რა შედეგს მოიტანს ახალი კანონი, რომელსაც "ქართული ოცნება" გვპირდება - გზაპრესი

რა შედეგს მოიტანს ახალი კანონი, რომელსაც "ქართული ოცნება" გვპირდება

"ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან", - აღნიშნავს კალაძე. მისი თქმით, პრობლემებია უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც.

დღეს ქვეყანაში 80 000-ზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ოფიციალურად აქვს უკვე საქართველოში ცხოვრების უფლება მიღებული. მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. საკანონმდებლო ორგანოში უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის მისაღებად გარკვეულ ფინანსურ ბარიერებს შეუქმნის. დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35.000 აშშ დოლარს. ცვლილებების თანახმად, ნებართვის მიღების საფუძველი გახდება ჩვენს ქვეყანაში 300 ათასი დოლარის ინვესტირება ან უძრავი ქონების ფლობა, რომლის ღირებულებაც 100.000 აშშ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა. მანამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელ რეალობასა და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. მათი შეფასებით, ეს ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასობრივ მიგრირებას. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ივლიანე წულაია ამბობს, რომ ამ დრომდე 10-15 ბინადრობის მოწმობის მიღება იყო შესაძლებელი ერთი ბინის გადაყიდვით. მაგალითად, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში იყიდდა სულ ცოტა, 35.000 დოლარად ღირებულ უძრავ ქონებას, მიიღებდა ბინადრობის მოწმობას. შემდეგ მას შეეძლო, ეს ქონება გადაეფორმებინა თავისი მეგობრისთვის, მერე მასაც აეღო ბინადრობის მოწმობა და ა.შ. შესაბამისად, ამ გზით შესაძლებელი იყო, ფაქტობრივად, 10-15 ოჯახს ეს ერთი ბინა გამოეყენებინა ბინადრობის მოწმობის ასაღებად და არანაირი კონტროლის მექანიზმი კანონით არ იყო განსაზღვრული. გარდა ამისა, დღევანდელი რეგულაციით უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც უნარჩუნდება ბინადრობის უფლება. ახალი კანონით, თუ უცხოელი გაასხვისებს უძრავ ქონებას ბინადრობის უფლების მოქმედების ვადაში, ის ავტომატურად დაკარგავს ამ უფლებას ანუ ფიქციური გადაყიდვები მხოლოდ ბინადრობის უფლების მისაღებად, შეუძლებელი გახდება. სპეციალისტების აზრით, ცვლილებები კარგია, თუმცა არასაკმარისი. მათი აზრით, მხოლოდ ფინანსური ბარიერები ვერც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ფონს შეცვლის არსებითად და ვერც მიგრანტების ტალღას შეაჩერებს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა კი ამბობს, რომ მთავრობა ახალი კანონით ხალხის მოტყუებას ცდილობს. მისი თქმით, კახი კალაძისა და მისი გუნდის რეალური მიზანი მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება კი არა, პირადი კეთილდღეობაა.

GzaPress- ბატონო გიორგი, რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რეალურად არ ისახავს მიზნად მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას?

- "ქართულ ოცნებას" რეალური პრობლემის აღმოფხვრა კი არა, ფულის გაკეთება უნდა. არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში მიგრაციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. მეტიც, მიგრაციული ტალღა ჩვენს ქვეყანას უდიდეს საფრთხეს უქმნის. ნომერი პირველი საფრთხე ემუქრება სამუშაო ბაზარს. ჩვენს ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა, ჩვენი თანამოქალაქეები სხვა ქვეყნებში გარბიან ლუკმაპურის საშოვნელად და ოჯახის შიმშილისგან გადასარჩენად. ამ დროს ვიღებთ ემიგრანტების უზარმაზარ ტალღას, რომლებიც ისედაც მცირე სამუშაო ადგილებს გვართმევენ. ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში ასეთი საკითხები მკაცრად არის დარეგულირებული. პრობლემა გახლავთ ისიც, რომ ჩვენ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ქართველები, იმის გამო, რომ ეკონომიკურ სიდუხჭირეში იმყოფებიან, შვილებს აღარ აჩენენ. ამ დროს შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სამუდამოდ აქ ფუძნდებიან. ახალდაფუძნებული უცხოელების რიცხვი კი ყოველდღიურად მრავლდება. ასე თუ გაგრძელდება, მალე ქართველები ეროვნულ უმცირესობად დავრჩებით.

- სწორედ მსგავსი ტიპის პრობლემების დარეგულირებას ემსახურება ახალი კანონპროექტი...

- სულაც არა. ასეთი პრობლემების არსებობის დროს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობამ მხოლოდ ფინანსური სანქციები კი არ უნდა დააწესოს, მკაცრი რეგულაციები უნდა შემოიღოს, რომ უცხოელები ასე ჰაიჰარად ვეღარ შემოვიდნენ და ვერც ბინადრობის უფლება მიიღონ იმ პირობებში, რაც დღეს სამეზობლოსა და ზოგადად, მსოფლიოშია მიგრანტებისა თუ უსაფრთხოების კუთხით.

- მაინც როგორი რეგულაციები უნდა დაწესდეს?

- უპირველესად უნდა განისაზღვროს რა რაოდენობის საემიგრაციო ნებართვის გაცემის რესურსი აქვს ქვეყანას, საიმისოდ რომ ქვეყანაში არც დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვალოს და არც უმუშევრობის დონე გაიზარდოს. "ქართული ოცნება" მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი ფული შევიდეს ბიუჯეტში, რომ მერე სახელფასო დანამატები გაიზარდონ. მე არ ვამბობ, რომ ფინანსური საკითხი არ უნდა მოგვარდეს, ესეც მნიშვნელოვანია საკითხი, მაგრამ მხოლოდ ამაზე აპელირება აშკარად მიუთითებს იმას, რომ მთავრობის მიზანი მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ენის ცოდნაც. არ შეიძლება, პირს ქვეყანაში 180 დღეზე მეტი ხნით ცხოვრების, მით უფრო, საქმიანობის უფლებას აძლევდე და სახელმწიფო ენის რაღაც დონეზე ცოდნას არ სთხოვდე.

- ბოლო დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. თქვენი აზრით, ეს ქვეყანაში გაზრდილი კრიმინოგენული ვითარების თანმდევი პრობლემაა, თუ იმის შედეგი, რომ ქვეყანაში შემოსული უცხო პირის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს?

- ორივე ერთად. ქვეყანაში რომ კრიმონოგენული ვითარება გაუარესებულია და ამ მხრივ ძალიან მძიმე ვითარებაა, ამას ხელისუფლებაც კი არ უარყოფს. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო ისე უპრაგონოდ გასცემს უცხო პირზე ქვეყანაში ცხოვრების უფლებას, რომ მისი პიროვნებით საერთოდ არ ინტერესდება. თავადაც არ იციან, ვის და რატომ უშვებენ ქვეყანაში.

- კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერკელის თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში მიგრანტების შემოყვანის თემაც იყო. რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ ამის შესახებ?

- ეს არის საკითხი, რომელზე ოფიციალურ განცხადებას არავინ აკეთებს, მაგრამ კულუარებში ყველა საუბრობს. ევროპას, განსაკუთრებით გერმანიას უკვე დიდი ხანია მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს და ცდილობს, ეს საკითხი, ჩვენი ქვეყნის მსგავსი ღარიბი სახელმწიფოების ხარჯზე მაქსიმალურად მოაგვარონ. მოგეხსენებათ, ალბათ, გერმანიაში ბოლო დროს როგორი საპროტესტო ტალღა მოჰყვა მიგრანტების მიერ ახალგაზრდა გერმანელი კაცის მკვლელობას. ეს საპროტესტო ტალღა დღემდე არ ჩამცხრალა. შესაბამისად, მერკელი ცდილობს ასეთი პრობლემური ხალხი თავის მოქალაქეებს მოაშოროს და მესამე ტიპის ქვეყნებში გადაამისამართოს. ჩვენ თუ ასე უპრაგონოდ გავუღებთ კარს ყველას, ვინც ფულს გადაგვიხდის, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მე არც ნაციონალისტი და არც ფაშისტი ვარ, უბრალოდ, ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს რეალურად ვაფასებ.

ხათუნა ბახტურიძე