ლამაზი პატარძალი ჭუჭყიანი კაბით და იერდაკარგული დედაქალაქი - გზაპრესი

ლამაზი პატარძალი ჭუჭყიანი კაბით და იერდაკარგული დედაქალაქი

თბილისი, მისი იერი, თბილისელებსა და არა მხოლოდ თბილისელებს შორის გამუდმებული განსჯის საგანია, ზოგს მოსწონს ძველ თბილისში ახალი სტილის შენობა-ნაგებობები, ზოგი მიიჩნევს, რომ უძველესი ქალაქი ამით ავთენტურობას კარგავს. ზოგს ახალი, მშენებარე კორპუსები არ მოსწონს, ზოგის აზრით, ქალაქს კომუნისტების დროს აშენებული უსახური კორპუსები აუშნოებს... საინტერესოა, საშუალება რომ გვქონდეს, ვინ როგორ და რას შევცვლიდით ჩვენს დედაქალაქში?

GzaPressნოე სულაბერიძე, ტელეწამყვანი:

- ძალიან მიყვარს თბილისი, ის ჩემი სახლია და ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი. რომ შემეძლოს, მთელ ქალაქს გავამწვანებდი. ამ საქმეს "მზიურის" ქვედა ნაწილიდან დავიწყებდი, ხრიოკად რომაა დღეს გადაქცეული. მკაცრ რეგულაციებს დავაწესებდი გამონაბოლქვზე, დანაგვიანებაზე, როგორღაც დავარეგულირებდი და მოვაწესრიგებდი საცობების პრობლემას... მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და სრულიად საქართველოს თბილისობა მივულოცო. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული, თბილისის სახასიათო ნიშანია თავისი გარევაჭრობით, ქუჩაში მწვადაობით, ღვინის სმით. აი, ამ მიმართულებით ნამდვილად არაფერს შევცვლიდი. კიდევ უფრო მასშტაბურს გავხდიდი, რათა ტურისტები მიზანმიმართულად ამ დღისთვის ჩამოსულიყვნენ დედაქალაქში.

GzaPressზალიკო სულაკაური, მხატვარი: - თბილისობა მართლაც განსაკუთრებული დღესასწაულია, ჩემი სტუდია ყოველთვის მონაწილეობს ამ საყოველთაო ზეიმში, ბავშვებს საშუალებას ვაძლევთ, დახატონ. ისე, ეს დღესასწაული ჩემს ბავშვობაში უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ახლა თითქოს ინერციით მიდის ყველაფერი. არადა, კარგი იქნებოდა, რომ ამ დღეს ქალაქის ძველ უბნებში თეატრალური წარმოდგენები იმართებოდეს და მხოლოდ მწვადებსა და ჭამა-სმაზე არ კეთდებოდეს აქცენტი. რაც შეეხება თავად თბილისის იერს, ამაზე ხშირად მიფიქრია, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში მახინჯ შენობებს დავანგრევდი, ყველას ერთიანად. მერე დავიწყებდი ძველი თბილისის რესტავრაციას, დღეს მხოლოდ რამდენიმე ქუჩაა აღდგენილი და რესტავრირებული. ძალიან ბევრი ისტორიული უბანი, სახლი, უბრალოდ მიწასთან არის გასწორებული. ზემოდან რომ გადმოხედო აქაურობას, გული მოგიკვდება, სხვადასხვა ფორმისა და ფერის სახურავებით არის აჭრელებული ძველი თბილისი. სხვა თუ არაფერი, სახურავებს მაინც შევცვლიდი და მახინჯ მიშენებებს მოვანგრევდი, გავასუფთავებდი. მერე ახალ თბილისსაც მივხედავდი და ლამაზ არქიტექტურულ სახლებს ავაშენებდი. ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, თბილისი ლამაზი პატარძალია, რომელსაც ჭუჭყიანი კაბა აცვიაო. ამ კაბას გარეცხვა უნდა, მოვინდომოთ და გავრეცხოთ, რა მოხდება? ულამაზესი დედაქალაქი გვაქვს. ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი, მაგრამ ბევრი ინატრებს ჩვენი თბილისისთანა ლამაზ ქალაქს... სხვებს რაც აქვთ, იმას უვლიან. აბა, პრაღაში თუ სადმე იპოვით ისტორიულ შენობას დაქცეულსა და განადგურებულს ან სულელურ, მახინჯ კორპუსებს. სახლს კი არა, სარდაფს არ შეგაცვლევინებენ, არქიტექტურული ნორმების დაცვის გარეშე.

GzaPressრატი დურგლიშვილი, მომღერალი: - პირველ რიგში, ქალაქის თავზე გადახლართულ სადენებს ჩამოვხსნიდი და მიწის ქვეშ ჩავიტანდი. ყველა ძველ, ისტორიულ შენობას აღვადგენდი, ახლებს კი რესტავრაციას გავუკეთებდი, შევალამაზებდი, ერთნაირ სახურავებს გავუკეთებდი. მტვერსა და ნაგავს მაქსიმალურად მოვსპობდი ქალაქში. ქუჩებს სპეციალური მანქანებით გავრეცხავდი... აუ, რა კარგი იქნებოდა ასეთი თბილისი. ძალიან მომინდა ახლა ამ ყველაფრის გაკეთება. ნეტავ მართლა შემეძლოს...

ნუკი კოშკელიშვილი: - ჩემი აზრით, თბილისის უმთავრესი ნაკლი ის არის, რომ ადაპტირებული ქალაქი არ არის, ძალიან მოუხერხებელია ეტლით მოსიარულე ადამიანებისთვის. მე რომ რამე შემეძლოს, პირველ რიგში ამ პრობლემას მივხედავდი, მერე ქალაქის გამწვანებასა და ჰაერის გასუფთავებაზეც ვიფიქრებდი.

GzaPressმარინა კახიანი: - დღეს თბილისს იმდენი რამ სჭირდება, არც კი ვიცი, საიდან დავიწყებდი. პირველ რიგში კარგ ურბანისტსა და კარგ არქიტექტორს ავიყვანდი და ამ აურზაურს მოვაწესრიგებდი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ხე, ბუჩქი, ყვავილი დაირგოს, დასასვენებელი ბაღები გაკეთდეს. ძალიან ბევრი საქმეა.

GzaPressმიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი: - პირველ რიგში ინფრასტრუქტურის საკითხს დავაყენებდი. აუცილებელია გვირაბების, ხიდების, ესტაკადების მოწესრიგება. ვეღარ ეტევა ამდენი მანქანა ქალაქში. მეორე საკითხია არქიტექტურული საბჭოს წინა პლანზე წამოწევა და მშენებლობის მაქსიმალური გამკაცრება. ქალაქმა თავისი იერი დაკარგა, უკონტროლო მშენებლობებმა დაამახინჯა თბილისი. რამდენჯერ ვუთხარი მერიის წარმომადგენლებს, თუ მაინცდამაინც მრავალსართულიანი შენობების აშენება უნდათ, ნახონ ბოსტონი. უდიდესი ქალაქია, უამრავი მრავალსართულიანი კორპუსით, მაგრამ ულამაზესია. მშენებელს კორპუსის აშენების უფლებას არ მისცემენ, თუ იქვე სკვერს არ გააკეთებს. საერთო ჯამში, საოცრად ლამაზად გამოიყურება დასახლება. ვფიქრობ, ეს ის პრობლემებია, რაც პირველ რიგში უნდა მოგვარდეს. გასაკეთებელი და სამუშაო ძალიან ბევრია ჩვენს დედაქალაქში.

GzaPressმაია ბარათაშვილი, მომღერალი: - გავაკეთებდი სპეციალურ, შემოღობილ, დიდ პარკს და ყველა ქუჩის ცხოველს გადავიყვანდი. ამ ტერიტორიაზე მოქალაქეებს საშუალებას მივცემდი, ქუჩის ბინადრების დაპურებაზე ეზრუნათ. ცხოველები ასე (რომლებიც მე ძალიან მიყვარს) მოვლილები იქნებოდნენ და ქუჩაშიც მეტი სისუფთავე იქნებოდა. მე ფეხით სიარული მიყვარს და ყოველი ფეხის ნაბიჯზე მხვდება "ცხოველქმედების" პროდუქტი. ეს ძალიან არასასიამოვნოა. სხვათა შორის, მხოლოდ ცხოველები კი არა, ბევრი უკულტურო ადამიანი ქალაქის ქუჩებს საპირფარეშოდ იყენებს და ბევრგან დგას "შარდოვანას" საშინელი სუნი. ასეთ ადამიანებს დიდ ჯარიმებს დავუწესებდი, იმდენად დიდს, რომ მსგავსი ქმედების სურვილი სამუდამოდ დაჰკარგოდათ. ასევე კანონით დავავალდებულებდი ტაქსის მძღოლებს, ეზრუნათ როგორც მანქანების მოვლასა და დასუფთავებაზე, ასევე საკუთარი თავის დაბანასა და მოწესრიგებაზე. დაბოლოს, რაღაცას მოვიფიქრებდი, რომ ქალაქში მოხუცებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობები შემექმნა.

GzaPressბესო ბერულაშვილი, მსახიობი: - ყველა მახინჯ, უსახურ შენობასა და გარაჟს მიწასთან გავასწორებდი და სულ ახალ, ლამაზ შენობებს დავდგამდი, მანქანებისთვის მიწისქვეშა სადგომებს გავაკეთებდი. ასეთი ცუდი გემოვნება როგორ აქვთ ამ ქართველ არქიტექტორებს, ასეთ მახინჯ შენობებს როგორ აშენებენ? ან გარაჟები რა უბედურებაა? ჯერ როგორი სიმახინჯეა და მერე როგორი სახიფათოა ბავშვებისთვის. ბავშვებს სათამაშო მოედნები აღარ აქვთ, გარაჟებზე ადიან. ერთი მეზობლის ბავშვი მე გადავარჩინე, მეორე ვერ გადავარჩინე და ჩამოვარდა. მოვუწყობდი ამ ბავშვებს გამწვანებულ სკვერებს, ითამაშებდნენ ლამაზად და მშობლებიც მშვიდად იქნებოდნენ. ან ეს მრავალსართულიანი, ერთმანეთზე ჩახლართული შენობები რა საჭიროა? ავაშენებდი ხუთსართულიან, ლამაზ, არქიტექტურულ სახლებს. ახალ უბნებს შევქმნიდი, გავშლიდი თბილისს კახეთისკენ, ლილოსკენ... ცარიელი ტერიტორიების მეტი რა არის, რას ვიხრჩობით ამ ერთ ადგილზე? მოკლედ, საშუალება რომ მქონდეს, თბილისის განაპირა ადგილებში ისეთ ლამაზ, გამწვანებულ, კეთილმოწყობილ უბნებს გავაშენებდი, რომ ვაკიდან გარბოდნენ ადამიანები.

GzaPressგია ჯაჯანიძე, შოუმენი: - არც არაფერს შევცვლიდი, არც არაფერს დავამატებდი, არ დავეძებ. მე არ ვარ თბილისელი, თბილისობაზეც კი არასდროს ვყოფილვარ. მე მინდა მშვიდად ცხოვრება და ვცხოვრობ მშვიდად.

მანანა ნაჭყებია, პოლიტიკოსი: - პირველ რიგში მივხედავდი თბილისის გამწვანებას. დღეს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზონები, სკვერები, პარკები, რომლებიც ბოლო დროს თანდათან მცირდება, ვიწროვდება და ქრება. ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ იპოდრომი კერძო მფლობელებისგან გამომესყიდა და იქ ერთ დიდ, კარგ პარკს გავაკეთებდი. ამის შემდეგ შევაჩერებდი თბილისის იერის დამამახინჯებელ მშენებლობებს და ახალი კორპუსების აშენებისთვის სტანდარტებს დავაწესებდი. ქალაქი რომ უნდა განვითარდეს და კიდევ მრავალი შენობა აშენდეს, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ერთ ადგილზე, ადამიანებს ფანჯრების წინ კედლებს არ უნდა უშენებდნენ, მშენებლობა (მხოლოდ ლამაზი კორპუსების და არა იმ სიმახინჯეების, რაც ახლა შენდება) უნდა გაგრძელდეს პერიფერიებში, დაუსახლებელ ადგილებზე. პირველ რიგში ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს მოვაგვარებდი და შემდეგ სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივაც ბევრ ცვლილებას განვახორციელებდი.

ხათუნა ბახტურიძე