V საუკუნის ტაძარი, რომელმაც საუკუნეების სიწმინდეები და საიდუმლოებები შემოინახა
font-large font-small
V საუკუნის ტაძარი, რომელმაც საუკუნეების სიწმინდეები და საიდუმლოებები შემოინახა
"იმდენ ისტორიას, საიდუმლოსა და ინფორმაციას ინახავს აქაურობა, შეუძლებელია, არ მიყვარდეს, ჩემად და იმ ხალხის ნუგეშად არ ვთვლიდე, ვისაც უფალი უყვარს... ეს დრო-ჟამისა და ათას ჭირ-ვარამისგან დახეთქილი კედლები ჩვენი წინაპრის ისტორიას გვიყვება, ზოგს ვიგებთ, ზოგსაც - ვერა", - მითხრა მამა ანდრიამ (მელია), თან ცალი ხელით ჯოხს ეყრდნობოდა, მეორით კი ტაძრის კედლებს ეფერებოდა.


22 წელია, ანაფორა აცვია. ის სოფელ სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია და ტაძართან ერთად უამრავ დარდსა და ტკივილს გაუძლო...
გარკვეულ პრობლემებზე ხმა საჭირო პირებს კი მიაწვდინა, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო მისი თხოვნა უპასუხოდ დატოვეს. ამას არ შეუშინებია...
ტაძარი აბაშის მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ სეფიეთის გზის პირზე მდებარეობს. კარგ ამინდში იქიდან ნოქალაქევიც ჩანს, რაც ალბათ შემთხვევითი არ უნდა იყოს. წინამძღვრის თქმით, ტაძრის საძირკველში გვირაბია, რომელიც სავარაუდოდ, ნოქალაქევის ციხეს უკავშირდება.

მამა ანდრია (მელია), ტაძრის წინამძღვარი:
GzaPress- ეს ტერიტორია ირან-ბიზანტიის ომის დროს ეგრისის სამეფოში შედიოდა. მაშინ ეგრისს ძლიერების ხანა ედგა. სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძარი სავარაუდოდ, იმ დროს არის აგებული... თუმცა, ცნობილი არ არის, რა სახელით იყო ცნობილი სოფელი. იქაურობა ნოქალაქევის მიმდებარე ტერიტორია იყო და მას ეკუთვნოდა... შემდეგ, ირან-ბიზანტიის ომის დროს აქაურობა გაჩანაგებულა და ტაძარიც დავიწყებას მისცემია. ახლო ჟამებში შემონახული გადმოცემების თანახმად, ამ ადგილას უღრანი ტყე ყოფილა. ერთ-ერთი ვერსიით, რაღაც ეპიდემია, სავარაუდოდ, შავი ჭირი გაჩენილა და მთელი სოფელი მოუსრავს... მოგვიანებით, ამას დაემატა VII საუკუნეში არაბების შემოსევა, რამაც ყველაფერი მიწასთან გაასწორა. როგორც ჩანს, ტაძარს განადგურება არ ეწერა, რადგან უფრო მოგვიანებით, გაღმა სოფელში მცხოვრებ მონადირეს, გვარად ოჩიგავას, ნადირობისას ირემი დაუჭრია და ამ უღრან ტყემდე გასდევნებია დაჭრილ ცხოველს. სწორედ მაშინ აღმოაჩინა თურმე ტაძარი... თუმცა, რაღა ტაძარი, ნატაძრალი ყოფილა უკვე, ხეები და ბალახი იყო ამოსული. ოჩიგავას გაუკაფავს იქაურობა და თავისი გვარის ხალხი ჩამოუსახლებია. ასე გაშენებულა და დასახლებულა აქ სოფელი. შუა საუკუნეების შემდგომ ხანაში, იქ ორი გვარი მოსახლეობდა - ოჩიგავები და თოფურიძეები... ორივე აზნაურები ყოფილან და ტაძრისა და მის გარშემო ტერიტორიაზე გავლენისთვის მათ შორის სულ ქიშპი ყოფილა. იმ წლებში აბაშის ტერიტორია და ეს სოფელიც საჭილაოს თემს ეკუთვნოდა... ფრესკებს აწერია, ელაჭიში ოჩიგავამ მოხატაო, თუმცა, თარიღები, ავტორები, ფრესკების მოხატულობა მრავლადაა, რამდენიმე ადგილას გადაწერილი ფრესკებიც შეინიშნება, ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ბევრი "პატრონის" ხელშია გამოვლილი...
- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრე სხვა წმინდანის სახელსაც ატარებდა?
- დიახ, ტაძარში შემორჩენილ ფრესკებს ბერძნული წარწერებიც აქვს და წმინდა სტეფანეს ფრესკაც არის კედელზე, რაც ბერძნების ნაკვალევზეც მიანიშნებს... ანუ ვისაც როგორ და რა პერიოდშიც მოუხერხდა, ისე გადაარჩინა ტაძარი და თავისი კვალიც დატოვა...
საკურთხევლის მოხატულობას, ფრესკებს აწერია, რომ ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, აბრამ ჭილაძის კურთხევით მოხატა ზოსიმე კოპლატაძემ, თუმცა სხვებიც არიან მითითებული, გვარად ჭილაძეები. XII საუკუნის მხატვრობაც არის შემორჩენილი და უფრო გვიანდელიც, რუსული ეგზარქოსობის დროინდელი, - რუსული კანკელის არსებობა, მთლიან კედელზე არსებული მოხატულობა, საიდუმლო სერობის ფრესკა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ რუსებსაც უცდიათ მისი მითვისება... საქართველოში წმინდა ნინოს სულ ოთხი ფრესკაა აღმოჩენილი, მაგრამ ისეთი, როგორიც ამ ტაძარშია, სხვაგან არსადაა, - მეფური სამოსით შემოსილი წმინდა ნინო, თავზე გვირგვინით, საკურთხეველშია გამოსახული, თან მაღალ დასაჯდომელზე. ჩვენს რწმენაში ქალი საკურთხეველში წარმოუდგენელია... თუმცა, ეს იმით აიხსნება, რომ წმინდა ნინო მოციქულთა სწორია. არც ის არის გამორიცხული, რომ აქ მისი სიწმინდე ყოფილიყო დაცული...
- რამდენი წელია, აქ მსახურობთ?
- 22 წელია... მაშინ, როცა ხალხს რწმენა არ ჰქონდათ, კომუნისტური წყობის შემდეგ, მე და კიდევ ერთი მოძღვარი, პირველები ვიყავით, ვინც ანაფორა ჩავიცვით...
- თქვენს გადაწყვეტილებას რაიმე წინა პირობა ჰქონდა?
- დიახ, მანამდე ღმერთის შესახებ ძალიან ცოტა ვიცოდი. ერთ დღესაც ჩემს ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, - 31 წლის და მეუღლის ხელით მოკვდა. სიძეს იარაღი გაუვარდა... ძალიან ცუდად ვიყავი. გამიჭირდა ამასთან შეგუება და პატიებაც. 1992 წელი იყო და ამ სოფელში კი არა, ალბათ საქართველოს ძალიან ბევრ სოფელში მღვდელი ძალიან ცოტას თუ ჰყავდა ნანახი. ერთხელაც, სამძიმარზე ვიღაც კაცმა მოძღვარი მოიყვანა. ძალიან გაგვიკვირდა, რადგან მაშინ ხალხი შორს იყო რწმენისგან... გარეთ ერთ მეტრამდე თოვლი იყო. ვინ იყო, საიდან მოიყვანა, არავინ იცოდა... ის მიცვალებულს წესს უგებდა, მაგრამ ჩემთვის იმდენად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, პატივისცემის ნიშნადაც ფეხზეც კი არ წამოვმდგარვარ... ამას ახლაც განვიცდი... თავისი საქმე დაასრულა და წავიდა. ჩემი დის სიკვდილის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი შურისძიებაზე, დაგეგმილიც მქონდა, მაგრამ ყოველთვის ჩამეშალა. არადა, ყველაფერი ზუსტად დავგეგმე. ხანდახან იმ მოძღვრის ქადაგება ჩამესმოდა ყურში და ერთხელ მივხვდი, რომ მე შურისმაძიებელი, მკვლელი არ ვარ და ჩემს თავსაც და მასაც მხოლოდ მაშინ ვაპატიებდი, თუ ანაფორას ჩავიცვამდი... იმ დროს ეს ტაძარი დაკეტილი, გაუქმებული იყო... ერთხელ აფხაზეთიდან დევნილმა კაცმა მითხრა, - რა კარგი ეკლესია გაქვთ და როგორ უპატრონოდ არისო... რამდენიმე დღე ვფიქრობდი იმაზე, შევძლებდი თუ არა ჩემი ცხოვრების მაშინდელი წესის მერე კაბის ჩაცმას... უფალმა გადამძლია, ძალა მომცა და მივხვდი, რომ აქ უნდა მემსახურა და აქაურობისთვის მიმეხედა. ამის გაფიქრება შვება იყო, რომელმაც შემდგომში, უფლის წყალობით, უამრავი რამ შემაძლებინა.
GzaPressმახსოვს პირველი შაბათ-კვირა, ეკლესიაში რომ მივედი... შემდეგ კი, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. საკმაოდ ბევრი ასაკოვანი ადამიანი აბარებდა ჩემთან ერთად, ოღონდ ჩემ გარდა ყველას უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული... კარგა ხანს სუჯუნაში ვიყავი, შემდეგ ვითხოვე, სეფიეთში გადმომიყვანეთ, იმ ტაძარს მივხედავ-მეთქი და მას მერე აქ ვარ. ბევრი რამეა გასაკეთებელი და შესასწავლი. 90-იან წლებამდე აქაურობა დაკეტილი იყო. მიწურს უფრო ჰგავდა, იატაკი და სარკმლები არ ჰქონდა, კარი არ იღებოდა და კედლებზე შემორჩენილი, ლამის ისედაც წაშლილი ფრესკები ძალიან ცუდ დღეში იყო... შემდეგ აქაურ მეუფეს ვთხოვეთ, იქნებ რამე მოვუხერხოთ აქაურობას, სხვა თუ არაფერი, ისტორიას ინახავს-მეთქი. იმ წლებში ცოტა ვინმე თუ ლოცულობდა... საკურთხეველი პრაქტიკულად არ არსებობდა. რამდენიმე კედელზე რუსული მხატვრობა იყო შერჩენილი... კანკელიც არ გვქონდა. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის წლებში ვიაქტიურეთ და მისი გადახურვა შევძელით, თუმცა, დროებითი აღმოჩნდა. სახურავი სპილენძის მასალის იყო, ხალხი რწმენით არ ცხოვრობდა, ვიღაცებს ცდუნებამ სძლია და ერთ ღამესაც სახურავი მოიპარეს... ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, რადგან შემდეგ ამის "ავტორებს" ძალიან დიდი განსაცდელი შეხვდათ.
ამას წინათ, იატაკი ჩავარდა. მაშინ შევნიშნეთ, რომ ქვეშ გვირაბი იყო, რომელიც სავარაუდოდ, ნოქალაქევის ციხეს უკავშირდება. არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა, არადა, ვიცი, რომ დიდ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს... გარდა ამისა, საკურთხევლიდან მარცხნივ, კედელიც გარღვეულია, რომელიც ჩვენი ძალებით შევაკეთეთ, მაგრამ არც ისე მყარია. ბევრჯერ გადაურჩა დანგრევას, ბოლოს კომუნისტები მიადგნენ თურმე, მაგრამ ამ სოფლის მკვიდრ ისტორიკოსს, სერგი მაკალათიას გადაურჩენია, - ეს საკულტო ნაგებობა კი არა, ისტორიის ნაწილია და არ უნდა დაინგრესო, არადა, ერთი მხარის მონგრევა უკვე დაწყებული ჰქონიათ...
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კანაფი/მარიხუანა კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დაპირისპირების საგანი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარის განაპირას აღმართულია კოშკი, რომელიც ომუნეს ჯიხას სახელით არის ცნობილი და ჩვენი ქვეყნის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების მსურველთათვის წესის გამკაცრებას მოითხოვს.
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
პლანის მოწევა სოფელში გართობად იქცა(?!)
ბოლო წლებში ჩვენთან სიგარეტის მოხმარება გაიზარდა, რაც უფილტრო სიგარეტის ხარჯზე მოხდა.
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი