მცირე შესაძლებლობების მთავრობა და პარტია, რომელიც ლიდერებს ჭამს - გზაპრესი

მცირე შესაძლებლობების მთავრობა და პარტია, რომელიც ლიდერებს ჭამს

ახალ მინისტრთა კაბინეტში 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრია. მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: გიორგი ქობულია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ივანე მაჭავარიანი - ფინანსთა მინისტრი და მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებულ სამინისტროებს უხელმძღვანელებს. ასევე, გაერთიანებულ სამ უწყებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროებს უხელმძღვანელებს ერთ-ერთი ყველაზე ძველი მინისტრი დავით სერგეენკო. იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს დაუქვემდებარეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროც. დანარჩენ უწყებებს ისევ ძველი მინისტრები უხელმძღვანელებენ. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პოსტი კახა კახიშვილმა დაიკავა. ბახტაძის მიერ შერჩეულ და მმართველ გუნდთან შეთანხმებულ მთავრობის ახალ შემადგენლობას პოზიტიურად აფასებს ექსპერტთა ერთი ნაწილი.

- როგორ ფიქრობთ, გაართმევს თუ არა თავს, ქვეყანაში დღეს არსებულ კრიზისს ახალი მცირე მთავრობა?

გია ხუხაშვილი: - ახალი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის ტრანსფორმირების სტრატეგია ჩემთვის სრულიად მისაღებია, კონკრეტულად, რას გააკეთებენ მომავალში, ამას ვნახავთ. მე მთავრობის სამ ახალ და ახალგაზრდა წევრებზე ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან მათ შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. მთავრობის ფორმირების საკითხში ფუნდამენტური და გულის წყვეტას რომ იწვევს, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის დარჩენაა.

ხათუნა ლაგაზიძე: - ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ განათლებასა და მეცნიერებას მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ზოგადად, მინისტრთა ახალ კაბინეტს, ეს მთავრობა წინამორბედებზე მეტად იქნება დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე. ირაკლი ღარიბაშვილი საკადრო საკითხებში გაცილებით მეტი თავისუფლებით სარგებლობდა, მან შინაგან საქმეთა მინისტრიც კი დანიშნა. გიორგი კვირიკაშვილსაც ჰქონდა გარკვეული ტიპის თავისუფლება, უბრალოდ, ძალოვან უწყებაზე აღარ მიუწვდებოდა ხელი. ფაქტია, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილმა ზედმეტის უფლება მისცა თავს. ახლა ის ასეთ თავისუფლებას მამუკა ბახტაძეს აღარ მისცემს.

- ეკონომიკის ახალი მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა საერთოდ არაფერს ნიშნავს და საჭიროა, ქონების სამართლიანად გადანაწილება. ბატონო გია, როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი?

GzaPressგია ხუხაშვილი: - ქონების გადანაწილების იდეა შესაძლოა ბევრმა სხვაგვარად გაიგო, მაგრამ რეალობა ასეთია: დღეს საბანკო სექტორი მთლიანად ეკონომიკაზე დომინირებს და შედეგად, მაღალი ეკონომიკური ზრდა რიგით მოქალაქეებამდე არ მიდის. ფული მხოლოდ ერთეულების ხელში ხვდება, ზოგადი სოციალური ფონი კი არ იცვლება, ამიტომ საჭიროა, ეკონომიკური სტრუქტურა ისე შეიქმნას, რომ ფული სამართლიანად გადანაწილდეს, შეიქმნას საშუალო ფენა, გაიზარდოს დასაქმების ხარისხი და ყველას ღირსეული შემოსავალი ჰქონდეს. აი, ეს არის ქონების გადანაწილება. ქვეყანაში ნამდვილად არის ეკონომიკური ზრდა, ფული არ არის პრობლემა, პრობლემა ფულის გადანაწილებაა. ჩემი აზრით, ახალი მინისტრის ეს გზავნილი ძალიან სწორი იყო. კვირიკაშვილი იმიტომ გაუშვეს, რომ მან დაიწყო საბანკო სექტორის ლობისტობა და შედეგად მივიღეთ კატასტროფა. როდესაც ბანკი ბიზნესში ერთვება, ყველა სხვა ბიზნესი არაკონკურენტუნარიანი ხდება, რაც ეკონომიკას კლავს.

- ახალ მინისტრთა კაბინეტში რუსეთიდან ჩამოყვანილი კიდევ ერთი ჩინოვნიკი გვყავს. ეკონომიკის მინისტრს, ქობულიას ვგულისხმობ. თქვენი აზრით, ეს მხოლოდ დამთხვევაა, თუ დღეს ჩვენს ქვეყანაში ევროპული განათლება აღარ ფასობს?

ხათუნა ლაგაზიძე: - ეკონომიკაში რუსული მოდელი ყველაზე გამანადგურებელია, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. ჯერ ერთი, რუსული ეკონომიკა რესურსებზეა ორიენტირებული და ამ მოდელის ქართულ რეალობაში გადმოტანა სრულიად წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რუსული ეკონომიკა სრულიად კორუმპირებულია, რეკეტზეა ორიენტირებული და რადიკალურად განსხვავდება ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკისგან. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება წარმოიდგინო, ეს რუსული ეკონომიკური მოდელის გადმოღებაა. თუმცა, როდესაც გიორგი ქობულიაზე და მის რუსულ ბიზნესზე საუბრობენ, კახა ბენდუქიძე მახსენდება. მასაც წარმატებული ბიზნესი ჰქონდა რუსეთში და ისიც იყო ეკონომიკის მინისტრი. დღეს უკვე ძალიან ბევრი აღიარებს, რომ ბენდუქიძე თავის დროზე სათანადოდ ვერ დავაფასეთ, მისმა ეკონომიკურმა ხედვებმა ბევრი სასიკეთო რამ გაუკეთა ქვეყანას. რადგან ქობულია რუსეთში აკეთებდა ბიზნესს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ეკონომიკას დაანგრევს, მაგრამ საკადრო ორიენტირი რომ რუსეთისკენ გადავიდა, ფაქტია. ვფიქრობ, ეს განსხვავებული სურათი დასავლეთსაც მოხვდება თვალში. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი.

- საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გაოცება და იმედგაცრუება გამოიწვია, მინისტრთა კაბინეტიდან კახა კახიშვილის გაშვებამ. არასამთავრობოებისა და ოპოზიციონერთა ყველაზე დიდი პროტესტის საგანი კი თეა წულუკიანისთვის პოსტის შენარჩუნება გახდა. თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს, ყველაზე პოპულარული მინისტრის გაშვება და მისი სამინისტროს ფუნქციების, ყველაზე არაპოპულარული მინისტრ წულუკიანისთვის შეთავსება?

- ეს არის "ქართული ოცნების" დიაგნოზი. როდესაც მთავრობაში კახა კახიშვილის რესურსის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავ და თეა წულუკიანის დატოვების აუცილებლობის წინაშე დგახარ, ე.ი. რთული დიაგნოზი გაქვს. კახიშვილი იყო მართლაც, "ქართული ოცნების" ყველა დროის, ყველაზე წარმატებული მინისტრი. ამ აზრზე ჯერდებოდა როგორც ხელისუფლება, ისე - ოპოზიცია. ის ერთადერთი იყო, ვინც ხელისუფლებაში მოსვლით რეიტინგი კი არ დაკარგა, პირიქით, საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ნდობა მოიპოვა. მე თუ მკითხავთ, თავად კახიშვილისთვის კარგიც კი არის, მინისტრთა კაბინეტში რომ არ დატოვეს. ახალი მთავრობა დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ასეთი ცუდი წინასწარი განწყობით ქართველი ამომრჩეველი ჯერ არც ერთ მთავრობას არ შეხვედრია. ასეთ პირობებში შესაძლოა, კახიშვილსაც კი დაეკარგა თავისი რეიტინგი. "ქართულ ოცნებაში" ძალიან შეეშინდათ ასეთი დიდი რეიტინგის მქონე ადამიანის ხელისუფლების მიღმა დატოვების და ამიტომ გადაიყვანეს მთავრობის ადმინისტრაციაში, თორემ იმას კი ვერ მიხვდნენ, რომ კახიშვილის ცოდნა და გამოცდილება უფრო მასშტაბურად უნდა გამოეყენებინათ და სწორედ მისთვის უნდა ჩაებარებინათ ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო.

- და მაინც, რატომ ვერ ელევიან წულუკიანს?

- აქ ორი ფაქტორია: ერთი ის გახლავთ, რომ წულუკიანი კარგი შემსრულებელია. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ხელისუფლება მიიჩნევს, რომ შოთაძის შემთხვევაში ძალიან იჩქარა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა პირველივე მოთხოვნაზე გაუშვა თანამდებობიდან. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ხელისუფლებას არ სურს, საზოგადოებას შეექმნას განწყობა, რომ ხალხის პროტესტსა და ქუჩაში გამოსვლას შეუძლია, სახლში გაუშვას ესა თუ ის მინისტრი.

- შესაძლოა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს აგრესია, იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ხალხის აზრი. სად წავა მაშინ ეს აგრესია და რა შედეგს მოიტანს საბოლოოდ?

- აგრესია თავის გზას იპოვის, როგორც კი გამოჩნდება ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელიც საპროტესტო განწყობის კარგად მართვას შეძლებს. "ქართული ოცნების" ძალა დღეს რამდენიმე ასპექტშია: პირველი გახლავთ საზოგადოების ნიჰილიზმი, დეპრესია (დეპრესირებული საზოგადოება ქუჩაში არ გამოდის. დარდს გულში იკლავს), მეორეა "ნაციონალების" დაბრუნების შიში, მესამე - არაკონკურენტუნარიანი ოპოზიცია და მეოთხე - ადმინისტრაციული რესურსი. ამ ოთხი მოცემულობიდან მთავარი ჩამოეშალათ: ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ საზოგადოება დეპრესიაში კი არ იმყოფება, პირიქით, მზად არის უსამართლობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდეს. თუმცა, რჩება ორი მნიშვნელოვანი მოცემულობა, "ნაციონალური მოძრაობის" შიში და უუნარო ოპოზიცია. დღეს "ქართული ოცნება" აკონტროლებს საინფორმაციო სივრცეს სოციალური ქსელების მეშვეობით და როგორც კი გამოჩნდება ახალი, პოტენციურად რეიტინგული იმიჯის მქონე ფიგურა, ცდილობს საფუძველშივე ჩაკლას მისი აქტივობა. თუმცა, ეს ყველაფერი მუდმივად ვერ გაგრძელდება, ყველაფერი დამოკიდებულია ახალ ძალაზე ან ძალთა ახალ კონფიგურაციაზე.

- როგორ მოხდა, რომ თავად "ქართულ ოცნებაში" არ განვითარდნენ ახალი ლიდერები?

- "ქართულ ოცნებაში" ახალი ლიდერების ეშინიათ. საქმე გვაქვს უნიკალურ შემთხვევასთან, როდესაც პარტია საკუთარ წიაღში აღმოცნებულ ლიდერებს თავადვე ჭამს ან იშორებს. ამის ნათელი მაგალითია კახიშვილი. იგივე სცენარი მუშაობს კახი კალაძის შემთხვევაშიც, უკვე ნათლად ჩანს, რომ "ოცნებას" არც მისი აქტივობა ეხატება გულზე.

ხათუნა ბახტურიძე