"მის და მისტერ პლანეტა" საქართველოდან - გზაპრესი

"მის და მისტერ პლანეტა" საქართველოდან

გოგონებიდან 22 წლის ნინი გველესიანმა გაიმარჯვა, ვაჟებიდან კი - 20 წლის ლუკა თიგიშვილმა...

Miss & Mister Planet Georgia-ს კონკურსანტი გოგონების ჩაცმულობაზე ფატუნა ბუშიჰედმა იზრუნა, ხოლო ვაჟებისაზე - ტატანამ. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ქართველმა მომღერლებმა: ნინი შერმადინმა და მარკუს მეტრეველმა. ასევე, მარკუს მეტრეველი Miss & Mister Planet Georgia-ს ეროვნული დირექტორია, ხოლო ეკა მგალობლიშვილი - კონკურსის დამფუძნებელი. ქალბატონი ეკა საღამოს წამყვანის ამპლუაშიც გახლდათ...

კონკურსს 25 მონაწილე ჰყავდა - 10 გოგონა და 15 ვაჟი. ჟიურის წევრებს გამარჯვებული გოგონას შერჩევა არ გასჭირვებიათ, თუმცა, მთავარი "მისტერის" გამოვლენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა: ხმები გაიყო, ჟიურის წევრებს შორის კამათი გაიმართა, საქმეში მარკუს მეტრეველიც ჩაერთო და საბოლოოდ, "მისტერ პლანეტის" (საქართველოდან) ტიტული ლუკა თიგიშვილს ხვდა წილად...

ლუკა თიგიშვილი: GzaPress- ამ კონკურსში გამარჯვება ჩემი წინსვლისთვის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი გზაა. ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვე. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. თითოეულ ორგანიზატორს, ჟიურის წევრებს და რა თქმა უნდა, მაყურებლებს მადლობას ვუხდი.

- რას გრძნობდით, როცა კონკურენტის გვერდით იდექი, ჟიურის წევრები კი ხმამაღლა, თქვენს გარეგნობას აფასებდნენ?

- მეტი ადრენალინი იყო... ცოტათი ორივე ვნერვიულობდით. კომპეტენტურმა ჟიურიმ ასე გადაწყვიტა და დიდი მადლობა მას.

- როგორც ვიცი, სამოდელო სფეროში მუშაობის გამოცდილება გაქვს, არა?

- კი, "ფეშენ ვიკებზეც" გამოვდივარ ხოლმე.

- Miss & Mister Planet Georgia-ს კონკურსისთვის როგორ ემზადებოდი?

- ვივარჯიშე, თუ როგორ წარმედგინა საკუთარი თავი. ეს არცთუ ისე ძნელი იყო.

- საერთაშორისო Miss & Mister Planet-ისგან რას ელი?

- არ ვიცი, რა მოხდება. მოვლენების განვითარებას დაველოდები...

- როგორ ფიქრობ, სილამაზის კონკურსზე შენი "მომგებიანი მხარე" რა არის?

- როგორც ხალხი მეუბნება, უცხო, აზიური გარეგნობა მაქვს...

- რას საქმიანობ?

- სეუ-ში, მენეჯმენტის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ასევე, მუსიკის წერით ვარ დაინტერესებული. ამ საქმეზე სერიოზულად ვფიქრობ...

ნინი გველესიანი: GzaPress- რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი მქონდა - კონკურსზე ამიტომ გავედი. არა მხოლოდ მე, არამედ ყველა მონაწილეს გამარჯვების იმედი აქვს. ძალიან კარგი კონკურსანტები იყვნენ. ყველა მათგანს ვუსურვებ წარმატებას!

- კონკურსისთვის როგორ ემზადებოდი?

- გადატვირთული განრიგის მიუხედავად, რეპეტიციებზე სიარულს მაინც ვახერხებდი, ვვარჯიშობდი, ფოტოსესიებზე დავდიოდი... მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელი პერიოდი რთული იყო, მაინც სასიამოვნოდ მახსენდება.

- კიდევ რამეს საქმიანობ?

- ერთ-ერთ კომპანიაში, გაყიდვების მიმართულებით ვმუშაობ.

- პროფესიით ვინ ხარ?

- 3-4 წელია, დიჯეი ვარ.

- ეს პროფესია როგორ შეისწავლე?

- 2012 წელს "მის თინეიჯერი საქართველო" გავხდი. შემდეგ, სამოდელო სააგენტო "კატრინიდან" ჩინეთში გავემგზავრე. იქაური კლუბური სიტუაცია ძალიან მომეწონა - დიჯეი, სცენა... დიდი სურვილი მქონდა, დიჯეობა მესწავლა და მომზადება დავიწყე. სხვათა შორის, სწრაფად ავითვისე: ორ კვირაში უკვე კარგად გამომდიოდა. დროთა განმავლობაში, მთავარი დიჯეი გავხდი. ეს პროფესია მომწონს, თუმცა საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობას არ ვაგრძელებ.

- ამის მიზეზი რა არის?

- ხალხის რეაქცია.

- ანუ?

- მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, 21-ე საუკუნეაო, გოგონა დიჯეის დანახვა მაინც უკვირთ. ერთხელ, როცა თბილისის კლუბში მივედი და უნდა დამეკრა, ხალხს ცუდი რეაქცია ჰქონდათ... ამიტომ გადავწყვიტე, რომ საქართველოში დიჯეიდ არასოდეს ვიმუშაო.

- აქტიური მოდელი ხარ?

- ყველანაირად ვცდილობ, აქტიური მოდელი ვიყო. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მოდელს საქართველოში თითქმის არანაირი შემოსავალი არ აქვს, ამიტომ სხვა სფეროში ვმუშაობ, სადაც წინსვლის პერსპექტივას ვხედავ. ყველანაირად ვცდილობ, ჩემი სამსახური და მოდელობა ერთმანეთს შევუთავსო, რადგან სამოდელო სფერო ძალიან მიყვარს.

- ჩინეთიდან რატომ დაბრუნდი?

- 22 წლის ვარ. მშობლებისა და მეგობრებისგან ასე შორს დიდი ხნით ყოფნა ძნელია. ერთადერთი მიზეზი ეს იყო, რის გამოც საქართველოში დავბრუნდი. უკვე წელიწად-ნახევარია, რაც აქ ვარ.

- Miss & Mister Planet-ის საერთაშორისო კონკურსისგან რას ელი?

- მიღწეულს არასოდეს ვჯერდები. ყოველთვის წინსვლას ვცდილობ. ყველანაირად ვეცდები, რადაც უნდა დამიჯდეს, Mისს & Mისტერ Pლანეტ-ის საერთაშორისო კონკურსზეც გავიმარჯვო!

მე-4 წელია, რაც სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელობით, მსოფლიო სილამაზის კონკურსის - Mისს & Mისტერ Pლანეტ ფინალი ყოველ სექტემბერს, საქართველოში იმართება. ჩვენს ქვეყანას 30-35 ქვეყნის "მისი" და "მისტერი" სტუმრობს, საერთაშორისო ჟიურის თანხლებით. 2015 წელს "მის პლანეტა" თინათინ ბაბლუანი გახდა, 2017 წელს საქართველო ზურა წილოსანმა ასახელა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ვაჟებს შორის გაიმარჯვა, წელს კი იმედია, ლუკა თიგიშვილი და ნინი გველესიანი საქართველოს ასახელებენ. 21 ივლისს, "მის და მისტერ პლანეტის" გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსისთვისაც შეარჩიეს საქართველოს წარმომადგენლები.

ეთო ყორღანაშვილი