ქართველი გოგონა ავსტრიაში, საოცარი ხმითა და საინტერესო გეგმებით - გზაპრესი

ქართველი გოგონა ავსტრიაში, საოცარი ხმითა და საინტერესო გეგმებით

გაიმართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული კერძებისა და ღვინის დემონსტრირება. შემოსავალი საქართველოში, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის გადაირიცხა. ღონისძიების ინიციატორი, ავსტრიაში მცხოვრები ემიგრანტი გოგონა, ია ღვინიაშვილი გახლდათ. როგორც იას მეგობრებისგან შევიტყვე, ეს მისი მოწყობილი ერთადერთი საქველმოქმედო ღონისძიება არ ყოფილა. ხშირად მართავს საქველმოქმედო საღამოებს და სხვების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც სიამოვნებით მონაწილეობს. როგორც თავად ამბობს, ბედნიერია იმის გამო, რომ საშუალება ეძლევა, ვენაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს სიმღერა უფასოდ ასწავლოს.

პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მუსიკა მისი მთავარი საქმეა. მუსიკის მოყვარულებისთვის ბავშვობიდანვე გახდა ცნობილი. 19 წლისა უკვე ანსამბლ "ივერიასთან" ერთად ფილარმონიაში დადგმულ კონცერტებში მონაწილეობდა. იყო "ნუცას სკოლის" მონაწილე. ახლა ვენაში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გალობს და მის მიერ ჩამოყალიბებულ ტრიო "იბერიასთან" ერთად საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავს.

- ია, ავსტრიაში როგორ მოხვდი?

- ავსტრიაში სიახლეების ძიების, უკეთესი მომავლისა და განვითარების სურვილმა მომახვედრა და აგერ უკვე მე-9 წელია ავსტრიის დედაქალაქში ვცხოვრობ. ძალიან მალე შევძელი თავის დამკვიდრება, შეიძლება ითქვას, ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ბევრი სირთულის გადალახვამ მომიწია, მე ხომ სრულიად უცნობ ადამიანებთან, უცხო გარემოში აღმოვჩნდი. ამ ქვეყნის კულტურა, ენა, ტრადიციები, მენტალიტეტი, ადათ-წესი, ცხოვრების ტემპი, დროის ფასი... ისე უნდა მიმეღო და გამეთავისებინა, როგორც საკუთარი. დღეს მიმაჩნია, რომ ავსტრია ჩემი მეორე სამშობლოა, რომელიც ძალიან მიყვარს. აქ შემიყვარდა, აქ შევქმენი ოჯახი და აქ გავხდი დედა.

GzaPress- მეუღლე ქართველია?

- კი, ქართველია. ომარ ნუკრაძე.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ერთ-ერთ წვეულებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ. 5 წლის გოგონა გვყავს - ელისაბედი. უკვე დედიკოსთან ერთად დგას სცენაზე. გენეტიკურად გადაეცა სიმღერის ნიჭი.

- როგორ მოახერხე, რომ უცხო ქვეყანაში ჩახვედი, შექმენი ტრიო და საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვა დაიწყე?

- ავსტრიაში რომ ჩამოვედი, პირველ რიგში ქართულ ტაძარში მივედი. დღემდე ამ ტაძარში ვგალობ. აქ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. მათგან გავიგე, რომ ვენაში ქართული სიმღერის კონცერტი არასდროს ჩატარებულა. ძალიან მომინდა, რომ ეს მე გამეკეთებინა. დარბაზის საკითხი ერთ-ერთმა ახლობელმა მომიგვარა და პირველი საცდელი კონცერტი ჩავატარე. ჩემდა გასაკვირად, ბევრი ხალხი მოვიდა. ამან მეტი სტიმული მომცა და კიდევ ერთი სოლო კონცერტი ჩავატარე. ამჯერად სპონსორი ჩემი მეუღლე იყო, თუმცა, ბილეთი მაინც არ გამიყიდია. ჩემი ეს აქტიურობა ისე კარგად მიიღო ხალხმა, რომ კონცერტების ჩატარება ყოველ სამ-ოთხ თვეში დავიწყე. კონცერტები უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური რომ გამეხადა, ღონისძიებებში ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებიც ჩავრთე, პიანისტები, პოეტები, მხატვრები, დიზაინერები. საზოგადოებამ ესეც ძალიან კარგად მიიღო. ძალიან მინდოდა, რომ რეპერტუარში ფოლკლორი დამემატებინა და ქალაქური სიმღერების საღამო მომეწყო. ერთ დღეს, ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა გადავწყვიტე და დახმარებისთვის ჩემს მეგობრებს, დავით ელმეთაშვილსა და გოჩა შიშინაშვილს მივმართე. ასე ჩამოყალიბდა ტრიო "იბერია". სახელიც სპონტანურად მოვიფიქრეთ. ჩვენი ტრიო სამი წლისაა და უკვე ავსტრიის დიდ ქალაქებშიც გავმართეთ კონცერტები. ახლა სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საქველმოქმედო ღონისძიებებშიც გვიწვევენ.

- როგორც გავიგე, საქართველოშიც სერიოზული წარმატებები გქონია პროფესიულ კარიერაში...

- კი, რაღაც მიღწევები მქონდა. სიმღერისა და ცეკვის ნიჭი მამისგან გამომყვა. მამა ფოლკლორული ანსამბლის სოლისტი იყო. მუსიკალური განათლება დედის წყალობით მივიღე. სულ პატარა ვიყავი, სცენის მტვრით რომ "მომწამლა" და ჩემი მომავალი განსაზღვრა. ყველაზე კარგ მოგონებად ჩემს მეხსიერებაში პატრიოტული სიმღერების კონკურსი დარჩა, სადაც სიმღერა აფხაზეთზე - "რიწა" შევასრულე და პრეზიდენტის ლაურეატის წოდება მივიღე. ასევე ძალიან კარგად მახსენდება ტელეიმედის მუსიკალური პროექტი, "ნუცას სკოლა", რამაც თავდაჯერებულობა და პროფესიონალიზმი შემმატა. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. თქვენი დახმარებით მინდა მოვიკითხო, დიდი მადლობა გადავუხადო ვოკალის ჩემს პირველ პედაგოგს, ნანა პავლიაშვილს და ვუთხრა, რომ მის რჩევებს დღესაც ვითვალისწინებ. მერე იყო ანსამბლი "ივერია". იმ დროს 19 წლის ვიყავი და ვერც კი ვაცნობიერებდი, რამხელა ბედნიერება დამატყდა თავს, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორის, ბატონი ჯემალ ბაღაშვილის თაოსნობით ანსამბლ "ივერიაში" რომ მოვხვდი. ბუმბერაზ მომღერლებთან ერთად მივიღე მონაწილეობა მიუზიკლში "თოვლის ბებო ბაბალე", "რქიანეთში". პარალელურად მიტარდებოდა სიმღერისა და ცეკვის მასტერკლასები დიდ მაესტროსთან, ბატონ გია ბაღაშვილთან და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ქორეოგრაფთან, ქალბატონ ლელა მაქაცარიასთან. იმ დროს ამაზე დიდი სკოლა არ არსებობდა და ღვთის მადლიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს ვეზიარე.

- გარდა იმისა, რომ ტაძარში გალობთ, ბავშვებს მუსიკას ასწავლით და საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებთ, თქვენი მთავარი საქმე რა არის, რისგანაც შემოსავალს იღებთ?

- ხმის ჩამწერ სტუდიაში ვმუშაობ. ისე კი, ჩემს საქმიანობას საფუძვლად ფინანსური ინტერესები არასოდეს უდევს. არასოდეს მქონია ფასიანი კონცერტები. პირიქით, შემოწირულობის სახით რასაც ვიღებ, ყველაფერს სხვების დასახმარებლად ვრიცხავ. ჩემი კონცერტების მთავარი მიზანი ქველმოქმედება და უცხო მიწაზე საქართველოს პოპულარიზაციაა. შემოთავაზება მაქვს ავსტრიის ტელევიზიიდან Okto TV-დან, თემების მოძიებისა და პროდიუსინგის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიური ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობას. ამ ტელევიზიაში გამოყოფილია სტუდია Kaukasus TV-სთვის, სადაც ქართველების ჯგუფია დასაქმებული. მათ უკვე ჩაწერეს რამდენიმე გადაცემა საქართველოსა და აქ მოღვაწე ქართველებზე. მათ შორის იყო ჩემი ტრიო "იბერიაც". მაქსიმალურად შევეცდები, მეც ჩავერთო ავსტრიელებისთვის საქართველოს გაცნობის საქმეში...

- საქართველოში ოჯახს თუ ეხმარებით?

- არა, რას ამბობთ, ისინი აქეთ მეხმარებიან. ჩემს ოჯახს ფინანსური დახმარება არც სჭირდება. ახლა კიდევ ერთი ახალი საქმის წამოწყებას ვგეგმავ, ჯერ არ ვამხელ, მეშინია, ვაითუ, არ გამომივიდეს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს საქმეც ბავშვებს ეხება.

- სიმღერას ქართველ ბავშვებს შინ ასწავლით?

- ვენაში ქართული საკვირაო სკოლაა, სადაც ჩვენი შვილები, ქართულ ენას, ლიტერატურას და ისტორიას სწავლობენ. მათ მუსიკალურ განათლებაზე კი მე ვზრუნავ. თუ საჭიროა ბავშვებიც მოდიან ჩემთან სახლში და მეც მივდივარ მათთან.

- თავად ავსტრიელებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენ მიმართ?

GzaPress- ძალიან კარგი, თავიდანვე დიდი სითბოთი მიმიღეს. როდესაც იგებენ, რომ ხელოვანი ვარ, განსაკუთრებული პატივისცემით მეპყრობიან. ახალი ჩამოსული ვიყავი, როდესაც მუსიკის მოყვარულმა ქალბატონმა როსანა ვარეკამM დაბადების დღეზე მაჩუქა სპეციალური საშვი, რომლის მეშვეობითაც ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში ნებისმიერ დროს შემეძლო სოლო კონცერტის ჩატარება. მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობდი და ვერ გავრისკე. ამ ქალბატონს ძალიან შევუყვარდი და დიდი სურვილი გაუჩნდა, სხვებსაც მოესმინათ ჩემი სიმღერა. მან გამაცნო ავსტრიაში მოღვაწე პიანისტი, ანხელ რამერსედერი. ჩვენი დუეტიც შედგა. ის აკომპანემენტს მიკეთებდა, მე კი ინგლისურად ვმღეროდი კონცერტებზე. მერე შევხვდი კონსერვატორიის რექტორს, ჯოზეფ შმიტს. ერთ-ერთ ავსტრიელ მუსიკოსს ქართული სიმღერა რომ მოვასმენინე, ვკითხე, თუ მოგეწონათ-მეთქი? მითხრა, პირველად ვუსმენ და უკვე შემიყვარდაო.

- მნიშვნელოვანი შეხვედრები გქონია პროფესორებთან, წესით, ახლა უფრო წარმატებული კარიერა უნდა გქონდეთ...

- ჰო... კონსერვატორიაში ერთ-ერთმა პროფესორმა რომ მომისმინა, ძალიან დაინტერესდა ჩემი ხმით. მითხრა, შენ მუსიკალური განათლების მიღება კი არა, ერთი კარგი ბენდი გჭირდებაო. სამწუხაროდ, მაშინ საბუთები არ მქონდა წესრიგში, მერე გავთხოვდი, ბავშვი შემეძინა და... თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს.

- საქართველოში აღარ დაბრუნდები?

- საქართველო გამუდმებით ჩემს ფიქრებშია, სულ მენატრება და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, რამდენიმე დღით აუცილებლად ჩამოვალ. თუმცა, სამუდამოდ დაბრუნება ვეღარ წარმომიდგენია. ჩემი სამომავლო გეგმები უკვე ავსტრიას უკავშირდება და ვფიქრობ, რომ ჩემი შვილის განათლებისთვის ეს ქვეყანა უფრო პერსპექტიულია.

ხათუნა ბახტურიძე