"უნდა შეიქმნას რაღაც სასწავლებელი, სადაც გამოზრდიან გონიერ პოლიტიკოსებს" - გზაპრესი

"უნდა შეიქმნას რაღაც სასწავლებელი, სადაც გამოზრდიან გონიერ პოლიტიკოსებს"

ბატონი სერგი თბილისელი კაცია, თვითდასაქმებული. ამბობს, რომ ძალიან უყვარს სოფელი და სიამოვნებით წავიდოდა საცხოვრებლად წინაპრების დატოვებულ მამულში, მაგრამ აშინებს ყველაფრის ნულიდან დაწყება, თანაც, იმ პრობლემების ფონზე, რასაც გლეხები გაჭირვებით უმკლავდებიან ნებისმიერ რეგიონში...

- მალე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და მერწმუნეთ, ქვეყნისთვის საჭირო კაცს ვერ ვხედავთ მოცემულ სიაში. ამათგან ყველას ისევ სალომე ზურაბიშვილი ჯობდა, მაგრამ ბოლოდროინდელი განცხადებებით მასაც გაუტყდა სახელი. ახლა თუ ცინიკოსი გახდა ეს დიპლომატიით გამორჩეული ქალბატონი, მერე რაღას გვიზამს? მოკლედ, მგონი ისეა ჩვენი საქმე, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო. ნუთუ, "ქართულ ოცნებას" არ შეუძლია უკეთესი კანდიდატი შემოგვთავაზოს? არ მინდა დავიჯერო, რომ ქართველებს არ გვყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ქვეყანას ღირსეულად წარმართავს. აი, სერგეენკოს ხომ ყველა აქებს, ჰოდა, იქნებ ეს კაცი მაინც წარმოაჩინონ უფრო მეტად? მაგრამ მერე ჯანდაცვაში გაუჭირდებათ ალბათ.

ახლა გამოჰყავთ ასპარეზზე სულ ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები, რომლებმაც შესაძლოა, საკუთარი პროფესია იციან ფრიადზე, მაგრამ პოლიტიკის არაფერი გაეგებათ. იშოვიან, დაანგრევენ და მერე უშვებენ თანამდებობიდან იმ საბაბით, რომ ამ კაცს არაფერი გამოუვიდა და ასე გრძელდება უსასრულოდ. შედეგად ქვეყანა, ხალხის ცხოვრება უკან-უკან მიდის. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? ნუთუ, გადაბრუნებული ურმის მერეც ვერ ხედავენ საკუთარ შეცდომებს და სწორ გზას, ისევ იმავეს რომ სჩადიან ეს ჩვენი ვაიპოლიტიკოსები? ისე გვჭირს, უძაღლო ქვეყანაში კატებს რომ აყეფებდნენ და მერე უკვირთ, რატომ გარბიან გონებაგახსნილი ახალგაზრდები საზღვარგარეთ სამუშაოდ. ამას წინათ, სოფელში გახლდით ჩასული. კარგი სოფელია, დასახლებული. მიტოვებული სულ რამდენიმე სახლია, მაგრამ უბედურება მათაც სჭირთ: ოჯახის ერთი წევრი მაინც საზღვარგარეთ არის და დანარჩენებს არჩენს - ესაა ჩვენი სატკივარი! იმ ადამიანებს ვუშვებთ ქვეყნიდან, რომლებსაც შრომა შეუძლიათ, არადა, გამწევი ძალა უნდა იყვნენ ისინი ქვეყნის ფეხზე წამოსაყენებლად დაწყებულ ბრძოლაში.

- თქვენი აზრით, ეს ბრძოლა დაწყებულია?

- მინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?..

- გარდა იმისა, რომ ქვეყნიდან ხალხი სამუშაოდ სხვა ქვეყნებში მიდის, ყველაზე მეტად, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ?

- პოლიტიკოსები არ გვყავს, შვილო, გონიერი პოლიტიკოსები. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას რაღაც სასწავლებელი, სადაც გამოზრდიან გონიერ პოლიტიკოსებს, მომავალ ქვეყნის მმართველებს და იქ ჩაწყობით კი არა, ადამიანის გონიერებით უნდა ხდებოდეს მიღება. როცა ადამიანს ხალხის ბედი გაბარია, ბევრ რამეში გარკვეული უნდა იყოს და რაც მთავარია, გული უნდა გქონდეს ისეთი, სხვების სატკივარის გათავისება შეგეძლოს. ჩინოვნიკს არ უნდა ჰქონდეს ერთი კონკრეტული, ვიწრო სპეციალობა, ის მრავალმხრივ განვითარებული უნდა იყოს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრს, გარდა განათლებისა, უნდა ჰქონდეს მიწაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც, რომ გაითავისოს გლეხების პრობლემები და ნაყოფიერად იმუშაოს იმ სტრუქტურაში, რომელიც აბარია. თორემ თუ ვერ ერკვევა, რამდენი შრომა უწევს გლეხს თუნდაც, პურის მოსაყვანად, ის ვერასდროს გაიგებს ზარალით მიყენებულ იმ სატკივარს, რომელსაც მაგალითად, სეტყვა აყენებს გლეხს ან ფაროსანა ანადგურებს და ა.შ.

გახსოვთ ალბათ, "ქართული ოცნება" რომ მოვიდა ქვეყნის სათავეში, გლეხებს მიწების დამუშავებაში დაეხმარნენ, კიდევ იყო პატარა-პატარა შეღავათებიც. ჰოდა, იმ წელს ყველას ჰქონდა მოსავალი, თითქოს მართლა გაიმართნენ წელში და დაუმუშავებელი გოჯი მიწაც არსად იყო. ის კი არა, ხალხმა მიწის ყიდვაზეც დაიწყო ფიქრი, მთავრობის დახმარებით გათამამებულმა, მაგრამ მომდევნო წელს მხოლოდ საკუთარი ხარჯებით მოუხდათ მოსავლის მოყვანაზე ზრუნვა და ისევ "გატყდნენ", რადგან გლეხის შემოსავალი ის კულტურაა, რომელსაც ამუშავებენ, ქართულ პროდუქტს კი ფასი რომ არ აქვს, ეს ჩემზე კარგად იცით: ვაჭრები ჩალის ფასად ყიდულობენ გლეხისგან ყველაფერს და მერე ცეცხლის ფასად ყიდიან. ასე რომ, საქმეში ჩადებული ფულიც კი ძლივს ამოიღეს და შრომაც შრომად დარჩა...

- ამ თემაზე საუბრისას ბევრისგან გამიგონია, მერე თვითონ გლეხმა იზრუნოს გასაღებაზე, ჩამოიტანოს თუნდაც დედაქალაქში და გაყიდოსო...

- აი, სწორედ ამაშია საქმე - ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც აზრზე არ არიან, სოფელში რამდენი საზრუნავი აქვს ხალხს. იმას რატომ არ ამბობენ, გლეხმა ტომრები რომ მოიკიდოს და ქალაქში თუნდაც, ერთი კვირით ჩამოვიდეს სავაჭროდ, სოფელში მის გასაკეთებელ საქმეს ვინ გააკეთებს? პირუტყვს, ფრინველს ვინ მიხედავს? სოფელს ერთი დღეც რომ მოაკლოს გლეხმა მზრუნველი ხელი, მაშინვე ყველაფერს დაეტყობა ეს. გლეხს არ აქვს ბაზარში დგომის დრო. შეიძლება ერთი დღე დადგეს, მეორე დღეს სახლში უნდა იყოს! ვერ წარმოიდგენთ, რამდენი შრომა სჭირდება თუნდაც, ერთი ქათმის გაზრდას და რა ხარჯთანაა ეს დაკავშირებული. ქალაქში ხელფასი გაქვთ, სოფელში პენსიას თუ აიღებ ან სოციალურ დახმარებას, იშვიათად, რომ ვინმე მუშაობდეს - არ დააყენა მთავრობამ საშველი სამუშაო ადგილების გაჩენას რეგიონებში. თითქოს ვითარდება რაიონები, რაღაცები შენდება, ლამაზდება, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია: ძალიან უჭირს ხალხს, ძალიან.

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ

ლიკა ქაჯაია