ახალი სიტყვა ქართული გლოვის სამყაროში... - გზაპრესი

ახალი სიტყვა ქართული გლოვის სამყაროში...

არაფერია უჩვეულო იმაში, რომ დახმარებისათვის მივმართავთ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თმის, მაკიაჟის, ინტერიერისა და ექსტერიერის, ცხოველთა ვიზუალისა და მათი ჩაცმულობის დიზაინერებს, მაგრამ ნამდვილად ნოუჰაუ იყო ჩემთვის "ჯვარი აქაურობას" და კუბოს დიზაინერის აღმოჩენა...

ამას წინათ, ინტერნეტში ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის დაკრძალვის კადრებს გადავაწყდი. მაშინ გავიგე, რომ დასავლური ცივილიზაცია არც მეტი, არც ნაკლები, კუბოს დიზაინერების მომსახურებას სთავაზობს დაინტერესებულებს. ე.წ. სასახლეების ამერიკელი დიზაინერის, მაკ კლურ-შაფერის ვებგვერდზე შესაძლებელია, ფასთა ნუსხის ნახვაც. ვიზუალურად იმდენად შთამბეჭდავი ნამუშებია, ძნელია უწოდო კუბო. თუმცა, ფაქტი ფაქტია... ღირებულება იმდენად კოლოსალურია, რომ ჩვენი ქვეყნის მოკრძალებული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სუნთქვა შემეკრა, თუმცა სწრაფადვე ამოვისუნთქე მრავალი ნულის დაჯამების შემდეგ.

მოვერცხლილი და მოოქრული, მოჩუქურთმებული და მოვარაყებული, ლიფტიანი და სვაროვსკის თვლებით მოჭედილი, პანორამული და ნატურმორტებით გაწყობილი ვარდის, ბზის, ალუბლის ხის კუბოების კატალოგის თვალიერებისას, იმედგაცრუება ვიგრძენი... რამდენი წინაპარი მიგვიბარებია ქართული მიწისთვის ჭილოფის ქსოვილში გახვეული ან რამდენი დასაფლავებულა უბრალო, წიფლისა და ფიჭვის ხის კუბოებში?!

ისიც გავიგე, მაიკლ ჯექსონი მოოქრული კუბოთი მიუბარებიათ მიწისთვის და ეს მხოლოდ 250.000 ამერიკული დოლარი დასჯდომია მომღერლის ოჯახს. მალაიზიური 14-კარატიანი ოქროს ე.წ. სასახლე შედარებით იაფია - 217.000 დოლარი ღირს. ამერიკას არც ევროპა ჩამოუვარდება.

საქართველოში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული კუბოებით დავინტერესდი და იმით, თუ ვინაა ის ბედნიერი, ვინც ათი ან ასობით ათასი ლარის ღირებულების კუბოს ბინადრობის კანდიდატია.

რამდენიმე მსგავსი კომპანია დიდი ძალისხმევის გარეშე აღმოვაჩინე... ყველაზე ძვირად ღირებული კუბოები მხოლოდ ერთ მაღაზიაში იყიდება.

როგორც აღმოჩნდა, საქართველო ტყუილად არ ისწრაფვის დასავლეთისკენ. იქაური ტრენდი ჩვენთანაც აქტუალური ყოფილა. სააქაოდან საიქიომდე გადასანაცვლებელი აუცილებელი ატრიბუტი ჩვენთანაც სოლიდური თანხა ღირს.

თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე სარიტუალო კომპანიაში წარმოდგენილ სასახლეებს სხვადასხვა და მჟღერი სახელწოდებები აქვთ: "პატრიოტი", "ვიქტორია", "სენატორი", "გრაალი", "კანადა ანგელოზებით", "კანადა კოლუმბს", "ვიაიპი"... ეს კუბოების სახელებია. მათგან ყველაზე ძვირად ღირებული "გრაალია", რომლის ღირებულებაც 17.000 ლარს შეადგენს, მას შედარებით იაფფასიანი სასახლე ფეხდაფეხ მოჰყვება, სვაროვსკის კრისტალებით მოჭედილი "ვიქტორია" 16.500 ლარი ღირს. როგორ ჟღერს ახალი სიტყვა ქართული გლოვის სამყაროში? ამ საკრალური თემის ირგვლივ, გამაოგნებელ დეტალებზე კომპანიის მენეჯერს ვესაუბრეთ:

GzaPressგიორგი კერესელიძე, მენეჯერი: - საქართველოში ეს კომპანია ოთხი წლის წინ გაიხსნა. მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა ძვირფასი მასალისგან შექმნილ, ხელნაკეთ კუბოებს. სხვადასხვა მასალისგან მზადდება თითოეული. თავის მხრივ, მასალა საკმაოდ ძვირი ჯდება, თითო დეტალის ფასი 40 ამერიკული დოლარიდან იწყება. ყველა სასახლეს თავისი სეგმენტი ჰყავს. გვაქვს ვარდის, ალუბლის ხის სასახლეები. თუმცა, საქართველოში ეს ბრენდი გაცილებით იაფია, ვიდრე სხვაგან. საერთაშორისო კომპანიაა და ფილიალებში სხვადასხვა ფასი ღირს. ჩვენთან მაგალითად, ერთ-ერთის ფასი 16.000 ლარია, იგივე სასახლე რუსეთში 25.000 დოლარი ღირს...

- რამდენი სახეობის სასახლეს სთავაზობთ მომხმარებელს?

- ბევრნაირს. არის იტალიური, ათკუთხა, ესპანური სტილის. ხის მასალაც განსხვავებულია. გვაქვს ფრანგული სტილისაც, ასევე, საქართველოს გერბიანი. მოოქრული, რომელიც 16.000 ლარი ღირს. ჩვენთან ძირითადად მუქ ფერზეა მოთხოვნა. თეთრ სასახლეს უმეტესად ქალბატონებისთვის ყიდულობენ, შედარებით იაფია, 2.500 ლარი ღირს. ერთ-ერთ ცნობილ სერიალს ვათხოვეთ კიდეც სასახლე...

- ფასდაკლებებს თუ სთავაზობთ დაინტერესებულ პირებს?

- გარდა ძვირად ღირებული სასახლეებისა, ვთავაზობთ იაფფასიანსაც. ამდენად, ფასდაკლებების საჭიროება არ დგას. ჩვენი სერვისი ძალიან მრავალფეროვანია, ვთავაზობთ მანქანას, საზღვარგარეთიდან ჩამოსვენებას ან პირიქით, გადასვენებას. ვთანამშრომლობთ საბანკეტო დარბაზთანაც ქელეხებისათვის. ახალგაზრდებს ძირითადად აღარ უხდიან ქელეხს.

- სახელმწიფო ინსტიტუტები თუ გიკვეთენ მაგ. ჯარისკაცებისთვის გერბიან სასახლეს?

- არა. ჩვენს ჯარისკაცებს ჩვეულებრივი, 300-ლარიანი სასახლეებით კრძალავენ. ეს კუბო გაიყიდა ერთხელ, მხოლოდ აჭარაში.

- უმეტესად რა ფასიანი სასახლე იყიდება?

- ძირითადად, 5.000 ლარად შეფასებული კუბოები იყიდება. თუმცა, გაყიდვებში არ ჩამოუვარდება 1.500-ლარიანიც. ჩვენთან ძირითადად შემოდიან ისინი, ვისაც განსაკუთრებული უნდა.

- საქართველოში დამზადებულის ექსპორტი თუ ხდება?

- ჩვენ გვაქვს ექსკლუზივი მხოლოდ სომხეთზე. აქედან სწორედ მეზობელ ქვეყანაში გავა. თუმცა, არა - ქართული სასახლეების. ჩვენი პროდუქცია მზადდება იტალიური მასალითა და დიზაინით, საწარმო კი უკრაინაშია.

- რა ღირს სვაროვსკის კრისტალებით მოჭედილი კუბო?

- სვაროვსკისთვლებიან კუბოს ვთავაზობთ 15.000-ად. ძვირფასი მასალაა, მთლიანად ხისგანაა დამზადებული და კრისტალებით მოჭედილი. დაახლოებით 120 კილოგრამს იწონის. მსგავს სასახლეს სამარეში ჩასაშვებად სპეციალური ლიფტი ესაჭიროება. თოკებით ვერ ჩაუშვებენ. ჩვენ ლიფტით მომსახურებაც გვაქვს.

- როგორ აფასებთ ამ ბიზნესს საქართველოში?

- რადგან ძვირფას სასახლეებს მომხმარებელი ჰყავს, ბიზნესის არსებობასაც აქვს აზრი. ვისაც აქვს შესაძლებლობა, მიცვალებულთა მიმართ პატივისცემას ასე გამოხატავენ. ყოფილა შემთხვევები, როცა მომაკვდავი ადამიანის ოჯახის წევრები მოსულან და წინასწარ დაუჯავშნავთ სასურველი სასახლე.

- ყველაზე უჩვეულო სასახლე როგორი გქონიათ?

- რამდენად უჩვეულოა არ ვიცი, მაგრამ გვქონდა ერთი ცალი შინდისფერი ხის კუბო, ოქროს ფურცლებისგან დამზადებული ულამაზესი ყვავილებით, რომელიც 3.000 ლარად გაიყიდა.

- იღებთ შეკვეთებს სპეციალურ და იშვიათ სასახლეებზე?

- დიახ. გვაქვს კატალოგი და შეგვიძლია შეკვეთით ჩამოტანა. რა თქმა უნდა, სწრაფად ჩამოგვაქვს, თვითმფრინავით. ნახატებით გაფორმებულ სასახლეებს ქართველები ხშირად არ ყიდულობენ, ვერ რისკავენ. იესოს გამოსახულებით, უმეტესად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები ყიდულობენ.

- როგორც ვხედავ, გაქვთ ლიფტიანი სასახლეებიც...

- დიახ. ასეთიც გვაქვს. თუმცა, ყველაზე ძვირად ღირებული სასახლეები შიგნიდან იტალიური ხავერდითაა დამზადებული. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ბიზნესმენები არიან. კონკურენტ კომპანიებს, რომლებსაც არა აქვთ ძვირფასი სასახლეები, კლიენტები მოჰყავთ ჩვენთან. გათვალიწინებულია ასევე, ფიზიკური მონაცემებიც. გვაქვს სასახლეები სიგრძით 210 სანტიმეტრი.

- ვინ არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც დაკრძალულან თქვენი სასახლეებით?

- მაგალითად, გენო კალანდია. ზუსტად ვერაფერს განსაზღვრავ ამ საკითხში. ხან თბილისში მცხოვრებელი ადამიანები მოდიან, ხანაც - რეგიონებიდან, უმეტესად იმერეთიდან და სამეგრელოდან.

- რა ტენდენციები იკვეთება ბოლო დროს?

- იკვეთება დასასვენებელი დარბაზის საჭიროებაც. ბევრს აღარ უნდა სახლებში მიცვალებულის დასვენება. ამიტომ, მსგავსი ტიპის დარბაზიც გვაქვს და რამდენიმე თვეა ამ მომსახურებასაც ვთავაზობთ.

სიკვდილი უბრალოდ და სიკვდილი ელიტურად. ქართველი სელებრითები, რომლებიც ამ კომპანიის მომსახურებით დაიმარხნენ, გასაკვირი არ იქნება მკითხველისთვის და ძირითადად, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიდან იყვნენ. აქამდე ჩვენს გაოცებას მეგრულ-იმერული საფლავები იწვევდნენ, რომლებზეც აღმართულ ძვირფასი ქვის სვეტებს, სახლების მსგავს სამარხებსა და სხვა გრანდიოზულ შენობებს მოიცავდნენ. როგორც აღმოჩნდა, ოთხი წლის წინ გაიყიდა პირველი მდიდრული კუბო, მაღაზიის გახსნიდან ძალიან მალევე... მას შემდეგ, ორი ათეული სასახლე "დაამშვენეს" აწ გარდაცვლილებმა. ეს ის მიცვალებულები არიან, რომლებმაც ჩვენში გავრცელებულ ფრთიან ფრაზას: ყველას ოთხი ფიცარი გვეყოფაო, უთხრეს - არა!!! ოთხი ფიცარი რა მოსატანია, კომპანიის შეთავაზებულ ფართო ასორტიმენტთან: კუბო ბრინჯაოს ჭედური დეტალებით, კუბო მოოქრული დეტალებით, კუბო ნახატებით, კუბო ხეში გამოკვეთილი ანგელოზებითა და საიდუმლო სერობის ამსახველი ჩუქურთმით, კუბო საქართველოს გერბით, კუბო ბდღვრიალა და ლამაზ-ლამაზი ბერძნული, სვაროვსკის თვლებით...

ეს სნობიზმია თუ ჭირისუფლის სინდისის ხმა, რომელიც უკანასკნელ გზაზე, საყვარელ მიცვალებულს უკანასკნელად ასაჩუქრებს, ძნელი სათქმელია. თუმცა, ფაქტია, რომ მოთხოვნა გაჩნდა, რასაც ბიზნესმა უპასუხა. კომპანიაში ერთადერთი, რაც არ გვინახავს, სავარძლის მსგავსი კუბოა. სანამ საკრებულოებში ფედერალურად კენჭს უყრიან და დააკანონებენ მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვას, ალბათ, ქართველი ჭირისუფლები მსოფლიოს მართლაც ამ დრომდე ჯერ არნახულ და ჯერ არგაგონილ ნოუჰაუს, კუბო-სავარძელის შექმნას დაუდებენ დასაბამს...

თორნიკე ყაჯრიშვილი