ავჭალის კოლონიის ყოფილი უფროსის მოგონებები
font-large font-small
ავჭალის კოლონიის ყოფილი უფროსის მოგონებები
ბატონი ზაურ ებრალიძე, იუსტიციის პროკურორი, წლების წინ გავიცანი, როცა ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სტატიის მოსამზადებლად მივედი. მას მერე ხშირად მიწევდა მისვლა იქ, სადაც ორჯერ და მეტჯერ ნასამართლევი პირები იხდიდნენ სასჯელს. სხვადასხვა ბრალდებით გასამართლებული მსჯავრდადებულები თავს გადახდენილ ამბებსა და ჩადენილ დანაშაულებს იხსენებდნენ. ზოგიერთი მართლა გულწრფელად ნანობდა ჩადენილს, ზოგი თავისი ქმედების გამართლებასა და რეალობის შელამაზებას ცდილობდა. მას მერე დიდი დრო გავიდა, დღეს ეს დაწესებულება აღარ არსებობს. მხოლოდ ციხის ნახევრად დანგრეული კედლებია შემორჩენილი, თუმცა ყოფილი კოლონიის ეზოში წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ტაძარი დგას, რომელიც წლების წინ პატიმრებმა თავიანთი ხელით ააგეს.


GzaPressბატონი ზაურ ებრალიძე ამ დაწესებულებაში 33 წელი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლო 10 წელი კოლონიის უფროსი იყო. ყველა კატეგორიის დამნაშავესთან: კანონიერ ქურდთან, ყაჩაღთან, მკვლელთან, მხედრიონელთან, პოლიტპატიმართან საერთო ენის გამონახვა შეეძლო. არ იყო ეს იოლი, რადგან უმძიმესი ბრალდებით გასამართლებულებთან, მათ შორის - რეციდივისტებთან უწევდა ურთიერთობა. დაწესებულებაში საზოგადოებისთვის ცნობილი ბევრი სახე მოხვდა, მათ შორის ზვიად და კობა ძიძიგურები, ნუგზარ მოლოდინაშვილი, ვალტერ შურღაია, მამა-შვილი გელბახიანები, ვიქტორ დომუხოვსკი, თენგიზ კიტოვანი, გიგა გელაშვილი და სხვები.
ბატონი ზაური ფაქტობრივად, ღამეებსაც დაწესებულებაში ათენებდა. ამბობს, მსჯავრდადებულებთან ურთიერთობაში ჩემი პროფესია - პედაგოგობა ძალიან დამეხმარაო. ის დღემდე ეკონტაქტება ყოფილ პატიმრებს. ქუჩაში შემთხვევითაც ხშირად ხვდებიან. ისიც ცნობილია, რომ მაშინ პატიმრები ციხის კედლებიდანაც აბამდნენ სრულიად უცხო გოგონებთან სასიყვარულო ურთიერთობას. მაშინ ტელეფონები ხელმისაწვდომი იყო პატიმრებისთვის და ბევრი ქალი წამოეგო ასეთ ანკესს. ზოგი გარეთ დარჩენილ სატრფოსთან აგრძელებდა ურთიერთობას და იქამდე მიდიოდა საქმე, რომ ციხეშიც იქმნებოდა ოჯახები.
ბატონი ზაური 100 პატიმრის მეჯვარე გახდა. სულ 150-ზე მეტმა დაიწერა იმ წლებში ავჭალის ციხეში ჯვარი. მართლაც, ცოცხალი მატიანეა. მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი აქვს.
წელს, სექტემბერში 80 წლის გახდა. ძალიან მხნედ გამოიყურება. ამბობს, რომ ფორმის შენარჩუნებაში ვარჯიში ეხმარება. როგორც შევიტყვე, იუბილე ბორჯომში გადაიხადა. მასთან ამ დღის მოსალოცად მისი ყოფილი პატიმრებიც მივიდნენ, მათ შორის დეპუტატი ზვიად ძიძიგურიც.

- ბატონო ზაურ, გილოცავთ დაბადების დღეს. როგორც შევიტყვე, ყოფილმა პატიმრებმაც მოგილოცეს.
- 2 სექტემბერს 80 წელი შემისრულდა, დაბადების დღე ბორჯომში, რესტორანში გადავიხადე. სუფრა სიმბოლურად 80 კაცზე გაიშალა, მაგრამ 110 კაცს ასცდა სტუმრების რაოდენობა. ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ყოფილი თანამშრომლები, გურიიდან ჩამოსული სტუმრები, ჩემი ყოფილი "სტუდენტები" ამშვენებდნენ წვეულებას. სტუდენტებს ვეძახი მათ, ვინც სასჯელს იხდიდა ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ეს კოლონია კი არა, რეალურად ინსტიტუტი იყო, აქ დიდი გამოცდილება მიიღეს ადამიანებმა, დღეს ბევრი მათგანი საზოგადოების ღირსეული წევრია და ეს ძალიან მიხარია. ისინი ხუმრობით ინსტიტუტის რექტორს მეძახიან. ეს დღე მომილოცეს ტელეფონით სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა კახა კახიშვილმა, გენპროკურორის მაშინდელმა მოადგილე კახა კობერიძემ და დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა პაატა მხეიძემ.
- ყოფილი პოლიტპატიმარი ზვიად ძიძიგურიც ხომ არ იყო მოსალოცად მოსული?
- არ მინდოდა ამის თქმა მისი ნებართვის გარეშე, მაგრამ რადგან მეკითხებით, გპასუხობთ, დიახ, ზვიადი და მისი გუნდი მოვიდა და მომილოცა. ბევრთან მაქვს დღემდე ურთიერთობა და მიხარია... ბევრმა შეიძლება არც კი იცის, რომ ავჭალის კოლონიის ეზოში აშენებული ეკლესია უნიკალურია. 1998 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მეუფე იობმა აკურთხა ეკლესიის საძირკველი, საძირკველში ჩატანებულია ყველა ორგანიზატორი მსჯავრდადებულის სახელი და გვარი, მათ შორის ჩემიც. სანამ ტაძარი აიგებოდა, კოლონიაში პატარა სალოცავი ოთახი გვქონდა და იქ ლოცულობდნენ პატიმრები. 1997 წელს დაწესებულებაში დაიწვა 1934 წელს აშენებული ამორტიზებული საცხოვრებელი. დავიწყეთ ამ ადგილის დასუფთავება. მაშინ ჩემთან შეხვედრა ითხოვეს ზვიად ძიძიგურმა, ზაურ ქობალიამ, დათო მჭედლიშვილმა. მითხრეს, იქნებ აგვარჩევინოთ იმ დამწვარი შენობიდან ქვები, ეკლესიას ავაშენებთო და მაჩვენეს ადგილი. იმდენად მომეწონა იდეა, დავთანხმდი და პირობა მივეცი, როცა აქედან გახვალთ, ფეხით ავიდეთ პეტრე მოციქულის ეკლესიაში, რომელიც გადმოჰყურებს ავჭალის კოლონიას, მცხეთის ჯვრის სიმაღლეზეა და იქიდან შამპანურებით გზას დაგილოცავთ-მეთქი. მთელი ზონა ჩაერთო წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მშენებლობაში, ამ ფაქტმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, ბევრი მორწმუნე გახდა. აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესებში მათი ოჯახის წევრები. განსაკუთრებით გამოვყოფ ნაზი ბზიავა-ძიძიგურის ოჯახს, მისი ოჯახის 3 წევრი იხდიდა სასჯელს: ძმები, ზვიადი და კობა და მათი სიძე, ვაჟა წერეთელი. ბიჭები თანამოაზრეებთან ერთად დილით ადრე იწყებდნენ სამუშაოს და გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ზვიადი პროფესიულ დონეზე ერკვეოდა ნახაზებში. მან თითქმის შიშველი ხელებით შეისწავლა ქვის დამუშავება და შექმნა წმინდა გიორგის უნიკალური ბარელიეფი, რომელიც ტაძრის შესასვლელ კარიბჭეს ამშვენებს. ქვებს კარიერებიდან "კამაზებით" ვეზიდებოდით. ყველა ქვა მსჯავრდადებულების ხელიდან ხელში გადადიოდა და ისე შენდებოდა ეს საოცარი ტაძარი. ზვიადის დედა ხშირად ამარაგებდა ოჯახის წევრებსა და დანარჩენ ბიჭებს ნუგბარითა და სადილით. ძალა ერთობაშიაო, ნათქვამია და ეს ტაძარიც აშენდა. 2000 წლის 20 აპრილს ყოფილი პოლიტპატიმრები შეიწყალეს, მიცემული პირობა შევუსრულე. ფეხით ავედით პეტრე მოციქულის ტაძარში, ერთად ვილოცეთ და მერე ეზოში გავხსენი შამპანურები და გზა დავულოცე. ყველა მათგანის ცხოვრება აეწყო. ღრმად მწამდა, ვინც წმინდა გიორგის ეკლესიის გავლით ფეხით ავა პეტრე მოციქულის ეკლესიაში სალოცავად, ბედნიერი ცხოვრება ექნება-მეთქი. უმრავლესობა საქორწინო ბიჭები იყვნენ, სიყვარულს მოწყურებულები. მშვენიერი ოჯახები შექმნეს და სამშობლოს სასახელო შვილებს უზრდიან. ბევრმა ცხოვრების გზა გაიკვალა და წარმატებული ადამიანია დღეს, რაც ძალიან მახარებს. ზაურ ქობალიასაც მიუძღვის დიდი წვლილი ამ ტაძრის მშენებლობაში, უზენაესი საბჭოს დეპუტატს, რომელიც იქ იხდიდა სასჯელს. იგი გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებითა და პოეზიის სიყვარულით. მან ავჭალის კოლონიაში, გარეთ გაუსვლელად მოიძია სხვადასხვა დეტალი და კოლონიის ტერიტორიაზე ააგო ქვის საჭრელი დაზგა, სწორედ მისი აწყობილი დაზგა-დანადგარით არის გამოჩუქურთმებული თითოეული ქვა. რწმენა დიდი ძალაა ადამიანისთვის.
GzaPress- პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარში ხშირად დადიოდით?
- ეს უძველესი ტაძარია და მართლა სასწაულებს აღავლენს. პირადად მე 1991 წლიდან დავდივარ. ერთხელ სავარჯიშოდ ვიყავი გასული, გაწვიმდა და ამ ტაძარს შევაფარე თავი. ვხედავდი, წვიმა ჩამოდიოდა და გადავწყვიტე, შეგვეკეთებინა. 6 თვის მანძილზე 2-ხიდიანი მანქანით 10 კაცი, ავჭალის კოლონიის თანამშრომლები იქ ავდიოდით და შევაკეთეთ სახურავი, მოვაპირკეთეთ იქაურობა და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დღეს მოქმედი ტაძარია. იქ დავიწერეთ მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი, ორივე ქალიშვილისა და 5 შვილიშვილის 80 წლის მხნე ბაბუა ვარ. ყველა მორწმუნეს ვურჩევ, ავიდეს და გულით ილოცოს პეტრე მოციქულის ეკლესიაში და ლოცვას შეისმენს უფალი. მათ გვარში იფეთქებს ძეთა და ასულთა სიმრავლე და არავინ დარჩება შინაბერა და ბერბიჭა. განსაკუთრებით შემწეა უშვილო წყვილებისთვის. უებარ წამალს ვაძლევ ყველას, ავიდეს იქ და ილოცოს. მანქანით ასასვლელი არის ჯვრის მონასტრიდან, მცხეთიდან, ხოლო ფეხით შეიძლება ზაჰესიდან ასვლა.
- გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრი გაქვთ, როგორი ურთიერთობა გქონდათ ქურდებთან? კონფლიქტი თუ მოგსვლიათ? ყველა ამბობდა, რომ ციხეს ისინი აკონტროლებდნენ.
- ნებისმიერ სოფელში არის კაცი, რომელსაც ჭკუას ეკითხებიან. ასევეა ზონაშიც, ზონა გამოყოფს ლიდერს. 10 კაციც რომ იჯდეს და არ იყოს არც ერთი ქურდი, იქიდან ერთი ლიდერის თვისებით იქნება, რომელსაც დანარჩენები უსმენენ, თუ მისაღებია, იღებენ. ერთ დღესაც არ ვიმუშავებდი კოლონიაში, ქურდის ზეგავლენის ქვეშ რომ ვყოფილიყავი, მაგრამ არც ერთი დღე არ მიმუშავია, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის რომ არ მომესმინა და ანგარიში კანონის ფარგლებში არ გამეწია. უფროსობის წლებში, 10 წლის მანძილზე 10 ღამე არ გამითევია სახლში, ფაქტობრივად, კოლონიაში ვცხოვრობდი. შვილის ქორწილის ღამესაც უკან მივბრუნდი, რადგან ჩემი იმედი ჰHქონდათ როგორც მსჯავრდადებულებს, ისე თანამშრომლებს. ადმინისტრაციული კორპუსი შუა ზონაში იდგა, მაგრამ შიშის გრძნობა არასდროს მქონია, რომ ვინმე თავდასხმას მოაწყობდა, ამის შესაძლებლობა მსჯავრდადებულებს ჰქონდათ. ღამით, მორიგე სულ 6 კაცი იყო და როცა ზონაში 1.200 კაცია, თავდასხმა პრობლემა არ არის. თუ შენ მართალი ხარ, არავითარი თავდასხმა არ მოხდება. როცა მსჯავრდადებულს სჯი, უნდა დაარწმუნო, რომ ეს სამართლიანია. თუ კანონით 10 დღე-ღამე ეკუთვნის კარცერი და შენ 5-ს ან 8-ს უსჯი, ანუ შეღავათს გაუწევ, ჩათვალე, ის მსჯავრდადებული შენს მხარესაა, თუ უსამართლოდ მოიქცევი და დასჯი, ზონაში ავტომატიც რომ გეჭიროს, ღამეს ვერ გაათევ. ცნობილი ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის მიერ "კანონიერ ქურდად" ხელდასმული ქემელ მუსოიანი მოსკოვიდან სასჯელის მოსახდელად გადმოიყვანეს. ეროვნული მოძრაობის პერიოდია. როცა დაწესებულებაში ვიყავი, ფაქტობრივად, ის საცხოვრებლიდან გარეთ არ გამოდიოდა. როცა საქმეზე დაწესებულებიდან გავიდოდი, აფრებს მაშინ უშვებდა. ერთ დღეს ვბრუნდები სამსახურში და ვიგებ, რომ მუსოიანი თვითნებურად პაემნების ოთახში შევიდა და იქ მყოფ მნახველებთან არაკაცურად მოიქცა. როცა მორიგე განწესმა წესრიგისკენ მოუწოდა, მასაც შეურაცხყოფა მიაყენა. დავუძახე და ვუთხარი მას არაკაცური საქციელისთვის "კრიტში" მოუწევდა გადასვლა, სავარაუდოდ 3 წელი ელოდებოდა, ამ ქმედებისთვის უნდა დასჯილიყო. მეორე დღეს მაცნობეს, შენი მოსკოველი მეგობარია ჩამოსული და შეხვედრა უნდაო. ძალიან გამიკვირდა, თუ საბუთები წესრიგში აქვს, შემოიყვანეთ-მეთქი. კრეპის პიჯაკში გამოწყობილი, მაღალი, ახოვანი მამაკაცი შემოვიდა. ქართული იერით, რომელსაც ეტყობოდა, ჰალსტუხი ჩემს დასანახავად ჰქონდა გაკეთებული. მაჯიდან საათი მოიხსნა, წინ დამიდო და მითხრა: ჩამოვედი იმისთვის, რომ ქემელ მუსოიანი არ დაისაჯოსო. მოვუწოდე, შეგვეცვალა როლები, მე მთხოვნელის როლში ვიქნები, ის ასე მოიქცა და თქვენ, როგორც უფროსი, როგორ მოიქცეოდით-მეთქი? მართალი ხართ, მაგრამ ანგარიში უნდა გაგვიწიოთ, ჩვენ საჭირო ხალხი ვართო. გამორიცხულია, ჩემს ნათქვამს არ შევცვლი-მეთქი. იცოდეთ, მე ამას მაინც გავაკეთებო, საათი აიღო და გავიდა. საათი ძვირად ღირებული იყო, ისიც მითხრა, ეს საათი და კიდევ რასაც ისურვებთ, იმასაც მიიღებთო. მაშინ ჯიპები არ დადიოდა, "ნივას" კი დამიყენებდნენ და მოსკოვში ბინასაც შემიძენდნენ. დღევანდელი ფორმის "საპროცესო გარიგებას" მთავაზობდა. ეს იყო "როლექსის" საათი, რომელიც იმ დროს 10.000 დოლარი ღირდა. მაგიდაზე ის საათი მედო, რომლის მსგავსი ჟირინოვსკიმ გამოსტყუა მაშინდელ პრეზიდენტობის კანდიდატ პრინცალოვს. ისინი მოსკოვის პირველ არხზე პაექრობდნენ. პაექრობა დამთავრდა წყლის შესხმისა და საფერფლის სროლის გარეშე და მაშინ ჟირინოვსკიმ უთხრა პრინცალოვს, მოდი, მორიგების ნიშნად საათები გავცვალოთო, ჟირინოვსკის უბრალო საათი ამ ძვირად ღირებულ საათში გაუცვალეს.
- ქურდი დასაჯეთ?
- ამის შემდეგ დეპარტამენტის უფროსმა, გივი ყვარელაშვილმა დამირეკა და დეტალები გამომკითხა. ავუხსენი. - მართალი ხართო, მითხრა და ყურმილი დაკიდა. მეორე დღეს დამიძახა და მითხრა, ზაურ, ეს საქმე უნდა გავაკეთოთ, თორემ ჯერ მე მომხსნიან და მერე - თქვენო. მასთან ზარი სამთავრობო დონეზე იყო. ვუთხარი, სამსახურიდან წავალ, მაგრამ ამას არ გავაკეთებ-მეთქი. - გამოსავალს რაში ხედავო? მაშინ მე შვებულებაში გავალ და რაც გინდათ, ის გადაწყვიტეთ-მეთქი. ეს შეურაცხყოფა მას მაინც შერჩა, მაგრამ ყველაზე კარგი კოლონია დატოვა - ის სხვაგან გადაიყვანეს.
- თქვენთან სასჯელს გელბახიანები იხდიდნენ. ყველამ იცის, რომ იქ გედი გელბახიანი ექიმობას უწევდა პატიმრებს, გაიხსენებთ ამ ამბავს?
GzaPress- გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის, აკადემიკოს პეტრე გელბახიანის, მისი შვილისა და შვილიშვილის, გედი და უმცროსი პეტრე გელბახიანების ეროვნულ-პოლიტიკური ქმედებები, საქმიანობა, სამართალდამცავების გამოძიების საგანი გახდა. საზოგადოებაში მოარული ხმებიდან გამომდინარე, ინტრიგებისა და შურისძიების საფუძველზე მხცოვანი მეცნიერი, ბატონი პეტრე აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მას არაერთგზის შესთავაზეს, თავისუფლების ფასად ეღიარებინა დანაშაული და შეწყალება ეთხოვა, მაგრამ სასჯელი კალენდარულად მოიხადა. 1992 წელს კი გაასამართლეს მამა-შვილი, გედევანი (გედი) და უმცროსი - პეტრე. არც მათ უღიარებიათ დანაშაული, 1995 წელს, 16 აგვისტოს შემოიყვანეს ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ბატონი გედი, მოგვიანებით კი უმცროსი - პეტრე. საერთო საცხოვრებელში გაანაწილეს ისინი. გედი ახალი შემოყვანილი იყო, დავტოვე ჩემს კაბინეტში და ვუთხარი, თუ რამე თხოვნა გაქვთ, მითხარით-მეთქი. - რა აზრი აქვს ჩემს თხოვნას, როდის იყო, პატიმრის თხოვნას ასრულებდნენო. ასე გამოხატა უკმაყოფილება. თქვენ სცადეთ-მეთქი. ექიმი იყო (ჯაბა იოსელიანზე განხორციელებული ტერაქტისთვის იხდიდა სასჯელს). მითხრა, აქ უცებ წამომიყვანეს, ოჯახმა არ იცის სად ვარ და თუ შეიძლება, აცნობეთო. იმავე საღამოს შევეხმიანე მის მეუღლეს, ქალბატონ ნუცას, ამის გამო მისაყვედურეს, მაშინაც აქტიურად უსმენდნენ. დაწესებულებაში იყო სამედიცინო ნაწილი და შევთავაზე, იქ ეცხოვრა. მინდოდა, სამედიცინო სამსახურისთვის დახმარება გაეწია. მეორე დღეს მოვიდა და მითხრა, სამედიცინო სამსახურს გვერდით დავუდგები, მაგრამ საცხოვრებლად იქ არ გადავალ, მე უნდა ვიყო იმ პირობებში, როგორშიც სხვა პატიმრებიო. მრავალჯერადი შეხვედრის შემდეგ დავარწმუნე, რომ ჩემი თხოვნა შედიოდა პატიმრების ინტერესში, რომ 24-საათიანი მზრუნველობა გაეწია ავადმყოფი პატიმრებისთვის. იმძლავრა მასში "ჰიპოკრატეს ფიცმა" და ბოლოს დამთანხმდა, შედეგმაც არ დააყოვნა, თითქმის შეწყდა "სასწრაფოს" გამოძახებები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა თავად უწევდა დახმარებას პატიმრებს, ის დაწესებულებაში გადაადგილდებოდა ფონენდოსკოპით, წნევის აპარატით. თან ჰქონდა პირველადი დახმარების მედიკამენტები. მისი იქ ყოფნის დროს ადგილი არ ჰქონია მსჯავრდადებულის სიკვდილიანობას. არაერთი პატიმარი იხსნა სიკვდილისგან, მათ შორის თენგიზ კიტოვანიც. მსჯავრდადებულები პატივს სცემდნენ, ფეხზე წამოუდგებოდნენ ხოლმე. წარმოიდგინეთ, კოლონიაში მისი დასმული დიაგნოზი არასოდეს გამტყუნებულა.
P.S. მომდევნო ნომერშიც შემოგთავაზებთ ბატონ ზაურ ებრალიძესთან ინტერვიუს, სადაც სხვა საინტერესო ამბებს გაიხსენებს.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბუნება ბევრ რამეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებთ
ნინო ბურჯანაძე პოლიტიკასა და პირად თემებზე
ელენე თევდორაძის გულახდილი ინტერვიუ - ვის აწყობდა გზიდან ზურაბ ჟვანიას ჩამოშორება
სოხუმი უკვე აღებული იყო. მამა და ბიძაც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ
რას ურჩევს ელენე თევდორაძე სალომე ზურაბიშვილს
შარშან დაქორწინდნენ, უამრავი ოცნება, გეგმა ჰქონდათ
საპყრობილეში ყოფნისას ადამიანი წუთებს და წამებსაც კი ითვლის
თარაშ მუკბანიანის ოჯახის პასუხი სალომე ზურაბიშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
886 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი