ფართოდ გახელილი თვალებით დანახული რეალობა და ახალი მოლოდინი - გზაპრესი

ფართოდ გახელილი თვალებით დანახული რეალობა და ახალი მოლოდინი

ივანიშვილის მიერ საჯაროდ გახმოვანებულ გზავნილებზე უამრავი აზრი გამოითქვა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მხრიდან. მმართველი გუნდის წარმომადგენლები, როგორც წესი, ხოტბას ასხამენ, ოპოზიციონერები კი პირიქით, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

ასევე, არაერთგვაროვანია პოლიტოლოგებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნები და ანალიზები. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი სულაც არ ჰგავდა საკუთარ თავს. ზოგს ის დაბნეული და შეშინებული მოეჩვენა, ზოგმა შეიცოდა კიდეც, მეორე ნაწილის აზრით, ივანიშვილმა ახალი მრავალსვლიანი თამაში წამოიწყო. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გამოსვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა იმის მტკიცება, რომ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში დამნაშავე ის კი არა, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, მისი ეკონომიკური გუნდი და არაკონსტრუქციული ოპოზიციაა. საინტერესოა, როგორ აფასებს ივანიშვილის გზავნილებს საზოგადოება და რამდენად იზიარებს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ექსპერტების შეფასებებს.

ირმა სოხაძე, მომღერალი: GzaPress- ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ პატარა იმედი ისევ გამიჩნდა. მოდი, ობიექტურ სურათს ფართოდ გახელილი თვალებით შევხედოთ: ბოლო 6 წლის განმავლობაში, ივანიშვილთან დაკავშირებული მოლოდინები არ გამართლდა. რბილად რომ ვთქვათ, იმედგაცრუებული დავრჩი როგორც მე, ასევე ხალხის უმეტესობა და ამას ვერავინ უარყოფს. მომეწონა, რომ ივანიშვილი რეალურად ხედავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და აპირებს ამის გამოსწორებას. იმედი მაქვს, ახლა უფრო ფრთხილად მოეკიდება საკადრო საკითხს და ადამიანებს იოლად აღარ ენდობა. ფაქტია, დღემდე, საკვანძო ადგილზე მოყვანილმა მისმა არც ერთმა კადრმა არ გაამართლა. შესაძლოა, ვინმემ თქვას, თუ აქამდე ვერ არჩევდა კადრებს, ახლა რა შეიცვლებაო, მაგრამ ვფიქრობ, ამჯერად შეცდომებს გაითვალისწინებს. ჩემი აზრით, კადრების შერჩევის დროს წესიერებასა და პატიოსნებაზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ასეთ ღატაკ ქვეყანაში პოლიტიკოსების მიერ კორუფციული მაქინაციების ხლართვა უპატიებელი დანაშაულია. არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ და არც იმას ვითხოვ, რომ ყველა ციხეში გამოამწყვდიონ, მაგრამ თუ ვინმეს მართლა მიუძღვის წვლილი ხალხის გაღატაკებასა და ბავშვების დამშევაში, მხოლოდ საყვედურებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ჩემთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანი იყო საუბარი ეკონომიკასა და დემოკრატიაზე. ცოტა არ იყოს, უცნაურად მომეჩვენა ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ეკონომიკური საქართველო ჩამორჩება პოლიტიკურ საქართველოს, ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას. მე ვერ ვხვდები, რა ნიშნით უსწრებს დემოკრატია ეკონომიკას. რასაც გვინდა, იმას რომ ვლაპარაკობთ და ამის გამო არ გვიჭერენ, ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს, უკიდურეს შემთხვევაში კი ხალხის ინტერესების გათვალისწინებას მმართველობაში. მე ამას ვერ ვხედავ. ახლა ორი სიტყვა საბანკო სისტემაზეც მინდა ვთქვა. მართლაც შეჭამეს ბანკებმა ქართველი ხალხის ქონება და ნერვები. სხვათა შორის, ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვისაუბრე და საზოგადოების ნაწილმა ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო. შედეგად, მათი გულისწყრომა დავიმსახურე. მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ბოდიში მოვუხადო მათ, ვისაც გული ვატკინე და თან ჩემი პოზიცია დავაზუსტო. რამდენადაც ვიცი, არც ერთ ქვეყანაში არ არის ისეთი მაღალი საბანკო საპროცენტო განაკვეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია, ეს რეალობაა და ვერავინ უარყოფს, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ ხომ წინასწარ ვიცით და მხოლოდ მაშინ არ ვიგებთ, როდესაც პროცენტის გადახდის დრო დგება? მოდი, ჩემო ძვირფასო ხალხო, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ ავიღებთ ბანკის ვალს. მესმის, შესაძლოა, ვიღაც ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, ბინა ბანკში ჩადოს კი არა, სულაც გაყიდოს, მაგრამ ბიზნესის დასაწყებად, ქორწილის გადასახდელად და კომფორტისთვის არ ღირს გარისკვა. მე მიჭირს თუ მილხინს, ბანკებს სათოფეზე არ ვეკარები. სულ რომ მოვკვდე, იქ არ მივალ. ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ცოტა ამ მხრივაც გამიჩნდა იმედი, იქნებ ბანკის ვალი ძალიან გაჭირვებულებს მაინც გაუნახევრონ, გადაუვადონ ან რაიმე ტიპის გამოსავალი მონახონ. აბა, მართლა შიმშილით ხომ არ დახოცავენ ხალხს?!

ნათია ბეროშვილი, ფსიქოლოგი:- მგონი ივანიშვილი ცდილობს, ხელიდან გაშვებული მართვის სადავეები დაიბრუნოს და სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს. იფიქრა, ესენი ჩემი შექმნილები არიან, მე ვაქციე პოლიტიკოსებად, შესაბამისად, პრობლემებს არ შემიქმნიანო. როგორც ჩანს, ამჯერადაც შეცდა, თავადვე აღიარა, რომ კვირიკაშვილი აღარ ემორჩილებოდა. ამან დისკომფორტი შეუქმნა. ალბათ შეეშინდა, მის მილიონებს პრობლემა არ შეჰქმნოდა და ამიტომაც "გადააყირავა" კვირიკაშვილი. დავრწმუნდი, რომ არც პოლიტიკა აინტერესებს და არც ქვეყნის მომავალი. მისთვის მთავარია, რომ ხელისუფლებაში იყოს გუნდი, რომელიც პირადად მას არ შეუქმნის დისკომფორტს და თავისი ახირებების განხორციელებაში ხელს არ შეუშლის.

ბექა მაისურაძე, იურისტი: - მჯერა ივანიშვილის და მეც ვადასტურებ, რომ ბანკებმა ნამდვილად გადაჭამეს ქვეყანა, მაგრამ ვერ გამიგია, რატომ არ ჩაერია ამ საქმეში ივანიშვილი უფრო ადრე? მე არ მჯერა, რომ ივანიშვილმა ადრე არაფერი იცოდა და კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა მას კვლევები და დასკვნები დაუმალეს. ხალხი რომ სიღარიბეში იხრჩობა და ქვეყანაში კორუფციაა, ამაზე ლაპარაკობს პრესა და ტელევიზია. ხალხის უკმაყოფილებაზე მეტყველებს მომრავლებული საპროტესტო აქციები, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. რა გამოდის, ივანიშვილი არავის უსმენს და არავისი სჯერა, საკუთარი გარემოცვის გარდა? არასერიოზულია მისგან იმის თქმა, რომ დღემდე არ იცოდა, თუ რა გასაჭირში იყო ქვეყანა. ამიტომ ამბობს, მე არაფერში ვარ დამნაშავე, ყველაფერი კვირიკაშვილის ბრალიაო. კვირიკაშვილი მე დავსვი პრემიერ-მინისტრად? ეგ არ იყო, რომ გვეუბნებოდა, კვირიკაშვილი ევროპული დონის პოლიტიკოსი და მაღალი ზნეობის ადამიანიაო? თუ კვირიკაშვილის შესახებ მომატყუა, რა გარანტია მაქვს, რომ ბახტაძეზე არ მატყუებს?

გია ჯაჯანიძე, ტელეწამყვანი: GzaPress- ვიჯექი გატრუნული, ვისმენდი და მჯეროდა. არ მესმის ადამიანების, რომლებიც ყველას ეჭვის თვალით უყურებენ. რა ვქნა, არ მჯერა, რომ ქართველს უნდა საქართველოს დაღუპვა და დაქცევა. ამიტომ ყველაფერი დავიჯერე, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა. მის ინტერვიუში ყველაზე მნიშვნელოვნად სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებული თემები მომეჩვენა. პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია, ხალხს არ შიოდეს და ქუჩაში არ იდგეს. ბანკებს რაც შეეხება, ძალიან მეშინია მათი. ცხოვრებაში არ ამიღია სესხი. თუ გამიჭირდა, მირჩევნია, თავზე "ცელოფანი" გადავიფარო და ქუჩაში გავიდე, ვიდრე ბანკს მივაკითხო სესხისთვის. ბიძინა ივანიშვილს რომ ვუსმენდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი პოზიციის სიმართლეში.

მზია ხარშილაძე, ისტორიკოსი: - ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლა ბევრი თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, მან დროულად აუღო ალღო კრიზისულ ვითარებას და სიტუაციის დალაგებას შეეცადა. ბევრ საჭირბოროტო თემაზე ისაუბრა და ვფიქრობ, ბევრ განაწყენებულ ამომრჩეველს იმედი დაუბრუნა. თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომლებსაც არ სჯერათ, რომ მას რეალურად სურს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების მოწესრიგება. მე, როგორც ერთ ჩვეულებრივ პიროვნებას, ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანს, რომელსაც არ დარჩა აუსრულებელი ოცნება და მიუღწეველი მიზანი, არ უნდოდეს იმ ქვეყნის განვითარება და წინსვლა, სადაც თავად პირველი კაცია. სხვა თუ არაფერი, ეს მისი "პრესტიჟის" საქმეა. ერთადერთი, რაც მიკვირს, ის არის, რომ მიამიტობას იჩენს. ვერ ვხვდები, მართლაც ასეთი მიამიტია, თუ ეს მისი ერთგვარი თამაშია. ერთი ღარიბი ოჯახიდან გამოსულმა კაცმა ამდენს მიაღწია და ის ვეღარ განუსაზღვრავს, ვის ენდოს და ვის არა? გაურკვეველია, ამდენჯერ რატომ შეცდა კადრების შერჩევაში ან ასე რატომ სჯერა მის გარშემო შემოკრებილი მაამებლების? მესმის, რომ მეფე გიორგივით გლახაკის სამოსში ვერ გაეხვევა და ქუჩა-ქუჩა ვერ ივლის იმის გასაგებად, სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში და რას ფიქრობს მასზე ხალხი, მაგრამ მგონია, რომ მისი მდგომარეობის კაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წყარო, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში არსებული ვითარების რეალურ სურათსაც დაინახავს და მის გარშემო მყოფი ადამიანების ავკარგიანობასაც გაარჩევს.

ხათუნა ბახტურიძე