"ჩემს ქმარს ცუდი ორიენტაცია აქვს, მე - კარგი" - გზაპრესი

"ჩემს ქმარს ცუდი ორიენტაცია აქვს, მე - კარგი"

მთელი წლის განმავლობაში დატვირთული რეჟიმის შემდეგ ყველა ცდილობს, ზაფხულის მცხუნვარებას ცოტა ხნით მაინც გაერიდოს და განიტვირთოს. ამჯერად სწორედ იმით დავინტერესდით, ვინ სად აპირებს დასვენებას და ვისთან ერთად.

თამუნა ლეკვეიშვილი, მსახიობი:

GzaPress- ტრადიციულად, ჯერ მთაში ვაპირებ წასვლას - ბორჯომის ხეობაში, წაღვერთან ახლოს არის ერთი ლამაზი სოფელი - მზეთამზე, სადაც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოა და ან იქ წავალთ, ან ბაკურიანში. ბავშვებს ერთი სული აქვთ, როდის გავემგზავრებით. მერე მე და ჩემი მეუღლე 10 დღით მაინც დავისვენებთ ზღვაზე, მაგრამ იქ ბავშვები არ დამყავს. ისინი იღლებიან და ვერც მე ვერ ვისვენებ. ბავშვებს დედაჩემს და ძიძას დავუტოვებთ. ადრე კვარიათსა და გონიოში მივდიოდით, ბოლო რამდენიმე წელია შეკვეთილს ვარჩევთ. მომწონს სიწყნარე, რადგან იქაურობა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ათვისებული. კარგად ვერ ვცურავ, ფეხქვეშ მიწას რომ ვეღარ ვგრძნობ, პანიკაში ვვარდები, მაგრამ რა ვქნა, მაინც მიყვარს ზღვა.

- გაიხსენე ყველაზე განსხვავებული დასვენება?

- 2009 წელი იყო. გიგის, ჩემს მეუღლეს, კონცერტები ჰქონდა საფრანგეთში და მეც გავყევი. მოკლედ, პარიზში დავიკარგეთ. ჩემს ქმარს ცუდი ორიენტაცია აქვს, მე - კარგი, მაგრამ ახლაც მიკვირს, ეს ამბავი როგორ დამემართა. სასტუმროს ბარათიც დაგვეკარგა და თან, ყველა სიკეთესთან ერთად, მისი სახელწოდებაც აღარ გვახსოვდა. ისევ მე ვიმარჯვე და იმ ქუჩას მივაგენი, რომელზეც ვცხოვრობდით. ძალიან მომეწონა საფრანგეთი. ან კი, როგორ შეიძლება ნახო ლუვრის მუზეუმი და არ აღფრთოვანდე? ეიფელის კოშკზე არ ავსულვართ, უზარმაზარი რიგი იყო, ტყუილად დრო უნდა დაგვეკარგა და რომელიღაც მუზეუმი ვნახეთ მერე. თვალში მომხვდა და განსაკუთრებულად მოვიხიბლე იქაურების განსხვავებული ჩაცმულობით. არ არიან გადაპრანჭულები და რაღაცნაირად გამორჩეულად, დახვეწილად აცვიათ. ახლა გამახსენდა, შარშანწინ ჩემს მეგობრებთან ერთად ბერლინში რომ ვიყავი ჩოლდპლაყ-ის კონცერტზე, რა დაგვემართა. ტრანსპორტში დროულად ვერ ჩავსხედით, დრო სათანადოდ ვერ გავთვალეთ და რეისზე დაგვაგვიანდა. მთელი ღამე აეროპორტში გავატარეთ. ძალიან ცუდად მახსოვს ეს ამბავი, რამდენადაც კონცერტით ვიყავით ნასიამოვნები, იმდენად ჩაგვშხამდა. მეორედ ვიყიდეთ ბილეთი, რადგან ჩვენი მიზეზით დავაგვიანეთ.

- თამუნა, რომელი ქვეყნის ნახვაზე ოცნებობ?

- ვყოფილვარ თურქეთში, ისრაელში, უკრაინაში, გერმანიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, მაგრამ პორტუგალიის ნახვა მინდა ძალიან, რადგან მათი მუსიკა მომწონს. როგორც გამიგია, არ არის ძვირი ქვეყანა და შეიძლება იქ წასვლაზე ფიქრი.

სოფო ბედია, მომღერალი: GzaPress- ჩემთვის დასვენება ბობოქარ ცხოვრებასთან ასოცირდება. ზოგს ურჩევნია, დაისვენოს განმარტოებით, სიმწვანეში, ბუნებაში და გაატაროს მშვიდად დრო, წიგნის კითხვასა და ფიქრში. ჩემი განტვირთვა კი მეგობრებთან ერთად ენერგიის დახარჯვაა. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვწონს ერთად ყოფნა, მაგრამ ისედაც სულ ერთად ვართ და უფრო კარგად ვატარებთ დროს მეგობრების წრეში. ამიტომ ერთად ვგეგმავთ ხოლმე დასასვენებლად წასვლას და ბევრად უფრო კარგად ვერთობით, დავდივართ კლუბებში, ვიხსენებთ ძველ ამბებს, ვმხიარულობთ ...

- ამ ზაფხულს რა გეგმები გაქვს?

- მთაც მიყვარს და ზღვაც. ვცდილობ ხოლმე, ორივეგან წავიდე, მაგრამ ვერ ვახერხებ. ახლა მივდივარ ქობულეთში, გადაღება მაქვს და თან მეუღლესა და შვილთან, ნიკუშასთან ერთად 10 დღით დავისვენებ. შემდეგ უკვე სამეგრელოსა და გურიას ვესტუმრებით. სამეგრელოში, მარტვილის რაიონში სახლი მაქვს. ლამაზი სოფელია ბობოთი, 2 მდინარე ჩამოდის, ბუნებაც არაჩვეულებრივია. თითქმის იქ გაზრდილი ვარ და ძალიან მიყვარს სოფელში ჩასვლა. ბავშვობის ბედნიერ წლებს მახსენებს, მიყვარს თითოეული კუნჭული და თითქოს იქაურობა მეძახისM კიდეც. გურიაში მეგობარს უნდა ვესტუმრო. ერთი სიტყვით, მთელ დასავლეთ საქართველოს მოვივლით და მგონი, კარგი ზაფხული გვექნება. საერთოდ, სულ ვცდილობ, რომ ყოველი დღე გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს ჩემთვის და ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის. ამიტომ ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რომ ჩემ გარშემო მყოფებს საუკეთესოდ დაამახსოვრდეთ დასვენების დღეები და ზაფხული. არ მინდა ზაფხულის დასრულება. ზამთრის კურორტებიც მიყვარს, მაგრამ ზაფხული მაინც სხვაა.

GzaPressსალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი: - ამ ზაფხულს, როგორც ყოველ წელს, ჯერ მთაში წავიყვანთ ბავშვებს, მერე ზღვაზე. მე ნაკლებად მიყვარს მთაში დასვენება, სიმშვიდე და სიწყნარე, მაგრამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ამ ბოლო წლებში ჩემი შვილების გამო უფრო სტანდარტულად ვისვენებ ხოლმე, რადგან ძირითადად, მათზე უფრო ვარ ორიენტირებული. ამიტომ მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე დღით მარტოებიც მივდივართ ხოლმე დასასვენებლად. ზღვა ჩემთვის შეუდარებელია, რადგან მიყვარს გარუჯვა, ცურვა, მზე...

ნინო ჯავახიშვილი