"სააკაშვილს ამსტერდამიდან ამოვთხრი", - რას იხსენებს კობა დავითაშვილი ყოფილ თანამებრძოლზე - გზაპრესი

"სააკაშვილს ამსტერდამიდან ამოვთხრი", - რას იხსენებს კობა დავითაშვილი ყოფილ თანამებრძოლზე

ოდესღაც გენერალისიმუსობაზე ოცნებობდა, შემდეგ დეტექტივობაზეც ფიქრობდა, მის მშობლებს სურდათ, ერთადერთი ვაჟი ექიმის ხალათში ეხილათ. საბოლოოდ იურისტი გახდა. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის სამართლიანობა და კანონის დაცვა იყო. სამართლიანობისთვის წავიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ასევე, სამართლიანობის აღდგენის სურვილით ჩაება აფხაზეთის ომში. გენერალისიმუსის ვერა, მაგრამ ცეცხლის მართვის ოცმეთაურის თანამდებობა მიიღო. რაც ყველაზე მთავარია, ლამაზი ოჯახი შექმნა და ხუთი შვილის მამა გახდა. პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალები, არცთუ უშედეგოდ, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის რანგში მყოფმა ყოფილმა მეგობარმა მტრად მიიჩნია და მისი პოლიტიკურ გვამად გადაქცევა გადაწყვიტა, გარკვეული პრობლემები შეექმნა...

კობა დავითაშვილს ყოფილ თანამებრძოლთან და შვილის ნათლიასთან დაპირისპირება ჯანმრთელობის ფასადაც კი დაუჯდა, მაგრამ არაფერს ნანობს. ამბობს, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ბრძოლის უნარს რომ არასდროს კარგავს და სულიერად არ ეცემა, მშობლების დამსახურებად მიიჩნევს. დღემდე ამაყობს მშობლებით, მათი პატიოსნებითა და მტკიცე ხასიათით. დედა ეკონომისტი გახლდათ, მამა კი რკინიგზის მემანქანე. მიუხედავად იმისა, რომ მის დაბადებას მშობლები 7 წლის განმავლობაში ელოდნენ, არასდროს გაუნებივრებიათ. სითბო და მზრუნველობა არ აკლდა, თუმცა ისიც იცოდა, რომ თუ რამეს დააშავებდა, საკადრისად დაისჯებოდა. დღემდე მწარედ ახსოვს ის ფაქტი, რომ ეზოში ჩხუბისას დედა ყოველთვის მას ამტყუნებდა.

- ბატონო კობა, თანატოლებთან ხშირად ჩხუბობდით?

- არა, ფიზიკურად დიდი ბავშვი ვიყავი და ჩემთან ჩხუბი არავის ეხალისებოდა. არც მე ვიყავი ჩხუბისთავი.

- ალბათ სპორტითაც იყავით დაკავებული.

GzaPress- სპორტის მრავალ სახეობაზე მატარებდნენ, ცურვაზე, ბირთვის კვრაზე, ბარდოს ტყორცნაზე, კლასიკურ ჭიდაობაზე, ძიუდოზე. ძალიან მეზარებოდა სპორტის ყველა იმ სახეობაზე სიარული, რომელიც ფიზიკურ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. ჭადრაკი მიყვარდა ძალიან.

- ბავშვობისას თქვენს მომავალ კარიერაზე თუ გიფიქრიათ?

- მამაჩემი კასპის რაიონიდან გახლავთ, დედა - გორიდან. აქედან გამომდინარე, როგორც კი თვალები ავახილე, კედელზე დაკიდებული სტალინის სურათი დავინახე... ნულ კლასში, ანბანის სწავლა რომ დავასრულეთ და დაგვავალეს, დაგვეწერა, ვის რა გვსურდა გამოვსულიყავით, მე ასეთი რამ დავწერე: "რადგან ძალიან მიყვარს. ი. ბ. სტალინი, მინდა გამოვიდე გენერალისიმუსი". მესამე კლასში მივხვდი, რომ ეს სამხედრო წოდება გაუქმებული იყო და საბჭოთა კავშირის მარშლობაზე დავიწყე ფიქრი. დროთა განმავლობაში ჩემში არარეალური ამბიციები შემცირდა და ბოლოს იურისტობა გადავწყვიტე. ყმაწვილკაცობაში ძალიან მიყვარდა დეტექტივები (ახლაც მიყვარს) და გამომძიებლობა მინდოდა, ამიტომ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე.

- როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებდით, თუ წარმოიდგენდით, რომ პოლიტიკოსი გახდებოდით?

- წარმოვიდგენდი. როგორც კი უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაშინვე პოლიტიკაში მოვხვდი.

- თქვენი პირველი პოლიტიკური აქტივობა რა იყო?

- პირველი პოლიტიკური აქტივობა ჯერ კიდევ სკოლაში მომხდარ ამბავს უკავშირდება. VII კლასში ვიყავი, როდესაც ოფიცერთა სახლში, 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვედი. შედეგად მქუხარე ტაში და ოვაციები დავიმსახურე.

- ასეთი რა თქვით?

- ბევრმა არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ქერჩთან უმთავრესად ქართული დივიზიები იბრძოდნენ. ქართველების დიდი ნაწილიც სწორედ იქ დაიღუპა. 9 მაისს ამ დივიზიიდან დარჩენილი მებრძოლებისთვის იმართებოდა ღონისძიება. ვთქვი, რომ მეორე მსოფლიოში ომში გამარჯვებას უნდა ვუმადლოდეთ ქართველ კაცს, იოსებ სტალინს, რომელიც რუსებმა დაივიწყეს, მაგრამ ქართველები არასდროს დავივიწყებთ. ამ სიტყვებზე წამოხტნენ ვეტერანები... ტაში Mმქუხარე შეძახილებში გადაიზარდა. ჩემი მასწავლებელი ცოტა არ იყოს, შეშინებული მიყურებდა.

- როდის გათავისუფლდით სტალინის ხიბლისგან?

- ხრუშჩოვის პოლიტიკური პროპაგანდა იმისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა, თითქოს სტალინი იყო ცუდი, ლენინი კი კარგი. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების აზრით, სტალინი და ლენინი ერთ საქმეს ემსახურებოდნენ და სტალინს მხოლოდ იმიტომ ებრძოდნენ, რომ ქართველი იყო. ამ აზრზე მანამდე ვიყავი, ვიდრე 1987 წელს, რუსულ ჟურნალ "აგანიოკში" რუსი მწერლის, სალაუხინის სტატია არ გამოქვეყნდა იმის თაობაზე, რომ ლენინი სტალინზე არანაკლებ ცოდვილი იყო. რუსებმა სტალინთან ერთად ლენინიც რომ გაასწორეს მიწასთან, მივიჩნიე, რომ სამართლიანობა აღდგა და ჩემს ეროვნულ ცნობიერებას სტალინის ელემენტი ჩამოსცილდა. შემდეგ იყო ეროვნული მოძრაობა... 1988 წელს, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სამ ნაწილად იყო დაყოფილი: პირველი იყო რადიკალური ფრთა "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია, გია ჭანტურიას ხელმძღვანელობით, რომლებიც საერთოდ უარყოფდნენ საპარლამენტო ბრძოლის ხერხებს. მეორე გახლდათ, ასევე რადიკალური ფრთა, ზვიად გამსახურდია, "ჰელსინკის კავშირთან" და სხვა მოკავშირეებთან ერთად, რომლებმაც პოზიცია რადიკალურიდან ზომიერისკენ შეიცვალეს და არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მესამე, ზომიერი ფრთა, რომლის ტიპური წარმომადგენელი იყო "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული არჩევნები საქართველოში" ანუ "დასი", რომლის ერთ-ერთი რიგითი წევრი გახლდით მე. თუმცა, მალე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი დამეკისრა. იმ პერიოდისთვის მამაჩემი, რომან დავითაშვილი საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახლდათ. ის იყო მუშათა კლასის წარმომადგენელი, უპარტიო. დადგა დრო და ეროვნულ მოძრაობას უმაღლესი საბჭოს წევრის დახმარება დასჭირდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტებს შეიტანდა. ეს ფუნქცია მამაჩემმა დიდი სიხარულით იტვირთა. ასე რომ, პირველი დეპუტატი, რომელიც უმაღლეს საბჭოში ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენდა, მამაჩემი გახლდათ. 1988 წლიდან 1990 წლამდე (სანამ უზენაესი საბჭო არ აირჩიეს, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით) კანონპროექტები, კონსტიტუციაში ცვლილებებიც, საკანონმდებლო ორგანოში მამაჩემს შეჰქონდა. მე კი მისი თანაშემწე გახლდით და კანონპროექტების მომზადებაშიც ვმონაწილეობდი უფროს კოლეგებთან ერთად. ე.ი. პირველი ეროვნული დეპუტატის თანაშემწე ვიყავი საქართველოში. საპარლამენტო ბრძოლის 30-წლიანი გამოცდილება მაქვს.

- სამოქალაქო ომის დროს როგორი იყო თქვენი პოზიცია?

- გონებით კანონიერი ხელისუფლების მხარეს ვიყავი, რადგან მესმოდა, რომ ამ ხელისუფლების დამხობა უკანონო იყო და მძიმე შედეგებს მოუტანდა ქვეყანას. თუმცა, გულით პუტჩისტებს თანავუგრძნობდი. მაშინ მიმაჩნდა, რომ ზვიად გამსახურდიამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ამ ომში მონაწილეობა არ მიმიღია. მას მაყურებელი მეტი ჰყავდა, ვიდრე მონაწილე.

- ალბათ ბევრს არ სურდა საკუთარი თანამემამულის სისხლის დაღვრა.

- ჩემი აზრით, ბევრი პროცესებს აკვირდებოდა, რომ მერე გამარჯვებულის მხარეს დამდგარიყო. ხალხმა, რომელმაც ზვიად გამსახურდია აირჩია პრეზიდენტად, მერე ხმა მისცა შევარდნაძეს, შემდეგ სააკაშვილს, ივანიშვილს. ამ ამბავმა ქართველი ხალხის კონფორმისტული ხასიათი გამოავლინა. ხომ გაგიგიათ ქართული გამოთქმა, "ვინც მოვიდა, გაუმარჯოს" ე.ი. ვინც წავიდა, ერთი იმისიცო... ეს ხომ არასწორი მიდგომაა? დიდი პატივისცემის გრძნობა მაქვს ბარიკადების ორივე მხარეს მებრძოლი ადამიანების მიმართ, რომლებსაც საკუთარი პრინციპები ჰქონდათ და ჩირგვებში მჯდარნი არ ელოდნენ ახალ პატრონს, რომ მერე კუდი ექიცინებინათ მისთვის.

- როგორც ვიცი, აფხაზეთის ომის დროს აღარ გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება...

GzaPress- აფხაზეთის ომის დროს, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და სახელმწიფოს მეთაურის აპარატში ვმუშაობდი. სახელმწიფო მრჩევლის ჩინი მქონდა. ერთ დღესაც კომისარიატიდან უწყება მომივიდა. მაშინ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება კარგ ტონად მიიჩნეოდა. გაირკვა, რომ დიდუბის კომისარიატს, საგაზაფხულო გაწვევისთვის სამასი უწყება გაუგზავნია. კომისარიატში კი მხოლოდ ორნი გამოვცხადდით, მე და ერთი მამით ობოლი ბიჭი, რომელსაც ინვალიდი დედა ჰყავდა. კომისარს კანონით დავუსაბუთე, რომ შრომისუუნარო ქალის ერთადერთი, მარჩენალი შვილის ჯარში გაწვევა არ შეეძლო. შეეშინდა, ეგონა, რევიზია ვიყავი. დავამშვიდე, რევიზია არ ვარ, ეს კაცი გაუშვი და მე მივდივარ-მეთქი. ჩემი საბუთები რომ ნახა, დაიბნა, - ხომ შეგიძლიათ, ჯავშანი მოითხოვოთო? ჯავშანი არ მოვითხოვე, რადგან ვალდებულად მივიჩნევდი თავს, ჩემი ქვეყანა დამეცვა... ერთი სიტყვით, თვე-ნახევრის განმავლობაში საარტილერიო სასწავლებელში, დაჩქარებული მომზადების კურსები გავიარე და ცეცხლის მართვის ოცმეთაურის თანამდებობა მომანიჭეს. საბრძოლო ნათლობა ახალი კინდღის მიდამოებში მივიღე. სოხუმი ჩემი ჩასვლიდან ორ კვირაში დაეცა. არადა, წინადღეს ძალიან კარგად ვიბრძოლეთ. ახალდაბის მიმართულებით სრულიად გავწმინდეთ მტრის მიერ დაკავებული ტერიტორია. შემდეგ ჩვენი ორი ქვეითთა დანაყოფი სხვადასხვა მიმართულებით შევიდა ახალდაბაში და იმის გამო, რომ კავშირი აღარ ჰქონდათ, ერთმანეთს გაუხსნეს ცეცხლი. ორივე შენაერთმა მხოლოდ იმიტომ დატოვა ახალდაბა, რომ ეგონა, მტერმა გაუხსნა ცეცხლი. სრული ქაოსი იყო, ყველა ქვედანაყოფს თავისი უფროსი ჰყავდა, რომლებსაც ერთმანეთთან კოორდინაცია არ ჰქონდათ. გენერლებს ომისთვის სულ არ სცხელოდათ, პოლიტიკური თამაშებით ერთობოდნენ.

- თქვენი აზრით, აფხაზეთის ომის მარცხი არაორგანიზებულობის შედეგი იყო, თუ მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომების?

- არაორგანიზებულობისა და შიდა დაპირისპირების. საარტილერიო დანაყოფს ხუთი ჰაუბიცა, ხუთი ქვემეხი და ხუთი გრადი გვქონდა. საკმაოდ ძლიერი შენაერთი გვყავდა, ფრონტის გარღვევა და სოხუმისკენ გასვლაც შეგვეძლო, მაგრამ არაორგანიზებულობამ დაგვღუპა. როგორც წესი, არტილერისტები ზურგში ვიდექით და 8 კილომეტრიდან ვესროდით მტერს. წინ ქვეითები იყვნენ გამაგრებული. ქვეითი დანაყოფის ფუნქციაა, რომ მტერი ათ მეტრში არ მოუშვას. ჩვენ მარცხენა ფლანგს ლოთი ქობალიას ქვეითი რაზმი გვიმაგრებდა, მარჯვენა ფლანგს სხვა შენაერთი. პირველი სამი დღე კარგად ვისროდით, რადგან მზვერავთა ჯგუფი რაციით მტრის ზუსტ კოორდინატებს გვაწვდიდა. მესამე დღეს რაციის აკუმულატორი დაჯდა, შტაბში კი ახალი არ მოგვცეს, არ გვაქვსო, არც კოორდინატები მოგვცეს, თუ საით უნდა გვესროლა. სამი დღე ამხელა შენაერთი უქმად ვიდექით. ბოლოს ბრძანება მივიღეთ, ძველი კოორდინატებით ისროლეთო. ვისროლეთ და... მტერმა 200 მეტრიდან გაგვცა პასუხი, ავტომატის ჯერით. როგორც გაირკვა, ლოთი ქობალიამ სოხუმის დაცემის ამბავი გაიგო თუ არა, დაცვა გაუფრთხილებლად მოგვიხსნა და წავიდა. მტერმა ალყაში მოგვაქცია. მიუხედავად ამისა, ერთი ჰაუბიცა და ჭურვი არ დაგვიტოვებია, ტყვიების ქვეშ დავტვირთეთ მანქანები და წამოვედით. გზად მიმავლებს გრადის მანქანა აგვიფეთქდა, თურმე დანაღმულ ველზე მოვდიოდით. როგორც მერე გაირკვა, ეს ველიც ჩვენების დანაღმული ყოფილა. 20 კილომეტრი ფეხით ვიარეთ. სხვებს ჩამოვრჩი და ოჩამჩირეში არტილერიის ადგილობრივ შტაბში ყველაზე გვიან მივედი. ადგილზე მისულს კაციშვილმა არ მკითხა, ვინ ხარო, იქნებ მტერი ან დივერსანტი ვიყავი? ვინაიდან გზად რამდენიმე მდინარის გადაცურვამ მომიწია და სულ სველი ვიყავი, ტანსაცმლის გამოცვლა გადავწყვიტე. შტაბში უცებ სიჩუმე ჩამოწვა, ფანჯრიდან რომ გავიხედე, ვეღარავინ დავინახე, ყველა წასულა. გადავწყვიტე, სადმე გავმაგრებულიყავი და მტრისთვის ცეცხლი გამეხსნა. ვიფიქრე, გმირულად მაინც მოვკვდები-მეთქი. ამ დროს ერთი ღვთისნიერი კაცი გამოჩნდა, მითხრა, - წამო, აქვე ახლოს ბეტეერი ჩაუქრათ, მივაწვეთ, დაიქოქება და ჩვენც წავალთო. ბოლო ბეტეერით დავტოვე აფხაზეთი.

- ამ პერიოდში დაქორწინებული იყავით?

- არა, მე და ინგამ ერთმანეთი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, 1997 წელს გავიცანით. ისიც იურისტია. ულტიმატუმი წავუყენე, 48 საათში უნდა გადაეწყვიტა, გამომყვებოდა თუ არა ცოლად. შტურმით ავიღე.

- რა განცდა გქონდათ, როდესაც პირველად გახდით მამა?

- განცდები, სანამ მამა გავხდებოდი, მანამდე უფრო მქონდა. სულ ვნერვიულობდი, ჩემი ცოდვები შვილებს არ დახვედროდათ წინ.

- ასეთი რა ცოდვები გქონდათ?

- უცოდველი არავინაა.

- შვილების მიმართ რამდენად მკაცრი ხართ?

- არათანამიმდევრული ვარ. ეს კარგი არ არის, მაგრამ რას ვიზამ. ვცდილობ, ლმობიერი ვიყო, ვითმენ, ვითმენ, მერე ნამეტანს რომ იზამენ, ავფეთქდები. ეს აფეთქება უზრუნველყოფს შემდეგი ნახევარი წლის სიმშვიდეს, მორიგ აფეთქებამდე.

- თქვენი ერთ-ერთი შვილის ნათლიასთან დღეს მტრული დამოკიდებულება გაქვთ. არასდროს გიცდიათ, ნათელ-მირონის ხათრით ურთიერთობა მოგეგვარებინათ?

- ქართლელებისთვის საქმეში ნათესაური ურთიერთობა არაფერს ნიშნავს.

- სააკაშვილი როგორ გაიცანით?

- პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტში ვმუშაობდი. სააკაშვილმა რომ ნახა ჩემი მუშაობის მეთოდები, მოეწონა და იურიდიულ კომიტეტში, თავისთან აპარატის უფროსად გადასვლა შემომთავაზა.

- თქვენ შორის დაპირისპირების საგანი პირველად რა გახდა?

- "რუსთავი 2". იურიდიულ კომიტეტში რომ გადავედი, ასეთი რამ მოხდა: 1996 წელი იყო, "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს, ეროსი კიწმარიშვილსა და ფიქრია ჩიხრაძეს შორის კონფლიქტი მოხდა. ფიქრია მაშინ პარლამენტის წევრი იყო, "მოქალაქეთა კავშირის" სიით და ამ საქმის გამო შევარდნაძე შეაწუხა. შევარდნაძემ ფრიდონ ინჯიას დაურეკა, რომელიც მაშინ კავშირგაბმულობის მინისტრი იყო. შედეგად, ინჯიამ "რუსთავი 2"-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა. ტელეკომპანიამ კი სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ჩვენთან, იურიდიულ კომიტეტშიც შემოვიდა განცხადება, კიწმარიშვილი განმარტებას ითხოვდა, თუ რამდენად კანონიერი იყო ტელევიზიისთვის მაუწყებლობის შეწყვეტა. ჟვანიას დავალებით, სააკაშვილმა გამაფრთხილა, რომ ამ განცხადებაზე რეაგირება არ მომეხდინა. თავად კი საფრანგეთში გაემგზავრა. კანონის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებისა და პრესის საქმიანობის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ანუ ინჯია არ იყო უფლებამოსილი, შეეჩერებინა ტელევიზიისთვის მაუწყებლობა. მაშინ სააკაშვილის პირველი მოადგილე ნინო ბურჯანაძე იყო. განცხადებაზე პასუხი მოვამზადე და ხელმოსაწერად მას შევუტანე. ნინომ მკითხა, შენ რას ფიქრობო? ვუთხარი, - კანონის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ-მეთქი. შედეგად სასამართლომ მოახდინა ამ წერილის ციტირება: "გაუქმდეს მინისტრის გადაწყვეტილება და აღდგეს ტელეკომპანიის მაუწყებლობა". აი, სწორედ ამის გამო გამაგდო მიშამ სამსახურიდან.

- ამ დროს ის უკვე იყო თქვენი შვილის ნათლია?

- მაშინ ჯერ დაქორწინებული არ ვიყავი. სხვათა შორის, ეს ამბავი დიდად არ მიდარდია, რადგან ჩემი შემოსავალი კერძო სექტორში გაცილებით დიდი იყო, ვიდრე პარლამენტში. კერძო ადვოკატი და აუდიტორული ფირმის დირექტორი ვიყავი. 1996-98 წლებში 2.000 დოლარი უზარმაზარი თანხა იყო. სწორედ მაშინ გავიმართე წელში, ცოლი მოვიყვანე, მანქანა ვიყიდე...

ხათუნა ბახტურიძე