აჭარაში სააკაშვილს იგორ ივანოვი შეუძღვა - გზაპრესი

აჭარაში სააკაშვილს იგორ ივანოვი შეუძღვა

- ვინაიდან წინა კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ დაგეგმილი აქცია იყო, საუბარიც ამით დავიწყოთ. როგორი შთაბეჭდილება დატოვა "ათასობით ათასი ადამიანის" შეკრებამ?

- ვფიქრობ, ის ხალხი, ვისაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციის საკითხი მართლა აწუხებდა და იქ მივიდა, სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, იმედგაცრუებულები წამოვიდნენ, რადგან რეალურად ნახეს, რისთვისაც იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. ის კაცი თავისას არ იშლის და მისი გამოსვლა საშინელი იყო. ჯერ ერთი, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანის სახელით ასე სპეკულირება? - კახა ბენდუქიძეს ვგულისხმობ. სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კახა ბენდუქიძე მაგ მიტინგზე არ მივიდოდა. იგი სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და კარგი კადრი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ვერა ქობალიათი ჩაანაცვლა, როგორც მახსოვს. ამიტომ ახლა მისი სახელით სპეკულირება კატასტროფაა. ვიღაცისკენ ხელის გაშვერა და ოკუპაციის თემის ხელზე დახვევა კი "ნაციონალების" მხრიდან, უსინდისობაა. არავინ უარყოფს, რომ შესაძლოა, მოსახლეობის 10-15% მათ მხარს უჭერდეს და არც იმას უარვყოფთ, რომ შეხვედრების ორგანიზება კარგად გამოსდით. არასდროს მითქვამს, რომ ქვეყნის მოდერნიზაცია არ მოუხდენიათ ან რაღაც პროექტების განხორციელებაში სუსტები იყვნენ. ისევე, როგორც კომუნისტებს ვერავინ დააბრალებს, რომ ენგურჰესი ან დინამოს სტადიონი არ აუშენებიათ. ჩვენი უდიდესი მამულიშვილი და წმინდანი - ექვთიმე თაყაიშვილი, აქედან გაქცეული 1945 წელს რომ დაბრუნდა საქართველოში, თავის კოლეგებს საფრანგეთში წერილს სწერდა, - ერთი ნახეთ, რა უქნიათ კომუნისტებს თბილისისთვის, როგორ აუშენებიათ, მტკვრის აშმორებული და დაჭაობებული ნაპირები როგორ ჩაუსვამთ და გაუმშვენიერებიათ სტალინის სანაპიროთიო. ანუ ღირებულებები და აშენებული შენობები სხვადასხვა რამაა. ამიტომ, არასდროს ვუკარგავ "ნაციონალებს", რომ შეხვედრა და 300-500-ლარიანი მხარდამჭერების მობილიზაცია პრობლემა არაა. მათაც ნოსტალგია აქვთ მხოლოდ პროპაგანდაში მიღებული 300-500 ლარის და რატომაც არა? 7-8 ათასი კაცი მათ მიტინგებზე ყოველთვის მივა.

- რას იტყვით ალასანიას გუნდზე?

- ვფიქრობ, ის ადამიანები, ვისაც "ნაციონალებისკენ" გახედვაც აღარ უნდა და ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა დიდია, ვისთვისაც ბურჯანაძის ფრთაც მიუღებელია, სწორედ ამ ორ ძალას - ალასანიასა და ღარიბაშვილის გუნდებს შორის გააკეთებენ არჩევანს და ამ გადასახედიდან, მეც მათ რიცხვში ვარ, მოვლენებს დავაკვირდები. კოალიციისთვის დიდი დარტყმა იყო, რომ გაიხლიჩა, "ნაციონალებსაც" სწორედ ეს უნდოდათ, მათი ერთიანობა აგიჟებდათ, მაგრამ ამას კარგი მხარე ის აქვს, რომ ალტერნატიული ოპოზიციური ძალა გამოჩნდა, ძლიერი პოლიტიკოსებით. ფინანსურ დარღვევებს ადგილი ჰქონდა თუ არა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, საქართველოს მთავრობამ საუკეთესო მინისტრები დაკარგა.

- როგორია თქვენი შეხედულება პრემიერზე? რამდენად ძლიერია, როგორც პოლიტიკოსი?

- საერთოდ, ასაკთან ერთად, ადამიანი ბევრ რამეს იძენს. მაგალითად მე, ასაკობრივ ზღვარს აუცილებლად დავაწესებდი პრემიერისთვისაც, პრეზიდენტისთვისაც და მინისტრებისთვისაც, რადგან გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდებათ. ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ჩანს, ოდნავ ფიცხი ხასიათი აქვს და მისი ზოგიერთი გამონათქვამი პრემიერისას არ შეესაბამება, თუმცა, ბიძინა ივანიშვილს რომ მისდამი დიდი ნდობა აქვს, ფაქტია, რადგან ვინც ახლოს დაიყენა, ზოგმა ფული შეუჭამა, ზოგმა გადააგდო და როცა ასეთი წესიერი კაცი დაინახა, ენდო. დასაფასებელია, როცა ადამიანი პატიოსანია. შესაძლოა, პრემიერობა ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ტვირთიცაა და სხვა ასაკში ბევრად უფრო ძლიერი ყოფილიყო, მაგრამ იმედი მაქვს, საქმით ის ყოველთვის წარმატებული იქნება. ამას ნამდვილად ვუსურვებ. ვინც ხელისუფლებაში მოვა, ყველას წარმატებას უნდა ვუსურვებდეთ, რადგან უკუღმართობაა, როცა პირველივე დღიდან ჯიბრში უდგახარ. ეს ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის წარმატება არ გინდა, პირადი წყენა და ბოღმა გაქვს. მაგალითად, სამსახურიდან გამოშვების გამო და შენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის წინსვლა. პირველ ეტაპზე, ყველა მთავრობას ვუჭერდი მხარს - გამსახურდიასაც, შევარდნაძესაც, სააკაშვილსაც და როცა იმედგაცრუება მოდის, მერე ხვდები ოპოზიციაში. არის რაღაცები, რაც ახლაც არ მოგვეწონა, მაგალითად, პრემიების თემა, გაუგებრობები პროკურატურაში, შს მინისტრის მოადგილის მიერ გამოქვეყნებული მასალები, მაგრამ დადებითი ამ ყველაფერში ისაა, რომ საზოგადოების პროტესტს რეაგირება წამსვე მოჰყვება ხოლმე, ბევრ რამეს ითვალისწინებენ კიდეც და არეგულირებენ, სააკაშვილი კი ჯიბრზე უკუღმართად აკეთებდა. საქართველოს გარშემო სიტუაცია დღეს ათჯერ უფრო რთულია, ვიდრე მაშინ, როცა ქვეყანა სააკაშვილმა ჩაიბარა. თუ სააკაშვილის გაპრეზიდენტების პერიოდს გავიხსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - იგორ ივანოვი ჩამოვიდა და საბოლოოდ, ის და შევარდნაძე სწორედ მან მოარიგა. აჭარაში სააკაშვილს იგორ ივანოვი შეუძღვა. იმ დროს იქ რუსეთს შეეძლო, მესამე ცხელი წერტილი გაეხსნა, სააკაშვილი მოტყუებით შეეყვანა, ასლან აბაშიძის მხარე დაეჭირა, რასაც საშინელი პროვოკაცია მოჰყვებოდა და შესაძლოა, უბედურება დატრიალებულიყო, მაგრამ იმ პერიოდში სააკაშვილის მიმართ კარგი განწყობა იყო ყველა მხრიდან - ამერიკელების, რუსებისა და საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნდობა ჰქონდა. დღეს ჩვენ გარშემო იმდენი ომი და უბედურებაა, საქართველოს ინვესტიციებისთვის არავის სცხელა და ხალხს ნუ აშინებს ის თემა, თითქოს აქ ეკონომიკურად რაღაც ინგრევა. ახლა იმდენი ფული არ შემოდის და კარგად გავიხსენოთ, ჯერ მარტო ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი რამდენ ფულს აძლევდნენ პირველ ეტაპზე; 2008 წლის ომის შემდეგ 4 მლრდ 700 მილიონი დოლარი მიიღეს და რა თქმა უნდა, იმ ფულით გზაც დაიგო და გამოჩნდა. დღეს ეს მდგომარეობა აღარაა, მსოფლიოში დაძაბულობაა და საქართველოსკენ ინვესტიციებს უფრთხილდებიან, ამიტომ, როგორც კი რეგიონის მშვიდობის თემა გადაწყდება, ჩემი აზრით, საქართველო უფრო სწრაფი ნაბიჯებით წავა წინ.

თამთა დადეშელი