დღესასწაული სახელად ART-KOLKHI — 2018 - გზაპრესი

დღესასწაული სახელად ART-KOLKHI — 2018

ტრადიციულად, ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები ჟურნალი "გზა" და ვებგვერდი კვირისპალიტრა.გე გახლდათ.

ტრადიციულად, ამ კონკურსი-ფესტივალის ჟიურის წევრიც გახლდით და რადგან კონცერტები მონაწილეთა სიუხვით გამოირჩეოდა, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა მეც და ჟიურის დანარჩენ წევრებსაც.

ზუგდიდში ჩასვლისთანავე პირველი სიხარული ორგანიზატორების საჩუქარი იყო - ფესტივალის დირექტორმა, ნინო მამფორიამ და პიარ-მენეჯერმა, ხატია ჯანაშიამ ამ ფესტივალის მხარდამჭერი და სახელოვნებო ღონისძიებებით ჩვენი მკითხველებისთვისაც კარგად ნაცნობი არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" სახელით "გზისა" და კვირისპალიტრა.გე-ს ლოგოებით დამშვენებული კეპი გადმომცეს. ცხადია, ორივე საფესტივალო დღეს სწორედ ამ კეპით ვიწონებდი თავს ჟიურის წევრებს შორის.

უამინდობის გამო ფესტივალი ანაკლიის ნაცვლად ზუგდიდში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში გაიხსნა და ტრადიციულად კვლავ - ჩემი უსაყვარლესი ქორეოგრაფიულ ანსამბლის - "ცისკრის" შესანიშნავი ცეკვით. ცეკვას ფესტივალის სტუმრის, ლას-ვეგასის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრისა და რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულის, ქართული "X ფაქტორის" წარმატებული შემსრულებლის, 17 წლის ზუგდიდელი თამუნა ლილუაშვილის შესანიშნავი სიმღერა მოჰყვა. საკონკურსო ვოკალურ ნომრებს კონცერტზე არასაკონკურსოდ წარმოდგენილი სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლის ულამაზესი შესრულება ენაცვლებოდა და ხალისიც მატულობდა. მოცეკვავეთა ყიჟინა თითქოს სტიმულსაც კი აძლევდა ხოლმე მათ შემდეგ გამოსულ მომღერლებს, უფრო თამამად და მეტი მონდომებით რომ წარმოეჩინათ თავი.

ფესტივალის არაჩვეულებრივმა წამყვანებმა ნინო გოგოხიამ და მიხეილ ბუაძემ სამი ასაკობრივი კატეგორიისა და სხვადასხვა ნომინაციის ბევრი საინტერესო შემსრულებელი გაგვაცნეს - ინდივიდუალურიც და ანსამბლიც - საესტრადო, ფოლკლორული და ინსტრუმენტული.

GzaPressფესტივალის ჟიურის წევრები ვიყავით: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია ჩიტაია; ლოტბარი, ფოლკლორისტი ბესიკ ჭითანავა; მომღერალი ნანა ჩიქავა; ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია "რიბი-რაბოს" პედაგოგი ეკა კერესელიძე; საერთაშორისო პროექტების - "X ფაქტორისა" და "სომხეთის ხმის" ვოკალის პედაგოგი, პროდიუსერი ერევნიდან რუზანა ჯამბაზიანი და მე - თქვენი მონა-მორჩილი.

ცხადია, ყველა გამარჯვებულს ვერ ჩამოვთვლი, თუმცა ჩემს რჩეულებს აუცილებლად დაგისახელებთ, მით უფრო, რომ ჩემი და ჟიურის დანარჩენი წევრების აზრი უმეტესწილად, დაემთხვა, ეს ბავშვები და ახალგაზრდები კი ფესტივალების პრიზიორები გახდნენ.

ფესტივალი ანაკლიაში, ძველი ციხის ნანგრევებში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებით და გალა-კონცერტით დაიხურა. დაჯილდოების ცერემონიას წინ ანაკლია-განმუხურის ხიდზე, საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ მოწყობილი კოსტიუმირებული აღლუმი უძღოდა. ციხის ტერიტორიაზე ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. კონკურსანტების პარალელურად, სცენაზე ქორეოგრაფიული ანსამბლები და მათი ხელმძღვანელებიც დაჯილდოვდნენ. ფესტივალზე ორი გრან-პრი გაიცა და ორივე მათგანი შესანიშნავ გოგონებს ერგო წილად - ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია "რიბი-რაბოს" აღზრდილ მარიამ აბშილავასა და მომღერალს ერევნიდან, 16 წლის ანაჰიტ სიმონიანს. განსაკუთრებულად გამოვარჩიე III ადგილის მფლობელი 8 წლის აკო გვარამია და I ადგილის მფლობელი 10 წლის გიორგი ჩოკორაია; ასევე - ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფი - GOLDEN VOICE ხობიდან, ანსამბლი "ოდაბადე" სოფელ ორსანტიიდან და I ადგილის მფლობელი თბილისიდან - ფოლკლორული ანსამბლი "ერთსულოვნება".

მარიამ აბშილავამ საკონკურსო დღეს ძალიან კარგად იმღერა. მანაც და ანაჰიტ სიმონიანმაც ჟიურის ყველა წევრისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.

მარიამ აბშილავა: - ჩემთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში - ვისურვებ, რომ ცხოვრებაში კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო. გრან-პრის ნამდვილად არ მოველოდი. სცენაზე რომ გამოვედი, სხვა კონკურსანტების მსგავსად, მეც ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ... ყველანაირად შევეცადე, ღირსეულად წარვმდგარიყავი მაყურებლისა და კომპეტენტური ჟიურის წინაშე. ვფიქრობ, ეს შევძელი და მაყურებელსაც და ჟიურისაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავანახვე. სხვაგვარად ასეთ შეფასებას, ხომ, ვერ მივიღებდი? ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩემი მეორე გრან-პრი არის. და კიდევ, ერთს გთხოვთ, თუ შეიძლება, ეს დატოვოთ სტატიაში - მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს პირველ და უმაგრეს პედაგოგს - ნინო მამფორიას.

- ანაჰით, როგორც ვიცი, გამარჯვებებით განებივრებული ხარ, მით უფრო - შენს ქვეყანაში, სომხეთში. რა განცდა დაგეუფლა საქართველოში აღებული გრან-პრის შემდეგ?

ანაჰიტ სიმონიანი: - ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებული, შესანიშნავი გრძნობაა, სხვა ქვეყანაში მოწყობილ ფესტივალზე რომ იმარჯვებ. მადლიერი ვარ ყველასი: ორგანიზატორების, რომ აქ ვარ, აქ მოვხვდი, თანაც ჩემს მომღერალ მეგობრებთან ერთად; ეს ჩემთვის მეორე გრან-პრია. ვფიქრობ, ჩემთვისაც და მარიამისთვისაც ეს დიდი გამოცდილებაა, რადგან ძალიან მაღალი დონის ფესტივალი იყო და ძლიერი კონკურენტები გვყავდა. სიმართლე გითხრათ, აქ რომ წამოვედი, გრან-პრიზე არც მიფიქრია. უმაღლეს ჯილდოზე არც მაშინ მიფიქრია, საკონკურსო სცენაზე რომ ვიდექი და ვმღეროდი. საერთოდ, სცენაზე რომ ვდგები, სიმღერის გარდა არც არაფერზე ვფიქრობ ხოლმე. ამ მომენტში უმთავრესია, ვიმღერო და ამით თავადვე ვისიამოვნო. ახლაც, რომ გამოვედი, კონკურსი, გრან-პრი ან ადგილები არც გამხსენებია, მთავარი იყო, ჩემი სიმღერით "მეკაიფა".

- პირველად ხარ ანაკლიაში?

- ანაკლიაშიც პირველად ვარ და - საქართველოშიც. ძალიან ლამაზია ანაკლია. მის შესახებ აქ ჩამოსვლამდე არც არასდროს მსმენოდა. მიხარია, რომ ასეთი კარგი ბავშვები და ახალგაზრდები გავიცანი - მონაწილეებს ვგულისხმობ, რამდენიმეს ძალიან დავუმეგობრდი. მე და მარიამი უკვე დავმეგობრდით "ფეისბუკზე", ხომ ხედავთ, უკვე ჩემი სტუდიის ბავშვებიც ჩაერთნენ მასთან ერთად ფოტოების გადაღებაში. ალბათ, მარიამის მეგობრებიც შემოგვიერთდებიან.

- ერთმანეთს რას უსურვებთ?

- მარიამ, მინდა, ყველა კონკურსზე გაიმარჯვო და ბევრი გრან-პრი მიიღო.

მარიამი: - დიდი მადლობა, ანაჰიტ. მეც იმავეს გისურვებ, ნიჭიერო და ლამაზო გოგოვ.

ფესტივალი ART-KOLKHI ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო მამფორიამ 2012 წელს დააარსა. მასთან ერთად ფესტივალის ორგანიზატორი გახლავთ ამავე ცენტრის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ცისკრის" სამხატვრო ხელმძღვანელი რომეო ბულია.

ნინო მამფორია, ფესტივალის დირექტორი: - წლების წინ, ფესტივალი რომ დავიწყეთ, ვფიქრობდით, იგი მხოლოდ ფოლკლორული ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ მრავალფეროვნება ვამჯობინეთ და ხელოვნების სხვა ჟანრებიც დავამატეთ. ამჯერად ცოტა დრო გვქონდა და თეატრალური კოლექტივები ვეღარ ჩავსვით, თუმცა მომავალი წლისთვის უკვე თადარიგს დავიჭერთ და, თანამდგომები და სპონსორებიც თუ გვეყოლება, ჟანრებით გაცილებით მრავალფეროვან ფესტივალს იხილავთ და გეოგრაფიულ არეალსაც აუცილებლად გავზრდით, შესაბამისად, ფესტივალიც გაცილებით მასშტაბური გამოგვივა. ვფიქრობთ, ეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ძალიან წაადგება, რადგან გარდა გამორჩეული შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა-გაცნობა-დამეგობრებისა, ჩვენი მიზანი ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოს, უშუალოდ ჩვენი კუთხისა და მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციაცაა.

ირმა ხარშილაძე