რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები პრობლემაზე, რომელიც ყველას აწუხებს - გზაპრესი

რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები პრობლემაზე, რომელიც ყველას აწუხებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს სულ 25,6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამ რიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია, 2018 წლის პირველ ნახევარში კი - უფილტრო სიგარეტზე 40 მილიონი აქციზური მარკაა გაცემული, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. მოკლედ რომ ვთქვათ, ფილტრიანი სიგარეტის გაძვირების გამო მოსახლეობის ერთი ნაწილი უფილტრო თამბაქოზე გადავიდა. ალბათ დაინტერესდება ჩვენი მკითხველი, რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე ცნობილი ქართველები:

"მიეცით ამ ხალხს სამუშაო, მომავლის იმედი და მსგავსი პრობლემები აღარ გვექნება"

GzaPressგიორგი შენგელაია, კინორეჟისორი: - ნარკოტიკებისა და ნიკოტინისკენ სწრაფვა ყველაზე მეტად იგრძნობა განვითარებად, ღარიბ ქვეყნებში, სადაც ადამიანი არარეალიზებულია, ნორმალური ცხოვრების პირობები არა აქვს და ცდილობს, ილუზიებით იცხოვროს. გამოასწორეთ ამ ხალხის სოციალური მდგომარეობა, მიეცით სამუშაო, მომავლის იმედი, სიხარული და მსგავსი პრობლემები აღარ გვექნება. ჩვენთან კი რა ხდება? - სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ხალხმაც აღარ იცის, როგორ დააღწიოს თავი მკაცრ რეალობას. ბოლო ხანებში ხომ ნამდვილი აბსურდის მოწმენი გავხდით: სიგარეტი აკრძალეს და მარიხუანა ლეგალიზებული გახადეს - არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო! პოლიტიკოსები ამით ქულებს აგროვებენ, ახალგაზრდობა კი - ნელ-ნელა იწამლება. თამბაქოს მოწევისას რაღაც ნორმები უნდა დაიცვა: მეც ვეწევი, ვერ გადავეჩვიე, მაგრამ ვეწევი სიგარეტს, რომელშიც ნიკოტინის შემცველობა ძალიან დაბალია. მართალია, ძვირია, მაგრამ როდესაც არჩევანის წინაშე დგები, რა გირჩევნია - სიკვდილი თუ სიცოცხლე, ეს უკანასკნელი უნდა აირჩიო. ყოველთვის ვცდილობ, ე.წ. ნაფაზიც არ დავარტყა, რადგან ასე ორგანიზმში ნაკლები ნიკოტინი ხვდება. ცნობილია, რომ აშშ-შიც ყველას აუკრძალეს მოწევა - დაწესებულების შენობაში და ტუალეტშიც კი. ამას ამერიკელების ნაწილი აპროტესტებს და ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს. მთელ მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა და როგორც ყოველთვის, ჩვენც დასავლეთის მაგალითს ავყევით. სიგარეტს ძალიან ბევრი საქმიანი ადამიანი ეწევა, ამ მავნე ჩვევის დაძლევა არცთუ ისე იოლია, მაგრამ ადამიანი მაინც უნდა ცდილობდეს, თავის ორგანიზმს ნაკლები ზიანი მიაყენოს.

"სად გვყავს ქართველებს დასაკარგი ახალგაზრდები?"

მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი: GzaPress- ჩემი აზრით, სიგარეტის გაძვირებამ უფრო გააღიზიანა ხალხი, მართალია, ბევრს მატერიალურად ძალიან უჭირს, მაგრამ მოწევას თავს ვერ ანებებს. სიგარეტი არ უნდა გააძვირონ, რადგან ამით ბევრი ოჯახი კიდევ უფრო გაღარიბდება. გაძვირება და აკრძალვა არასწორი მეთოდებია. რაც უნდა აუკრძალო, რაც უნდა შეზღუდო, ამით ბევრს ვერაფერს შეცვლი. მარიხუანის ლეგალიზებაზე ხომ პირდაპირ არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი, რა ეშველებათ ჩვენს შვილებს: აქეთ სიგარეტიო, იქით - მარიხუანაო, დაიხოცება ეს ახალგაზრდობა და მომავლის გარეშე დავრჩებით. ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფერზე და სიტყვებით როგორ გადმოვცე, არც კი ვიცი. თუ ფილტრიანის ნაცვლად უფილტრო სიგარეტს მოსწევენ და ზედ მარიხუანას დააყოლებენ, ქართველი ხალხი ორმაგად დაზარალდება. ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები?

"აქ უფრო მავანთა კომერციული ინტერესები იმალება და არა - ადამიანებზე ზრუნვა"

GzaPressნიკა ლომიძე, პროდიუსერი, ტელეწამყვანი: - არ დაგიმალავთ: მეც მწეველი ვარ და რაღაც ვერ ვატყობ, რომ სიგარეტის გაძვირებისა და აკრძალვის შემდეგ მწეველთა რიცხვი შემცირებულიყო. ამის უკან მგონი ვიღაცების კომერციული ინტერესები იმალება და არა - ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩემი აზრით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაძვირება და მკაცრი სანქციების დაწესება. ალბათ მეც ნაკლებად ვიფიქრებდი სიგარეტზე, ჩემს ბავშვობაშიც რომ ასეთი პროპაგანდა ყოფილიყო. ბოლო ხანებში მეც შევამცირე მოწევა, მაგრამ ეს ჩემი ჯანმრთელობის გამო გავაკეთე და არა გაძვირების გამო. ვინც აქტიური მწეველია, შეიძლება საკვები მოიკლოს, მაგრამ სიგარეტს მაინც იყიდის. პროპაგანდა და სიგარეტის მავნებლობაზე ყურადღების გამახვილება უფრო ეფექტიანი გზაა, ვიდრე გაძვირება და ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება, რომ "მოწევა კლავს". ჩემი აზრით, თამბაქოს გაძვირებამ კიდევ უფრო გაართულა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებსაც სოციალური პრობლემები აქვს და ძალიან ბევრი ადამიანი უფრო მეტად გააღარიბა.

"რატომ ეუბნებიან ამ ხალხს - გული გაიხეთქეთ და თავი მოიკალითო?!"

GzaPressნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი: - მეც ვიცი, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ რაც უნდა აუკრძალო, ვინც ნამდვილი მწეველია, სიგარეტს მაინც იყიდის. სწორედ ამიტომ გაიზარდა მოთხოვნა იაფფასიან სიგარეტზე. ჩემი ახლობლებიც ეწევიან და ერთ კოლოფ სიგარეტში 5 ლარს იხდიან, რა უბედურებაა? იმ ოჯახმა რა ქნას, სადაც რამდენიმე ადამიანი ეწევა? ამის გამო ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ უფილტრო სიგარეტზე გადავიდნენ, მაგრამ ყელი რომ ჩაეხეხებათ და ასტკივდებათ, მერე ნახავენ. პირადად მე, აღშფოთებას ვერ ვმალავ იმის გამო, რომ სიგარეტის მოწევაზე შეზღუდვები დააწესეს და მარიხუანა ნებადართულია. არ ვიცი, რას ნიშნავს ეს, რატომ ეუბნებიან ამ ხალხს, გული გაიხეთქეთ და თავი მოიკალითო?! ამ ქვეყანაში იმდენი ოჯახია გაუბედურებული ნარკოტიკებისგან, კიდევ ეს უნდოდათ? 14-15 წლის ბიჭი რომ გკითხავს: რა გინდა, რატომ მიკრძალავ, ხომ დაუშვეს მოწევაო, რა უნდა უპასუხო? ვერაფერსაც ვერ უპასუხებ. ჩემი აზრით, ვინც ასეთ აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებს, ქვეყნის მომავალზე კი არა, თავის ინტერესებზე ფიქრობს.

ცნობისათვის: ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი 2000 წლიდან დღემდე მხოლოდ 2%-ით შემცირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ამჟამად საქართველოში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა მოსახლეობის 28,2%-ს შეადგენს. 2000 წელს კი, ეს მაჩვენებელი 30,2% იყო. იმავე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიას თუ დავაკვირდებით, ყველაზე მეტი მწეველი შედარებით ღარიბ, განვითარებად ქვეყნებშია, ყველაზე ცოტა კი - ისეთ პატარა, მაგრამ მდიდარ სახელმწიფოებში, როგორიც შვედეთი, ფინეთი და ისლანდიაა. საქართველოს ამ სიაში მე-17 ადგილი უკავია.

ხათუნა ჩიგოგიძე