"ეს ახალი ტიპის ომია" - გზაპრესი

"ეს ახალი ტიპის ომია"

დღევანდელ საქართველოში მიგრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა: შემოდიან უცხოელები ჩვენთან, სახლდებიან და ამ ქვეყნის მოქალაქეები ხდებიან. ქართველები კი, უცხო ქვეყნებში მიდიან და იქ ცდილობენ თავის დამკვიდრებას. მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები, როგორ აფასებენ უცხოტომელთა მომრავლებას საქართველოში.

"ყველა თავის სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს"

კობა დავითაშვილი, პოლიტიკოსი: GzaPress- ჩემი შეხედულება ასეთია: ყველა თავის სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს და ვინც არ ცხოვრობს, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ქართველებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან, პირობები უნდა შევუქმნათ, რომ დაბრუნდნენ და აქ იცხოვრონ. ფერეიდნელი ქართველებიც, რომლებიც საქართველოს ასწლეულების განმავლობაში მოსწყდნენ, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, ხოლო სხვა ქვეყნის შვილები თავიანთ ქვეყნებს დაუბრუნდნენ - ასეთია ჩემი პოზიცია. ბევრს ჰგონია, რომ ეს მოსაზრება თანამედროვე მსოფლიოში არაპოპულარულია, მაგრამ ასე არ არის. მსგავსი მოსაზრებები არ მოსწონს ე.წ. ელიტას, რომელიც მთელ მსოფლიოს თავზე აზის, მაგრამ უკვე ყავლი გაუვიდა და ნელ-ნელა შორდება ხელისუფლებას როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ვფიქრობ, მოქალაქეობის მიღებაც უნდა გართულდეს. უცხოელმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა სურს, კარგად უნდა იცოდეს ქართული ენა, ჩვენი ისტორია და ქართულ კულტურას ნაზიარები იყოს. მოკლედ, გაქართველება უნდა სურდეს. თუ გაქართველდება, კი ბატონო, მივცეთ მოქალაქეობა, თუ არადა, თავის სამშობლოში მიბრძანდეს. ჩვენ ჩვენი ლტოლვილებიც გვყოფნის და სხვების დამატება აღარ გვჭირდება.

"ქვეყანას, სადაც კანაფს თესავენ, მომავალი არა აქვს"

GzaPressგივი სიხარულიძე, მწერალი: - ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ჩვენი ერის დეგრადაცია მაშინ დაიწყო, როცა ვაიმწერლებსა და ე.წ. ინტელიგენციას საკუთარი დედის გინება და ჩვენი წმინდანების შეურაცხყოფა ვაპატიეთ, ამ დროს ხალხი გაჩუმებული იყო და ხმას არ იღებდა. საქართველო ძალიან ჰგავს უფესვო ხეს, დამპალ ფესვებზე აღმოცენებული ხე კი ვერც ვითარდება და ვერც ხარობს. იქ, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია, სადაც სახელმწიფო იმ დონემდე დავიდა, რომ კანაფის მოყვანა ბიზნესად იქცა, ამას სახელმწიფო უკვე აღარ ჰქვია. ეს არის დაშლილი, გაუბედურებული ქვეყანა, რომელსაც პატრონი არც ჰყოლია და არც ჰყავს. ნურაფრის პრეტენზია ნუ გვექნება. იმ ქვეყანას, სადაც კანაფს თესავენ და ამას მთავრობა და პარლამენტი მხარს უჭერს, მომავალი არა აქვს. ჩვენი საქმე წასულია, მორჩა და ამაზე აღარ უნდა ვიდარდოთ! მიგრაცია მეათეხარისხოვანი პრობლემაა მარიხუანის ლეგალიზებასთან შედარებით. რა მიწა? რომელი მიწა?! - მიწას, სადაც კანაფს თესავენ, მიწა აღარ ჰქვია. ჩვენ მიწა აღარა გვაქვს და ყველაფერი, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება, საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგა - ეს არის ჩემი პასუხი.

"უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია"

GzaPressგიორგი ბახუტაშვილი, მსახიობი: - თანამედროვე მსოფლიოში საზღვრების გადაკვეთა თავისუფალი უნდა იყოს. რაც შეეხება უცხოელების შემოსვლას საქართველოში, ამაზე დადებითი აზრისა ვარ, ოღონდ, არა ისე, რომ საბოლოოდ ჩვენი მიწები ან უძრავი ქონება მათ საკუთრებაში გადავიდეს. თუ უცხოელები ჩამოვლენ და აქ ინვესტიციებს ჩადებენ, რატომაც არა? მიწა რაღაც ვადით უნდა გაიყიდოს და მისმა მყიდველებმა თავიანთი ვალდებულებები უნდა შეასრულონ. უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაც ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია.

"ასეთ პატარა ქვეყანაში მოქალაქეობის დარიგება არ შეიძლება"

GzaPressთეა გვასალია, ჟურნალისტი: - XXI საუკუნეში საზღვრების ჩაკეტვა არანაირად არ გამოვა. ჩვენ ხომ გვინდა მიგვიღონ და ნორმალურად დაგვხვდნენ? ამიტომ, ჩაკეტილები ვერც ჩვენ ვიქნებით. უცხოელების შემოსვლა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, სულ სხვა საკითხია მოქალაქეობის მიღება და აქ საკუთრების შეძენა. ჩვენსავით პატარა ქვეყანაში მოქალაქეობის ასე დარიგება არ შეიძლება, მაგრამ მარტო ეროვნების მიხედვით მოქალაქეობაზე უარის თქმაც არ ვარგა. რაღაც შეზღუდვები უნდა არსებობდეს, რის გამოც ადამიანი ჩვენს მოქალაქეობას ვერ მიიღებს, მაგრამ ჩვენი საზღვრები ყველასათვის რომ ჩავკეტოთ და მოქალაქეობა არავის მივცეთ, მაშინ იზოლირებულ, ცალკე პლანეტად ვიქცევით. მე იმაზე უფრო მწყდება გული, ქართველები რომ გადიან, ვიდრე იმაზე, რომ უცხოელები შემოდიან. მიგრაცია ჩვეულებრივი მოვლენაა თანამედროვე მსოფლიოში. ალბათ უფრო მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც მოქალაქეობას მივანიჭებთ. დასავლეთის ქვეყნებში გარკვეული რაოდენობის ინვესტიციას თუ დააბანდებ ან საცხოვრებელ სახლს შეიძენ, მხოლოდ ამის შემდეგ გეძლევა ცხოვრების უფლება, თანაც, ეს სოლიდური თანხა უნდა იყოს და არა რამდენიმე ათასი დოლარი.

"ცუდი სულაც არ არის, რომ უცხოელებს საქართველოში ცხოვრების სურვილი უჩნდებათ"

GzaPressდიტო კუპატაძე, იუმორისტი: - ცუდი სულაც არ არის, რომ უცხოელებს საქართველოში ცხოვრების სურვილი უჩნდებათ, უბრალოდ, ეს სფერო უნდა რეგულირდებოდეს. ისიც ბუნებრივია, აზიელები რომ შემოდიან, რადგან ისინი მსოფლიოს ევროპულ ნაწილში ცდილობენ გადმოსვლას. განვითარებულ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი აქ არ ჩამოვა, ასეთი ქვეყნებიდან მხოლოდ ერთეულები ჩამოდიან, ვისაც საქართველო ძალიან მოსწონს. სხვათა შორის, მე არ მესმის იმ ხალხის, ვისაც საქართველოში ჩინელების, ინდოელების ან არაბების მომრავლება აშინებთ. უბრალოდ, სახელმწიფომ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს. იმის საშიშროება, რომ უცხოელების მომრავლების გამო ჩვენს ერს საფრთხე ემუქრება, არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.

"ცოტა ხანში თვალს გავახელთ და ან ინდოეთში ვიცხოვრებთ, ან - ჩინეთში"

თეა დარჩია, მოცეკვავე: - სტუმრის მიღება იმას არ ნიშნავს, რომ მან საკუთარი სახლიდან გაგაძევოს. ჩამოსულებს უფრო მეტი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობას - ეს დიდი უსამართლობაა. ქართველებს ახასიათებთ: უცხოელს თან გადაჰყვებიან და საკუთარ თანამემამულეებს არ აფასებენ. ნუთუ, არ გვეყო მწარე გამოცდილება, რომელიც აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობისას მივიღეთ? უმოწყალოდ ვყიდით საკუთარ მიწას, ისინი კი ჩვენს მიწებზე მუშაობენ, უყვარდებათ აქაურობა და საკუთარი მიწიდან გვაგდებენ. ქართველებს აქ აღარ დაედგომებათ და ჩვენი გენოფონდი თანდათან იცვლება. ცოტა ხანში თვალს გავახელთ და ან ინოდეთში ვიცხოვრებთ, ან - ჩინეთში, ან - სირიასა და იორდანიაში. ღმერთმა დამიფაროს, რომ ფაშისტური შეხედულებები მქონდეს, მაგრამ დაუშვებელია საკუთარი ხალხი არ დააფასო, აქ უცხოელები დაასახლო და უფრო მეტი უფლებები მისცე, ვიდრე ქართველებს. არ შეიძლება უცხოელებმა ყველაფერი 1 ლარად გადაიფორმონ და ჩვენ საკუთარ მიწაზე სტუმრებად ვიქცეთ. ეს ახალი ტიპის ომია, რომელსაც აუცილებლად მოიგებენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვისაც აქ უკონტროლოდ შემოვუშვებთ. მეტი პატივი უნდა ვცეთ საკუთარ მიწა-წყალს და სამშობლოს, რომ ჩვენს შვილებს მისი ნამცეცები მაინც დავახვედროთ. გასაცემი რაც იყო, უკვე ყველაფერი გავეცით. საქართველოში ქართველი უნდა იყოს პრიორიტეტული, უცხოელებმა კი ქართული ენა უნდა ისწავლონ. თუნდაც აშშ-ის მაგალითი რომ ავიღოთ, ამერიკის კონსტიტუცია თუ არ იცი, ამ ქვეყნის მოქალაქეობას არ გაძლევენ, ჩვენი კონსტიტუცია კი, პოლიტიკოსებმაც არ იციან. ჩვეულებრივ მოკვდავებს რაღა უნდა მოვთხოვოთ? ამერიკის მოქალაქეობის მიღებას სერიოზული მუშაობა სჭირდება, ჩვენ კი, ისე ვარიგებთ ჩვენსას, თითქოს მოქალაქეობის მიღება სახუმარო საქმე იყოს.

ხათუნა ჩიგოგიძე