რეალითი შოუ და მტკვარში ჩასაყრელი პარტიულ-პოლიტიკური ელიტა - გზაპრესი

რეალითი შოუ და მტკვარში ჩასაყრელი პარტიულ-პოლიტიკური ელიტა

როგორც პოლიტიკური ექსპერტები და ოპოზიციონერები ამბობენ, საჯარო სკანდალი სახეზეა, საზოგადოება გაოგნებულია და ხელისუფლება ვალდებულია, გამოიძიოს ეს ამბავი. ჩანაწერების ერთ-ერთი ავტორი, ზაზა ოქუაშვილი აანონსებს, რომ წინ კიდევ ახალი სკანდალები გველოდება... მმართველი გუნდის წევრები ამ ყველაფერს ერთი მსახიობის თეატრად მიიჩნევენ და არასერიოზულს, სასაცილოსა და აბსურდულს უწოდებენ. თემაზე უფრო დეტალურად გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო გია, როგორ შეაფასებდით ვითარებას, რომელიც ქვეყანაში ფარული ჩანაწერების გავრცელების შედეგად შეიქმნა და რამდენად გვაქვს საფუძველი, რომ ამ აუდიოფაილების ავთენტურობა ვირწმუნოთ?

GzaPress- ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მძიმეა, ფარული ჩანაწერები სერიოზული განხილვის საგანია. აუდიოფაილების თემასთან დაკავშირებით ორ საკითხს გამოვყოფ: პირველი - ეს გახლავთ ფაქტობრივი მონაცემები ანუ ბანკისა და სარდაფის ეპიზოდები, წილების გადანაწილების თემა. ამაზე გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეაგირება. მეორე საკითხი გახლავთ შეფასებითი ნაწილი ანუ ზაზა ოქუაშვილის მიერ თავისი მოსაზრებების დაფიქსირება, რაც კარგად უნდა გავაანალიზოთ და შევეცადოთ გავარკვიოთ, როდის ამბობს სიმართლეს და როდის იტყუება.

- ხელისუფლება ისეთ პოზაშია, თითქოს სერიოზული არაფერი ხდება. აუდიოჩანაწერები მხოლოდ არასერიოზული ადამიანების ფაბრიკაციაა და ეს მხოლოდ ხუმრობის საგანი შეიძლება გახდეს. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

- ეს არის კატასტროფული შედეგის მომტანი პოზა, პირველ რიგში, თავად "ქართული ოცნებისთვის". იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ იხითხითებენ, ამ საქმეს ქარს გაატანენ და ყველაფერი დამთავრდება. ხელისუფლებას არც კი ესმის, რა შარშია. მმართველ გუნდს სირაქლემას პოზა ხეირს არ მოუტანს. ახლა მათი ღირსების საქმეა ამ ამბის გამოძიება. იმის ძახილით, რომ "ნაციონალური" მმართველობა უფრო ცუდი იყო, პრობლემას ვეღარ გადააგორებენ. თუ დროულად და ეფექტიანად არ გამოიძიებენ ამ საქმეს, საზოგადოებაში გაჩნდება განცდა, რომ ზაზა ოქუაშვილმა სიმართლე თქვა. რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ხელისუფლებას არ აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციით სარგებლობის ფუფუნება. ხელისუფლებამ მუდმივად უნდა ამტკიცოს, რომ მის წიაღში დანაშაული არ არის. ეს უფლება კი არა, ვალდებულებაა. თუ ამას არ გააკეთებს, აღიარების ტოლფასი იქნება.

- "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ოქუაშვილს ფარული ჩანაწერები არაკანონიერი გზით აქვს მოპოვებული და ის სასამართლოში მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

- ეკა ბესელია იურისტია და ამიტომ მიკვირს ასეთ არაკომპეტენტურ განცხადებებს რომ აკეთებს. არაკანონიერია ფარული ჩანაწერი, როდესაც სხვის პირად ცხოვრებაში ერევით. ჩანაწერი, რომელშიც თქვენც მონაწილეობთ, არ შეიძლება იყოს არაკანონიერი. ასეთ ფარულ ჩანაწერებს სასამართლო ჩვეულებრივად განიხილავს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ "ქართული ოცნება" სწორედ ფარული ჩანაწერების გავრცელების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში.

- პირადად თქვენ გჯერათ, რომ ივანიშვილი ოთხ მილიონს სთხოვდა ოქუაშვილს?

- ვინაიდან მე ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ, ჩემთვის ნამდვილად არ არის დამაჯერებელი ის ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილი თავისთან დაიბარა და ოთხი მილიონი მოსთხოვა. მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ ივანიშვილის დაინტერესებას სიგარეტის ბიზნესით, მაგრამ სრულიად არ გამოვრიცხავ ვერსიას, რომ გარკვეული ჯგუფები ბოროტად იყენებდნენ მის სახელს და საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას ცდილობდნენ. არა თუ არ გამოვრიცხავ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდა. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, ყველაზე მეტად თავად ივანიშვილის ინტერესებში შედის ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეების საკადრისად დასჯა. ახლა შანსი აქვს, ვისაც თავი აქვს წასაცლელი, წააცალოს. ეს იქნება მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტატუსის გადარჩენის ერთადერთი საშუალება. ის ვეღარ შეძლებს ამ სისტემის მიერ ჩადენილი დანაშაულების ზიდვას. საზოგადოება აღარ მისცემს ამის საშუალებას. უკვე დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და განზე გადგეს იმ ადამიანებისგან, ვინც მისი სახელით სჩადიან დანაშაულებს, რა ურთიერთობებიც უნდა აკავშირებდეს მათთან. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული ბიურო... წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დამნაშავე სუბიექტებთან ერთად ჩაიძირება.

- თქვენ, სხვა დროს, სხვა ინტერვიუებშიც არაერთხელ გითქვამთ, რომ ამა თუ იმ არასწორი ქმედების, კორუფციისა თუ დანაშაულის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას და მის სახელს ხელისუფლებაში მოკალათებული პირები ბოროტად იყენებენ. მართლა ასეთი გულუბრყვილო გგონიათ ივანიშვილი?

- ეს არ არის გულუბრყვილობა, ეს არის შეცდომების შედეგი. ივანიშვილმა ფაქტობრივად საკუთარ თავზე აიღო მთელი რიგი პასუხისმგებლობები, გადაწყვიტა, რომ ყველაფრის კონტროლი შეუძლია. სინამდვილეში ეს შეუძლებელია. ფაქტია, მისი ამ გადაწყვეტილებით სისტემამ ბოროტად ისარგებლა და ივანიშვილს გეგმა თავდაყირა დაუყენა.

- რას გულისხმობთ?

GzaPress- ნახეთ, რა მოხდა: ივანიშვილის გეგმა იყო, დაელაგებინა სიტუაცია, შემდეგ ჩრდილში დამდგარიყო და ყოველგვარ პასუხისმგებლობას გარიდებოდა. სინამდვილეში რა მოხდა? სისტემამ ისარგებლა მისი ფაქტორით, თავად იხეირა, დანაშაულები ჩაიდინა და პასუხისმგებლობა ივანიშვილს აჰკიდა. ისიც რატომღაც, ჯიუტად იღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობებს. ეს ხდება, როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში, კულტურაში... თაგვიც რომ გაფაჩუნდეს ამ ქვეყანაში, ისიც ბიძინა ივანიშვილს ჰბრალდება. თქვენ როგორ გგონიათ, ვინ აკეთებს ამას? რა თქმა უნდა, პარაზიტი სისტემა, რომელიც ივანიშვილის მხრებზეა ამხედრებული და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს.

- მოვლენების შემდგომი განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

- წარმოდგენაც კი მიჭირს. ახლა ქვეყანაში წესით წინასაარჩევნო, საქმიანი კამპანია უნდა იყოს გამართული და მოსახლეობა საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს არჩევდეს. ჩვენ რას ვაკეთებთ? ფარული ჩანაწერების სერიალს ვუყურებთ. თავის მხრივ, საპრეზიდენტო კამპანიაც ვერ უძლებს კრიტიკას. ეს წინასაარჩევნო პერიოდი კი არა, რეალითი შოუა. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს რეალითი შოუსთვის. ამომრჩეველს საპრეზიდენტო კანდიდატებთან პირდაპირი კომუნიკაცია არა აქვს, არც ერთი მათგანი არ მოსწონს, მაგრამ ტელევიზორში უყურებს, რადგან სხვა გადაცემებს არ გვიჩვენებენ. მალე რეალითი შოუს გაგრძელება ასეთი იქნება: ქალბატონი სასახლეში მარტო იცხოვრებს... ამის ყურება მოგვიწევს მთელი 6 წლის განმავლობაში. შიგადაშიგ გვექნება პატივი, მოვისმინოთ ამ ქალბატონის მიერ გაკეთებული "გენიალური" განცხადებები, ხან მარიხუანაზე, ხან სექსუალურ უმცირესობაზე და ა.შ.

- ე.ი. ფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს?

- დიდი ალბათობით, ასე მგონია. ოღონდ იმიტომ არა, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს რაიმეს. უბრალოდ, როდესაც ამომრჩეველს არავინ მოსწონს, ხმას აძლევს რესურსს, ანუ იმას, ვინც გადაიხდის. დღეს გადამხდელი ვინ არის? რა თქმა უნდა, ხელისუფლება. ეს არის წინასწარ გაყიდული არჩევნები. თუმცა არ ვამბობ, რომ სცენარი აუცილებლად ისე განვითარდება, როგორც მე წარმომიდგენია. "ქართული ოცნება" უკვე იმდენ და ისეთ საშიშ შეცდომას უშვებს, რომ შესაძლოა, არჩევნებში გამარჯვებისთვის მისი რესურსიც კი აღარ იყოს საკმარისი.

- სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაც ივანიშვილის მხრებზე მოკალათებული სისტემის ინიციატივაა თუ ამ შემთხვევაში ივანიშვილმა თავად დაუშვა შეცდომა?

- ეს ივანიშვილის შეცდომაა.

- რით ახსნით მის ამგვარ გადაწყვეტილებას?

- არ ვიცი, ლოგიკას ვერ ვხედავ, სრული აბსურდია. ზოგადად ქვეყანაშია შექმნილი სრული ქაოსი, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთნაირად დეგრადირებული და დეზორგანიზებულია. ერთადერთი გამოსავალი ის რჩება, რომ მთელი პარტიულ-პოლიტიკური ელიტა შეკრიბო და მტკვარში ჩაყარო.

ხათუნა ბახტურიძე