"უნდა ვეცადოთ, როგორმე დავიბრუნოთ დაკარგული ღირსება" - გზაპრესი

"უნდა ვეცადოთ, როგორმე დავიბრუნოთ დაკარგული ღირსება"

ბატონი ჯამლეტი გურიიდან გახლავთ. ამბობს, რომ მიშას პრეზიდენტობის პერიოდი ბევრად უკეთესი იყო მისთვის და მისი ოჯახისთვის, რადგან მაშინ მუშაობდა, მისმა რჩეულმა "ქართულმა ოცნებამ" კი იმედები გაუცრუა და სამსახურიდანაც უბოდიშოდ გამოუშვა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმის კარგი სპეციალისტია და არც საპენსიო ასაკის გახლავთ.

- რა ხდება ამ ქვეყანაში, თქვენ მაინც გამაგებინეთ. ხომ გაქვთ პრეტენზია, რომ მიუკერძოებელი პრესის წარმომადგენელი ხართ? ვერ ვხვდები, სად უნდა ეძებოს ადამიანმა სამართალი. ბავშვები მოკლეს და ნორმალურად არ იძიებენ საქმეს. თურმე, როგორ შეიძლება, თანამდებობის პირის შვილის დაკითხვა? ახლა "გრიმიტობენ" თანამდებობაზე მყოფები და ის ადამიანები, რომლებიც მათთან დაახლოებულები არიან, არადა, მახსოვს, მიშა საკუთარ ძმასაც კი უარს ეუბნებოდა თანამდებობაზე. იმდენი საზარელი ამბავი გავიგე ამ ზაფხულს, რომ ამხელა კაცი ვარ და დაღამების მეშინია: ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ვიღაცას მოუნდეს ჩემს სახლში შემოჭრაც? მოვა, შეგაშინებს და ვერაფერს თუ ვერ წაიღებს, ამისთვისაც შენ დაგსჯის, უმაქნისი ყოფილხარ, რას ჰქვია არაფერი გაქვსო? მიდი და უყარე კაკალი მერე.

- ბატონო ჯამლეტ, კრიმინალი მთელ მსოფლიოშია...

- ჩვენთანაც იყო ყოველთვის, მაგრამ ახლა არ მითხრათ, მიშას დროს ცუდი საქმეების ჩადენის არ ეშინოდათო. ციხე გადავსებული იყო, იქ მკაცრად ექცეოდნენ დამნაშავეებს, ეს ყველამ იცოდა და ამიტომ, ბევრი გაურბოდა ცუდი საქმის ჩადენას ციხეში მოხვედრის შიშით. ახლა ყველაფერი გაუფასურდა და ისევ, ძველებურად იმძლავრა კრიმინალმა. რაც უნდათ, იმას გააკეთებენ. მოსთხოვ ვინმეს პასუხს თუ რა? ციხეშიც ისევ ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ადამიანები "გრიმიტობენ" და არა მარტო ციხეში, გარეთაც. ვინმეს საქმის მოგვარება რომ უნდა, პოლიციელს კი არ იძახებენ, ისეთ ქურდს ეძებენ, ვინც "საქმეს გაარჩევს".

- არა მგონია, მთლად ასე იყოს. მგონი, პოლიციას უფრო ხშირად იძახებენ, ვიდრე გგონიათ?

- კი, იძახებენ მაგალითად, როცა სახლის კარი გაეჭედებათ ან მეზობელი გააბრაზებთ, ხოლო როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ვიღაც ქონებრივად დაგაზარალებს ან ვიღაც ვიღაცას დაჭრის, საქმეს "შავები" არჩევენ ისე, როგორც ძველ დროში. ბიზნესმენებს ადრე ხელისუფლება თუ ძარცვავდა, ახლა ერთი მხრიდან ჩინოვნიკები ავიწროებენ და მეორე მხრიდან - "შავი გაგების" ტიპები. ჰოდა, როგორაა ბიზნესგარემო უკეთესი, ხომ ვერ მეტყვით?

- თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- ამას რა გაგება უნდა, ყველგან ეს ამბები ისმის, მათ შორის, ტელევიზიითაც. ადრე ძალიან მწყინდა, ჩემი ოჯახის წევრები საცხოვრებლად საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, ახლა კი მიხარია: ასცდებიან ყველაფერ ცუდს. იქ მუშაობენ, ადამიანებად გრძნობენ თავს. აქ რა ელოდათ, ვინ იცის.

- ანუ ვინც აქ დავრჩით, ადამიანურ პირობებში არ ვართ? გაქცევა უშველის ქვეყანას?

- არ უშველის, მაგრამ ვერც დარჩენით ახეირებ სამშობლოს, თუ ხელის განძრევის უფლებას არ მოგცემენ. საარსებო წყაროს რომ მოგისპობენ ადამიანს, მერე უკვე შეურაცხყოფილი ხარ და ფიქრობ, ხავსად რა გამოიყენო, მოჭიდება რომ შეძლო. ზოგისთვის ასეთი ხავსი საზღვარგარეთ ცხოვრება აღმოჩნდა და მერე ხავსი ისეთ რამეში გადაიზარდა, რაც ყველას მოსწონს... რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას: მე არ ვიცი, თქვენ როგორ ცხოვრობთ, რამდენი გაქვთ ხელფასი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გეყოლებათ ნათესავებში ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც ყოველდღიური საჭმლის შოვნა უჭირს. ჰოდა, ერთი მდიდარი ვერაფრით შეძლებს გარშემო მყოფი ღარიბების შველას, თუ არ შექმნის რაიმე ისეთ სამუშაოს, რაც სარგებელს მოუტანს ყველას. დღეს შეიძლება პური მომცე და ხვალაც, მაგრამ ეს ჩემს მატერიალურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ადამიანი უნდა დაასაქმო, რომ ის შენით კმაყოფილი იყოს და სამუშაოს დაკარგვის შიში აიძულებს, ქვეყნის საკეთილდღეოდ იშრომოს. ხელი ხელს ჰბანს და ორივე პირსო, - ეს გამონათქვამი ალბათ გაგიგონიათ და ჩემთვის ეს ფრაზა ლოზუნგივით არის, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვიყენებ.

GzaPress

- თქვენ დასაქმებული ბრძანდებით? - დასაქმებული ვიყავი მთელი 35 წელი. მოვიდა ახალი მთავრობა "ქართული ოცნების" სახით და ისე გამიშვეს სახლში, მადლობაც არ უთქვამთ. არადა, ასე მგონია, არ ვიყავი დასაკარგი კადრი. ჩემი საქმის კარგი მცოდნე ვარ. თუმცა, დღეს მცოდნეებზე მეტად რომ ვაზელინები სჭირდებათ, ესეც გეცოდინებათ. ჰოდა, ასეთი ვაზელინების გამო ბევრი ჩემნაირი ზის სახლში. ჩემი შვილები საზღვარგარეთ რომ არ იყვნენ, შიმშილით ამომძვრებოდა სული. არადა, ამ მთავრობას დავუჭირე თავის დროზე მეც მხარი და იცით, რატომ? გვპირდებოდნენ, ისეთი ცხოვრების პირობებს შევქმნით, ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდებათო. დაბრუნება კი არა, ვინც წასვლაზე საერთოდ არ ფიქრობდა, ისინიც გააქციეს. უმუშევრობა დღითი დღე იზრდება, არადა, გვიმტკიცებენ, სად კაცო, სინამდვილეში ძალიან ბევრი დავასაქმეთო. მაშინ მანახვეთ, საქართველოში მცხოვრები ქართველების რამდენი პროცენტია დასაქმებული სახელმწიფო სტრუქტურაში? ძალიან ცოტა იქნება, მერწმუნეთ. უფრო მეტი თვითდასაქმებულია ან კერძო დაწესებულებაში არიან ლეგალური მონები.

- რას გულისხმობთ? ვინც სახელმწიფო დაწესებულებაში არ მუშაობს, მონაა?

- მონაა, აბა, რა არის? უმცირეს ხელფასზე უწევთ მუშაობა, თან ბევრად მეტი საქმის მოგვარება ევალებათ. პროტესტს გამოთქვამენ? ეტყვიან: კარი ღიაა, მიბრძანდიო. მერედა, სად მიბრძანდეს, როცა დასაქმება დიდი პრობლემაა საქართველოში, ზურგს უკან კი მშიერი ოჯახი ელოდება? ჰოდა, ითმენენ ყველაფერს: უხეშობას, დაუფასებლობას და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ძალადობასაც კი. ჰოდა, არ ხარ მონა ამის შემდეგ? სხვა კი არაფერია ტრეფიკინგი, რაზეც თქვენს ჟურნალშიც ხშირად იწერება.

- თუ საიდუმლო არ არის, სად ცხოვრობენ თქვენი შვილები და რა სიხშირით გიგზავნიან თანხას?

- იტალიაში ცხოვრობენ. ყოველთვე მიგზავნიან ცოტაოდენ თანხას, მაგრამ მე და ჩემი ცოლი ნახევარს ვინახავთ, ისევ მათთვის. დაგეგმილი გვაქვს, როცა გარკვეული თანხა შეგროვდება, სახლს მივხედოთ. რომ ჩამოვლენ, ხომ უნდათ აქ მცირეოდენი კომფორტი მაინც? გაგიჟებულები არიან, ნეტავ დაგანახვათ, აქ ე.წ. მიყრუებულ სოფლებშიც კი ისე ცხოვრობენ, გაოცებისგან პირი დავაღეთ, პირველად რომ ვნახეთ. ჩვენი სახლი ბოსელს ჰგავს იმ პირობებთან შედარებით, სადაც ვართო. ჰოდა, გაუჩნდებათ აქ ჩამოსვლის სურვილი? ვაჟი 5 წელია წასულია, გოგო კიდევ უფრო ადრე, 7 წლის წინ წავიდა და ამ ხნის განმავლობაში, სულ ორჯერ ვნახე: ერთხელ თვითონ ჩამოვიდნენ, მეორედ მე მიმიწვიეს და წავედი. ეჰ, გიხაროდენ, ყველანაირი პირობები აქვთ. ბევრი ისეთი რამ ვნახე მათთან, რაზეც ვერ ვიოცნებებდი. ჩვენს საწყალ ხალხს კი დასაბანი პირობებიც არ აქვს სახლში: ზოგს აბაზანაც კი არ აქვს სახლში, ზაფხულში სოფლებში ეზოებში იბანენ ისე, როგორც წლების წინ და ზამთარში - ე.წ. ლახანკებში. ჰოდა, ამის მერე რა ევროპელობაზე ვდებთ თავს? ვაი, უპატრონო ქვეყნის ბრალი...

ახლა ადამიანობაც დავკარგეთ, ვეღარავის ენდობი. ტაქსიში ჩაჯდები, მოგატყუებენ - იმდენ ხანს გატარებს, თავბრუს დაგახვევს თუ შეგატყო, რომ ადგილობრივი არ ხარ; სადმე საჭმელად ჩამოჯდები და შეიძლება, უვარგისი საკვები შემოგაპარონ, თან იმდენს გადაგახდევინებენ, სულ ცეცხლად ჩაგდის პირში. მაღაზიაშიც შენს მოტყუებას ცდილობენ, აფთიაქშიც, ქუჩაშიც... ექიმთან მიხვალ და ვაი, იწყება მეორედ მოსვლა: იმდენ ანალიზს მოგთხოვენ, თავის ტკივილის ჩივილით თუ მიხვედი, გულსაც დაგიავადებენ ან ნევროზს აგკიდებენ. ჰოდა, ასეთ გარემოში მცხოვრები მგონი, უკვე ოჯახის წევრებსაც აღარ ვენდობით, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებთ. ესაა ის, რასაც "ქართული ოცნება" გვპირდებოდა? სადაა საამური ყოფა? კეთილი ხალხის გარემოცვაში ცხოვრება და ხელსაყრელი პირობები? ახლა გონიათ, მთავრობის წევრები რომ შეცვალეს, ხალხს ამით "დააბოლებენ", ვითომ რამე შეიცვლება. ამათი იმედი აღარც მე მაქვს და აღარც ჩემ გარშემო მყოფებს. დროა, გონებას მოუხმონ ან თუ მიხვდნენ, რომ უნიათოები არიან, გადადგნენ, თორემ როგორც შევარდნაძეს და მიშას მოუხდათ გაქცევა, ამათაც მოუწევთ რევოლუციის გზით წასვლა და ღირსებიც იქნებიან.

- თქვენი აზრით, ქვეყანაში პირველ რიგში, რა არის შესაცვლელი?

- ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, ახალი სამსახურები რომ შეიქმნას. ბიზნესგარემო კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, სხვაგვარად ვერ განვითარდება. თუ ხალხს სამუშაოს მისცემენ, ეს ყველას წაადგება და ქვეყანაც გაძლიერდება. უნდა ვეცადოთ, როგორმე დავიბრუნოთ დაკარგული ღირსება.

ლიკა ქაჯაია