რუსთაველის თეატრის ტრიუმფის ეპოქას კიდევ ერთი მსახიობი გამოაკლდა
font-large font-small
რუსთაველის თეატრის ტრიუმფის ეპოქას კიდევ ერთი მსახიობი გამოაკლდა
ვის ოჯახში გაიზარდა დაობლებული სოსო ლაღიძე


საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარდა, მაგრამ კოლეგაზე, სპექტაკლებზე, თეატრში მიმდინარე პროცესებზე, "შვიდკაცაზე", რომლის მოღვაწეობის დროსაც ის რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა, ინტერვიუზე სიამოვნებით გთანხმდებოდა.

გადაღებულია 25-მდე ფილმში, თუმცა, გადასაღებ მოედანზე ისეთ დიდ დროს არ ატარებდა, როგორც თეატრში. ეს მისი მეორე სახლი იყო, სადაც 1959 წლიდან არაერთ ისეთ სპექტაკლში მონაწილეობდა, რომელმაც რუსთაველის თეატრის სახელი მსოფლიოში გაიტანა. რამდენიმე წელი თეატრის ადმინისტრაციასაც ხელმძღვანელობდა.
თავმდაბალი ადამიანი იყო და არასოდეს საუბრობდა იმ სიკეთეზე, რასაც აკეთებდა. "საერთოდ, ადამიანს სიკეთეს რომ უკეთებ, ეს არ უნდა დაიმახსოვრო; უნდა ახსოვდეს მხოლოდ მას, ვინც სიკეთეს იღებს. სიკეთე წყნარად უნდა აკეთო", - მითხრა ერთხელ და ასე იქცეოდა თავადაც. 17 ივლისს იოსებ (სოსო) ლაღიძე რუსთაველის თეატრიდან გააცილეს უკანასკნელ გზაზე.

GzaPressრეპრესირებული ოჯახი
სამწუხაროდ, როგორც მისი თაობის დიდი ნაწილი, სოსო ლაღიძის ოჯახიც 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მამა დაუხვრიტეს, ხოლო დედა მაშინ გარდაიცვალა, როცა ის 6 წლისაც არ იყო. მის მეხსიერებაში ბუნდოვნად იყო შემორჩენილი ომის პერიოდიდან სურათი, როცა დედა ფანჯრებს ფარდებს აფარებდა, მტრის თვითმფრინავებიდან სახლებიდან გამავალი შუქი რომ არ გამოჩენილიყო და ბავშვობის წლებს სულ ახლდა გამუდმებული მოლოდინი და შიში, რომ ერთხელაც მათ კარზე დააკაკუნებდნენ და "ტროცკისტებად" მონათლულებს შორეულ ყაზახეთში გადასასახლებლად ვიღაც მიაკითხავდა, თუმცა, გადარჩნენ...

რეზო ლაღიძის ოჯახში გატარებული წლები
დიდი სანათესავო ჰყავდა. რეზო ლაღიძემ გადაწყვიტა, დაობლებული ბავშვი თავისთან წაეყვანა. მაინცდამაინც ცელქი არ იყო, სკოლაშიც კარგად სწავლობდა, მაგრამ შემდეგში სურათი შეიცვალა, ყოველი მეოთხედის ბოლოს ნიშნების გამოსწორებას უნდებოდა და ამაში "დამნაშავე" ფეხბურთით გატაცება იყო. ამ სპორტმა მის ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ და უმაღლეს ლიგაში მოხვედრის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ფეხი მოიტეხა და თვე-ნახევარი "დინამოს" დისპანსერში გაატარა. ცოტა რომ მოიკეთა, ყავარჯნების დახმარებით სტადიონზე მიდიოდა, თამაშს თვალს ადევნებდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა, რომ თანატოლებთან ერთად სირბილი არ შეეძლო.
ფეხბურთის პარალელურად, რკინიგზელთა სახლში მხატვრული აღზრდის დრამწრეზე დადიოდა. მაშინ კინოს ბილეთი 20 კაპიკი ღირდა. თითქმის ყოველ საღამოს კინოში იყო. ვინაიდან თეატრი და კინო იტაცებდა, რეზო ლაღიძემ ურჩია, საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შეეტანა.

ინსტიტუტიდან თეატრამდე
აკაკი დვალიშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი - ეს ის პედაგოგები იყვნენ, ვისთანაც სოსო ლაღიძემ სტუდენტობის წლები გაატარა. სწავლის დასრულებისთანავე რუსთაველის თეატრში ოთხი ახალგაზრდა მსახიობი მივიდა: სოსო, კახი კავსაძე, ნუგზარ ჯუღელი და რეზო ჩხაიძე. პირველი როლი არჩილ ჩხარტიშვილის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში - "ერთხელ დახოცილებში" მისცეს, სადაც ის და რეზო ჩხაიძე მექოთნეებს თამაშობდნენ. იმ დროს ეროსი მანჯგალაძე და გოგი გეგეჭკორი უკვე ცნობილი მსახიობები იყვნენ. ამ სპექტაკლში ორივე თამაშობდა. ვინაიდან სოსო თეატრში ეროსის შვილობილად ითვლებოდა, როგორც სოსო ლაღიძე იხსენებდა, მხოლოდ მას მიმართავდა სახელით, დანარჩენებს "ბატონობით" ელაპარაკებოდა. დამწყები მსახიობის ცხოვრებაში აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: თეატრში მივიდა თუ არა, რამაზ ჩხიკვაძემ ორ სპექტაკლში - "ხალისიანი მეგობრები" (თამაზი) და "ამბავი სიყვარულისა" (ვეფხია გაბიდაური) თავისი როლები სოსოს გადაულოცა. ამ როლებისთვის რეპეტიციებს გოგი გეგეჭკორთან გადიოდა. კოტე მახარაძემ კი ლენინის როლი დაუთმო. ამის გამო ბიჭიკო ჩხეიძე ეხუმრებოდა თურმე, როგორ შეიძლება შენ ლენინი ითამაშო, ლენინს კი არა, ტროცკის ჰგავხარო...

"შვიდკაცა"
"შვიდკაცას" ლეგენდარულ ეპოქას სოსო ლაღიძე ასე იხსენებდა: "იმ თაობის დავიწყება შეუძლებელია. ისინი ხალხს ძალიან უყვარდა. ამ მსახიობებმა ძლიერი თეატრალური სკოლა შექმნეს. მაყურებელი სალაროში კითხულობდა, დღეს ვინ თამაშობსო. როცა მოლარე სახელებს ჩამოუთვლიდა, ხალხი იმის მიხედვით ირჩევდა სასურველ სპექტაკლს. მახსოვს, მიშა თუმანიშვილმა "როცა ასეთი სიყვარულია" დადგა, მაშინ ჩვენ ახალი მოსულები ვიყავით თეატრში და მასიურ სცენებში დავრბოდით, ეს სპექტაკლი ათჯერ ანშლაგით წარიმართა. თეატრის შესასვლელთან სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი იდგა, რადგან იყო შემთხვევები, როცა ხალხს ემოციისგან გული მისდიოდა".

დამოკიდებულება როლებისადმი
შესრულებული როლებიდან, რომელიმე ერთის გამორჩევა უჭირდა. თეატრში ახალი მისული იყო, "რღვევა" რომ აღადგინეს. იქ ყარაული განასახიერა. ერთ-ერთ სცენაში მტრები კლავდნენ. აი, ეს ეპიზოდი უყვარდა, თუ როგორ "კვდებოდა" ის სცენაზე. გამონაკლისი არ ვარ, მსახიობებს სცენაზე "სიკვდილის" თამაში უყვართო, - ხუმრობდა.
რაც შეეხება რობერტ სტურუას ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სპექტაკლს, "კავკასიური ცარცის წრე", სოსო ლაღიძე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც დაახლოებით 700 წარმოდგენაში ითამაშა და აქედან მხოლოდ 2-ჯერ არ იდგა სცენაზე. მაშინ მსახიობის ერთ-ერთი შვილი გიორგი სამხატვრო აკადემიაში აბარებდა და სურდა, მის გვერდით ყოფილიყო. რეჟისორთან შეთანხმების შემდეგ, მის მაგივრად "კავკასიურში" თენგიზ გიორგაძე შევიდა.
აქვე გეტყვით, რომ სოსო ლაღიძესა და მის მეუღლეს, ინგა ჯიბუტს ორი შვილი ჰყავდათ: გიორგი პროფესიით მხატვარია, ხოლო ანი ინგლისური ენის სპეციალისტი, თუმცა, ისიც ხელოვნებას ემსახურება.

დაუვიწყარი გასტროლები
GzaPress"ორივე ოკეანე გადაფრენილი მაქვს - წყნარი და ატლანტის. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ორჯერ მექსიკაში ჩავიდოდი, ორჯერ ნიუ-იორკში, სამჯერ ბრიტანეთში, ორჯერ ავსტრალიაში და ა.შ. იმ ქვეყნების ჩამოთვლა რომ დავიწყო, სადაც გასტროლები გვქონდა, ალბათ რომელიმე გამომრჩება. ჩვენი თეატრის პირველი გასტროლი, რომელიც 1966-1967 წლებში მოეწყო, დიდად გამორჩეული არ ყოფილა, მაგრამ მინდა გავიხსენო შემდგომი პერიოდი. ეს ის დრო იყო, როცა რობიკო სტურუამ "ყვარყვარე" დადგა. "ყვარყვარე" რომ არ ჩაკეტეს, ამან განაპირობა "კავკასიური ცარცის წრის", "მეფე ლირის", "რიჩარდ მესამის" წარმოშობა... ჩვენი თეატრი ძალიან განსხვავდებოდა ლონდონის "რაუნდ ჰაუზისგან", სადაც "რიჩარდ მესამე" უნდა გვეთამაშა, მაგრამ იმ ცირკისებური ფორმის შენობაში, რობიკოს ფანტაზიამ და ნიჭმა მაქსიმალურად გადააკეთა სპექტაკლი და თეატრის სივრცეს მოარგო. ამას ჩემზე არ ვამბობ, მე ლორდი გრეი ვიყავი, ტახტზე ვიჯექი და სულ ორი სიტყვა მქონდა სათქმელი, მაგრამ როგორი იყო ეს რამაზ ჩხიკვაძისთვის?! იცით, რა ამბავი და "წივილ-კივილი" იყო სპექტაკლებზე? მთელი ინგლისი გადაირია! როგორია, ჩადიხარ ლონდონში, "რიჩარდს" თამაშობ და ინგლისელები ამბობენ, რომ ჩვენ ქართველებისგან ვისწავლეთ, როგორ უნდა შექსპირის თამაშიო. გასტროლები რომ დამთავრდა და საქართველოში ვბრუნდებოდით, ჯერ მოსკოვში უნდა ჩავფრენილიყავით და შემდეგ უკვე თბილისში.Aარასოდეს დამავიწყდება, როდესაც ტრაპზე ასვლისას სტიუარდესას ვკითხე, როგორი ამინდია მოსკოვში-მეთქი. მან კი მიპასუხა: ამინდს თქვენ კითხულობთ? ამინდი ყველგან თქვენ შექმენით - რუსთაველის თეატრმაო"...

რუსთაველის თეატრის განცხადება
რუსთაველის თეატრმა დიდი ტკივილი განიცადა. გარდაიცვალა იოსებ ლაღიძე - კაცი, რომელმაც ცხოვრების ურთულესი გზა ღირსეულად გაიარა.
17 ივლისს მსახიობმა სოსო ლაღიძემ სამუდამოდ დატოვა რუსთაველის თეატრი. თითქმის ექვსი ათეული წელი გაატარა მან ამ კედლებში. გამორჩეულად გვიყვარდა ყველას. მაყურებელიც გრძნობდა მის სულიერ სისპეტაკეს და თაყვანს სცემდა უძვირფასეს სოსო ლაღიძეს. საოცრად კეთილი და მოსიყვარულე იყო ჩვენი სოსო, ყველას ქომაგი და გულშემატკივარი, უბოროტო კაცი.
წლების განმავლობაში სოსო ლაღიძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. სოსო მონაწილე იყო რუსთაველის თეატრის ტრიუმფისა და თავისი განუმეორებელი წვლილი შეიტანა ამ უდიდეს წარმატებაში.
ნიჭთან ერთად სილამაზეც არ დაიშურა მისთვის ბუნებამ და არც არის გასაკვირი, რომ ქართველმა ვაჟკაცმა, ჭეშმარიტმა რაინდმა ეკრანზე გამოჩენისთანავე სამუდამოდ დაიპყრო მაყურებლის გული.
ძვირფასო სოსო, შენი რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებამ მოიცვა, მაგრამ გვჯერა, სიკეთე, მადლი და სიცოცხლის სიყვარული მარად დარჩება ჩვენს გულებში.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
"იქ, სადაც მესაზღვრე არ ივლის, ივლის საზღვრის დამრღვევი..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი