"ყანაში სულ ჩემმა მტერმა იმუშავა" - გზაპრესი

"ყანაში სულ ჩემმა მტერმა იმუშავა"

ნანა კ., დიასახლისი, 57 წლის:

"მინდა ჟურნალ "გზას" მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ წლებია, ხალხის სამსახურშია. თქვენ ჩვენს ტკივილს ყოველთვის იზიარებთ, რასაც ბევრი სხვა გამოცემა არ ითვალისწინებს... მიხარია, რომ დაახლოებით 6 წლის წინ გიპოვეთ და დღემდე თქვენთან ვარ. ახლა რაც შეეხება ჩემს სატკივარს, მაწუხებს ის ამბავი, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა და ახლა გეტყვით, რატომაც. სოფელში რომ უსაქმურად დადიან ახალგაზრდები, არახალია. ამ ბიჭებს ვერ ვამტყუნებ, როცა "ბირჟაზე" დგანან, აბა, ყანაში სულ ჩემმა მტერმა იმუშავა. კინო ჩვენ არ გვაქვს და თეატრი, ამიტომ ვიკრიბებით საღამოობით მოხუცები ცალკე, ახალგაზრდები - ცალკე. ჰოდა, ადრე თუ ვერავინ გაბედავდა პლანის მოწევას, ახლა ყარს ჩვენი სოფელი საღამოობით. ამბობენ, რომ ეს გასართობად სჭირდებათ, თითქოს ამით იოხებენ დარდსა და სატკივარს. ახალგაზრდების მიბაძვით, ლამის მოხუცებმაც გარისკონ და მერე, ასე იმართლებენ თავს, - რაც აკრძალული არ არის, ე.ი. სასარგებლოაო. არადა, ამით ხომ გაუბედურდება თაობა? ადრე თუ სადღაც ჰქონდათ დამალული და ჩუმად ზრდიდნენ ამ მცენარეს, ახლა მზეზე გამოდგეს ქოთნები - ხელს რომ არავინ ახლებთ ამის გამო, იციან. ჰოდა, დადიან "დაბოლილები", გათიშულები, ზოგი უაზროდ იცინის, მაგრამ ყველაზე საშიში შვილო ისინი არიან, ვისაც ალკოჰოლი უყვარს და მერე პლანს რომ აყოლებენ, სიგიჟის ზღვრამდე მიდიან, აგრესიულები ხდებიან, ბევრს ცოლიც კი გაულახავს, ბევრს გაუმწარებია ოჯახი. ერთზე მითხრეს, ცოლსაც აწევინებს ის კაციო (ქმარიც ეგეთი უნდა, რა)...

ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ეს ლეგალიზაცია? დავიჯერო, სხვა პრობლემა არ გვაქვს ქართველებს, ამ პარლამენტში რომ განიხილონ? რაიმეს ლეგალიზაცია კი არა, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ასეთი რაღაცები, თორემ ხომ ხედავთ, უკვე ნარკოტიკების მომხმარებლებიც აბობოქრდნენ, წყლის ზედაპირზე ამოტივტივდნენ და ვიღაცებიც თურმე, სარგებლობენ ამ ადამიანების უბედურებით და კუსტარულად დამზადებული საშუალებებით წამლავენ ახალგაზრდობას. კაცო, სასაცილოა აბა, რა არის, სიგარეტის მოწევა გარკვეულწილად აკრძალო, მკაცრად აკონტროლო და პარალელურად, პლანის მოწევა გახადო ხელმისაწვდომი. ეს მთავრობა მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის. არასდროს მომწონდა მიშა და მისი დამქაშები, მაგრამ ვაღიაროთ, მათ დროს მოწევა და "გაჩხერა" კი არა, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკსაც ვერავინ ბედავდა, ახლა კი რა ხდება? გთხოვთ, თუ არსებობს სტატისტიკა, დაბეჭდეთ, რამდენი ადამიანი მოკვდა წელს ნარკოტიკის მოხმარების გამო. არ ვიცი, შეიძლება მართლა ცუდი "წამალი" შემოაქვთ ჩვენი ახალგაზრდების დასახოცად, მაგრამ "კარგი წამალი" რომელია? ეს დამღუპველია, რასაც ყველა ერთად უნდა ვებრძოდეთ, ჩვენ კი ამას ხელს ვუწყობთ, უმუშევარ ახალგაზრდებს რაღაც ცუდისკენ ვუბიძგებთ და ადრე თუ მეცინებოდა ე.წ. ინტრიგანებზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ ვიღაცებს ჩვენი განადგურება უნდათ, რომ როგორც ერი, გადავშენდეთო, ახლა სიმართლესთან ახლოს მგონია ეს ყველაფერი და ამაში მტერს ისევ ჩვენ ვუწყობთ ხელს. მართალი უთქვამთ ძველებს: ქართველს ქართველზე დიდი მტერი არასდროს ჰყოლიაო. გული მტკივა, ეს სიტყვები ამ საუკუნეშიც გამართლებული რომ არის და ამიტომაც, იმედს ვიტოვებ, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება გადამწყვეტი საიმისოდ, რომ საქართველოში სიტუაცია სასიკეთოდ შემოტრიალდეს.

ჯერ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას, მაგრამ ალბათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმოდგენილ რომელიმე კანდიდატს და ამას გავაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე მეშინია სხვა მთავრობის, რომელიც ჩვენს განადგურებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს, ვიდრე ეს წლების წინ ხდებოდა. ჩვენ გვინდა გვყავდეს ჯანსაღი და არა - დაავადებული თაობა. გვინდა, რომ დასაქმებულები იყვნენ და მათ ხელი შეუწყონ, ნარკოტიკებით კი არ დაწამლონ. იმედია, ამ მხრივ მალე ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, მთავრობა გამოფხიზლდება და მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებს..."

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ

ლიკა ქაჯაია