"...დაღლილ ქალად მიგრძნია თავი" - გზაპრესი

"...დაღლილ ქალად მიგრძნია თავი"

ის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი გახლავთ და დასვენების ნაცვლად, ზაფხულის დღეებს საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარებას უთმობს... მიუხედავად ამისა, ინტერვიუსთვის დრო მაინც გამოძებნა. ნინო ნადირაძე-კუზანოვა გულახდილად გვესაუბრა საქმეზე, შვილებზე, ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისულ პერიოდებზე, ყოველდღიურ საზრუნავზე...

- სატელევიზიო სეზონი დასრულდა. მცირე შესვენება გვაქვს. სექტემბრიდან ისევ ორომტრიალში ჩავებმებით.

- ტელეწამყვანობის გარდა, კლინიკაში საპასუხისმგებლო თანამდებობაც გიკავიათ. როგორ უთავსებთ ერთმანეთს?

- ბავშვობიდან მასწავლეს, რომ რაც საჭიროა, უნდა გავაკეთო. ვაკეთებ და ასე ვათავსებ.

- ტელეწამყვანად მუშაობას სერიოზულ სამსახურად მიიჩნევთ?

- ნებისმიერი სამსახური, სადაც ანაზღაურებას ვიღებ, მაქსიმალურ სერიოზულობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. რაკი დამქირავებელი ფულს გიხდის, ვალდებული ხარ, სამუშაო ხარისხიანად შეასრულო. იმ საქმეებსაც დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები, რომელშიც ფულს არ მიხდიან - ცხოვრებაში ხომ უამრავ საქმეს ვაკეთებ? საკუთარი თავის მიმართაც მომთხოვნი ვარ.

- თქვენი ყოველდღიური საზრუნავი რა არის?

- ის, რომ ვიმუშაო, ბავშვებს, ოჯახს, საკუთარ თავს მივხედო... სხვა, ნებისმიერი ადამიანის საზრუნავისგან არ განსხვავდება. ამ მხრივ, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან არაფრით გამოვირჩევი.

- როგორი დედა ხართ?

- მგონი, არა მიშავს, ცუდი დედა არ ვარ (იღიმის)...

- შვილებთან ურთიერთობისას თუ გქონიათ კრიტიკული სიტუაციები, როცა არ იცოდით, როგორ მოქცეულიყავით?

- ჩემს შვილებთან სათანადო კომუნიკაციას მგონი ვახერხებ. მათთან კონფლიქტური და დაძაბული სიტუაცია არასდროს შემქმნია. შვილებს ყოველთვის უდიდესი პატივისცემით ვეპყრობოდი და არასოდეს მისარგებლია, რომ მათზე უფროსი ვარ, დედა ვარ და ამიტომ უფლებებიც მოჭარბებული გამაჩნია. მათ ადამიანურ ღირსებებს ყოველთვის პატივს ვცემ და ეს ჩემმა შვილებმა ყოველთვის იცოდნენ. იმას მივაღწიე, რომ მათ ჩემთან ტყუილის თქმა, რაღაცის დამალვა არ სჭირდებათ. ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. ისინი პატივს მცემენ, როგორც დედას და უფროს მეგობარს, ოღონდ ჩვენი ურთიერთობა ფამილიარული არასდროს ყოფილა. ჩვენ შორის ზღვარი ყოველთვის იყო, რასაც "დედაშვილობა" ჰქვია. ეს ზღვარი არასოდეს დაგვირღვევია.

- ცოლქმრულ თანაცხოვრებაში კრიზისული პერიოდები თუ გქონიათ?

- რა თქმა უნდა. დამისახელეთ ოჯახი, სადაც ასეთი კრიზისები არ ყოფილა. მით უმეტეს, 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. როცა კრიზისია, ყოველთვის გუგა იხევს უკან. ფაქტობრივად, მისი კომპრომისების შედეგად მოვედით აქამდე, რადგან როდესაც ასეთ სიტუაციას ვაწყდები, ქვასავით მტკიცე და შეუპოვარი ვარ, უკან არასოდეს ვიხევ, "ჩემს ჩვენებას ვაწვები". ამიტომ მადლობა გუგას, რომ ამდენი წელია, მიძლებს.

- მის ერთგულებაში ეჭვი არასოდეს შეგპარვიათ?

- რა ვიცი, ერთგული კაცები არ არსებობენ. გუგასთვის სანთლით არ მიდევნია - ალბათ, გიჟური გადახვევები მასაც ჰქონდა, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ ასახულა. მისგან ყოველთვის უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ. გუგასგან სიყვარულის დეფიციტი არასოდეს მიგრძნია.

- ყველაზე ხშირად რაზე კამათობთ?

- ვაიმე, ყველაფერზე ვკამათობთ (იცინის), რადგან თითქოს ყველაფერზე სხვადასხვა აზრი გვაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც საერთო აზრამდე მივდივართ. პრობლემის გადაწყვეტისას საუკეთესო გამოსავლის ძიებისას უფრო მოგვდის კამათი და ჩხუბი... მე დათმობა არ მიყვარს. ძირითადად, გუგა მითმობს.

- ბოლოს რის გამო იკამათეთ?

GzaPress- ნებისმიერ რამეზე ვკამათობთ: მაგალითად, ხე ასე ჩავრგოთ თუ ისე? ყვავილი აქ დავრგოთ თუ იქ? ძირითადად, წვრილმანებზე ვკამათობთ, მსხვილმანები დიდად არ გვეხება, რადგან გუგას თავისი საქმე აქვს, მე - ჩემი. საქმეში გუგას მე უფრო ვუდგავარ გვერდში, მაგრამ რაღაცნაირად, "მიმართულებებში" დავხმარებივარ. რატომღაც, ჩემი სამსახურები მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული. ამიტომ ჩემი სამსახურებრივი პრობლემების მოგვარება გუგას არასოდეს უწევდა.

- გყავთ სადაქალო, რომელსაც მინიმუმ, კვირაში ერთხელ ხვდებით?

- კვირაში ერთხელ არ გამომდის. შეიძლება, თვეში ერთხელ შევხვდე, ახლა ისეთი გასაჭირი მაქვს (იცინის)...

- და მაინც, როცა იკრიბებით, რაზე საუბრობთ?

- რაზეც თქვენ საუბრობთ თქვენს სადაქალოსთან. არც ერთი ვართ განსაკუთრებული. მერწმუნეთ, როცა სამეგობრო ვიკრიბებით, არც ნიცშეს განვიხილავთ და არც - კანტს. ჩვეულებრივი, ადამიანური პრობლემების შესახებ ვსაუბრობთ.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- არასოდეს, პირიქით - დიასახლისობის დრო ისე იშვიათად მაქვს, რომ ვცდილობ, იმ წუთებისგან სიამოვნება მივიღო. ბავშვებს უხარიათ, როცა საჭმელს ვუმზადებ... სამსახურიდან შინ დაბრუნებულს, ძალიან დაღლილს მოულოდნელი სტუმრები რომ დაგაცხრებიან, ფუსფუსი გიწევს და არაფრის გაკეთების თავი არ გაქვს, ასეთ სიტუაციაში სასოწარკვეთილად - არა, მაგრამ დაღლილ ქალად მიგრძნია თავი.

- მელანქოლიურ ფიქრებს როგორ უმკლავდებით?

- ჰოროსკოპის მიხედვით, ხარის წელში დაბადებული ვერძი ვარ, რა დროს მელანქოლიური ფიქრებია?! პირიქით, "მებრძოლი" ფიქრები მაქვს ხოლმე. საერთოდ, ჩემი პრობლემა ისაა, რომ ტყუილად არაფერს ვფიქრობ - სულ საქმიანად ვფიქრობ (იღიმის). მელანქოლიის დრო არ მრჩება. საერთოდ, მელანქოლიკი არ ვარ, არც - ქოლერიკი. ჩვეულებრივი სანგვინიკი ვარ... შეიძლება, მამის მოგონებისას მოვიწყინო ანუ სევდიანი ფიქრები ისეთი რამის გამო გამიჩნდეს, რასაც მე ვერ ვუშველი, რაც ჩემზე არაა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში, სევდიანი ფიქრები არ მაწუხებს. ვფიქრობ ხოლმე, შექმნილი სიტუაციიდან როგორ გამოვიდე, გეგმებს ვაწყობ. "ჯდა მტირალი წყლისა პირსა" ჩემი თემა არ არის.

- ცხოვრებაში კომფორტს რა გიქმნით?

- საკუთარ თავს კომფორტს თავად ვუქმნი. დივანზე ან ჩემს აუზთან წამოწოლის დრო თუ მაქვს, ჩათვალეთ, რომ კომფორტულად ვარ.

- მკაცრი ბოსი ხართ?

- უფრო - სამართლიანი. ქედმაღალი დამოკიდებულება არ მიყვარს. თანამშრომლებთანაც იგივე პრინციპი მაქვს, როგორიც - შვილებთან: მათ უფლებებს და ადამიანურ ღირსებებს ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ. თუ რაღაც სასაყვედუროა, ამას ხმამაღალი ტონით და დამცირებით არ გამოვხატავ - იურიდიულ ჩარჩოებში, საბუთებრივად ვაფორმებ (იღიმის). სამსახურშიც საკმაოდ დიპლომატიური ვარ. თანამშრომლებთან თბილი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არა - ფამილიარული.

- რომანტიკული ადამიანი ხართ?

- უბრალოდ, რომანტიკის დრო არ მაქვს, თორემ რა თქმა უნდა, ვარ.

- 20 წლის მერე როგორი იქნებით, თქვენი ცხოვრება როგორი იქნება, ამაზე გიფიქრიათ?

- ბავშვობიდან არ მახასიათებს იმაზე ფიქრი, ზეგ როგორი ვიქნები - "ხვალემ იფიქროს ხვალისა".

- ძლიერი ქალი ხართ?

- რადგან აქ ზიხართ და ჩემგან ინტერვიუს იღებთ, ალბათ - კი. სავარაუდოდ, ინტერვიუსთვის ან მკვლელთან უნდა მიხვიდეთ, ან - დაზარალებულთან, ან - დაჩაგრულთან, მე კი არც ერთი ვარ, არც - მეორე და არც - მესამე. ე. ი. რაღაცით ძლიერი, საინტერესო ვარ თქვენთვის, რადგან მოხვედით... მინდა, გითხრათ, რომ ყველა ქალი ძლიერია - სუსტი ქალი არ მინახავს.

- თქვენი სქესის გამო ოდესმე ბარიერი თუ შეგქმნიათ?

- კი, რა თქმა უნდა. საქართველოში ჯერ ისევ არის სტერეოტიპები. მართალია, შოთა ამბობდა, "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", მაგრამ შოთას მერე, მგონი, ვდეგრადირდით. ფემინისტი (ამ სიტყვის ვულგარული გაგებით) არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ბევრი სამუშაოს შესრულება ქალს უკეთ შეუძლია, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ გარკვეულ მიმართულებებში მამაკაცის ძალ-ღონე და უნარ-ჩვევები უფრო გამოსაყენებელია, თუმცა გლობალურად, დღესდღეობით, საქართველოში ქალები უფრო დაკნინებულ სიტუაციაში იმყოფებიან.

- ნინო, თქვენს ონლაინრეპუტაციას ყურადღებას აქცევთ? მაგალითად, რაკი საპასუხისმგებლო თანამდებობა გიკავიათ, ვთქვათ, სოციალურ ქსელში ისეთ ფოტოს არ აქვეყნებთ, სადაც ბიკინიში გამოწყობილი ხართ აღბეჭდილი?

- ვინმემ ამიხსნას, რატომ არ უნდა ეცვას ბიკინი კლინიკის დირექტორს ან ხორვატიის პრეზიდენტი ზღვაში აბჯრით რატომ უნდა ცურავდეს? მეც ისეთივე ვარ, როგორიც ნებისმიერი სხვა. ხშირად ბევრი ცუდი საქმე ჰალსტუხიანი მამაკაცებისა და მკაცრად ჩაცმული ქალბატონების ხელით გაკეთებულა. ამიტომ ვფიქრობ, ადამიანი რაც უფრო ღიაა, არ თამაშობს, თავის ცხოვრებას არ მალავს, მით უფრო სანდოა.

- თავს როგორ უვლით?

- ყოველდღე ვვარჯიშობ, კანის გამაჯანსაღებელ პროცედურებს ვიკეთებ, კანის სიმკვრივე დიდხანს რომ შევინარჩუნო. რბილი და მოწელილი კანისკენ მიდრეკილი არ ვარ, მაგრამ ყველაფერს მოვლა სჭირდება. 7 თვეში ერთხელ, შუბლზე ბოტოქსის ინიექციას ვიკეთებ.

- თავის მოვლა დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს?

- თავის მოვლა დიდ ფინანსებს საჭიროებს, მაგრამ სახლში რომ ივარჯიშო, ამას არანაირი თანხა არ სჭირდება. მე ტრენაჟორების დარბაზში არ დავდივარ - შინ ვვარჯიშობ. დიეტა არასოდეს დამიცავს - სიგამხდრისკენ უფრო მაქვს მიდრეკილება, ვიდრე სიმსუქნისკენ. წონის შენარჩუნება (რომ არ დავიკლო) უფრო მიწევს. ქალბატონებს ვურჩევ, კვება აკონტროლონ და ახსოვდეთ, თავიანთი თავის პატრონები თვითონვე არიან. გარეგნობა არასოდეს "მიუშვან", როგორ ცუდ სიტუაციაშიც უნდა იყვნენ, რადგან რაღაცების გაკეთება მცირე ფინანსებითაც შეიძლება. მერწმუნეთ, საკუთარ სახლში ვარჯიშს ცენტიც არ სჭირდება.

- ფინანსების გარეშე, ასაკთან ბრძოლას როგორ შეძლებენ?

- იცი, რა? კარგად ნავარჯიშები ქალი, ყველა შემთხვევაში, გვიან დაბერდება, თან - როცა არ მაინტერესებს, სხვა ქალს რა აცვია, რა ახურავს, რა უკეთია, სხვისი ცხოვრებით არაა მოცული, კმაყოფილია იმით, რაც აქვს და განვითარებისთვის იბრძვის. აი, ასეთი ადამიანები ბერდებიან გვიან - ბოღმა კლავს.

ეთო ყორღანაშვილი