"ტატამია, ტატამი" - მარეხ ყამბეგაშვილი და ოლეგ იაძე ერთმანეთის პირისპირ - გზაპრესი

"ტატამია, ტატამი" - მარეხ ყამბეგაშვილი და ოლეგ იაძე ერთმანეთის პირისპირ

ცოტა ხნის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგზე "ძველ გვარდიას" მოუხმო, "ქართული ოცნების" ოფისთან მისული კამერების "თვალში" მათი გუნდის წევრი, სპორტსმენი - ოლეგ იაძე მოხვდა და ახალი ამბავიც უმალვე "გამოცხვა" - იაძე პოლიტიკაში ბრუნდებაო, რასაც ოპონენტების მხრიდან დიდი ქილიკი და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. როგორც იაძემ აღნიშნა, ის არც არსად წასულა და მთელი ამ დროის განმავლობაში მმართველი პარტიის ოფისიდან სპორტს კურირებდა.

ოლეგ იაძის ხსენებისას, ბუნებრივია, მისი წლების წინანდელი ოპონენტი - მარეხ ყამბეგაშვილი გაგვახსენდა, რომლის ემოციურად ნათქვამი ფრაზა - "კასპი ტატამია, ტატამი", მაშინ მთელ ინტერნეტ თუ სატელევიზიო სივრცეს მოედო. გადავწყვიტე, ოლეგ იაძესა და მარეხ ყამბეგაშვილს დავკავშირებოდი და გამეგო, რას საქმიანობენ ისინი დღეს, როგორ ცხოვრობენ კასპის სოფლებში, როგორ აფასებენ ამ გადასახედიდან მაშინდელ კონფლიქტს და ა.შ.

- წლების წინ, როდესაც ოლეგ იაძე კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო და მასთან დაპირისპირება მოგივიდათ, ყველას დაამახსოვრდით თქვენი ცნობილი ფრაზით - "კასპი ტატამია, ტატამი!" დღეს როგორ გაიხსენებდით იმ ყველაფერს?

GzaPressმარეხ ყამბეგაშვილი: - "რუსთავი 2"-მა რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალა ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის ალიანსის ამბავი გაეშუქებინა, არ აკადრა თავის მაყურებელს და ეს ჩემი "ტომი და ჯერი" "კურიერში" ზედმეტად აქტიურ თემად აქცია რატომღაც. ჩემი და იაძის კონფლიქტი ამათთან შედარებით, მართლაც "ტომი და ჯერი" იყო, მათთვის კი "მძაფრსიუჟეტიანი "ბესტსელერი" გამოდგა.

ოლეგ იაძე: - ეს ვიდეოები შოუებში აიტაცეს და მე რა შუაში ვიყავი? მე ხომ არ მითქვამს ეს ფრაზა? ტატამია, ტატამიო, მან თქვა. ტატამი კი საქართველოში ყველაზე წარმატებულ სპორტის ორგანიზაციასთან რომ ასოცირდება, ზოგიერთმა ესეც არ იცის. ძიუდო ნომერი პირველია, თავისი შედეგებით! როგორ შეიძლება ტატამი მასხარად აგდებულიყო?

- რის საფუძველზე დაიწყო მაშინ თქვენი კონფლიქტი?

მარეხ ყამბეგაშვილი: - ერთ პოსტზე, იაძეს სხვა ადამიანი უნდა დაენიშნა და სხვა დანიშნა, თავისი ახლობელი, ნათესავი. ჩათვალა, რომ რადგან ძალაუფლება ჰქონდა, მისი გადაწყვეტილება არ გადაიხედებოდა. იქ სხვებისგან გაცილებით უარესები იყო ნათქვამი, უბრალოდ, ჩემი გამოსვლა ცოტა სხარტული გამონათქვამების გამო ისეთნაირად გაშუქდა, რომ კომიკურ ჟანრში გადავიდა და სახალისო გახდა. მისი თანამდებობიდან გაშვება მხოლოდ ამ დაპირისპირებამ არ გამოიწვია. თავისით კი არ წავიდა, უთხრეს, რომ წასულიყო. ალბათ ჩათვალეს, რომ საჯარო სამსახურისთვის გამოსადეგი არ იყო, ყველას ხომ არა აქვს ამისი უნარი? ცენტრალურ ოფისში სპორტის მიმართულებაში მუშაობს. სპორტსმენობას ვერავინ წაართმევს. თავის რაიონს კარგად იცნობს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, თავისი წრე ჰყავს და სპორტიდან, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, პატივს სცემენ, რატომაც არა აქვს უფლება, დღეს ისევ მაგ სფეროში იმუშაოს? რა სისულელეა? მე ამის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს?

- მარეხ, ახლა თუ გაქვთ ოლეგ იაძესთან რაიმე შეხება?

- არანაირი, ჩვენ ვცხოვრობთ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უკიდურეს სოფელში და ის - მარჯვენა სანაპიროს უკიდურეს სოფელში. კილომეტრები გვაშორებს, ჩვენი გზები როგორ უნდა გადაიკვეთოს? მე მისი ოჯახი არ მიწყევლია და მას ჩემი ოჯახი არ უგინებია, რაც იყო დამთავრდა. გამარჯობის დონეზეც არ გვაქვს ურთიერთობა.

ოლეგ იაძე: - კონფლიქტი აბსოლუტურად არაფრის საფუძველზე დაიწყო. მარეხ ყამბეგაშვილი ჩვენი აქტივისტი კი იყო, მაგრამ ერთმანეთთან ახლო კონტაქტი არასდროს გვქონია. იმ ამბებში, მაშინ მე უშიშროების ხელს უფრო ვხედავდი. გამიკვირდა კიდეც, ეს გოგო ასეთი აგრესიული რატომ იყო ჩემ მიმართ? ის კი მახსოვს, რომ სოფლის გამგებლობა უნდოდა, მაგრამ ქვემო ჭალას ვერ ვაკადრებდი, რომ მარეხი გამგებლად მათთვის მიმევლინა. მე სოფლის ავტორიტეტული პიროვნება დავნიშნე. მარეხთან ერთად ორი ქალი იყო და მათაც პირველობა უნდოდათ. მე აღარ ვარ იქ, მაგრამ იმის მერეც ხომ ვერ დაინიშნა გამგებლად? ამჟამად ის სპეციალისტის პოსტზეა და ამაზე ხომ მეც დავნიშნავდი... ეს თემა საინტერესო არაა. რომ არა უშიშროება, ასე არ იქნებოდა. უშიშროების უფროსი სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი კაცი იყო, "კუდში" მუშაობდა და 2012 წელს ხალხს იჭერდა. მაგას რაიონში არ ვუშვებდი, სანამ მე ვიყავი გამგებელი. ვინც მაშინ მებრძოდა, ყველა მოშორებულია დღეს.

- "ფეისბუკზე" ერთ-ერთ პოსტზე კომენტარებში წერდნენ, თავის დროზე, ოლეგ იაძეს სპორტის სფეროსა და გამგეობაში დარღვევები ჰქონდაო. ეს სიმართლეა?

მარეხ ყამბეგაშვილი: - მერწმუნეთ, გამგეობაში რაიმე მსგავსი რომ მომხდარიყო, გაფლანგვები ჰქონოდა, ეგ ცენტრალურ ოფისში ვერ მოხვდებოდა. მანამდე, ათასი რაღაც გამიგია, მაგრამ ვინაიდან არც შეხება მქონია და არც არაფერი მინახავს, ვერაფერს გეტყვით. დღეს ისეთი სიტუაციაა, განათების ბოძს შეიძლება ტოტები გამოასხა და ორი ტონა ვაშლი ჩამოკრიფო. ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, ისეთები იწერება და ითქმება.

GzaPressოლეგ იაძე: - ტრადიციულ ოჯახში ვარ დაბადებული და გაზრდილი, უწესიერესი ხალხი მყავდა დედაჩემის და მამაჩემის მხრიდანაც, ეს ყველამ იცის! მამაჩემი აგურის ქარხანაში მუშად მუშაობდა და ერთი აგური არ მოუპარავს! საიდან, ვისგან მოდის ამდენი სიბინძურე?! სამბოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი 20 წლის განმავლობაში ვიყავი და ფინანსებს მე თუ ვინმესთან არ მოვიძიებდი, ვერ მიმყავდა გუნდი შეჯიბრებაზე. სად რა უნდა მომეპარა, ამიხსენით... სააკაშვილს 2003 წლიდან ვებრძოდი, მაშინ "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე ვიყავი კასპში და პოლიტიკური შეხედულებების გამო, 2011 წელს გამათავისუფლეს. მიზეზი იცით, რა იყო? გუნდი მოსკოვში რატომ წაიყვანეო? მე რომ რაიმე ფინანსური დარღვევა მქონოდა, სააკაშვილი მაგას შემარჩენდა?

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა მკითხა, გამგებელი რომ იყავით, დარღვევები გქონდათო? ამაზეც გეტყვით. თავს დავდებ, მთელი ჩემი ცხოვრება პატიოსნებით მოვდივარ, ვის რა ვუმტკიცო? "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში რომ მოვიდა, 50 ათასი დოლარი მქონდა დანაზოგი. რესპუბლიკაში ნომერი პირველი, ყოველწლიურად ყველაზე შედეგიანი გუნდი მყავდა, ყველა სხვა სახეობას ვჯობნიდი და ძიუდოსნაირი პრემია არა, მაგრამ წლის ბოლოს, რაღაც მეც მქონდა. დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, ბოლო მანქანა ამ ერთი კვირის წინ გავყიდე 5 ათას დოლარად. ბინძურ ხალხს რა გამოლევს? ანტიკორუფციულიდან ჩემი საქმიანობის შესამოწმებლად რომ შემოვიდნენ, მასხარად ვიგდებდი და თანამშრომლებს ვეუბნებოდი, ამათ წყალიც არ დაალევინოთ, ქრთამში არ ჩაგვითვალონ-მეთქი (იცინის). ღარიბაშვილს დაურეკეს, ამ კაცს დანაშაული ვერ ვუპოვეთ და რა ვქნათო? ღარიბაშვილმა დამირეკა და მითხრა, - ოლეგ, უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოდი, სპორტში მინისტრის მოადგილედო, ზუსტად ასე მითხრა. დავწერე განცხადება და გამგებლის პოსტი დავტოვე. მომატყუეს, თუ მერე რა მოხდა, აღარ მაინტერესებს. ეს იყო მთელი ისტორია.

- თქვენი ოპონენტები აქცენტს თქვენს განათლებაზეც აკეთებენ. რომელი უმაღლესი სასწავლებელი გაქვთ დამთავრებული?

- ორი წიგნი მაქვს დაწერილი, მათ შორის, "მარადისობის ჭაბუკი" უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც დევს. სკოლა სანიმუშოდ დავამთავრე. ფიზკულტურის ინსტიტუტის შემდეგ, ზოოვეტი დავამთავრე. 4 წელი ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიც ვიყავი. ვინც ამაზე აკეთებს აქცენტს, დამიჯდეს და ნებისმიერ თემაზე მესაუბროს, გამეჯიბროს.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- პარტიის - "ქართული ოცნება", ცენტრალურ ოფისში სპორტის სფეროში ვმუშაობ, ექსპერტული, სტატისტიკური მიმართულებით, ზოგ სპორტსმენს ვეხმარებით კიდეც ფონდის შესაძლებლობების ფარგლებში და ა.შ. ვიღაცებს ჰგონიათ, პოლიტიკაში ახლა დავბრუნდი. ჩვენ არსად წავსულვართ, აქ ვიყავით სულ!

მარეხ ყამბეგაშვილი: - ამ ეტაპზე კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ვმუშაობ, ადმინისტრაციულ სამსახურში, სპეციალისტად. ჩემი სამუშაო შემოიფარგლება ქვემო ჭალის ტერიტორიული ერთეულით. შვიდი სოფელი მაბარია, აქედან ხუთი - გამყოფი სოფელია.

- რა პრობლემებია თქვენს სფეროში და რა კეთდება უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელობით?

მარეხ ყამბეგაშვილი: - მინდა გითხრათ, რომ მართლა ძალიან ბევრი რამ კეთდება, უბრალოდ, არ ჩანს, პიარი მართლაც ყველაფერს აკლია. ამ ეტაპზე, ჩემს სოფლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით გაკეთდა წყალი - ჭაბურღილები მოეწყო, ცენტრალური მაგისტრალის დაქსელვა მოხდა და ახლა ინდივიდუალური დაქსელვა ხორციელდება. 700 ათასი დაჯდა. ამ გამყოფ სოფლებში დღე-დღეზე დასრულდება გზის მოასფალტება, რომელიც კომუნისტების დროსაც არ ყოფილა. გაზიფიცირება დასრულებულია და ადგილობრივებს გათბობისთვის ყოველ ზამთარს 200 ლარი ერიცხებათ სახელმწიფოსგან. გამყოფთან ერთად, ხუთივეს მაღალმთიანის სტატუსი აქვთ და ელექტროენერგიის განახევრებულ ტარიფს იხდიან. გარდა ამისა, სტუდენტები სრულად ფინანსდებიან, აქ ჯანდაცვის კიდევ უფრო უკეთესი პაკეტებია, ვიდრე სხვაგან. ჩვენს ტერიტორიულ ერთეულში მხოლოდ შარშან და წელს, ხუთ მილიონ ლარამდეა დახარჯული, ოღონდ ეს არსად ჩანს, არავინ იცის. პრობლემებიც არის, ოღონდ გლობალური უფროა, ვიდრე ადგილობრივი დონის, მაგალითად, საწვავის გაძვირება, დოლარის კურსი და ა.შ. მიწის დამუშავება ცოტა გაძვირდა საწვავის ფასის გამო და ხელისუფლებას საქმის კურსში ვაყენებთ, რადგან ამ პრობლემასაც აუცილებლად უნდა მიეხედოს. შარშან, ქვემო ჭალაში მილიონნახევრიანი წყალი გაკეთდა, რომელიც ოცნების დონეზე იყო და ყველაფერი გამოიცვალა. ელექტროენერგიის მთლიან დანახარჯს მუნიციპალიტეტი იხდის. გზები კეთდება, ლეხურაზე ხიდი საშინელ მდგომარეობაში იყო და კაპიტალურად შერემონტდა, გარე განათებებზე, დასუფთავების ურნებზე აღარ ვსაუბრობ. ინფრასტრუქტურულად ნამდვილად სოლიდური თანხებია დახარჯული.

- არჩევნების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში ორი ძირითადი პარტიის მომხრეები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ ერთმანეთის მიმართ. თქვენ როგორ რეაგირებთ ამ ყველაფერზე?

მარეხ ყამბეგაშვილი: - საშინელებაა. ინტერნეტში ადამიანები ძალიან დიდ პირად შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტი ვინ გახდება? ის კანდიდატები ხომ ვერც კი გაიგებენ, მათ გამო, რამდენი ადამიანი გყავთ გალანძღული. ზოგადად, ხომ ასე ხდება, სულელები მუშაობენ და მერე, ჭკვიანები მართავენ. ერთი მუჭა ერი ვართ და ძალიან საწყენია, რომ ერთმანეთის მიმართ, ამხელა ბოღმა, სისაძაგლე იღვრება. "ნაციონალებმა" სოფლებში ისეთი ხალხი ჩამოიყვანეს ამ არჩევნებზე, რომლებიც მანამდე თვალით არავის უნახავს, რადგან წლების წინ სახლები გაყიდეს. ეს ადამიანები სახეზე პირველად ვნახეთ. ჩვენ კი იმას გვაბრალებენ, ვითომ 20-20 ლარი დავურიგეთ ვინმეს. ხმამაღლა ვაცხადებ, ასეთი დავალება რომ მომივიდეს, პირველი ვიქნები, ვინც ხმამაღლა გააპროტესტებს! განწყობებს რომ ვუყურებ, "ნაციონალები" ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდებიან, ვინც პირველ ტურზე სახლში დარჩა, ახლა ყველა ხმამაღლა ამბობს, რომ მეორე ტურზე აუცილებლად მოდის.

ოლეგ იაძე: - კიდევ კარგი, "ფეისბუკი" არ მაქვს, არაფერი ვიცი, ვინ რას წერს. თურმე, როგორ მახსენებენ ეს კუპრავა და მისთანანი. ბერძენიშვილებმა და კუპრავებმა ჩემზე კარგი რომ თქვან, ეს მეწყინება. ბინძურმა ტალახი უნდა გესროლოს, აბა? საზოგადოებამ კარგად იცის, ვის რა აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილზე რაებს ამბობენ. მასზე დიდი ქართველი დღესდღეობით არ მოიძებნება, რას აღარ უგონებენ და ვერ ხედავენ, რომ მას თუ რაიმე ბიზნესი აქვს საქართველოში, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ჰყავს დასაქმებული, თორემ აქ რომ მოგებაზე ვერაფერი მუშაობს, მგონი ისედაც ჩანს. ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს, ეგენი ერთმანეთის ცოლებთან რომ დადიოდნენ, ეს სიბინძურეები მთელმა საქართველომ იცის და ამ უბედურებს თავი როგორ გამოეყოფათ საერთოდ?

თამთა დადეშელი