8 შვილის მამა ციხეში გამოკეტეს - გზაპრესი

8 შვილის მამა ციხეში გამოკეტეს

დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში მამას 8 შვილი - სამი ბიჭი და 5 გოგონა სახლში ჰყავდა გამოკეტილი. მათ არც სკოლაში უშვებდა და არც მეზობლებთან ჰქონდათ ბავშვებს ურთიერთობა. მამა ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება შვილების გამო მიიღო, რადგან მიაჩნია, რომ მისი შვილები საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.

მიუხედავად იმისა, რომ მთელმა სოფელმა და რაიონმა იცოდა დევნოზაშვილის ოჯახის ამბავი, საქმეში სამართალდამცავები მხოლოდ 2018 წლის იანვარში ჩაერთვნენ, მას შემდეგ, რაც ფაქტი მედიით გახმაურდა. გამოძიების დაწყებიდან 8 თვის თავზე შს სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ამირან დევნოზაშვილს ბრალი წაუყენეს. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აღიძრა, რაც იძულებას გულისხმობს. მართალია, დევნოზაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

გოჩა კილასონია, ადვოკატი: - ამირან დევნოზაშვილს 150-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით წარედგინა ბრალდება და იმავე დღესვე შეიტანა პროკურატურამ სასამართლოში შუამდგომლობა, დევნოზაშვილის დაპატიმრებაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში გავასაჩივრე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ იქიდან საჩივრის დაუშვებლად ცნობაზე მივიღე განჩინება. არადა, ძალიან კარგად ვასაბუთებდი ჩემს პოზიციას და ახალი გარემოებაც კი იყო საქმეში.

- რას გულისხმობთ?

- ბატონ ამირანს 8 შვილი ჰყავს, აქედან 4 შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული, სამი მათგანის სამედიცინო ცნობა მქონდა და სასამართლოში წარვადგინე. ვითხოვდი, არ დაეტოვებინათ ავადმყოფი ბავშვები მამის გარეშე, მაგრამ იქიდან განჩინება გამომიგზავნეს, საჩივრის დაუშვებლად ცნობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ვასაბუთებდი, რომ დაპატიმრება არ უნდა შეეფარდებინა სასამართლოს. პროკურატურის არგუმენტი იყო, თითქოს ის დაემალება გამოძიებას, თუმცა, რატომ ამბობდა ამას, ვერ ასაბუთებდა. წარმოიდგინეთ, გამოძიება 8 თვეა მიმდინარეობს. ამირან დევნოზაშვილი არც გამოძიებას დამალვია და არც ვინმეს, ყოველთვის ცხადდებოდა, როცა დაუძახებდნენ. მეორე მოტივი იყოA მტკიცებულებებს გაანადგურებსო, ესეც უსაფუძვლო არგუმენტი იყო. ამ 7 თვის განმავლობაში 13 ტომი შეკრა გამოძიებამ, ყველა მტკიცებულება მოპოვებული აქვს და რა უნდა გაენადგურებინა ამირან დევნოზაშვილს?

- რას ამბობს ის თავის ჩვენებაში?

- ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. თუმცა, დაკავების შემდეგ, არავის დაუკითხავს, ისე შეუფარდეს პატიმრობა.

- ის ფსიქიატრიულ შემოწმებაზეა გადაყვანილი.

- ადრე აღრიცხვაზე არ ყოფილა. პირველად უტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

- რა ჩვენება მისცა გამოძიებას?

- გამოძიებისა და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით მხოლოდ ერთს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - თითქოს ბავშვებთან კონტაქტი არავის აქვს. მათთან ხშირად იმყოფება ამირანის დისშვილი. მეზობელმა ქალბატონმა, რომელმაც ჩამომიტანა ამირანის დედის ავადმყოფობის ცნობა, მითხრა, რომ მის შვილებთან თამაშობენ ამირანის შვილები.

- ბავშვების ინტერესს სხვა ადვოკატი იცავს. ისინი მამას ამხელენ?

- ვერც ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რადგან საქმე ბავშვებს ეხება. თუ გაიხსნა აღნიშული სასამართლო პროცესები, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და თქვენ მოისმინოთ ბავშვების ჩვენებები. როგორც ამირანისგან ვიცი, ბავშვებს განათლებას აძლევდა დედა და მამა. ორივე უმაღლესი განათლების მქონეა. დედა გერმანული ენის პედაგოგია და ამირანისგან ვიცი, რომ ბავშვები უცხო ენაზეც კარგად ლაპარაკობენ, გონებრივადაც განვითარებულები არიან და ფიზიკურადაც, არავის ჩამოუვარდებიან. მშობლები სათანადო განათლებას აძლევენ ბავშვებს, არც მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს. მე შევხვდი მის ორ ბიჭს, გავიცანი. ნორმალურად განვითარებული, ინტელექტუალური და კულტურული ბავშვები არიან. ვთვლი, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული და ვაპირებ, განჩინებები მის დაპატიმრებაზე სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივრო. თუ ბავშვების საუკეთესო ინტერესზე ვსაუბრობთ, ბავშვების მამა არ უნდა მოსწყდეს ოჯახს. სასამართლოს არ უნდა მიეღო მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება. წაყენებული აქვს მსუბუქი მუხლი, მუხლის მაქსიმუმი სასჯელი 18 თვეა. ბუნებრივია, შეეძლოთ გამოეყენებინათ გირაო ან სასამართლოდან გაეთავისუფლებინათ.

თავად ამირანიც შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული. 8 დღე იმყოფებოდა კარანტინში, ეს გავაპროტესტე, დავწერე განცხადება და იმავე დღეს საკანში გადაიყვანეს. მას ჩაუტარდა გამოკვლევა, დადასტურდა, რომ დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. საქმეში მთავარი მტკიცებულებები არის სოციალური მუშაკების ჩვენებები, რომ თითქოს ამირან დევნოზაშვილი არ უშვებს ბავშვებს სახლიდან და მის გამო არ დადიან ბავშვები სკოლაში. თავად კი მიიჩნევს, რომ ეს არავითარი მტკიცებულება არ არის.

უფრო მეტ დეტალს არც ძალოვანები და არც ადვოკატი არ ასაჯაროებს. თუმცა ცნობილია, რომ დევნოზაშვილების ოჯახი 2008 წლამდე რუსთავში ცხოვრობდა. ამირან დევნოზაშვილი დმანისიდან არის, მისი მეუღლე, ნატო ტვილდიანი სოფელ რცხმელურში დაიბადა და გაიზარდა. ის მეუღლესა და შვილებთან ერთად მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა. ამ სოფლის თითქმის ყველა მცხოვრები ერთმანეთის ნათესავია და სკოლაში სულ 28 ბავშვი სწავლობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ამირან დევნოზაშვილს მიაჩნდა, რომ გარეთ ბევრი სიბინძურეა და სურს, ამ სიბინძურეს აარიდოს თავისი შვილები. მისი ორი შვილი სრულწლოვანია, თუმცა არც ერთს სკოლაში არ უვლია. ოჯახში მათთან ერთად ამირანის დედა ცხოვრობს. ის პედაგოგია. ფილოლოგია ასევე ბავშვების დედა და როგორც ამბობენ, სახლში აძლევენ შვილებს განათლებას. დევნოზაშვილების ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობს და სახელმწიფო დახმარებას სისტემატურად იღებენ.

ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი სტეფანეც ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში, თუმცა ამირანს აზრი ვერავინ შეაცვლევინა. ყველა ცდილობდა, დაერწმუნებინა მშობლები, რომ ბავშვები გაეშვათ სკოლაში, რადგან განათლების მიღება აუცილებელია, მაგრამ ამის გაგონება მამას არ უნდოდა. ამბობს, გარეთ არ მინდა გავიდნენ ჩემი შვილები, რადგან დაბოღმილი და გაბოროტებული ხალხი ცხოვრობსო. დედამ და ბებიამ ასწავლეს ბავშვებს წერა-კითხვა, სხვადასხვა საგნებში განათლება აქვთ მიღებული. მაშინ სოცმუშაკი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ ბავშვებს ძალით ვერ გამოიყვანდნენ სახლიდან, რადგან ეს მათთვის უფრო დიდი სტრესი იქნებოდა და ამიტომ იხევდნენ უკან.

გამოძიების დაწყებიდან 8 თვის თავზე ბავშვების მამა დაკავებულია და ის წარდგება სასამართლოს წინაშე. ბავშვებთან ალბათ აქტიურად იმუშავებენ სოციალური მუშაკები. საქმეში ჩართულია ბავშვების ინტერესების დამცველი ადვოკატიც. ჩვენთვის უცნობია, რა ჩვენება მისცეს გამოძიებას ბავშვებმა და ადანაშაულებენ თუ არა მამას ამ ყველაფერში. შესაბამისი სამსახურები კი იმედოვნებენ, რომ პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება და ბავშვები სექტემბერში სკოლაშიც მივლენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რა ჩვენებას მისცემს სასამართლოს ბრალდებული მამა. დაუპირისპირდება თუ არა მას მისი 8 შვილი, რომლებსაც დღეს დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

თეა ხურცილავა