"წაიღოს თბილისმა პარლამენტი და თავში იხალოს" - გზაპრესი

"წაიღოს თბილისმა პარლამენტი და თავში იხალოს"

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისში აღარ იმუშავებს. ყოფილი სპიკერის, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წელს საპარლამენტო კომიტეტებმა საქმიანობა თბილისში დაიწყეს. 2018 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, კანონმდებლებმა კონსტიტუციიდან ის ჩანაწერი ამოიღეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი იყო განსაზღვრული. ახალი კონსტიტუცია ძალაში ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების მიზეზად ბოლო წლებში პარლამენტის ორი შენობისთვის დახარჯულ დიდ საბიუჯეტო თანხებს და მთავრობასთან გართულებულ კოორდინაციას ასახელებენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, პარლამენტის ორ სხვადასხვა ქალაქში მუშაობა, პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას აზიანებს, მეორე მხრივ კი, საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციას ასუსტებს. ჩუგოშვილის თქმით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო განთავსდება. ვნახოთ, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია.

ციალა ხუჭუა, პედაგოგი: - თავის დროზე გამიხარდა, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. ოცნებებში ისიც კი წარმოვიდგინე, რომ აქ სხვა ინსტიტუციებსაც გადმოიტანდნენ და ქუთაისი ძველ დიდებას დაიბრუნებდა. პარლამენტის თბილისში დაბრუნება ჩვენთვის, ქუთაისელებისთვის ძალიან გულდასაწყვეტია.

გოგა ცინარიძე, ბიზნესმენი: - "ნაციონალებთან" ყოველთვის დაპირისპირებული ვიყავი, დღემდე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნებით იმედგაცრუებული დავრჩი. ეს არ არის კარგი ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის. ვფიქრობ, ფინანსური პრობლემა იმათაც შეექმნებათ, ვინც აქამდე ბინებს აქირავდება. ალბათ ბინის ფასიც დაიკლებს. მოკლედ, ქუთაისი კარგავს არა მხოლოდ სტატუსს, არამედ დამატებით სამუშაო ადგილებსა და შემოსავალს. ქალაქში აღარ ჩამოვლენ პარლამენტის წევრები და ასობით თანამშრომელი... შესაბამისად, ფული ძველებურად ვეღარ იტრიალებს.

სულხან ნამჩევაძე, იუმორისტი: - ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა და შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნება როგორი ამბავია, იცით? ფეხბურთელი "ზამენაში" რომ ზის, არ ათამაშებენ. ისიც შეჩვეულია და ზის თავისთვის, ხმას არ იღებს, არც პრეტენზია აქვს რაიმეზე. ერთ დღესაც მწვრთნელი შუა თამაშის დროს მოედანზე შეუშვებს. ფეხბურთელს ძალიან გაუხარდება, მაგრამ მწვრთნელი თამაშის დამთავრებამდე ისევ გამოცვლის და ისევ "ზამენაში" დააბრუნებს. ფეხბურთელს ძალიან ეწყინება. ასეა ჩვენი, ქუთაისელების ამბავიც, პარლამენტი რომ მოგვცეს ძალიან გაგვიხარდა, ახლა გვართმევენ და გვწყინს.

GzaPressგოგი წულაია, პოლიტიკოსი: - ქუთაისელებისთვის პარლამენტის წართმევით, თბილისში კიდევ ერთხელ გამოხატეს ზოგადად რეგიონისადმი უპატივცემულობა. ერთხელ, როდესაც პარლამენტში ვიყავი, ასეთი რამ მოხდა: გიგა ბოკერიამ შემოიტანა ცვლილება კანონპროექტში, მოსამართლეების დისციპლინარული დევნის შესახებ. დამნაშავე მოსამართლეების დასჯის მექანიზმად წარმოდგენილი იყო მათი რეგიონში გადაყვანა. ე.ი. თბილისელებისთვის თბილისის გარდა, სხვაგან ცხოვრება სასჯელის ტოლფასია. მალე დაიხრჩობით მაგ თქვენს თბილისში, ჰაერი მანდ აღარ ვარგა და გარემო, ქალაქს იერი აღარ შეუნარჩუნეთ, შენობას შენობაზე აშენებთ. ვოლსკიმ თქვა, თბილისში რომ გადავალთ, რაც ფული მოგვრჩება, ქუთაისელებს მოგცემთო. რა ნათქვამია ეს? ვის რაში სჭირდება მაგათი მორჩენილი ფული? არა მგონია, მაგათ საერთოდ იცოდნენ, როგორია ქუთაისის როლი და დამსახურება ამ ქვეყნის ისტორიაში. ქუთაისი რომ მსოფლიოში მეხუთე ქალაქია სიძველის მიხედვით, ამის შესახებ რამე სმენიათ ვოლსკისა და ბოკერიას? აზრზე არ არიან ეგენი, რა ქალაქში დადიოდნენ. ქუთაისის პარლამენტის შენობას ტოვებენ იმ მოტივით, რომ აქ მათთვის კომფორტული გარემო არ არის, სხვა მიზეზი მაინც დაესახელებინათ, ასე ძალიან არ გვეწყინებოდა ქუთაისელებს. მათი ეს ქმედება ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების საქციელს მაგონებს. იცით, იქ რა მოხდა? წვიმიანი ამინდის დროს სასმელი წყლის მილებში ჭუჭყიანი წყალი ერეოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იოლი გამოსავალი იპოვა, - მილები კი არ შეცვალეს ან გაარემონტეს, წვიმიან ამინდში წყლის მიწოდება შეწყვიტეს. ასე მოიქცნენ თბილისელებიც, არ მოეწონათ აქაური კომფორტი და გაიქცნენ თბილისში. შე მამაცხონებულო, თუ არ მოგწონს, უკეთესი გააკეთე. რა, აქ ბალაგანი უნდა იყოს და მაგათმა თბილისში იცხოვრონ კომფორტულად?

- პარლამენტის თბილისში დაბრუნების მიზეზად არაკომფორტული გარემო ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ დაუსახელებია.

- ეგენი რასაც ფიქრობენ, იმაზე საჯაროდ კი არ საუბრობენ. თქვენ გჯერათ, რომ "ქართული ოცნება" ბიუჯეტის ხარჯების დაზოგვაზე ზრუნავს?

ლევან ფანჩვიძე, პოეტი: - მიმაჩნია, რომ პარლამენტი აუცილებლად თბილისში უნდა იყოს. ეს ისეთი დაწესებულებაა, რომ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელს ხშირად უწევს მიმოსვლა. ამიტომ ყველანაირი ტრანსპორტი ადვილად უნდა უდგებოდეს. ქუთაისში პარლამენტის შენობაში კი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს გადავიტანდი. ამ სამინისტროებში ხალხი ინტენსიურად არ მიდი-მოდის. კიდევ ერთი რომელიმე სამინისტროს გადაყვანაც შეიძლება.

GzaPressთამაზ მეჭიაური, პოლიტიკოსი: - პარლამენტის ქუთაისში გადატანა თავიდანვე არასწორი იყო. ახლა ქუთაისელები მიჩვეულები არიან ამ რეალობას და აღარ უნდათ რაიმეს შეცვლა. ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანამ რაიმე სარგებელი ნახა პარლამენტის ქუთაისში ყოფნით, თუმცა ადგილობრივებმა ცოტა ხეირი კი ნახეს. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოიფიქროს რამე, სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუციით ჩაანაცვლოს პარლამენტი და ქუთაისელებიც დაწყნარდებიან. არა მგონია, რეგიონებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარება შენობას შეეძლოს. ქვეყანას ერთი პარლამენტი აქვს და ყველგან ხომ ვერ ჩამოატარებს? პარლამენტი აღმასრულებელ მთავრობასთან ახლოს უნდა იყოს. მახსოვს, როგორ წვალობდნენ პარლამენტარები, სულ გზაზე იყვნენ გამოკიდებულები. კანონპროექტების განხილვისას ყველა პატარა შესწორებაზე თბილისში გარბოდნენ, ათანხმებდნენ მთავრობასთან და ისევ უკან, ქუთაისში ბრუნდებოდნენ. ბევრ და უაზრო ხარჯთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. მართლაც ჯობია, ეს წყალში გადაყრილი ფული ისევ ქუთაისს მოხმარდეს.

მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი: - ჩემი აზრით, პარლამენტი იმ ქალაქში უნდა იყოს, სადაც უმრავლესობა ცხოვრობს. ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც თბილისისა და ქუთაისის გზაზე იყვნენ გაკიდებულები. გარდა ამისა, მე ისე ძალიან მიყვარს ქუთაისი, რომ არ მემეტება პარლამენტისთვის. ჯობია, ამ ქალაქში უმაღლესი სასწავლებლები, კულტურული დაწესებულებები გადმოიტანონ. ეს უფრო მოუხდება ჩემს ქუთაისს. წაიღოს თბილისმა პარლამენტი და თავში იხალოს. ისე, ამ პარლამენტში ნამდვილი პოლიტიკოსები მაინც იყვნენ, რა უნდათ იქ მსახიობებსა და რეჟისორებს?

ნინო ზურიაშვილი, ჟურნალისტი: - მე არ ვიცი, ქუთაისის, იმერეთის რეგიონალური განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის იქ ყოფნა ან თბილისისთვის რა შედეგის მომტანია საკანონმდებლო ორგანოს უკან დაბრუნება. როგორც ჟურნალისტს, ეს ამბავი ნამდვილად მიხარია. სამუშაო პროცესს გაგვიადვილებს და ამ ინსტიტუციის გამჭვირვალეობასაც ხელს შეუწყობს.

ირმა სოხაძე, მომღერალი: - მომიტევოს ყველა ქუთაისელმა და იმ აზრის აპოლოგეტმა, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს. საკანონმდებლო ორგანოს თბილისიდან გადატანას თავიდანვე არ ვემხრობოდი. ეს იყო, ერთი კაცის ახირება. დღემდე ვერ ვხვდები, რა გამართლება ჰქონდა ამ ქმედებას. 150 კაცი კვირაში ორჯერ თუ სამჯერ გარბოდა და გამორბოდა თბილისი-ქუთაისის გზაზე. ეს ყოველივე დაკავშირებული იყო მხოლოდ ფინანსურ ხარჯებთან და დროის უაზრო კარგვასთან. შესაძლოა, ამ ამბავმა პატარა სიკეთე მართლაც მოუტანა ქუთაისს, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ ამხელა საბიუჯეტო ხარჯებად ღირდეს. პარლამენტის იქ ყოფნით ქუთაისი არც აღორძინებულა და არც ქვეყნის პოლიტიკურ-კულტურული ცენტრი გამხდარა. მგონია, რომ ქუთაისელები გონივრულად განსჯიან ყველაფერს და არ განაწყენდებიან. ჯობია, პარლამენტი იქ იყოს, სადაც მთავრობაა. თუ დედაქალაქს ქუთაისში გადავიტანთ, კი ბატონო, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება. მთავრობისა და პარლამენტის სხვადასხვა ქალაქში ფუნქციონირება არასწორად მიმაჩნია. ხალხს სამანქანო გზით ხორბლის შემოტანა აუკრძალეს, გზები ძალიან გადატვირთულიაო და 150 კაცის წინ და უკან სირბილი მართლაც რა საჭიროა? ქუთაისის აღორძინება მე სხვანაირად მესახება, ამისთვის უამრავი საინტერესო ინიციატივის განხორციელება შეიძლება.

ხათუნა ბახტურიძე