"რეალურად პენსია 10 ლარით კი არა, მხოლოდ 1 ლარით იზრდება" - გზაპრესი

"რეალურად პენსია 10 ლარით კი არა, მხოლოდ 1 ლარით იზრდება"

GzaPressჩვენს ქვეყანაში სოციალურად დაუცველ ადამიანებს რა გამოლევს, თუმცა, მათ შორის პენსიონერები ყველაზე დაუცველნი არიან: ამ ადამიანებმა 1990-იან წლებში დაკარგეს წლობით ნაგროვები ანაბრები და ახლა თვიდან თვემდე პენსიის იმედად არიან. სულ სხვაგვარად ცხოვრობენ პენსიონერები უცხოეთის მოწინავე ქვეყნებში: ლუქსემბურგში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ევროპული სახელმწიფოა, საშუალო პენსია 3 700 ევროს აჭარბებს. არანაკლებ უზრუნველყოფილნი არიან ბერძენი პენსიონერები: ისინი პენსიის სახით 2 000 ევროს იღებენ. დაახლოებით ამდენივეა საშუალო პენსია ავსტრიაში. ამ ფონზე ალბათ უფრო იოლი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში არიან ქართველი პენსიონერები, რომლებიც თვიდან თვემდე 150 ლარის მოლოდინში არიან.

მთავრობა გვაიმედებს, რომ პენსია საქართველოში ეტაპობრივად გაიზრდება. პირველი ეტაპი - მომავალი წლის 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და პენსია 10 ლარით მოიმატებს. დღესდღეობით ჩვენთან საშუალო პენსია 150 ლარია. გამოდის, რომ სექტემბრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერი 160 ლარს აიღებს. ეს ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაახმოვანა. ნოდარ ხადურის თქმით, პენსიის ზრდა 2016 წელსაც გაგრძელდება.

"ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით, სოციალური დახმარების ნაირსახეობაა და არა - პენსია" - თქვა ჟურნალ "გზასთან" საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ, რომელსაც ამ მტკივნეულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ბატონო ლევან, ბევრს ეგონა, რომ პენსიები 1-ლი იანვრიდან გაიზრდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში საპენსიო ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა მხოლოდ 35 მილიონით იზრდება, ბუნებრივია, ხელისუფლება მთელი წლის განმავლობაში ვერ გაზრდიდა პენსიას. ეს თანხა ანუ 35 მილიონი მხოლოდ 3-4 თვის საპენსიო უზრუნველყოფას ეყოფა. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომ პენსიის ზრდა 2015 წლის დასაწყისიდანვე მოხერხდებოდა, არ გამართლდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო და ვერ შეასრულა დანაპირები, რომელსაც იძლეოდა. დაპირება, რომ პენსია რეალური საარსებო მინიმუმის ტოლი გახდებოდა, მხოლოდ ფორმალურად შესრულდა: მართალია, პენსია დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს მართლაც გაუტოლდა, მაგრამ საარსებო მინიმუმი ოდნავაც ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას. ეს იმის ბრალია, რომ თავად საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდიკა არ შეიცვალა, ეს კი - აუცილებელია. ყველა ექსპერტული შეფასების მიხედვით, რეალური საარსებო მინიმუმის ოდენობა ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მეტია, ვიდრე 160 ლარი და დაახლოებით 230-დან 250 ლარამდე მერყეობს. ისედაც, თავად პენსიის ოდენობა საქართველოში სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. აქედან გამომდინარე, ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით, სოციალური დახმარების ნაირსახეობაა და არა - რეალური პენსია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად პენსიის ოდენობა ქვეყანაში არსებული ხელფასის დაახლოებით 18 პროცენტია. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - უკრაინაში, რუსეთში ან აზერბაიჯანში ეს თანაფარდობა გაცილებით მაღალია და დაახლოებით 35-40%-ს შეადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც თანაფარდობა საშუალო ხელფასსა და მინიმალურ პენსიას შორის 50-60 პროცენტი და მეტია.

- პენსია მხოლოდ 10 ლარით იზრდება, რაც ასევე უკმაყოფილებას იწვევს.

GzaPress- ეს არის მინიმუმი, რაც შეძლო ხელისუფლებამ 2015 წლის ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ: 2015 წელს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 6%-ს მიაღწევს. თუ მარტივ არითმეტიკას მოვიშველიებთ, გამოდის, რომ 150 ლარის 6 პროცენტი არის 9 ლარი, გამოდის, რომ გაზრდილი პენსიის მსყიდველობითი უნარი მხოლოდ ერთი ლარით იმატებს ანუ რეალურად პენსია მხოლოდ 1 ლარით იზრდება, რადგან დანარჩენ 9 ლარს ინფლაცია "შეჭამს". ამიტომ, ეს არ არის რეალური ზრდა და ქვეყანაში მხოლოდ ინფლაციის შესაბამისი ზრდა განხორციელდება. მსყიდველობითი უნარი მომატებულ პენსიას არ ექნება და ამის გამო ეფექტიც მინიმალური იქნება. სამწუხაროა, მაგრამ ისეთ ტოტალიტარულ ქვეყანაშიც კი, როგორიც რუსეთია, პენსია გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენთან. იგივე ითქმის შუა აზიის ქვეყნებზე. აღარაფერს ვამბობ ბალტიისპირეთზე, რომელიც ცხოვრების დონით ყოველთვის გვისწრებდა და ახლაც გვისწრებს. სამწუხაროდ, პენსიის განაკვეთის მიხედვით საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, ყოფილ დსთ-ის სივრცეში. ბუნებრივია, მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც პენსიაც გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობაც უფრო ცუდად ცხოვრობს, მაგრამ ამით ჩვენს პენსიონერებს არაფერი ემატებათ, არც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება.

- ბატონო ლევან, ძალზე სამწუხაროა, რომ საქართველოში ცხოვრობს ხალხი, ვისთვისაც 150-160 ლარი სერიოზული თანხაა.

- გეთანხმებით, ძალიან ბევრია ადამიანი, რომელსაც 150 ლარი შემოსავალიც არ აქვს, განსაკუთრებით - უმუშევრები... პენსიონერების დიდი ნაწილი კი ამ 150 ლარით არსებობს, თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემა სულ სხვაგან იმალება: ხელისუფლების მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ 10 ლარით გაზარდოს პენსია, რომელიც ინფლაციის ხარჯზე "შეიჭმება", ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ პენსია რეალურ საარსებო მინიმუმს დაუახლოოს. თუ გვინდა ცივილიზებულ ქვეყნებს დავემსგავსოთ, სულ სხვა მიმართულებით უნდა წავიდეთ - კერძოდ, უნდა შევქმნათ რეალური საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდიკა და მინიმალური პენსიის ოდენობა სწორედ საარსებო მინიმუმს მივაბათ. ხელისუფლება ამას რატომღაც არ აკეთებს!

- ძალიან ბევრმა ოპონენტმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ბატონი ნოდარ ხადური, რომელმაც ეს ინფორმაცია გაახმოვანა.

GzaPress- ბუნებრივია, ნოდარ ხადურს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ, რადგან 2013 და 2014 წლის ბიუჯეტი ერთიმეორის მიყოლებით ჩავარდა და რა ბედი ელის 2015 წლის ბიუჯეტს, კაცმა არ იცის. ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკაში წინსვლა ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ იცით რა არის გასარკვევი? - ხელისუფლება არათუ ბიუჯეტის შესრულებას, ბიუჯეტში შემოსული ფულის დახარჯვასაც ვერ ახერხებს. პირველ კვარტალში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ შესრულდა და ეს საყვედურები მინისტრის მიმართ, სავსებით სამართლიანია. აქ მარტო ნოდარ ხადურის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას: იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოყოფილ თანხას ვერ ხარჯავს, პასუხი ხადურს კი არ უნდა მოვთხოვოთ, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც როგორც ჩანს, მენეჯმენტი სერიოზულ გადახალისებას მოითხოვს. ფინანსთა მინისტრს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ის, რომ მხარჯველი ორგანიზაციები ბიუჯეტით გაწერილ თანხებს ვერ ითვისებენ, ეს ბატონი ხადურის ბრალი სულაც არ არის. ამ შემთხვევაში სწორედ იმ სამინისტროებს აქვთ პრობლემები, რომლებიც გამოყოფილ თანხებს ვერ ითვისებენ და შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება თუნდაც პენსიების მნიშვნელოვანი ზრდა, რადგან მთლიანი ფონი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს იმ სოციალურ და საბიუჯეტო პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ზოგადად, ეკონომიკის წინსვლა არის ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდისა და ეკონომიკური გარანტიების მოქნილი სისტემის შექმნის საფუძველი. წელგამართული ბიზნესი და ეკონომიკა განაპირობებს სოციალურ ზრდას და არა - ხელისუფლება.

ხათუნა ჩიგოგიძე