ხელთუბნელი "პიკასო", რომელიც მანქანის ნაწილებით ვაჭრობს - გზაპრესი

ხელთუბნელი "პიკასო", რომელიც მანქანის ნაწილებით ვაჭრობს

გორიდან სოფლამდე ძალიან მალე მივედი, სულ რაღაც 8 კმ-ია იქამდე. სოფელი ისტორიულია თუნდაც იმიტომ, რომ არაერთი უძველესი ძეგლია იქ: აგიას საყდარი, პეტრე მოციქულის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, სამების ეკლესია. ყველას თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, სამების ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე განთავსებული წარწერა ძეგლს ზუსტად 1806 წლით ათარიღებს. მხედრულით შესრულებულ ეპიგრაფიკულ მასალაში მოხსენიებულია ტაძრის აღმშენებელი გიორგი თუმანიშვილი (ცნობილია, როგორც პოეტი, საზოგადო მოღვაწე) და მისი ოჯახის წევრები - კნეინა მარია ორბელიანის ასული და ასევე, შვილები: იესე და დავითი.

GzaPressხელთუბნის სამების ეკლესია საბჭოთა პერიოდში რთულ პირობებში აღმოჩენილა. თურმე მას მაღაზიის საწყობად იყენებდნენ, 1970-იან წლებში კი პურს აცხობდნენ. 2003 წლის ზაფხულში დაიწყო თურმე ეკლესიის შეკეთება. ახალმა მშენებლებმა 2004 წელს სახურავიდან მოხსნეს თავდაპირველი კოშკურა და მის ადგილას ყელიანი გუმბათი ამოიყვანეს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, ხელთუბანში 3.340 კაცი ცხოვრობს, დაახლოებით 1200 კომლი. სოფელში გავრცელებული გვარებია: მერაბაშვილი, ტერმაკოზაშვილი, ტერტერაშვილი, კიკრიაშვილი.

მასპინძელი, როინ შიოშვილი 71 წლისაა და როგორც თვითონ მითხრა, ერთი დღითაც არ უფიქრია სოფლიდან სხვაგან სამუშაოდ წასვლა. კითხვაზე, როგორები ხართ-მეთქი გორელები, სიცილით მიპასუხა: ძალიან კარგები, ვაჟკაცები და სამშობლოს მოყვარულებიო.

- ძველად თავადებს უცხოვრიათ ჩვენს სოფელში, თუმანიშვილებს. მერე კომუნისტებმა იმათ სახლში სკოლა გახსნეს, იქ ვსწავლობდი მე. ამბობენ, ვაჟა-ფშაველას ძმა აქ, ჩვენს სოფელში მოკლესო. თურმე შემთხვევით გავარდნია იარაღი და ჩვენებური კაცი მოუკლავს. მის ძმას კი სისხლი აუღია და პოეტის ძმა მოუკლავს, ფალელაშვილები ყოფილან გვარად. ისეთი პატარა იყო ეს სოფელი, ვერ წარმოიდგენთ, ბევრი-ბევრი 200 კომლამდე თუ იქნებოდა, ახლა კი 1 200 კომლია სოფელში.

კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა. თბილად და ტკბილად ვიყავით, მაშინ ხალხი ასეთი გამწარებული არ იყო, როგორიც დღესაა. ზამთარში ყინულზე ვცურაობდით ხოლმე რეზინის ჩექმებით, ლახტს, კალათბურთს ვთამაშობდით. ეს იყო ჩვენი გასართობი, სპორტი გვიყვარდა. სხვათა შორის, ახალგაზრდებს შორის საქართველოს პრიზიორი გახლავართ 1965-1966 წლებში, მერე ჯარში წავედი და იქ გავხდი სპორტის ოსტატი ჭიდაობა სამბოში. 50 წლის მანძილზე სამუშაოდ არსად წავსულვარ ჩემი სოფლიდან. ბერბუკის საკრებულოში ვიყავი 1999 წლიდან 2002 წლამდე, ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე. ახლა პენსიონერი ვარ, ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს ჩემს შვილთან ერთად - მაღაზიებს ვამუშავებთ და დაახლოებით 12 ოჯახი გვყავს სოფელში დასაქმებული. თან, შვილიშვილებს ვუვლი. ისე, ფიზაღზრდის სპეციალისტი ვარ, ფიზკულტურის ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული.

- ოჯახში ვინ გყავთ?

- მყავს მეუღლე, სამი შვილი და 7 შვილიშვილი. ჩემი მეუღლე ქორწილში გავიცანი, გამოველაპარაკე და ცოლობა ვთხოვე. 32 წლის ვიყავი მაშინ. პატარა სახლი გვქონდა, დალხინებით არ ვცხოვრობდით. მეუღლეს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნა, თორემ 5 შვილის ყოლა გვინდოდა. 31 წელია, ავად არის და მე ვუვლი. 62 წლისაა და ნახევარი ცხოვრება ავადმყოფობაში გაატარა.

- თქვენი სოფლისა და აქაურებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?

- გაზი, შუქი, წყალი გვაქვს, თუმცა სარწყავი წყლების პრობლემაა. ბევრი რამ გაკეთდა სოფელში, გარე განათებები, სტადიონი, ნაგვის ურნები დადგეს. როგორც ყველგან ჩვენთანაც გაჭირვებაა. სკოლაში, ბაღში და მაღაზიებშია დასაქმებული ხალხი, დანარჩენები საკუთარ მიწაზე მუშაობენ ან სხვების მიწებზე დღიურ მუშებად. გლეხკაცის მოყვანილს ფასი არაფერს აქვს, მიწის დამუშავება კი ძვირი ჯდება, ამიტომ ბევრმა მიანება თავი და ყურადღებას აღარ აქცევს. ძირითადად, ბოსტნეულს თესავენ და როგორც იცით, ხეხილის ბაღები აქვთ. უწყლოობის გამო ვერ მორწყავ, უფულობის გამო ერთი კვირით დაგაგვიანდება და ვერ შეწამლავ და ამდენი შრომა წყალში ჩაგეყრება. ცალკე პრობლემაა მოყვანილის რეალიზაცია, ბევრი ყრის კიდეც, ერთ ყუთ ნარჩევ ვაშლს 5 ლარად რომ ვერ გაყიდი, გამწარდება კაცი, აბა, რა იქნება?

ამ დროს მაღაზიაში, სადაც ვსაუბრობდით, შავებში ჩაცმული, კაფანდარა ქალი ყოჩაღად შემოვიდა და რამდენიმე კილო შაქრის აწონა სთხოვა გამყიდველს. მოხუცი 86 წლის ლილი შავლოხაშვილი აღმოჩნდა.

GzaPress- 1932 წლის 14 აპრილს დავიბადე და რაც თავი მახსოვს, ჩემი დღე და მოსწრება სულ შრომაში ვარ. 13 წლიდან თოხი არ გამიგდია ხელიდან. აქაური ქალი ვარ, აქვე გავთხოვდი. ჩემი ქმარი თებერვალში გარდაიცვალა, ისიც ჩემი ტოლი იყო.

- ლილი ბებო, მომიყევით, როგორ შეუღლდით?

- (იცინის) რა ვიცი, გამირიგეს. ოჯახები იცნობდნენ ერთმანეთს და...

- არ გიყვარდათ?

- არა, მანამდე კი ვიცნობდი, დანახული მყავდა, მაგრამ სიყვარულით არ მყვარებია. 18 წლის ვიყავი, თითქმის ბავშვი და მე ვინ რას მკითხავდა?

- მერე თუ შეგიყვარდათ?

- აბა, როგორ, ქმარი რომ გახდება, შეგიყვარდება, მაშ, რა იქნება? კარგი ქმარი და მამა აღმოჩნდა. 3 ბიჭი გვეყოლა, სამივე დაქორწინებულია. 7 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი მყავს, მეცხრეს ველოდებით უკვე. ჩემი ქმარი კალატოზი იყო და სამივეს ცალ-ცალკე აუშენა სახლები. ამ სოფელში ბევრი სახლი მისი აშენებულია.

- ლილი ბებო, ახლა ვისთან ერთად ან როგორ ცხოვრობთ? პენსიის იმედზე ხართ?

- უფროს ბიჭთან ერთად ვცხოვრობ, ოჯახი დაენგრა, თან 1978 წელს ავარიაში მოყვა და მას მერე სულ ავადმყოფობს. პენსია ბარემც არაფერში მყოფნის, შვილო, გაჭირვებით ვარ, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს? საიდან რა მოვიტანო? ამ გაჭირვებას სიბერეც თან ერთვის, ძალიან ძნელი ყოფილა, მახსოვრობაც აღარ მაქვს უწინდებური... მიუხედავად ამისა, სახლში მაინც ყველაფერს მე ვაკეთებ. ჩემს ეზოში რომ შემოხვიდე, იმხელა ხეივანი და ბაღი მაქვს, გაგიკვირდება. ყველანაირი ბოსტნეული მომყავს. ერთი ძროხაც მყავს და ჩვენი სამყოფი რძე და ყველი გვაქვს. აბა, მაშ, რა ვქნა, შრომისა და წვალების გარეშე არაფერი გამოდის. ადრე ჩემი ქმარიც მუშაობდა და მეც. კოლექტივში დავდიოდი, ბავშვებს ვერავის რომ ვერ ვუტოვებდი, თან დამყავდა ხოლმე. ღარიბები ვიყავით, რა გვექნა, რომ არ გვემუშავა? რომ დავფიქრდები, მაინც ძველი დროს სჯობდა. ადრე ამდენი მკვლელობა და უბედურება არ ხდებოდა, უფროსების პატივისცემა იცოდნენ, ახლა აღარაფერს დაგიდევენ. სამჯერ და ოთხჯერ თხოვდებიან, გამიკვირდება ხოლმე, რომ ვისმენ. ახლანდელები ზედმეტად თამამები არიან ყველაფერში. აბა, წინანდელი და ახლანდელი დრო ერთია?

ლია კოჩუაშვილი მრავალშვილიანი დედაა. 37 წლისაა და მისი უფროსი ქალიშვილი უკვე სტუდენტია, ნაბოლარა კი 5 წლისაა:

- 5 შვილი მყავს. თინიკო 18 წლისაა, მას მოსდევს გიორგი, მერე 12 წლის ლუკა, 8 წლის მარიამი და 5 წლის ლევანი. ჩემი მეუღლე, კობა სეიფაშვილი ჩემზე 6 წლით უფროსია. 16 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, მე-9 კლასის დამთავრებისთანავე. სწავლაც ვერ მოვასწარი. ახლა ჩემმა შვილმა რომ იგივე გააკეთოს, არ ვაპატიებ. უფროსმა საექთანოზე ჩააბარა წელს, გორში. სწავლის ფასი არაფერია, გათხოვებას კი ყოველთვის მოესწრება.

- ლია, 18 წლისას ბავშვის გაზრდა არ გაგიჭირდა, თუ გეხმარებოდა ვინმე?

- დედაჩემიც მეხმარებოდა, დედამთილიც, მაშინ ჩემი მული და ჩემი დებიც გასათხოვრები იყვნენ და ისინიც მეხმარებოდნენ. ამ მხრივ გამიმართლა, ბევრი დამხმარე მყავდა და ადვილად გავზარდე ბავშვები. ახლა უკვე ერთმანეთს ჰპატრონობენ. როცა ჩვენ სამუშაოდ ვართ, უფროსი უვლის ხოლმე პატარებს. უბანში ამბობენ, ვერ გაიგებ ამ სახლში 5 ბავშვი თუ იზრდებაო. პატარა რომ გაიღვიძებს, ყველას დაუვლის და კოცნით აღვიძებს ხოლმე და-ძმებს. ძალიან უყვართ ერთმანეთი. გინდა თუ არა, ეს მიყიდე, არ არსებობს ჩვენს ოჯახში. გოგონები ოჯახის საქმეებშიც მეხმარებიან. სულ იმას ცდილობენ, გული არ მატკინონ და არ გამაბრაზონ.

- ძალიან ძნელია, დღევანდელ პერიოდში 5 შვილის გაზრდა, მათზე ზრუნვა, სწორ გზაზე დაყენება...

- 5 შვილთან ერთად ერთ ოთახში ვცხოვრობდით, მერე მოვაშენეთ სახლს მე და ჩემმა ქმარმა და, შეძლებისდაგვარად, გავარემონტეთ. ყოველდღიურად თოხზე სამუშაოდ დავდივართ ორივე, ნიორს, ლობიოს ვთოხნით. სოციალური დახმარება გვაქვს, მრავალშვილიანობის დახმარებას კი წელიწადში ერთხელ 1.000 ლარს ვიღებდით და ახლა, რაკი უფროსი შვილი სრულწლოვანი გახდა, ეგეც მოგვეხსნება. გულდასაწყვეტია, რომ რაიონებში უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მრავალშვილიან ოჯახებს, ვიდრე თბილისში. არ არის იმის საშუალება, რომ შენს შვილს ხელი შეუწყო სწავლასა და განვითარებაში.

- ლია, რა შეგრძნებაა 5 შვილის დედობა?

- საამაყოა, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ენერგია და ძალისხმევაც სჭირდება. ყველას თავისებური ხასიათი აქვს და თავისებური მიდგომა უნდა. მე დედა ვარ და ჩემს შვილებს, პირველ რიგში, იმას ვასწავლი, ერთმანეთი უყვარდეთ და ერთმანეთის გატანა იცოდნენ!

ზვიად კოჩუაშვილი, მეტსახელად პიკასო უნდა გაგაცნოთ. ზვიადი 28 წლის, გულარხეინა, მხიარული და ყველაზე ხალისიანი ბიჭია სოფელში. ერთი წუთითაც არ დაზარებია, იმ პაპანაქება სიცხეში ჩემი "გზამკვლევი" ყოფილიყო.

GzaPress- ზვიად, პიკასოს რატომ გეძახიან?

- ვხატავდი და მაგიტომ დამარქვეს, მერე თავი კი დავანაბე ხატვას, მაგრამ მაინც შემომრჩა ეს მეტსახელი.

- სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესია აირჩიე?

- სკოლა კი არ დავამთავრე, გამომაგდეს (ეცინება), დამთავრებამდე ვინ მიმიყვანა? ძალიან ცელქი ვიყავი, მასწავლებლებს სისხლს ვუშრობდი, ყველაფერს ვაფუჭებდი... ამიტომ არსადაც არ ჩამიბარებია და მანქანების შეკეთება დავიწყე, მაგრამ მალევე დამიჭირეს.

- რატომ?

- ჩხუბი მომიხდა, კაცი დავჭერი და 4 წელი ვიჯექი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ციხიდან გამოვედი, ცოტა ხანს დავისვენე და და მერე ისევ დამიჭირეს ერთი წლით.

- არ ნანობ?

- რაღა აზრი აქვს სინანულს, ეს ჩემი ცხოვრებაა და ვეღარაფერს შევცვლი.

- ციხეში ყოფნა ალბათ ძალიან გაგიჭირდა?

- საერთოდაც არ გამჭირვებია. იქ საშიში არაფერია, ერთი, მანქანები არ მყავდა იქ, თორემ როგორც აქ ვცხოვრობ, იქაც ისე ვცხოვრობდი. იძახიან, საშინელებააო, მაგრამ არც ისე - დილას ვიწყებდი ყავით და შოკოლადით, საღამოს კი ცხელი ხინკალიც გვქონდა ხოლმე (იცინის). არავის სჯერა, ამას რომ ვამბობ. თუ სულ იმაზე იდარდე, რომ ვაიმე, ციხეში ვარ და რა მეშველებაო, მაშინ ფსიქოლოგიურად მართლაც გაგიჭირდება ამის გადახარშვა. პირიქით, ისე მომეწონა, რომ ხომ გითხარით, მეორედაც წავედი.

- ამბობ, არ ვნანობო, მაგრამ თავიდან რომ დაიწყო, კვლავ გაიმეორებდი ამ შეცდომებს?

- არა, ახლა უკვე სხვანაირად ვუყურებ ბევრ რამეს. ციხეში ყოფნამ ბევრი რამ სხვა თვალით დამანახვა და ბევრ რამეს მიმახვედრა. ახლა ვიცი, რომ სხვანაირადაც შეიძლება პრობლემების მოგვარება - სიტყვით, მორიგებით და არა ძალით.

- ახლა როგორ ცხოვრობს პიკასო?

- მაღაზია მაქვს, მანქანებს ვშლი და ნაწილებით ვვაჭრობ, ჩემი კლიენტები მყავს. შემართებით ვარ და მინდა, კიდევ უფრო კარგად ავაწყო ჩემი საქმე.

- ოჯახი თუ გყავს?

- დედა და ძმა მყავს, ჩემი ძმა ჯარშია. დედა ძალიან ნერვიულობდა ჩემ გამო, მე კი სულ ვამშვიდებდი. ციხეში ათასნაირი ჯურის ადამიანი იყო, ყველას ვუსმენდი და აზრი გამომქონდა. ციხეში რომ არ მოვხვედრილიყავი, ახლა ალბათ ამ ჭკუაზე არ ვიქნებოდი. მას შემდეგ, რაც შემემთხვა, ყველას ვურჩევ, რომ ჭკუით მოიქცნენ და კონფლიქტები სიტყვით მოაგვარონ, ასე სჯობს...

P.S. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი სოფელიც გამორჩეულია და იქ საინტერესო ხალხი ცხოვრობს, თუ გინდათ, გაგიცნონ სხვა კუთხის წარმომადგენლებმა, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 551 14 68 50, დაგვპატიჟეთ და აუცილებლად გესტუმრებით.

ნინო ჯავახიშვილი