"ომის ვეტერანების მდგომარეობა მაწუხებს, არადა, ნამდვილად შემეძლო მათი დახმარება..."
font-large font-small
"ომის ვეტერანების მდგომარეობა მაწუხებს, არადა, ნამდვილად შემეძლო მათი დახმარება..."
პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრება და თამამი პასუხები არასასურველ კითხვებზე

მეგობრებისთვის თამადა, მომღერალი და მწვადის ოსტატია, კოლეგებისთვის - პროფესიონალი დიპლომატი, გულშემატკივრებისთვის პოლიტიკოსი, რომელიც არ ილანძღება, ზოგიერთი ოპონენტისთვის კი - შავი ძალა.
პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქარაძე საკუთარი პერსონის მთავარ მახასიათებელ თვისებად კაცთმოყვარეობასა და სიჯიუტეს მიიჩნევს. უყვარს მეგობრების წრეში მოლხენა, თამადობა, ნადირობა... ცეკვაც უყვარს, მაგრამ არ გამოსდის, ამიტომ მხოლოდ სხვებს გულშემატკივრობს. სასმელებიდან უპირატესობას ღვინოს ანიჭებს. მისი აზრით, სადღეგრძელოს ყველაზე მეტად ღვინო უხდება; ის ერთადერთი სასმელია, რომელიც თამადას თანამეინახეების მართვისა და ქეიფით ტკბობის საშუალებას აძლევს. ღვინის დაწურვის პროცესიც განსაკუთრებულად მოსწონს და ყურძნის კრეფაც. ამბობს, რომ რთველის ხათრით კახეთში ყოველ შემოდგომას დადის.
ქართველ პოლიტიკოსებს შორის ერთადერთია, რომელიც XXI საუკუნის მსოფლიოს 2000 ინტელექტუალ ადამიანთა სიაში მოხვდა. წიგნი "XXI საუკუნის გამოჩენილი ინტელექტუალები" მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბიბლიოთეკებში, კვლევით ინსტიტუტებში, ასევე ვაშინგტონისა და ბრიტანეთის სამეცნიერო ცენტრებში შეგიძლიათ იხილოთ. "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი პროფესიით ფიზიკოსია. ასევე დამთავრებული აქვს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი სახელმწიფო მოხელის სპეციალობით. სამაგალითო პოლიტიკურ მოღვაწეებად ჩერჩილი და მაჰათმა განდი მიაჩნია. მისი აზრით, ჩერჩილი მტკიცე ნებისყოფის სიმბოლოა, მაჰათმა განდი კი - მშვიდობიანი ბრძოლის.


GzaPress- ბატონო დავით, ფიზიკის შემდეგ თქვენი დაინტერესება პოლიტიკითა და სახელმწიფო მართვით რამ განაპირობა?
- ჩემი მშობლები ფიზიკოსები იყვნენ. ოჯახში საითაც გაიხედავდი, ყველგან ფიზიკის წიგნები იყო. კითხვა ხუთი წლის ასაკში ვისწავლე... იმ ასაკში, როდესაც წესიერი ბავშვები ზღაპრებს უნდა კითხულობდნენ, მე ფიზიკას ვკითხულობდი. არ ვიცი, ამის გამო შემიყვარდა ეს საგანი თუ გენეტიკის წყალობაა, მაგრამ ფაქტია, ძალიან მიყვარს. ასპირანტურაშიც ჩავაბარე, დისერტაციასაც ვიცავდი, მაგრამ მერე არჩევანი შევიცვალე... სტუდენტობამ 90-იანი წლების რთულ პერიოდში მომიწია. არც სინათლე იყო, არც გათბობა... ლექციებს 2-3 სტუდენტი ესწრებოდა. რამდენჯერმე რომ შევედი აუდიტორიაში, მივხვდი, თუ არჩევანს არ შევიცვლიდი, ჩემი ახალგაზრდული წლები და ენერგია პალტოში გახვეული, სამიოდე სტუდენტისთვის ლექციების კითხვაში გაიხარჯებოდა. დავიწყე ფიქრი, თუ სად მომეხდინა ჩემი შესაძლებლობების რეალიზება. ერთ დღეს მეგობრებთან ერთად ქუჩაში ვიდექი და მზესუმზირას ვჭამდი. თბილისურად რომ ვთქვა, "ვაბირჟავებდი". დავინახე, ჩემი ერთ-ერთი უბნელი და მეგობარი საბუთების დიდი პაპკით სადღაც მიდიოდა. ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი? - სახელმწიფო მართვის ამერიკული ინსტიტუტი გაიხსნა ("ჯიპა") და ბედი უნდა ვცადოო. გავყევი, რომ ვნახე, რა სიტუაცია იყო. მეორე დღეს განაცხადების მიღება მთავრდებოდა. სასწრაფოდ მოვაგროვე საბუთები, გამოცდებიც ჩავაბარე და დამთავრებისას საუკეთესო სტუდენტის პრიზიც მივიღე. იქიდან სამუშაოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში წავედი. შემდეგ ჩემთვის მოულოდნელად, უშიშროების საბჭოში გადამიყვანეს. პოლიტიკაში "ვარდების რევოლუციის" დროსაც კი არ ვყოფილვარ ჩართული. თუმცა, რევოლუციონერებს ვგულშემატკივრობდი. ერთხელაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ბურჯანაძეს უშიშროების საბჭოდან რამდენიმე დოკუმენტი დასჭირდა და მოვუმზადე, მერე ზურაბ ჟვანიასთან და ვანო მერაბიშვილთანაც მომიწია მუშაობამ. ჩემდა უნებურად, დეკემბერ-იანვრის განმავლობაში სამ პოლიტიკოსთან ვიმუშავე და სამივესგან მივიღე შემოთავაზება, რომ მასთან გადავსულიყავი. ყველაზე მეტად, პარლამენტში წასვლის პერსპექტივა მომეწონა. ყველაფერი დაუგეგმავად, უნებურად მოხდა. 2003 წლის შემოდგომის არჩევნებისას პოპულარული იყო "ახალი მემარჯვენეების" სარეკლამო კლიპი - "ექიმი, მეწარმე, ბიზნესმენი". ტექსტი იწყებოდა ასე: "ხალხზე ზრუნვა მისი პროფესიაა". მე ამ დროს მეგობრებთან ერთად ხშირად დავდიოდი ქალაქგარეთ, საქეიფოდ. ისე გამოდიოდა, რომ მწვადსაც მე ვწვავდი, თამამადაც ვიყავი და გიტარაზეც ვუკრავდი. მეგობრებმა დაცინვა დამიწყეს, როგორც გამყრელიძეა ექიმი, მეწარმე და ბიზნესმენი, ისე შენ - თამადა, მომღერალი და მწვადის შემწველი ხარ და შენი პროფესიაც ხალხზე ზრუნვაოო. მეგობრებს ენამ უყივლათ, მოულოდნელად კენჭი ვიყარე და პარლამენტის წევრი გავხდი.
- ოჯახი ალბათ, სიყვარულით შექმენით.
- კი, ძალიან ვიყავი შეყვარებული. მაკა ჩემი მეგობრის ძმის კურსელი იყო და "სამედიცინოზე" სწავლობდა. სხვათა შორის, ამ პერიოდში უკვე ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში. ერთ დღეს შვეიცარიაში გამგზავნეს, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. ორთვიანი კურსი იყო. ეს ამბავი კი გამიხარდა, მაგრამ მაკას ამბავი მაფიქრებდა, ჯერ არ ვიცოდი, ვუყვარდი თუ რას მიპირებდა. შვეიცარიიდან ყოველდღე ვურეკადი და ორი საათი ველაპარაკებოდი. სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, სადაც ვცხოვრობდი, ძველი, შნურიანი ტელეფონი იდგა. ჩვეულებრივად, კოდით უნდა დაგერეკა და შემდეგ ფული გადაგეხადა. შვეიცარიაში, როგორც სხვა ყველაფერი, სატელეფონო მომსახურებაც ძალიან ძვირი იყო. მაშინ არც მე და არც ჩემს ოჯახს შემოსავალი არ გვქონდა და სტიპენდიაზე ვცხოვრობდი. ჩემი სტიპენდია მთლიანად მაკასთან სატელეფონო საუბარში მეხარჯებოდა. ალბათ, შვეიცარიის სატელეფონო კომპანიაში დღესაც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლიენტად ვითვლები. შესაძლოა, მათ მილიონერი ვეგონე, მე კი ტელეფონზე საუბრის გამო საჭმლის ფულიც აღარ მრჩებოდა და ძირითადად, მოხარშული კვერცხით ვიკვებებოდი. უამრავი მოხარშული კვერცხი მაქვს ნაჭამი. ამ საკვებზე, უნებურად რეფლექსი გამომიმუშავდა: როგორც კი მოხარშულ კვერცხს შევჭამ, ტელეფონს ვეძებ, მგონია, რომ მაკას უნდა დავურეკო.
- როგორც ვიცი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიციონერებთან მეგობრობდით...
- ყველაზე ინტენსიური ურთიერთობა მქონდა ოპოზიციასთან. ამის საჯაროდ აფიშირება არასდროს მომხდარა, რადგან მაშინ (და ახლაც) ოპოზიცია ხელისუფლებასთან მეგობრობას ერიდებოდა. ურთიერთობებს პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა ზღუდავდეს. მტკივნეული გაკვეთილი მივიღეთ 90-იან წლებში, როდესაც პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება იმ დონემდე მივიდა, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი შეწყვიტეს და მათ ნაცვლად, ზარბაზნები ალაპარაკდნენ. ეს მწარედ მახსოვდა, ამიტომაც იყო, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპონენტებს შინაურულადაც ვესაუბრებოდი, მათთან ერთად ვისკისაც ვსვამდი და სუფრაზეც კარგად ვილხენდი. მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვითარება ძალიან დაიძაბა, მე კონტაქტი არ გამიწყვეტია, ბევრი მათგანი კონკრეტული პრობლემების მოგვარების მიზნითაც მირეკავდა. შეცდომას ყველა ხელისუფლება უშვებს. როდესაც ხელისუფალი შეცდომას ჩაიდენ, ამას ხალხი გაგიპროტესტებს და თუ შენ პოლიციისა და სუსის საშუალებით ეცდები პროტესტის ჩახშობას, სიტუაციას ვერასდროს დაალაგებ.
- კონკრეტულად თქვენ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება თუ შეგიძლიათ?
- კი, ბევრი რამ ვერ გავაკეთე, რასაც დღეს ძალიან განვიცდი. მრცხვენია, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დევნილებთან მივდივარ. ზოგიერთი დევნილი უკვე 25 წელია ცხოვრობს ოთახში, რომელიც დაკანონებული არა აქვს. რა უნდოდა ამის გაკეთებას, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი? ასევე, ძალიან მაწუხებს ომის ვეტერანების მდგომარეობა. ნამდვილად შემეძლო მათი დახმარება. დღეს რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყო, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი.
- აგვისტოს ომის დროსაც სხვაგვარად მოიქცეოდით?
- იმ განცხადებას თუ გულისხმობთ, რომ თითქოს ხალხს დანა-ჩანგლით თავის დაცვისკენ მოვუწოდე, ოპონენტების მოგონილია. მე ვთქვი, ქვეყანას ჰყავს მთავრობა და არმია, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ქვეყანას ყველა საშუალებით-მეთქი. მაშინ ამ სიცრუეს პასუხი არ გავეცი, მივიჩნიე, რომ სისულელე იყო და ხალხი მაინც არ დაიჯერებდა. გვიან მივხვდი, რომ ხალხმა დაიჯერა. ის კი არა, მეგობრებიც მეკითხებოდნენ, - როგორ, შენ მასე არ თქვიო? არსებობს ინტერენტი და "იუთუბი", ნებისმიერს შეუძლია იმ ჩანაწერის ნახვა. როგორ გგონიათ, ახლა, როცა სუსი ზის და გამალებით იქექება ჩემს წარსულში, ასეთი რამ მართლა რომ მეთქვა, ჩანაწერებს ტელევიზიით არ დაატრიალებდნენ?
GzaPress- ოპონენტებმა ისიც თქვეს, რომ აგვისტოს ომის დროს ქვეყნიდან გარბოდით...
- ესეც სრული სისულელეა. ნახეთ სატელევიზიო არქივი, ომის პერიოდში დღეში რამდენჯერ ვჩანდი სხვადასხვა არხზე, ხან თბილისში, ხან გორში. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც 30 კაცი ესწრებოდა (ისინი დამიდასტურებენ), ასეთი განცხადება გავაკეთე: "თუ რუსული ტანკები თბილისისკენ წამოვლენ, მორჩა უშიშროების საბჭო, მორჩა მთავრობაში ყოფნა, ყველა ვიცვამთ ფორმას, ვიღებთ ავტომატს და ვდგებით წინა ხაზზე". აი, ეს იყო ჩემი პოზიცია და ამის გადამოწმება ძალიან ადვილია.
- "ნაციონალური" პარტია რატომ დატოვეთ?
- პარტიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პრობლემები ხისტად, მკაცრი ხელით უნდა მოგვარებულიყო. მე იმათ რიცხვში ვიყავი, ვინც ლიბერალური მიდგომის მომხრეები იყვნენ. 2004 წელს ქვეყანაში ისეთი თავაშვებული კრიმინალი გახლდათ, მკაცრი ხელი ნამდვილად იყო საჭირო, მაგრამ 2008, 2009 წელს ეს სიმკაცრე უკვე სრულიად ზედმეტი გახდა. ასეთივე სიტუაცია იყო საგადასახადო პოლიტიკის მხრივაც. 2004 წელს გადასახადს არავინ იხდიდა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო, მაგრამ 2008 და 2009 წელს, როცა კანონს ყველა ემორჩილებოდა, ფინასური პოლიციის ავტომატებით სირბილი და საწარმოების დახურვა ნამდვილად არასწორი იყო. 2012 წელს, როდესაც არჩევნები წავაგეთ, შიდა დისკუსიის ფუფუნება არ გვქონდა, რადგან მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის საკითხი იდგა. დღესაც მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა აუცილებელი იყო. 2012 წლამდე, ყველა მმართველი პარტია, რომელმაც არჩევნები წააგო, ფიზიკურად გაქრა, "მრგვალი მაგიდიდან" დაწყებული, "მოქალაქეთა კავშირით" დამთავრებული. ქვეყანაში დემოკრატიას ვერ შექმნი, თუ მოგებულთან ერთად წაგებული პარტიაც არ გვეყოლება. არჩევნების შემდეგ მოგებულმა და წაგებულმა პარტიებმა ისევ უნდა გააგრძელონ ერთმანეთთან პაექრობა. მე ჩავერთე "ნაციონალური პარტიის" გადარჩენისთვის ბრძოლაში, 2013 წელს გავხდი საპრეზიდენტო კანდიდატი და ჩემი აღებული 23 პროცენტით ეს მოვახერხე. თუმცა მოგვიანებით, როდესაც პარტიის გადარჩენის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, წარსულის გადაფასებასა და მომავლის დაგეგმვაზე დადგა ჯერი, ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს. ჩვენი გუნდი ფიქრობდა, რომ შეცდომები უნდა გვეღიარებინა და სიმართლისთვის თვალებში ჩაგვეხედა, მეორენი ფიქრობდნენ, რომ ეს თავზე ნაცრის დაყრა იქნებოდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ქვეყანაში ცვლილების ერთადერთი გზა მშვიდობიანი არჩევნები უნდა ყოფილიყო, მეორენი უფრო რადიკალურები იყვნენ. ამიტომ ცალკე ბრძოლა ვარჩიეთ და შევქმენით ახალი პარტია.
- თქვენს განსხვავებულ ლიბერალურ შეხედულებებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ აფიქსირებდით?
- კი, ძალიან ხშირად, თუმცა ეს ხდებოდა მხოლოდ გუნდში, შიდა კამათის დროს. მხოლოდ მე კი არა, ძალიან ბევრი ჩვენგანი აფიქსირებდა განსხვავებულ პოზიციას, უბრალოდ ეს გარეთ არ გამოგვქონდა.
- როგორ ფიქრობთ, ადამიანებმა, რომლებმაც "ნაციონალების" მმართველობის დროს დანაშაული ჩაიდინეს, პასუხი აგეს?
- სამწუხაროდ, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს უსამართლობა. ამ რეალობას თვალს ვუსწორებ, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ ადამიანების ტრაგედია ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენა, სამართლიანობის აღდგენა არც კი უფიქრია. "ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ გაიაფებული გაზის, სამუშაო ადგილების შექმნითა და უფასო ფულით მოატყუა ხალხი, არამედ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინიც გაუცრუა და დიდი ტკივილიც დაუტოვა.
- როგორც ვიცი, თქვენ ზაზა სარალიძეს თანაგრძნობას უცხადებთ.
- დიახ, სხვაგვარად როგორ შეიძლება?
- გირგვლიანის მისამართითაც თუ გამოგიხატავთ ასეთი თანაგრძნობა?
- გირგვლიანის მკვლელობა იყო დანაშაული, რომელმაც მორალურად და პოლიტიკურად გადაიყოლა ხელისუფლება.
- პირადად თქვენ თუ გამოგიხატავთ პროტესტი გირგვლიანის მკვლელობის გამო?
- ბევრჯერ გამოვხატე, მაგრამ მაშინ დეპუტატი ვიყავი, ჩემი აზრის დაფიქსირების გარდა, სხვა არაფერი შემეძლო.
- საპრეზიდენტო არჩევნებში ოპონენტები ძირითადად, ერთმანეთის შავი პიარით არიან დაკავებული. ამ საქმეში განსაკუთრებით "ნაციონალები" და შალვა ნათელაშვილი აქტიურობენ. თქვენ თითქოს განზე დგახართ და შორიდან უყურებთ, როგორ გითავისუფლებენ გზას. ეს თქვენი ბრძოლის მეთოდია?
- არა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ საარჩევნო კამპანია შენს კონკრეტულ შეთავაზებაზე უნდა ააგო და არა - სხვის ლანძღვაზე.
- როგორ გგონიათ, მეორე ტური იქნება?
- კი, რაც უნდა არაპოპულარული იყოს ქალბატონი სალომე, მის უკან ადმინისტრაციული რესურსი დგას. ვფიქრობ, მეორე ტურში გაერთიანების შემთხვევაში, გამარჯვების რეალური შანსი გვექნება.
ხათუნა ბახტურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ხალხი ერთმანეთს გაღატაკებაში ეჯიბრება, რომ სოციალური დახმარება მიიღონ"
"30 წლის ვარ და ცალი თვალით ისევ მშობლებს შევყურებ"
"ერთ-ერთი "ნაციონალი" მომვარდა და ყელში მწვდა"
"ყველას თავისი სახელი ჰქვია, მაგრამ მიზეზთა გამო, გასაიდუმლოებულია"
სამხედრო პირი ვარ და ტყუილის თქმის უფლება არა მაქვს
რა პრობლემები აქვთ გლეხებს და რას გეგმავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რას ურჩევს დიზაინერი ლაკო ბუკია ქალებს
სიმართლე დეტალებშია, იყავით დაკვირვებულები!
"მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი