ერთი დღე მარნეულში, - საბჭოთა წლებში ჩარჩენილი ადამიანების ცხოვრება - გზაპრესი

ერთი დღე მარნეულში, - საბჭოთა წლებში ჩარჩენილი ადამიანების ცხოვრება

ცენტრის იქით, ქართული პრაქტიკულად არ ისმის.

16 წლის სურალი მიხსნის, რომ ძალიან ბევრი მისი თანატოლი და ის, ვინც ქართულად ვერ ლაპარაკობს, ადგილობრივ ადმინისტრაციულ სამსახურში ვერ საქმდება. ამიტომ, ახალგაზრდებმა გამოსავალი იპოვეს, ისინი ინტერნეტით რაღაც დონეზე სწავლობენ ინგლისურს, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში ერთვებიან და თანდათან ქართულსაც სწავლობენ...

სოფელ ახლომაჰმუდლოსკენ ავიღეთ გეზი. გზაში ადგილობრივი ახალგაზრდა დაგვემგზავრა და იქაური პრობლემების, ყოველდღიურობის შესახებ გახსნილად გვიამბო...

ამინი, 21 წლის: GzaPress- ცოლი ახლახან მოვიყვანე. ფეხმძიმედ არის და პატარას სექტემბერში ველოდები. პირველი შვილია, თან ბიჭი და გრანდიოზული ძეობა მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ შარშან სამსახური დავკარგე. მშობლები მეუბნებიან, შენ ოღონდ შვილი გვაჩუქე, ფული ჩვენზე იყოსო, მაგრამ მრცხვენია... ახლომაჰმუდლოში მქონდა მიწის ნაკვეთი, ნათესები გვქონდა მე და ჩემს ცოლს, კარტოფილი, სტაფილო, კიტრი, პომიდორი და მწვანილი, მაგრამ რამდენიმე დღე წყალი არ იყო, ამას გვალვებიც მოჰყვა და იმის ნახევარიც ვერ ავიღეთ, რასაც ველოდით...

- ქართულად კარგად ლაპარაკობთ...

- ალბათ, იმიტომ, რომ მარნეულის სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, 17 წლიდან პროექტებს ვწერდი და თანდათან ვისწავლე, თორემ არის სოფლები, განსაკუთრებით საზღვრისპირა, სადაც არც ქართული ესმით და არც რუსული. ახლა რაღაც სამსახურის იმედი მაქვს, იმედია გამომივა, თორემ გავგიჟდები.

ყველა უმუშევარია, ნარდისა და დომინოს თამაშით იქცევენ თავს. ზოგს მიწის ნაკვეთები აქვს, დილით ადრე მიწაზე სამუშაოდ მიდიან, შემდეგ კი, ვიდრე ცოლები მარნეულის ბაზარსა და მაღაზიებში საქმეებს მოილევენ, კაცები დროის გასაყვანად ჩაიხანაში სხდებიან...

ამასობაში სოფლამდე მივედით, ამინმა უკვე მასპინძლად იგრძნო თავი და გულით შემოგვთავაზა, - ჩემს ახალმოყვანილ მეუღლეს ძალიან კარგი ხელი აქვს, თათარიახლი, უგემრიელესი პურები და ცხვრის ხორცის ტრადიციული კერძი აქვს მომზადებული (კერძის სახელი რამდენჯერმე გავამეორებინე, მაგრამ მაინც ვერ გავიგე...) და შემობრძანდითო, თუმცა, მისი ფეხმძიმე მეუღლის შეწუხება სხვებმა არ მოისურვეს. პირადად მე, ძალიან მაინტერესებდა პატარა დიასახლისის გაცნობა, რომელიც სკოლის მერხიდან პირდაპირ ცოლი და შემდეგ, დედა ხდებოდა....

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი გოგონების მოტაცებასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდა, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ეს ამაზრზენი ტრადიცია, მარნეულის სხვადასხვა სოფელში ბოლომდე მაინც ვერ ამოიძირკვა.

შეიძლება გოგოსა და ბიჭს ერთმანეთი უყვარდეთ, თუმცა, კაცმა შეყვარებული მაინც უნდა მოიტაცოს... ასეა და მორჩა. გოგონებს კი, 15 წლიდან იტაცებენ, 20 წელს გადაცილებული გოგო, რბილად რომ ვთქვათ, "უკვე აღარ არის საინტერესო..." თუმცა, ეს ადათი ბოლო დროს მხოლოდ მიყრუებულ სოფლებშია შემორჩენილი და როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ბოლო წლებში, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის უაზრობაზე ლიბერალური სასულიერო პირებიც ალაპარაკდნენ...

მარნეულის ცენტრიდან სოფელ საბირქენდში მივდივართ. სკოლა მეჩეთის გვერდით არის. დილით, სკოლის მოსწავლე ბიჭების ნაწილი ჯერ მეჩეთში ლოცულობს, მერე სკოლაში მიდის...

კიდევ რამდენიმე სოფელი გავიარეთ, ადგილობრივი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ შემოგვჩიოდა, მიწები არ გვაქვსო, დიდიან-პატარიანად ბაღ-ბოსტანში სამუშაოდ იყო გაკრეფილი. - "სოთა არის, არა ყოფნის, გოგო, რით ვერ გაიგე", - მიპასუხა მწყრალად ერთ-ერთმა ქალბატონმა და შემომჩივლა, რომ სამი გოგო ჰყავს გასათხოვარი და იმიტომ, რომ საკადრისად გამზითვების საშუალება არა აქვს, მათ "დაბინავებაზე" ძალიან ნერვიულობს...

სოფელ საბირქენდში 75 წლის ქამილ ხადიევი გავიცანით. ისე გაუხარდა სტუმრების დანახვა, რომ ცოლს ხმამაღლა გასძახა. მან თვალის დახამხამებაში მიატოვა რაღაც ხელსაქმე და ცხელი ჩაით, ცივი წყლითა და ტკბილეულით გაგვიმასპინძლდა....

GzaPressქამილ პაპას ერთი-ორი ღერი ქართული საბჭოთა წლებში ჰქონდა ნასწავლი და იმ დროიდან ახსოვდა. არც დაუმალავს, რომ იმ წლების ნოსტალგია ჰქონდა, - ყველა მუშაობდა, უმუშევრობა დანაშაულად ითვლებოდა და ხალხი თავს კარგად გრძნობდაო, - გვითხრა... მისი ცოლი არც მაშინ მუშაობდა, არც ახლა, ამიტომ ქართული მას არასდროს ესმოდა.

- მარნეულს არასდროს გასცილებია, რა უნდა ქალს ქალაქში, ეს თქვენ, ახლანდელი ახალგაზრდები დარბიხართ ყველგან და ამიტომაც იწვევთ ომებს მსოფლიოში, სულ რაღაცის შეცვლა გინდათ, ერთ ადგილას ვერ ჩერდებით და უბედურება მოგაქვთო, - დაგვადანაშაულა სამყაროს უბედურებებში, გაბრაზებულმა.

ხადიევების ოჯახს 11 შვილი და 52 შვილიშვილი ჰყავს... როგორც ოჯახის უფროსმა დაიჩივლა, ყველა მათგანი ქალაქშია გაფანტული, - მარნეულში, რუსთავსა და თბილისში... მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებზე იკრიბებიან. საერთოდ, სოფელი დაცლილია ახალგაზრდებისგან.

- ჩვენს ხალხს შრომა არ ეზარება, მაგრამ მთელი მიწები იჯარით არის გაცემული. ადგილობრივებს ერთი გოჯი მიწაც არა გვაქვს, ბოსტნეული რომ მოვიყვანოთ ან საქონელი გამოვკვებოთ... ვიცი, გიკვირთ, ყველას უკვირს, აბა, ეს მიწები ვისიაო? იჯარით გვაქვს აღებული, მისი დამუშავება, მორწყვა, ძალიან ძვირი გვიჯდება, მოგება თითქმის არ გვაქვს... აქაური გზები საბჭოთა წლების შემდეგ არავის დაუგია, სკოლის შენობა იგივეა, რაც ჩემს დროს იყო, ხელი არავის უხლია, მის გარემონტებაზე არავის უფიქრია და ასეთ პირობებში ბავშვებმა როგორ უნდა ისწავლონ? - ამბობს მოხუცი...

მისივე თქმით, მოყვრები ჰყავს სოფელ თაზაქენდში, სადაც დღეები კი არა, რამდენიმე კვირა ისე გადის, სასმელი წყალი არა აქვთ, არხი დამშრალია. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოსტნეული და მოსავალი, განწირულია...

ბოლოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მივდივართ, რომელიც საზღვრისპირას მდებარეობს... პრობლემები იგივეა: უწყლობა, უმუშევრობა და სახელმწიფო ენის უცოდინარობა. სკოლა იქაც სარემონტოა, თუმცა, სხვებს ჯობია. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნით - მოყვარეს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალგაზრდა, კვალიფიციური პედაგოგები არ ჰყოფნით...

- ბიბლიოთეკა და წიგნები არ გვაქვს... მასწავლებლებს დაბალი ხელფასი აქვთ და ამიტომაც, აქ ჩამოსვლის დიდი ინტერესი არა აქვთ... თუ ადგილობრივი არ იქნება, ასეთ სიტუაციაში აქ სამუშაოდ არ წამოვა, მით უფრო, ახალგაზრდა მასწავლებელი, - ამბობს ჟანა ჰუსეინოვა, რომლის თქმითაც, ყველა ხელმძღვანელი ჰპირდება, რომ ეს პრობლემა მოგვარდება, ახალი თაობა სახელმწიფო ენას ისწავლის და დასაქმების პრობლემაც როგორღაც მოგვარდება, თუმცა, ამ დაპირებების შესრულებას წლებია, თაობები ელიან...

ლალი პაპასკირი