15 წლის მოზარდი სილის გაწვნისთვის ისჯება - გზაპრესი

15 წლის მოზარდი სილის გაწვნისთვის ისჯება

2018 წლის 17 მაისს სახელმწიფო კანცელარიის წინ მომხდარი ინციდენტი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. იმ დღეს ლგბტ თემის აქტივისტები აქციას მართავდნენ, ერთ-ერთი აქტივისტის, ნიკა გორგილაძის სიტყვებმა ისე გააბრაზა ახალგაზრდა, რომ აქციაზე მას სცემა. აქციის მონაწილეები გაეკიდნენ ახალგაზრდას, საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ და ბიჭი დააკავეს. ის სკოლის მოსწავლე, 15 წლის სერგი კაკაჩია აღმოჩნდა.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაშინ სერგის ქმედება მოუწონა და მთელმა საქართველომ გაიცნო ეს ახალგაზრდა და ნახა კადრებიც. ძალოვანებმა ისიც განმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, მაგრამ რადგან ბიჭი არასრულწლოვანი იყო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, ის არ დაუკავებიათ. ყველა ვარაუდობდა, რომ მას განრიდება გაუკეთდებოდა, მაგრამ თითქმის ყველას მიავიწყდა ეს ინციდენტი. ამ დღეებში კი ჯონდი ბაღათურიამ საზოგადოებას ამცნო, რომ პროკურატურამ 15 წლის მოზარდს ბრალი დაუმძიმა და იგი სასამართლოს წინაშე წარდგება.

ვინაიდან საქმე არასრულწლოვანს ეხება, 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლემ სხდომის მორიგი თარიღიც დანიშნა. არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხილვა 22 ოქტომბერს დაიწყება და 15 წლის მოზარდს საბრალდებო სკამზე ყოფნა მოუწევს. მისთვის წაყენებული მუხლი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯონდი ბაღათურია პირველივე დღეებიდან აქტიურადაა ამ პროცესებში ჩართული. ის სერგის ეკლესიიდან იცნობს. ამბობს, რომ მორწმუნეა, მაგრამ ვერ აიტანა შეურაცხყოფა.

GzaPressჯონდი ბაღათურია:

- ხელისუფლება ცდილობს, გაასამართლოს 15 წლის მოზარდი, რომელსაც 17 მაისს კონფლიქტი მოუხდა "გეიაღლუმის" მონაწილესთან. მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთი მონაწილე საშინლად შეურაცხყოფდა ღმერთს, პატრიარქს, რჯულს გვიგინებდა და თითოეულ ჩვენგანზე მუქარანარევი ტონით საუბრობდა. ეს რომ მოისმინა 15 წლის ბიჭმა, თავი ვერ შეიკავა და სილა გააწნა. დღეს კი ამისთვის სამაგალითოდ ისჯება. მითხარით, აბა, როგორი ახალგაზრდობა გვინდა, რჯულს რომ შეუგინებენ, ამაზე თავს დახრის, თუ ისეთი, პასუხს რომ დაუბრუნებს? რაც გააკეთა სერგი კაკაჩიამ, ამას ნებისმიერი ქართველი ვაჟკაცი გააკეთებდა, ეს სიტყვები რომ მოესმინა.

- მაშინ ითქვა, რადგან სერგი არასრულწლოვანი იყო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგებოდა. რატომ შეცვალა პროკურატურამ პოზიცია? ბოლო წლებში პროკურატურა განრიდებას იყენებს და მხოლოდ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უშვებს მოზარდს ციხეში.

- საზოგადოება აქტიურად ადევნებდა ამ მოვლენებს თვალს და გვერდით ედგა მოზარდს. პროკურატურამ მაშინ სცადა, ჩაეხშო ეს ვნებათაღელვა და თქვა, რომ გააკეთებდა განრიდებას ანუ არ აღძრავდა სისხლის სამართლის საქმეს. ეს ამბავი შეთანხმებული იყო მშობელთანაც, ადვოკატის თანდასწრებით. ველოდებოდით განრიდების დოკუმენტის შედგენას. ამ პერიოდში გადააყენეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ერთი-ორჯერ რომ მოვიკითხეთ საქმე, გვითხრეს, მთავარ პროკურორთან უნდა შეთანხმდეს განრიდების საკითხი და მერე გაცნობებთო. გარკვეული გვეგონა ყველაფერი, მაგრამ მოულოდნელად, შუა აგვისტოში, როცა ბავშვიც გასული იყო ქალაქიდან და არც მისი ადვოკატი გახლდათ თბილისში, გამომძიებელმა მოსთხოვა დედას, ორ საათში ბავშვი მიეყვანა პოლიციაში. როცა პოლიციელს ვკითხე, რას ნიშნავდა ასეთი ფაშისტური ღონისძიება, მითხრა, ეს პროკურატურის მოთხოვნა იყოო. მივედით და გვაცნობეს, ვითარება შეიცვალა, უარს ვამბობთ განრიდებაზე და სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთო. ამ საქმის პროკურორი 25 წლის, ახალგაზრდა ქალია, რომელიც პასუხებს არ იძლევა ნორმალურად და რატომღაც ძალიან აგრესიულად და დამამცირებლად ელაპარაკება მოზარდს. სერგი მორწმუნეა, ჩვენი ეკლესიის მრევლია, სპორტსმენი და წარმატებული ქართველი ვაჟკაცია. ზოგადად ძალიან მორიდებული ბიჭია. ერთ-ერთი შეხვედრისას პროკურატურაში რომ მივიდა, თავაზიანად მიესალმა პროკურორს, მან კი უხეშად უპასუხა და ისე გამოიყვანა, პატიოსანი ბიჭივით ნუ იქცევიო, თითქოს სერგი თვალთმაქცობდა. დღეს ასეთ მოზარდს ერთი სილის გაწვნის გამო სჯიან, იმ დროს, როცა ყველამ ნახა, დღისით-მზისით ნიკა გვარამიამ როგორ გალახა მთვარისა ნავერიანი. ამისთვის ის არც დაუკითხავთ. მერწმუნეთ, თუ ამ საქმეზე განაჩენი დადგა, ხელისუფლების განაჩენად გადავაქცევ.

- დღეს რა მუხლი აქვს წარდგენილი სერგი კაკაჩიას?

- ბრალი დაუმძიმეს და წაუყენეს 156 მუხლი, სიტყვის თავისუფლებისთვის დევნა, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არ ვართ მომხრე ცემის, მაგრამ ყველა უზრდელმა უნდა იცოდეს, დედის, ღმერთისა და პატრიარქის გინების გამო კბილებში მაგრად მოხვდება. დღეს წინასასამართლო სხდომა ჩატარდა. სხდომის გახსნა მოითხოვა სერგის ადვოკატმა. გვინდა, ყველამ ნახოს, როგორ ასამართლებენ ამ პატარა ბიჭს, მაგრამ მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა დახურა, რადგან ჩუმად უნდათ გაასამართლონ.

- განრიდებაზე უარი რითი დაგისაბუთეს?

- ჩვენთან არსებობს საზოგადოების პრივილეგირებული კლასი, ასეთია ლბგტ წევრები. უმრავლესობა დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია, ჩვეულებრივი ადამიანისთვის ხელის დარტყმა არ ისჯება და ლგბტ-სთვის სილის გაწვნა, ისჯება. დამამძიმებელ გარემოებად ჩაუთვალეს, რომ ის იყო "გეი". თავიდან როცა ვგეგმავდით დაცვის სტრატეგიას, ადვოკატებმა სერგის ურჩიეს ეთქვა, რომ ამ კაცთან პირადი დაპირისპირება ჰქონდა წარსულში და ამის გამო დაარტყა ხელი. თუ ამას იტყოდა, მას არ დასჯიდნენ. წარმოიდგინეთ, ამ 15 წლის ბიჭის პასუხი რა იყო: ტყუილს ვერ ვიტყვი, რაც იყო რეალურად, იმას ვამბობო. ე.წ. დაზარალებული მალევე საზღვარგარეთ წავიდა და ევროპაში ბედნიერად ცხოვრობს. მაშინვე დიდი ანაზღაურება მიიღო, ტკბილად ცხოვრებს, ხელისუფლებას კი უნდა, 15 წლის მოზარდი სამაგალითოდ დასაჯოს.

დათუნა მოდებაძე, ბრალდებულის ადვოკატი: - განრიდების დროს პიროვნების მიმართ არ ხდება სისხლისსამართლებრივი დევნა და ეს პირი არ ითვლება ნასამართლევად. რადგან სერგი არასრულწლოვანია და ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, პროკურატურას განრიდება უნდა გაეკეთებინა. შუამდგომლობა დავაყენე პროკურატურაში, რადგან თავიდანვე ცნობილი იყო კაკაჩიას პოზიცია. ის აღიარებს, ამბობს მიზეზს, რის გამოც ჩაიდინა დანაშაული. მას არ უარუყვია მომხდარი. პირველივე დღიდან ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ პროკურატურამ განრიდება მაინც არ გააკეთა და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალი წაუყენეს და საქმე გადაეცა სასამართლოს. ახლა 22 ოქტომბერს, საქმის არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე მოვითხოვ, მოსამართლემ საქმე დაუბრუნოს პროკურატურას განრიდებისთვის. თუ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პროკურატურა იძულებული იქნება, განრიდება გააკეთოს. ეს მუხლი ჯარიმას, ასევე სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პირდაპირ ამბობს, არ შეიძლება არასრულწლოვანზე გამოიყენონ თავისუფლების აღკვეთა, თუ მას ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული. ამ მუხლით თუ გაასამართლებენ, მოსამართლემ ალბათ უნდა გამოიყენოს ჯარიმა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, პირობითი სასჯელი.

GzaPress- რატომ დასჭირდა პროკურატურას კაკაჩიას სამაგალითოდ დასჯა?

- პროკურატურამ პირდაპირ გვითხრა და არსებობს შესაბამისი ოქმიც, სადაც განმარტებულია, რატომ გვეთქვა უარი განრიდებაზე: პროკურატურას მიზანშეუწონლად მიაჩნია, გაუკეთდეს კაკაჩიას განრიდება, ვინაიდან ძალადობა განხორციელებულია ლგბტ პირზეო. მე არ ვამბობ ამას, ამას ამბობს პროკურატურა. რომ ყოფილიყო სხვა პირი, რა თქმა უნდა, იმ დღესვე მოხდებოდა განრიდება და იმ დღესვე დასრულდებოდა ეს საკითხი. კაკაჩია არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მუხლი შევცვალო. პირდაპირ მითხრა: ვაღიარებ, რეალურად რაც იყო და თუ გააკეთებენ შეღავათს, გააკეთონო. ვაჟკაცურად იქცევა 15 წლის მოზარდი და ამისთვის ისჯება.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

თეა ხურცილავა