისტრო კომუნისტებს გადასცა სამართავად. მან თქვა: - მოდი, კომუნისტებმა იტეხონ თავი მაფიასთან ბრძოლაში და სოციალურ პრობლემებსაც ეგენი გაუმკლავდნენო... გამოვიდეს ივანიშვილი და თქვას, იოლია კრიტიკა, მოდი, გაბარებთ ამა და ამ უწყებას, ამა და ამ სამინისტროს და დადეთ შედეგი 6 თვეში, ვნახოთ, რა ბიჭები ხართო. აბა, ნახეთ, თუ არ წავიდეს ქვეყანა წინ.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი