კანაფის კულტივაცია - საფრთხე თუ კრიზისიდან გამოსავალი? - გზაპრესი

კანაფის კულტივაცია - საფრთხე თუ კრიზისიდან გამოსავალი?

აზრთა სხვადასხვაობა და პოზიციათა ჭიდილი ამჯერად კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულმა საკანონმდებლო პროექტმა გამოიწვია.

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ქვეყანაში კანაფის კულტივაცია საექსპორტო მიზნით დასაშვები გახდება. როგორც უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანის გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანის მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანის მოხმარებას ზღუდავს. შსს-მ მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველოდან კანაფი რიგ ქვეყნებში სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებით გაიყიდება. ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაციას უჭერდა მხარს. საქმეში ეკლესიაც ჩაერთო, დაანონსდა საპროტესტო აქციები. შექმნილი ქაოსის დასრულების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, ვიდრე კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ფართო კონსენსუსი არ იქნება, პარლამენტი მას აღარ განიხილავს. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად არგუმენტები კანონპროექტის მომხრეებსაც აქვთ და მოწინააღმდეგეებსაც. მომხრეები ფიქრობენ, რომ სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებისთვის მცენარე კანაფის წარმოება-რეალიზაციას ქვეყნისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ ამ მცენარის ექსპორტი ჩვენს ქვეყანას იმიჯს შეულახავს, რაც კიდევ უფრო სახიფათო, დამაზიანებელი იქნება მომავალი თაობისთვის. ვნახოთ, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეები.

გეგი ირემაშვილი, მენეჯერი:

- განათლებით ფარმაცევტი ვარ და ვიცი, რომ მარიხუანის მოხმარებას რეალურად მოაქვს სამედიცინო სარგებელი. სამედიცინო მარიხუანა, რომელზეც ჩვენი კანონმდებლები საუბრობენ, გამოიყენება ნევროლოგიური პრობლემების, პოსტტრავმული სტრესის, უძილობის, უმადობის დროს. ამ მცენარეს მინიმუმ 10 ქვეყანაში მაინც იყენებენ სხვადასხვა დაავადების სიმპტომების საწინააღმდეგოდ. თუ ამ მცენარის წარმოებას ასეთი სიკეთის მოტანა შეუძლია და ქვეყნის ბიუჯეტსაც კარგად შეგვივსებს, არ მესმის, რატომ უნდა თქვათ უარი? ზოგიერთს ეშინია, რომ მედიკამენტს ბოროტად გამოიყენებენ. ასე რომ მივყვეთ, შხამის გამოყენებაც შეიძლება ბოროტად, მაგრამ მედიცინაში მაინც მოიხმარენ. ბევრისგან მსმენია, რომ ხელისუფლებას ხალხის დაბოლება და გამოშტერება უნდა. დიდი ბოდიში, მაგრამ ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების დიდი ნაწილი ისედაც ძალიან კარგად ბოლდება. ჩემ გარშემო არავინ მეგულება მამრობითი სქესის, ვისაც პლანი არ მოუწევია. სხვათა შორის, ამაზე არც ბევრი ქალბატონი ამბობს უარს. ვისაც მოწევა უნდა, მიწის ქვეშ რომ იყოს, მაინც მიაგნებს, ვისაც არ უნდა, ეზოში რომ გაუშენო მარიხუანის პლანტაცია, ზედაც არ შეხედავს. ვერავინ უარყოფს, რომ ღვინის გადამეტებული სმა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ვენახზე უარს ხომ არ ვამბობთ? ზედმეტი, გადაჭარბებული და უმიზნოდ მოხმარებული ყველაფერი საზიანოა. ვფიქრობ, დროს ვკარგავთ უაზრო დავაში და ქვეყანის ეკონომიკურ აღმასვლას ხელს ვუშლით.

მერი დათუნაშვილი, პედაგოგი: - მე კანაფის წარმოება-რეალიზაციაში ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ. უწმინდესმა და უნეტარესმა სწორად შენიშნა, რად გვინდა ისეთი ეკონომიკური წინსვლა, თუ მომავალ თაობას მოვსპობთო. გახარია კი გვარწმუნებს, რომ ყველაფერს მკაცრად გავაკონტროლებთ და ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეს მცენარე ხელმისაწვდომი არ იქნებაო, მაგრამ არ მჯერა. მე ვნახე უკვე ამ ხელისუფლების "მკაცრი კონტროლი" რას ნიშნავს. დღე არ გადის, ქვეყანაში რამდენიმე მძიმე კრიმინალური დანაშაული არ მოხდეს. ჯერ დღეს არსებული დანაშაული აღკვეთონ მკაცრად და მომავალზე მერე ილაპარაკონ. ჩინოვნიკებს ყველაზე კარგად საკუთარი შემოსავლების კონტროლი გამოსდით.

ნაირა მაღალდაძე, დიასახლისი: GzaPress- მგონი, "ნაციონალებმა" საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, ხმა გაავრცელეს, რომ თითქოს მთავრობა მოსაწევი მარიხუანის პლანტაციების გაშენებას გეგმავს. საბოლოოდ გაირკვა, რომ სამედიცინო დანიშნულების მცენარის კულტივაცია იგეგმება და ისიც უცხო ქვეყნებში უნდა გაიყიდოს. რა არის ამაში ცუდი? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთი კრიჭაში უდგას ხელისუფლებას. ოპოზიცია და არასამთავრობოები სულ იმას ჩივიან, ქვეყანაში სიღატაკეაო. ა, ბატონო, გვთავაზობენ გამოსავალს. ხალხი კი შარზეა. რა უნდათ, არ ვიცი, ივანიშვილი თავის ქონებას არ დაგვირიგებს, ჯობია ტვინი და ხელი გავანძრიოთ.

ვანო ფეიქრიშვილი, იურისტი. - ერთი შეხედვით ცუდი ინიციატივა არ არის. მცენარეა, ქვეყანას ეკოლოგიურ პრობლემებს არ შეუქმნის, როგორც მაგალითად, ჰესები, ქარხნები... დათესავ, მოიწევ, გაყიდი... სამუშაო ადგილებიც შეიქმნება და ქვეყნის დაქცეულ ბიუჯეტსაც ეშველება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს რეალობაში ეს სარისკოა. დღევანდელი ხელისუფლება მკაცრი კონტროლის განხორციელებას ვერ შეძლებს. საქართველოში არც ხელისუფლებაა მზად ამისთვის და არც საზოგადოება. ამერიკელებს, ნორვეგიელებს და გერმანელებს ნუ მივბაძავთ, არ გამოგვადგება, ეს სხვა მენტალობის და ტრადიციის ხალხია... ჩვენს ქვეყანაში ლეგალურიდან არალეგალურ კულტივაციამდე ძალიან მკრთალი საზღვარია, ცდუნება კი ძალიან დიდია.

სულხან ნამჩევაძე, იუმორისტი: - მგონი ივანიშვილს წასვლა უნდა და პირდაპირ თქმის ერიდება. დააკვირდით, უამრავი კრეტინი შეყარა პარლამენტში, ძალიან სულელ კანდიდატს გამოუცხადა მხარდაჭერა საპრეზიდენტო არჩევნებში, მერიებსა და სამინისტროებში ისეთი ხალხი დაასაქმა, წიგნის კითხვა რომ არ იციან. ახლა მარიხუანის გაყიდვას იწყებს... არ დამიწყოთ ახლა ლაპარაკი, კანაფი სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებისთვის უნდაო, ასე იტყვის, აბა, იმას ხომ არ აღიარებს, ნარკოტიკი უნდა გავყიდოო. გარდა ამისა, რომელ მკაცრ კონტროლზე მელაპარაკებიან ეგენი? ფონიჭალას ვერ აკონტროლებენ...

ლაშა მანსურაშვილი, ფიტნესინსტრუქტორი: - არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რომ კანაფს უცხო ქვეყნებს მიჰყიდიან სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარებისთვის და ნარკოტიკად არ გაასაღებენ. რატომ უნდა დავუჯერო გახარიას ან რომელიმე ხელისუფალს? რაც შეგვპირდნენ, ის შეასრულეს? ტყუილის თქმის რცხვენიათ თუ რა? როგორც გავიგე, ნიგოზის ზეთი კანაფის ზეთზე ბევრად ძვირი ყოფილა მსოფლიო ბაზარზე. შავ მოცვსაც გადასარევი ფასი ჰქონია. ხომ შეიძლება ასეთი კულტურები მოაშენონ, ხალხიც დაასაქმონ, ბიუჯეტიც შეავსონ და სასარგებლო პროდუქტიც აწარმოონ, რაღა მარიხუანას მიადგნენ?

გურამ ნავროზაშვილი, ხელოსანი: - ვფიქრობ, ივანიშვილი, კანაფის წარმოებით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ცდილობს. სვანეთში მართლა მოიხმარდნენ კანაფს სხვადასხვა კერძში. რა არის ამაში საგანგაშო? საგანგაშოდ მე სიღატაკე და უმუშევრობა უფრო მიმაჩნია. მთავარია, ახალგაზრდები დასაქმებულები იყვნენ და ღირსეული ხელფასი ჰქონდეთ, მარიხუანის მოწევისა და ლაზღანდარობისთვის აღარავის ეცლება, ერთეულების გარდა.

ირინა ლოსეურაშვილი, სტილისტი: - ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებამ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია გაითვალისწინა და კანონპროექტის განხილვა გადადო. ეს ხელისუფალთა კეთილგონიერებაზე მეტყველებს. იმედია, სხვა დროსაც გაითვალისწინებენ, სამღვდელოების პოზიციებს.

გიგა მერებაშვილი, დისტრიბუტორი: - მგონია, რომ ხელისუფლებას კანაფის წარმოება-რეალიზაციის საკითხში საპატრიარქოს კი არა, ექიმებისა და ნარკოლოგების რეკომენდაციები უნდა გაეთვალისწინებინა. ალბათ წინასწარ უნდა განესაზღვრათ ის სიკეთეები და რისკები, რაც ამ პროცესს მოჰყვებოდა და ხალხის სამსჯავროზე მერე გამოეტანათ. ახლა ძალიან არასერიოზულ პოზიციაში აღმოჩნდნენ, ჯერ გვითხრეს, ისეთი მაგარი კანონპროექტი გვაქვს, ეს რომ კანონად იქცევა, ერთბაშად გავმდიდრდებით და ავყვავდებითო. როგორც კი საპატრიარქომ განაცხადა, კანონპროექტი სახიფათოა მომავალი თაობისთვისო, კანონპროექტის ინიციატორებმა მაშინვე უკან დაიხიეს, საჩქარო არაფერია, მოგვიანებით ვიმუშავებთ ამ საკითხზეო. რაღაც არასერიოზულად და სასაცილოდ გამოიყურება ყველაფერი.

რუსკა ხუროშვილი, სტუდენტი: - მე რა მიკვირს, იცით? რომ გაიძახიან, კანაფის კულტივაცია მხოლოდ საექსპორტო მიზნებისთვის იქნება დასაშვებიო, ეს რა სამართალია? თუ კანაფისგან მრავალი დაავადების განმკურნავი წამალი და მაღალი ხარისხის კოსმეტიკა მზადდება, საქართველოში რატომ არ გაიყიდება, ჩვენ დავაშავეთ რამე? წარმოუდგენლად მიმაჩნია, საქართველოში კანაფის პლანტაციები გააშენონ და ამით ახალგაზრდებმა არ ისარგებლონ. მით უფრო ახლა, როცა მოწევა დანაშაულად აღარ ითვლება. გარწმუნებთ, ჩემი მეგობრები ჩაიხრჩობიან მაგ მარიხუანაში.

ხათუნა ბახტურიძე