განდეგილი გიდი, რომელიც მონასტერში "დავითის ცრემლებს" ეზიდება - გზაპრესი

განდეგილი გიდი, რომელიც მონასტერში "დავითის ცრემლებს" ეზიდება

ახლა უკვე 35 წლის არის. 14 წელია, რაც კლდის ძირში მდებარე ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს. მართალია, სახლში არც შუქი აქვს, არც გაზი და არც წყალი, მაგრამ მიაჩნია, რომ კომფორტულ გარემოში იმყოფება. ამბობს, რომ მისი ყოფა გაცილებით საინტერესო და ნაყოფიერია, ვიდრე ერში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდისა. ზვიად ანანიაშვილით მას შემდეგ დავინტერესდი, როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის, ყოველ დილით წყაროდან წყალს ხელით ეზიდება. ის პროფესიით გიდია, ქართველ და უცხოელ ტურისტებს დავითგარეჯსა და მის ახლომდებარე ეკლესია-მონასტრებს აცნობს... ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, უყვარს ისტორია, ლიტერატურა და მოგზაურობა...

- ზვიად, განდეგილად ცხოვრება რამ გადაგაწყვეტინათ?

- ამისთვის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. სოფელ უდაბნოდან ვარ. ჩემი ოჯახი მეფუტკრეობას მისდევს. მორწმუნე მშობლები მყავს. როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, მამას დავითგარეჯის მონასტერში ყოველ კვირას მოვყავდი. აქვე მოვინათლე. თანდათან ძალიან შემიყვარდა ეს მონასტერი... დროდადრო ვრჩებოდი კიდეც. 21 წლის რომ გავხდი, მოვედი და სულ დავრჩი.

- ტაძარში დარჩით თუ სეისმოლოგიურ სადგურში?

GzaPress- ტაძარში. სეისმოლოგიური სამსახურის თანამშრომლებთან ვმეგობრობდი. ერთ დღეს მითხრეს, - მაინც სულ აქ ხარ, დაგვეხმარეო. უარი არ მითქვამს. დროთა განმავლობაში სეისმოლოგიური სადგური ყველა ძველმა თანამშრომელმა დატოვა და მარტო დავრჩი.

- თქვენს გადაწყვეტილებაზე მშობლების რეაქცია როგორი იყო?

- მშობლები, როგორც უკვე გითხარით, ეკლესიური ხალხია. მოსწონთ ღმერთთან ახლოს რომ ვარ, თანაც ჩემს დამოუკიდებლობას არ ზღუდავენ.

- დედმამიშვილები გყავთ?

- ორი ძმა და ერთი და. დაოჯახებული მხოლოდ და არის, სამი შვილი ჰყავს.

- თქვენ არასდროს ყოფილხართ დაოჯახებული?

- არა.

- შეყვარებული?

- არაერთხელ.

- სიყვარულში იმედგაცრუებამ ხომ არ გადაგაწყვეტინათ "განდეგილად" ცხოვრება?

- არა, ცხოვრებაში ისეთი სირთულე არაფერი გადამიტანია, რაც სხვას არ ჰქონია. უბრალოდ, ხასიათი მაქვს ასეთი, სიმყუდროვე, სიმშვიდე მიყვარს. მსიამოვნებს, რომ მონასტერში ყოველდღე დავდივარ, დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ბერმონაზვნებისთვის წყაროს წყალი მომაქვს და მერე მათთან ერთად ვტრაპეზობ. ტურისტების გამასპინძლებაც ძალზე მსიამოვნებს...

- სეისმოლოგიურ სადგურში რას საქმიანობთ?

- ერთობ მოკრძალებული როლი მაქვს, დროსა და ენერგიას არ მართმევს. სეისმოდანადგარები ჩემს სახლთან ახლოს, კლდეში გამოკვეთილ 25-მეტრიან გვირაბშია დამონტაჟებული. როგორც კი სეისმური რყევა მოხდება, ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა გეოფიზიკის ინსტიტუტს. მე დანადგარების მუშაობას ვადევნებ თვალყურს. თუ რაიმე ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ტელეფონით უნდა ვაცნობო შესაბამის სამსახურს. სულ ეს არის ჩემი ფუნქცია.

- ტურისტები ამ გვირაბით არ ინტერესდებიან?

- კი, მაგრამ იქ შესვლა აკრძალულია. გვირაბი დაკეტილია, მხოლოდ მე მაქვს შესვლის უფლება.

- სხვა თანამშრომლებმა რატომ დატოვეს სეისმოსადგური?

- მიზერული ხელფასის გამო. არ უღირდათ, მცირე ხელფასის გამო ოჯახებიდან მოშორებით ცხოვრება. მე მაინც აქ ვიყავი და პრეტენზია არაფერზე მაქვს, არც ამ ხელფასის იმედზე ვარ, ჩემი ძირითადი პროფესია გიდობაა.

- სახლი, სადაც ცხოვრობთ, ალბათ ძველი აშენებულია.

- დიახ, კომუნისტებმა ააშენეს, სეისმოლოგიური სადგურის თანამშრომლებისთვის. თავის დროზე არ იქნებოდა ურიგო. ჩემთვის არც ახლაა ცუდი. უბრალოდ, მეგობრებს არ მოსწონთ. შორიდან ყველაფერი რომანტიკულად და ზღაპრულად ეჩვენებათ, მაგრამ რომ მოვლენ, ერთ დღეზე მეტხანს ვერ ჩერდებიან.

- თქვენ როგორ ჩერდებით, შუქის, ინტერნეტისა და წყლის გარეშე ან ტანსაცმელს სად რეცხავთ?

- შუქის გარეშე არ მიჭირს, ინტერნეტი ტელეფონში მაქვს, ინფორმაციებსაც ვკითხულობ და ფილმებსაც ვუყურებ, ტელეფონს კი მონასტერში ვტვირთავ. წყალი ხელით მომაქვს და ტანსაცმელსაც ხელით ვრეცხავ.

- გულახდილად მითხარით, არ გიჭირთ ასე ცხოვრება?

- არა, პირიქით. ერშიც ხომ მიცხოვრია, მაგრამ მე აქ უფრო მომწონს.

- თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია?

- დილით ძალიან ადრე ვდგები, თავს ვიწესრიგებ, მერე წყაროდან, რომელსაც დავითის ცრემლებს ვეძახით, მონასტერში წყალი მიმაქვს, ბერმონაზვნებთან ერთად ვტრაპეზობ. ამასობაში თუ ტურისტები დამირეკავენ, ჩავალ და ამოვიყვან, თუ არა და წავალ სახლში, წიგნს წავიკითხავ ან ფილმს ვუყურებ... დროდადრო სეისმოსადგურსაც დავხედავ ხოლმე...

- ტურისტები ხშირად გირეკავენ?

GzaPress- კი, ძალიან ხშირად, ზოგჯერ სამჯერ და ოთხჯერაც მიწევს გასვლა. დროდადრო მეც ვხდები ტურისტი. პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მეპატიჟებიან.

- უცხო ენები სად ისწავლეთ?

- რუსული თავიდანვე კარგად ვიცოდი. იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რუსულ მულტფილმებს რომ უყურებდნენ და რუს ბავშვებთან თამაშობდნენ. რაც შეეხება ინგლისურს, ლექსიკონისა და ინტერნეტის დახმარებით ვისწავლე. დღის განმავლობაში ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ სწავლისა და ინფორმაციის მიღებისთვის დრო მაინც საკმარისად მრჩება.

- ბერად აღკვეცას ხომ არ აპირებთ?

- ჯერ არ ვიცი. ამაზე ადრე უფრო ბევრს ვფიქრობდი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ ვარ, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობ, თუმცა ჯერ ესეც ვერ გადამიწყვეტია.

- ალბათ რთულია ისეთი ქალის პოვნა, ვინც აქ წამოგყვებათ.

- არა, ასეთი დილემის წინაშე არც არავის დავაყენებ. ოჯახს თუ შევქმნი, მერე დავუბრუნდები საერო ცხოვრებას. მე რომ აქ კარგად ვგრძნობ თავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოლ-შვილსაც აქ ცხოვრებას ვაიძულებ. აქ ის პირობები ნამდვილად არ არის, ბავშვები რომ გავზარდო. ერთი სიტყვით, ჯერ არ ვიცი, მომავალში რას ვიზამ, ახლა სხვა საფიქრალი და სადარდებელი მაქვს.

- რას გულისხმობთ?

- უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების გამო ძალიან ვდარდობ. ალბათ ყველამ იცის, რომ ეს მონასტრები დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით, კლდის ფერდობზეა. უდაბნოს მონასტერი მრავალ ეკლესია-სენაკს მოიცავს. აქ არის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც უნიკალური, 856-864 წლებში შესრულებული ფრესკებია. ასევე, უნიკალური ფრესკული მოხატულობაა შემორჩენილი ჩიჩხიტურშიც. დღეს ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ნადგურდება, ინგრევა, იშლება, ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებთ, უფრო სწორად, უფლებას არ გვაძლევენ, რომ ეს ისტორიული საგანძური შევინარჩუნოთ. ორი კვირის წინ წვიმამ უდაბნოს მონასტრის თავზე კლდის დიდი ნაწილი ჩამოშალა... გასუფთავების უფლებას არ გვაძლევენ.

- გასაგებია, რომ ეს მონასტრები აზერბაიჯანსა და საქართველოს საზღვარზეა და გარკვეული პრობლემებიც არსებობს, მაგრამ შეკეთების უფლებას რა მოტივით არ გაძლევენ?

- გარკვეული კი არა, სერიოზული პრობლემებია და პრობლემა მხოლოდ ქართულ მხარეს აქვს. დავითგარეჯის მონასტრის მოძღვრები სულ იბრძვიან, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს ხდებიან. მონასტრის შეკეთებას ვინ ჩივის, თუ აზერბაიჯანელი მესაზღვრე ხასიათზე არ არის, არ შეგიშვებს შიგნით. რამდენჯერმე იქ მიყვანილი ტურისტი უკან გამომიბრუნეს. ჩიჩხიტურის მონასტერს ძალიან ლამაზი, უნიკალური სამეთვალყურეო კოშკი აქვს. ბერებმა მოინდომეს მისი აღდგენა და ხარაჩოებში ჩასვეს. აზერბაიჯანელებმა მაშინვე გააპროტესტეს, სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლები მოვიდნენ და ხარაჩოების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა მოითხოვეს. თურმე, ნუ იტყვით და სასაზღვრო ზოლში არაფრის აშენება არ შეიძლება. ამის შემდეგ ძალიან მალე, იმავე სასაზღვრო ზოლში, ჩიჩხიტურის მონასტრიდან 2 კილომეტრში ასკაციანი ბაზა ააშენეს და 24-საათიანი მეთვალყურეობა დააწესეს. ჩვენ ისტორიული ძეგლის გადარჩენით კანონს არ ვარღვევდით, მაგრამ პასუხი მოგვთხოვეს. აზერბაიჯანულმა მხარემ კი კანონი ნამდვილად დაარღვია (საზღვართან ამხელა ბაზის აშენება მართლა არ შეიძლება), მაგრამ მათ პასუხს არავინ სთხოვს. დღეს იცით, როგორი ვითარებაა? აზერბაიჯანელების 100-კაციანი ყაზარმის წინ ქართველების 4-კაციანი "ვაგონი" დგას. საქართველოს ხელისუფლებას სულ მიგდებული აქვს ეს მხარე. ჩვენი სამხედროები იქ მხოლოდ ფორმალურად დგანან, არაფრის უფლება არ აქვთ. თუ ქართულ მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრე არ შეგიშვებს, ქართველს უფლება არა აქვს, შეეკამათოს. ნაბრძანები აქვს, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეს არ შეეწინააღმდეგოს. ეს რაზე მეტყველებს, არ ვიცი. უფრო სწორად, ვიცი, მაგრამ დაჯერება არ მინდა.

GzaPress- დახმარებისთვის ხელისუფლებას არ მიმართეთ?

- არაერთხელ, მაგრამ უშედეგოდ. სხვათა შორის, აქ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილიც იყო მოსული. თუ არ ვცდები, მაშინ ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო. სხვა პრობლემებთან ერთად მონასტრის ბერები ჩიჩხიტურისა და უდაბნოს პრობლემაზეც ესაუბრნენ. სთხოვეს, რომ ამ მონასტრების შეკეთების, შერემონტების, დაცვის საშუალება მიეცათ. შეგვპირდა, ყველაფერი მოგვარდებაო. მაგრამ რა? არაფერიც არ მოგვარდა. მე, ქართველი კაცი ვუყურებ, როგორ ინგრევა და ნადგურდება ჩემი წინაპრების მიერ, ჩემთვის დატოვებული სიმდიდრე, აზერბაიჯანელი კი ახლოს არ მიშვებს. ეს სამართალია?

ხათუნა ბახტურიძე